ესპანეთში დეფლაცია დაიწყო
ესპანეთში სამომხმარებლო ფასები 1986 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ამას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ ევროზონაში ამჟამად ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონეა და შესაბამისად, მოთხოვნილებამაც იკლო. აპრილში საბაზო სამომხმარებლო ფასები, გარდა ენერგოშემცველებისა და ახალი საკვები პროდუქციისა, 2009 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,1 პროცენტით შემცირდა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ჩატარებული გამოთვლებით დადგინდა, რომ ესპანეთში აპრილში ინფლაცია 1,6 პროცენტი იყო. 2010 წლის პირველ კვარტალში ამ სახელმწიფოში უმუშევრობა 20 პროცენტამდე გაიზარდა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ესპანეთში რეცესიის დასრულებას. ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრებს შორის მესამე ადგილზეა მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდებით. მომრავლებული პრობლემების გამო ხელისუფლებამ სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გეგმის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურეების ანაზღაურება 5 პროცენტით შემცირდება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ესპანეთში დეფლაციურ პროცესებს გააძლიერებს და შეანელებს ეკონომიკის აღდგენას.