კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა დამ გაშვილებული ძმა და როგორ უმალავდნენ საკუთარ დაბადების დღეს აღმზრდელი მშობლები ნაშვილებს


42 წლის ელისო ყრუაშვილმა იპოვა ძმა – 39 წლის კოტე შონია.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელებში“ დაიბეჭდა მაშინ, როდესაც ელისო ჯერ კიდევ აქტიურად ეძებდა ძმას, რომელიც მშობლებს ტყუილით დააშორეს. ჩვენი ინტერვიუს მეორე დღეს იგი ისევ სარატოვში მიფრინავდა. თბილისში ყოფნისას მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძმა აქტიურად მოეძებნა. სჯეროდა და სწამდა, რომ წლების წინათ გაშვილებულ და დაკარგულ ძმას აუცილებლად იპოვიდა – ეს მისი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ნატვრა იყო. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ისევ ელისო ყრუაშვილია, რომელიც თავად გვიამბობს ძმის პოვნის არაჩვეულებრივ ისტორიას.

– ელისო, როგორ იპოვეთ ერთმანეთი და-ძმამ? როგორც ვიცი, თქვენ წლების განმავლობაში ეძებდით ძმას, რომელიც მოტყუებით წაუყვანიათ და ასე დააშორეს მშობლებს.

– ოცდაათი წლის განმავლობაში აქტიურად ვეძებდი ძმას, ძალიან ბევრი რამ ვცადეთ, მაგრამ, უშედეგოდ. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ (სწორედ იმიტომ ვიყავი ჩამოსული, რომ ძმა მომეძებნა), ჩემი ისტორია ყველგან გავახმაურე, სადაც კი შეიძლებოდა, მათ შორის, გადაცემა „პროფილშიც“. საბედნიეროდ, ჩემს რძალს, თამუნას, უნახავს ეს გადაცემა და მე და ჩემი ძმა ერთმანეთს მიგვამსგავსა. ჩემი ძმის ოჯახში მხოლოდ მან იცოდა სიმართლე, რომ კოტე ნაშვილები იყო, მაგრამ თქმას ვერ უბედავდა, რადგან თვითონ კოტემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

– ტერიტორიულად სად ცხოვრობდა თქვენი ძმა და რა ინფორმაცია გქონდათ მის შესახებ, თქვენ ხომ მას დასავლეთ საქართველოში ეძებდით? როგორი აღმოჩნდა მისი ისტორია?

– ჩემი ძმის გამზრდელი მშობლები ცოცხლები აღარ არიან, სამი წლის წინათ გარდაცვლილან. ამან გააბედვინა ჩემს რძალს და თავის ქმარს სიმართლე გაუმხილა. შემდეგ მათ ჩემი სურათებიც უნახავთ „ოდნოებში“ და დიდი მსგავსება ნახეს ჩემს შვილსა და კოტეს შორისაც. ჩემი ბიჭი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩემს ძმას. მერე მათ მე მომწერეს და ასე დავიწყეთ ჩვენ თვითონვე გამოძიება, ინფორმაციის შეკრება ნაცნობებისგან. სკაიპით როცა დავინახე ჩემი ძმა, დიდი მსგავსება აღმოვაჩინე მასა და დედაჩემს შორის. როდესაც კოტე იღიმება, ასე მგონია, დედა მიღიმის-მეთქი. მამაჩემისგან ვიცოდი, რომ ჩემი ძმა სამტრედიაში წაუყვანიათ. მამას რომ უძებნია, ვერ მიუგნია. კოტე ხობში გაიზარდა. ახლაც იქ ცხოვრობს. სინამდვილეში კი გამზრდელი დედა ჰყოლია სამტრედიელი, სამ თვემდე მართლაც სამტრედიაში ჰყავდათ და იქ ზრდიდნენ, თურმე, ნათესავის სახლში, რომელსაც მისი ხნის ბავშვი ჰყავდა და ძუძუსაც ის აწოვებდა.

– მან თუ იცოდა თქვენი არსებობის შესახებ?

