ჩვილად დარჩენილი 17 წლის გოგონა მეცნიერებს ახალგაზრდობის კოდის ამოხსნაში დაეხმარება
ამერიკელი მეცნიერები დიდ იმედს ამყარებენ 17 წლის გოგონას გენომის გაშიფვრაზე, რომელიც გონებრივი და ფიზიკური განვითარებით ერთი წლის ბავშვის დონეზეა დარჩენილი. „ვიმედოვნებთ, რომ ეს უნიკალური შემთხვევა საშუალებას მოგვცემს, შევძლოთ გენების იდენტიფიკაცია, ჩავწვდეთ მისი მუშაობის მექანიზმს და ვისწავლოთ მათი მართვა“, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ უოლკერმა.
ბრუკ გრინბერგი 16 ფუტს, 7 კილოგრამზე ცოტა მეტს იწონის, მისი სიმაღლე კი 30 დიუმია (75 სანტიმეტრი). გოგონა ვერ ლაპარაკობს, არ მოუცვლია სარძევე კბილები, თუმცა, ისწავლა ცოცვა, გაღიმება და გაცინებაც კი. მეცნიერების აზრით, გოგონას განვითარება იმ გენების აღრევით თუ ფუნქციის მოშლის შედეგად შეწყდა, რომლებიც დაბერებაზეა პასუხისმგებელი. გოგონა მშობლებთან და დებთან ერთად ბალტიმორის გარეუბანში ცხოვრობს. ფაქტობრივად, ის „დროში გაიჭედა“.
აღსანიშნავია, რომ ბრუკს სწორედ ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, როგორიც მოხუცებულებისთვისაა დამახასიათებელი. აღმოჩნდა, რომ მისი ზოგიერთი ორგანო ბერდება, მაგრამ, გაცილებით ნელა, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებში.
გენების შესწავლითა და მისი მცირე რედაქტირებით ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე, მეცნიერები საკმაო ხანია, მუშაობენ. ცოტა ხნის წინ სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბიოქიმიკოს სინტია ქენიონის ხელმძღვანელობით, ასეთი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა თაგვებსა და ჭიაყელებზე.
30 500 დღეგრძელი ადამიანის გენი შეაგროვა ჰოლანდიის ლაიდენის უნივერსიტეტის მოლეკულური ეპიდემიოლოგიის პროფესორმა ელინა სლაგობიომ იმ მიზნით, რომ გამოყოს და მართოს რამდენიმე ძირითადი გენი, რომლებიც სიბერეს ანელებს.
ბრიტანელ მკვლევართა მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის 7 პროცენტი 8 წლით „უფროსია“, ვიდრე მათი თანატოლები არიან, 38 პროცენტი კი – 4 წლით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ასეთი ადამიანების გენების შესწავლა დაეხმარება მათ „ახალგაზრდობის კოდის“ ამოხსნაში.