ჟურნალმა „ფლეიბოიმ“ მკითხველს მოცულობითი მოდელები შესთავაზა
„ჟურნალ „ფლეიბოის“ ახალი ნომრის დასათვალიერებლად მკითხველებს სტერეოსათვალეები დასჭირდებათ. ივნისის ნომერი 3D ფორმატში გამოვა“, – განაცხადა გამოცემის პრესმდივანმა, ტერეზა ჰენესენმა. „მოცულობითი“ მოდელი ჟურნალის ყდაზე, მკითხველს ბოკალ ღვინოს შესთავაზებს. ჟურნალის დამაარსებლები იმედოვნებენ, რომ ეს საშუალებას მისცემთ, გაზარდონ შემოსავალი გაყიდვებიდან.
„ფლეიბოის“ ვერსიით, „2010 წლის გოგონა“, ამერიკელი მოდელი ჰოუპ დვორაჟიკი, ჟურნალის მკითხველის წინაშე ივნისის ნომერში 3D ფორმატით წარდგება. ნომერთან ერთად გაიყიდება სპეციალური სათვალეები, რომელიც გოგონას „მოცულობას“ გაზრდის და მკითხველს მოდელთან ერთად ყოფნის საოცარ ეფექტს შეუქმნის.
ჟურნალის შემქმნელები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ, მიუხედავად ინტერნეტის სწრაფი გავრცელებისა, პოპულარული ჟურნალები დავიწყებას არ მიეცემიან, ვინაიდან „ჟურნალის ხელში დაჭერა ძალზე სასიამოვნოა“, ხოლო ახალი ტექნოლოგიები ძველ შეგრძნებებს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
პირველ ყოვლისა, ეს სიახლე განკუთვნილია ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების აქტიური მიმდევრები არიან. „წიგნებსა და ჟურნალებს საგრძნობი უპირატესობა აქვთ კომპიუტერის მონიტორზე გამოსახულებებთან შედარებით. თქვენ ძველებურად შეგიძლიათ, დამალოთ ჟურნალი ლეიბის ქვეშ, როგორც ამას თქვენი მამები აკეთებდნენ“, – ამტკიცებენ ჟურნალის შემქმნელები.
სიახლეები, რომლებსაც ჟურნალ „ფლეიბოის“ შემქმნელები ცდილობენ, დანერგონ, იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჟურნალს ბოლო დროს მძიმე დღეები დაუდგა. გამომცემლების ფინანსური სიძნელეები გამოწვეულია გაყიდვების შემცირებით: გაზეთებისა და ჟურნალების ტირაჟების კონტროლის ბიუროს მონაცემებით 2002-დან 2008 წლების პერიოდში „ფლეიბოიმ“ 600 ათასი მკითხველი დაკარგა. 2006 წელს ჟურნალის ტირაჟი 3,5 მილიონი ეგზემპლარი იყო, ახლა კი მხოლოდ 1,5 მილიონია.
„ჟურნალის 3D ვერსიის გამოშვება დიდ ფინანსურ რისკთანაა დაკავშირებული. ეს ძალზე დიდი თანხაა, დვორაჟიკის მოცულობითი გამოსახულების გაკეთება იაფი არ დამჯდარა, პლუს სათვალეების ღირებულება და სხვა დამატებითი ხარჯები, მაგრამ მოსინჯვას აზრი აქვს“, – განაცხადა „ფლეიბოის“ შეფ-რედაქტორმა, ჯიმი ჯელინეკმა.