– უფროსი თაობიდან ცოცხალი აღარავინ იყო, რომ თავისი ამბავი ვინმესთვის ეკითხა, ეს ისტორია ძალიან გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ არავინ იღებდა ხმას. არადა, ბევრი რამ ემთხვეოდა: მისი ბავშვობის სურათები, ის, რომ ჭორის დონეზე იცოდნენ, ბავშვი იმერეთიდან რომ იყო. დაბადების თარიღს კოტეს 9 აპრილს ეუბნებოდნენ, სინამდვილეში კი 10 ნოემბერს არის დაბადებული, ნამდვილ დაბადების დღეს კი ყოველთვის აღნიშნავდა მისი აღმზრდელი დედა, როგორც თავის დაბადების დღეს. ჩემმა რძალმა, თამუნამ, ეს გაიხსენა და დედამთილის პასპორტი ნახა, სადაც აღმოჩნდა, რომ იმ ქალის დაბადების თვე და რიცხვი 10 ნოემბერი კი არა, 14 სექტემბერი ყოფილა. იმის გამო, რომ სარატოვში ვიყავი, ვთხოვე ბიძაჩემს (დედის ძმას) და ბიძაშვილებს, რომ კოტეს შეხვედროდნენ. ისინი მართლაც ჩავიდნენ მასთან. ბიძაჩემს თავის დროზე ნანახი ჰყავდა, ფიზიკურად ახსოვდა კიდეც ის ხალხი, ვინც ჩემი ძმა წაიყვანა და ვინც მოატყუა დედაჩემი. სულ ამბობდა კიდეც, მე ვიცნობო. როდესაც მე კოტეს ის ხალხი აღვუწერე, დაფიქრდა და ეჭვი იმათზე მიიტანა, ვინც მის აღმზრდელ მშობლებთან ახლოს იყო. მანქანაც ემთხვეოდა. მამაკაცი გამოდგა გამზრდელის მეგობარი, ქალი კი – გამზრდელის მამიდაშვილი. ბიძაჩემს მათი სურათები რომ უნახავს სხვა მრავალ სურათთან ერთად, მაშინვე ამოუცნია.

– გამოდის, თქვენს რძალს რომ არ ენახა ის გადაცემა, სადაც თქვენ მოყევით თქვენი ისტორია, ერთმანეთს ვერც იპოვიდით.

– ჩემს რძალს მიყვანისთანავე უთხრეს, რომ არ გაემხილა კოტესთვის სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახი დაენგრეოდა. ამიტომ ისიც ვერაფერს ამბობდა, სანამ გამზრდელები ცოცხლები იყვნენ. საიდუმლო სულ ოთხ ადამიანს სცოდნია – გამზრდელებს და იმ ხალხს, რომლებმაც კოტე მშობელ დედას დააშორეს, სხვამ არავინ იცოდა სიმართლე. ყველა ნათესავი და ახლობელი სხვადასხვა რამეს ყვებოდა, აშკარა იყო, რომ გამზრდელებმა მათ სპეციალურად აუბნიეს გზა-კვალი. ისინი ცოცხლები აღარ არიან. მხოლოდ მამიდაა ცოცხალი და ისიც კი ამბობდა, რომ კოტე 9 აპრილს იყო დაბადებული – სენაკში ვიღაც სტუდენტმა გააჩინა ჩემი ძმისგანო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავგზის ასაბნევად მოიგონეს.

– თქვენს ძმას, ალბათ, ძალიან გაუჭირდა ამდენი სიახლის გაგება და ამხელა ემოციის გადატანა.

