სპორტის რომელი სახეობით იყო გატაცებული ოლიგარქი გერმან ჰანი და რატომ ეძებდნენ სამართალდამცველები მის კომპანიაში ნარკოტიკებს
სს „THK-BP მენეჯმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი და კომპანია „ალფა-გრუპის“ ერთ-ერთი მფლობელი, „ალფა-ბანკისა“ და სს „სლავნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ოლიგარქი, რომელიც 2007 წლიდან დღემდე „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგის პირველი ასეულის უცვლელი წევრია. 48 წლის გერმან ჰანს „ფორბსის“ 2010 წლის მილიარდერთა რეიტინგში, 8,2 მილიარდი ამერიკული დოლარის კაპიტალით, 83-ე პოზიცია უკავია.
გერმან ბორისის ძე ჰანი, კიევში 1961 წელს მეცნიერის – მეტალურგიის სფეროში ცნობილი სპეციალისტის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ცოტა ხნით იგი ზეინკლად მუშაობდა კიევის არასტანდარტული მოწყობილობების ექსპერიმენტულ ქარხანაში. 1978 წელს ჰანი კიევის ინდუსტრიულ-პედაგოგიურ ტექნიკუმში პირდაპირ მეორე კურსზე ჩაირიცხა. 1982 წელს ტექნიკუმის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მომავალი ოლიგარქი უგამოცდოდ მიიღეს მოსკოვის ფოლადისა და შენადნობის ინსტიტუტში, შავი ლითონის ჩამოსხმის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1988 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჰანმა მუშაობა დაიწყო კოოპერატივებში „პოისკი“ და „კოსმოსი“. ამ უკანასკნელზე ჰანი ყვებოდა რომ, კოოპერატივს არენდით ჰქონდა აღებული ფართი „ცუმში“ და ბიჟუტერიის, ფეხსაცმლისა და სამკვერვალო ნაწარმის საბითუმო გაყიდვებით იყო დაკავებული. ჰანის იმდროინდელი ბიზნესპარტნიორი ალექსანდრ ფურმანი იყო, რომელთან ერთადაც ჰანმა საკუთარი კოოპერატივი „ალექსანდრინა“ ჩამოაყალიბა. ფურმანი ტანსაცმლის შეკერვას კურირებდა, ხოლო ჰანს მასალის მიწოდება და გაყიდვები ეხებოდა. მოგვიანებით, პარტნიორებმა ბიზნესი გაყიდეს. ფურმანი ოჯახური მდგომარეობის გამო ჩამოშორდა ბიზნესს, ხოლო ჰანი რაღაც პერიოდი უსაქმოდ იყო. ამბობენ, რომ იმ დროს გერმან ჰანი სერიოზულად ფიქრობდა ისრაელში ემიგრირებაზეო.
1989 წლის მარტში, როგორც პრესა იუწყება, ჰანი „შემთხვევით“ შეხვდა მოსკოვის ფოლადისა და შენადნობის ინსტიტუტის კიდევ ერთ კურსდამთავრებულს და ასევე მომავალ ოლიგარქს მიხაილ ფრიდმანს, რომელსაც იმ დროისთვის საბჭოთა-შვეიცარიული საერთო საწარმო „ალფა-ეკო“ ჰქონდა გახსნილი. „ალფა-ეკო“ იმ დროისთვის თითქმის ყველაფრის ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული, თან ფრიდმანს სამკერვალო ბიზნესიც აინტერესებდა, რამაც დააკავშირა კიდეც ისინი ერთმანეთს. 1990 წელს ჰანმა საბითუმო ვაჭრობის განყოფილების უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო 1992 წლიდან „ალფა-ეკოს“ ექსპორტზე აგებდა პასუხს. იმ პერიოდში „ალფა-ეკო“ ხელით ნაქსოვი ხალიჩების შესყიდვით იყო დაკავებული დაღესტანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელთაც შემდეგ მოსკოვის სამხატვრო სალონებში აბარებდა. გარდა ამისა, კომპანია შაქრით, პარფიუმერიით, ჩეხური ჭაღებით, ალკოჰოლური სასმელებითა და ჩაითაც ვაჭრობდა. იმ პერიოდს უკავშირდება გახმაურებული საქმე, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკა ჩაატარეს, „ალფა-ეკოს“ კუთვნილ დაწესებულებებსა და საწყობებში, სადაც ნარკოტიკებს ან შესაბამის დოკუმენტაციას ეძებდნენ. ჩხრეკის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ 1995 წელს, ხაბაროვსკში რამდენიმე მოქალაქე „ალფა-ეკოს“ შაქრით მოიწამლა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარში დიდი დოზით იყო გარეული ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ „ალფა-ეკოს“ კონტეინერები, რომლებითაც შაქარი იყო ტრანსპორტირებული კომპანია Harmaty and Co-მ დაიქირავა. შემდგომში „ალფა-ეკოს“ ყველა სახის ბრალდება მოეხსნა.
