ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი
ხანში შესულმა ხორვატმა მუსიკის მასწავლებელმა ფრანე სელაკმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იღბლიან ადამიანად ითვლება, გადაწყვიტა ლატარიაში ადრე მოგებული თანხა მეგობრებისა და ნათესავებისთვის დაერიგებინა.
2003 წლის ივნისში მან ლატარიაში მოიგო თანხა, რომელიც 600 ათასი ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტურია და ფართოდ აღნიშნა ცხოვრებაში თავისი მეხუთე ქორწინება ქალთან, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია. მაშინ ფრანემ განაცხადა: „ახლა კი დავტკბები ჩემი ცხოვრებით. თითქოს ახლად დავიბადე. მე ვიცი, მთელი ამ წლების განმავლობაში ღმერთი მიყურებდა“.
ახლა კი სელაკმა გადაწყვიტა, რომ „ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი“ და დაუბრუნდა მოკრძალებული ცხოვრების წესს დაუბრუნდა: გაყიდა თავისი მდიდრული სახლი კერძო კუნძულზე, დაურიგა ფული ოჯახსა და მეგობრებს და დაბრუნდა ისევ თავის უბრალო სახლში – ზაგრებიდან სამხრეთით მდებარე პეტრინიაში გადავიდა საცხოვრებლად.
სელაკი უვნებელი გამოვიდა შვიდი სასიკვდილო საშიშროებიდან: პირველად ხორვატს ნამდვილად 1962 წელს გაუმართლა, როდესაც მატარებელი, რომლითაც სარაევოდან დუბროვნიკში მიემგზავრებოდა, რელსებიდან გადავიდა და ყინულოვან მდინარეში ჩავარდა. მაშინ 17 ადამიანი დაიხრჩო, სელაკმა კი მოახერხა და ნაპირამდე მიცურდა, თუმცა, ხელი მოიტეხა, გაცივდა და კარგა ხანს შოკიდან ვერ გამოვიდა.
ერთი წლის შემდეგ იგი გადმოვარდა თვითმფრინავიდან ზაგრებსა და რიკას შორის – ფრენის დროს უეცრად გაიღო თვითმფრინავის კარი. ამ ავიაკატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. სელაკი თივის ბულულში ჩავარდა და მხოლოდ მცირე დაჟეჟილობები და ნაკაწრები მიიღო.
1966 წელს, ავტობუსი, რომლითაც იგი ქალაქ სპლიტში მიდიოდა, მდინარეში გადავარდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა. სელაკმა ნაპირზე გამოცურა, მიიღო ჭრილობები და ამჯერად – უფრო დიდი შოკი.
1970 წელს, ავტომობილი, რომლითაც იგი შოსეზე მიდიოდა, უეცრად აალდა. სელაკმა აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ უწოდეს მას მეგობრებმა იღბლიანი.
სამი წლის შემდეგ სელაკმა თითქმის მთლიანად დაკარგა თავზე თმა. დაძველებულმა საწვავის ტუმბომ ბენზინი მისი მანქანის გახურებულ ძრავას შეასხა, გაჩნდა ხანძარი და ფრანეს თავზე ცეცხლი წაეკიდა.
1995 წელს მოხდა ფრანე სელაკის მე-6 კატასტროფა: ზაგრების ერთ-ერთ ქუჩაზე მას ავტობუსი დაეჯახა. იღბლიანი ხორვატი ამჯერადაც გადარჩა.
შემდეგ წელს სელაკი თავისი ავტომობილით მთებში მიემგზავრებოდა, როდესაც უეცრად მოსახვევში „გაეროს“ სატვირთო მანქანა დაინახა, რომელიც პირდაპირ მისკენ მოდიოდა. მისი „შკოდა“ გზის დამცავ ბარიერს შეეჯახა და უფსკრულის თავზე დაეკიდა. სელაკმა უკანასკნელ მომენტში მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა. მცირე ფრენის შემდეგ მან ხის ტოტს ჩაავლო ხელი, საიდანაც უყურა, როგორ აფეთქდა მისი ავტომანქანა.
ფრანე სელაკმა ოთხჯერ წარუმატებლად იქორწინა. ლატარიაში ფულის მოგების შემდეგ კი, მან ფილოსოფიურად აღნიშნა: „მიმაჩნია, რომ ჩემი ქორწინებებიც კატასტროფები იყო“. როგორც ჩანს, მეხუთე ქორწინება, რომელიც ფულის მოგების შემდეგ მოხდა, ბოლოს და ბოლოს წარმატებული გამოდგა“.