– თამუნამ, ჩემმა რძალმა, მთხოვა კიდეც, ცოტა ხნით შევისვენოთ და დავაცადოთ, ყველაფრის გაანალიზება, მეშინია, კოტეს გული არ გაუხდეს ცუდადო. მე კი ვგრძნობდი, რომ ის ჩემი ძმაა, უბრალოდ, ვერაფრით ვამტკიცებდი ამას. ყოველდღე ვსაუბრობდით ტელეფონით და, მიუხედავად მისი აქცენტისა, მისი ხმა ჩემთვის ძალიან მშობლიური იყო. თავიდან, ორი კვირის განმავლობაში, ძმას არ შევხვედრივარ, ველოდი მის რეაქციას. შემდეგ ვუთხარი, ჩემი ძმა რომც არ იყო, ნუთუ შენიანები არ გაინტერესებს, ისინი მაინც ეძებე-მეთქი. ამაზე კოტემ მიპასუხა: ვინც მიმატოვა, ისინი რატომ უნდა ვეძებოო. მისმა ამ პასუხმა გული მომიკლა, რადგან მართალი იყო. სამარაში მე კოტეს ხობელი მეზობლები გავიცანი და, როდესაც მათ ჩვენი ამბავი გაიგეს, მე და ჩემი შვილი, ბექა, სტუმრად დაგვპატიჟეს. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა. სუფრასთან რომ ვისხედით, ოჯახის უფროსი სულ მაკვირდებოდა, შემდეგ კი თქვა, თქვენს ნაღვლიან სახეს ვეღარ ვუძლებო. კოტე ჩემ თვალწინ გაიზარდა და მისი ახალგაზრდობა კარგად მახსოვსო. კაცი ტიროდა, როდესაც მესაუბრებოდა. – თქვენი ბექა ძალიან ჰგავს კოტეს, გაჭრილი ვაშლივით. არა მარტო ფიზიკურად, არამედ საუბრის მანერითა და სადღეგრძელოების თქმითაც კი. ახლა უკვე მეც დავრწმუნდი, რომ კოტე ნამდვილად თქვენი ძმააო. იქიდან რომ წამოვედით, ღამით ძალიან ცუდად გავხდი, ვეღარ გავძელი და კოტეს დავურეკე. მეც ვგრძნობ, რომ ჩემი და ხარ, მაგრამ, რომ ვერ ვამტკიცებ, ცუდად ვარ, ეს მაგიჟებსო.

– ვიცი, რომ დნმ-ის ანალიზის გაკეთებაც მოგიწიათ. მოგვიყევით, ეს როგორ გადაწყვიტეთ.

– თვითონ კოტეს არ ჰქონდა ანალიზის გაკეთების საშუალება და, მე ხომ არ დამაძალებდა, გაიკეთეო. ამის გაჭიანურება კი უკვე აღარ შეიძლებოდა. მე ვუთხარი, სისხლი გამოეგზავნათ. ჩავაბარე ანალიზი, რამაც ყველაფერი დაადასტურა. საათობით ვისხედით ხოლმე სკაიპში და ვყვებოდით ჩვენი ცხოვრების შესახებ. შემდეგ მალევე ჩამოვედი. შეხვედრა „ბაბილოში“ მოვაწყვეთ და „პროფილმა“ ყველაფერი გადაიღო. კოტეს სახლიც გადაიღეს ხობში და ჩემი სახლიც, ასევე, ჩვენი საერთო დედის საფლავზე გასვლაც. უბედნიერესი და ვარ, რადგან კოტე ისეთი პიროვნებაა, რომელიც მე მახარებს, არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩემს შვილსა და კოტეს ჰოროსკოპიც ერთი აქვთ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ჩემი შვილი ჩემს ძმას დამსგავსებოდა. მთელი ფეხმძიმობა ამას ვნატრობდი, რაღაცნაირად, ვიცოდი, რომ ჩემი ძმა დედას უნდა მსგავსებოდა, ჩემი ბექაც ბებიას ჰგავს. დედაც ნოემბერში იყო დაბადებული, ისევე, როგორც ჩემი ძმა და ჩემი შვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ კიდეც. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც პირველად ვნახეთ ერთმანეთი.

– ვისი დამსახურებაა, და-ძმამ ერთმანეთი რომ იპოვეთ?

– ეს, პირველ ყოვლისა, ჩემი საყვარელი რძლის, თამუნას დამსახურებაა, ასევე, ჩემი ნათესავების, რომლებიც ხობში ჩავიდნენ და სურათებზე ის ხალხი ამოიცნეს, ვინც ჩემი ძმა თავის დროზე წაიყვანეს. ახლა უბედნიერესი ქალი ვარ. ჩემს ძმას ორი შვილი ჰყავს – კოკა და ლუკა, მამიდას სიცოცხლეები არიან. ლუკა ძალიან ჰგავს მამაჩემს. არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ჩემი ამდენი წლის უშედეგო ძებნა, ხელი რომ ჩამექნია და ყველა ხერხისთვის არ მიმემართა. მინდა, ყველა ადამიანს, ვინც კი ვინმეს ეძებს, მოვუწოდო, არ შეურიგდნენ ბედს და იბრძოლონ ბოლომდე. მე ჩემს ძმას დღემდე ვერ ვნახავდი, ასეთი მონდომებული რომ არ ვყოფილიყავი.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3