1995 წელს გერმან ჰანი „ალფა-ეკოს“ ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ჰანის თქმით, სწორედ მაშინ დაინტერესდა „ალფას“ ჯგუფი ნავთობის, ნახშირისა და მეტალურგიული ბიზნესით. უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტად პარტნიორებს სანავთობო სექტორში გაუმართლათ. ისინი დაახლოებით ერთ ტონა ნავთობს გადაამუშავებდნენ რუსეთის რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. კომპანია ნავთობპროდუქტების ექსპორტითაც იყო დაკავებული – ჰანი რუსეთის საზღვრამდე მიწოდებას კურირებდა, ხოლო უცხოეთში გაყიდვებზე, ჰანისა და ფრიდმანის კიდევ ერთი ინსტიტუტელი, ალექსეი კუზმიჩევი აგებდა პასუხს. 1996 წელს გერმან ჰანი „ალფა-ეკოს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. იმავე წელს იგი მსხვილი ნავთობკომპანიების – „სიდანკოს“ და „სარატოვნეფტეგაზის“ დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. 1997 წელს ჰანი „ნოვი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, რომელმაც „ტიუმენის ნავთობის კომპანიის“ („THK“) 632 მილიონი აქცია 810 მილიონ დოლარად შეიძინა. იმავე წელს გერმან ჰანი „THK“-ს დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1998 წელს მან კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. 1999 წელს ჰანმა და ვიქტორ ვექსელბერგმა დატოვეს „THK“-ს მმართველი გუნდი. ეს ქმედება იმით აიხსნა, რომ აღარ იყო აუცილებელი მათი ყოფნა კომპანიის მმართველ ორგანოში და ისინი ფირმის სტრატეგიის განვითარებაზე გააგრძელებდნენ მუშაობას, კომპანიის საბჭოს წევრების სახელით.
2000 წელს ჰანი დაუბრუნდა მმართველ თანამდებობას და „THK“-ს მმართველის მოადგილე გახდა. იგი „სიდანკოს“ კუთვნილ კომპანიებთან „კონდპეტროლეუმთან“ და „ჩერნოგორნეფტთან“ ურთიერთობებს კურირებდა. 2000 წლიდან ჰანი რამდენიმე ნავთობკომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს, რომელთა შორის გახლდათ – სს „ონაკო“, სს „ორენბურგნეფტი“, სს „ალფა-ბანკი“ და სს „სლავნეფტი“. 2003 წელს „THK“-ს და ბრიტანული ნავთობკომპანია „ბრითიშ პეტროლეუმის“ აქტივების გაერთიანების შესახებ გახდა ცნობილი. კომპანიას სახელად „THK-BP მენეჯმენტი“ ეწოდა დირექტორთა საბჭოს პირველ სხდომაზე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გერმან ჰანი დაინიშნა.
ცნობილია, რომ თავის პარტნიორებთან, ფრიდმანთან და კუზმიჩოვთან ერთად, გერმან ჰანი აქტივებს ფლობს რამდენიმე მსხვილ ჰოლდინგებსა და მათში შემავალ კომპანიებში. მეგაფონი, კიევსტარი, ვიმპელკომი; X5 რეტაილ გროუპი (მოსკოვის სუპერმარკეტების „პიტიოროჩკას“ და „პერეკრესტოკის“ ქსელი).
გერმან ჰანი სკოლის პერიოდში დიდ დროს უთმობდა სპორტს. იგი სერიოზულად იყო დაკავებული კრივით და აღმოსავლური ორთაბრძოლებით. ფრიდმანისა და კუზმიჩოვის გარდა, მის მეგობრად ითვლება, „ალფა-ბანკის“ კიდევ ერთი მოწილე – პიოტრ ავენი, რომელთან ერთადაც ჰანის თქმით, იგი ხშირად დადის სანადიროდ და აბანოში.
ჰანმა მომავალი მეუღლე 1991 წელს თვითმფრინავში გაიცნო, სადაც ის სტიუარდესად მუშაობდა. ჰანს სამი შვილი ჰყავს: ორი ქალიშვილი – ევა და ელეონორა და ერთი ვაჟიშვილი, რომლის სახელი უცნობია.