ესტონეთი ევროზონაში 2011 წელს შევა
როგორც ევროპულმა კომისიამ გამოაცხადა, ესტონეთი მომავალი წლიდან საერთო ევროპულ ვალუტაზე გადასვლას შეძლებს. ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს დასტური სჭირდება, რომელთაგან 16 ევროზონაშიც შედის. ევროკომისიამ ბოლო ხანებში ევროკავშირის 9 სახელმწიფოს განაცხადი განიხილა ევროზე გადასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხოლოდ ესტონეთი აკმაყოფილებს სრულყოფილად აუცილებელ კრიტერიუმებს. ევროკომისიის განცხადებაში ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ ესტონეთის ფინანსური სექტორი კარგ მდგომარეობაშია. 2009 წელს ამ სახელმწიფოს საბიუჯეტო დეფიციტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 15 პროცენტიანი კლების მიუხედავად, მხოლოდ 1,7 პროცენტი იყო. ესტონეთის სახელმწიფო ვალი 7,2 პროცენტია, ეს კი ევროზონის საშუალო მაჩვენებელზე – 60 პროცენტზე ბევრად ნაკლებია. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრის ანსიპის განცხადებით, ევროს შემოღება ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ვალუტის დევალვაციის საშიშროებას მოხსნის. მისი თქმით, ევროზონაში შესვლით, უბრალო მოქალაქეებიც მოგებულნი დარჩებიან, რომლებიც აღარ დაკარგავენ თანხას ვალუტის გადაცვლის პროცესში. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს, ევროკავშირის მნიშვნელოვანი გაფართოების შემდეგ, ევროზონაში მხოლოდ 2 აღმოსავლეთევროპული სახელმწიფო შევიდა – სლოვენია და სლოვაკეთი.