როგორ ახასიათებდა ჰიტლერი სტალინს პირადულ საუბრებში
თქმულება „ვეფხვისა“ და „ტურისა“
2009 წლის 21 დეკემბერს შესრულდა 130 წელი იოსებ სტალინის დაბადებიდან, ხოლო – 135 უინსტონ ჩერჩილის დაბადებიდან. თუ პირველი გორელი მეწაღის შვილია, პროფესიონალი რევოლუციონერი, ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, მეცნიერული სოციალიზმის შესახებ მრავალი ნაშრომის ავტორი და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს მეთაური, გახლდათ, მეორე – მარლბოროს ძველი არისტოკრატიული გვარის ნაშიერი და დიდი ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის აქტიური მშენებელი იყო.
სტალინს და ჩერჩილს საკუთარი შეხედულებები ჰქონდათ კაცობრიობის ისტორიაზე და მის მომავალზე. თითოეულს ჰქონდა განსხვავებული რწმენა და იდეალი, მაგრამ ამის მიუხედავად, საერთო მტერთან, ფაშიზმთან ბრძოლამ ისინი ერთმანეთთან დააკავშირა.
1941 წლის 22 ივნისს ბრიტანეთის რადიოთი გამოსვლისას, ჩერჩილმა განაცხადა: „საფრთხე, რომელიც რუსეთს ემუქრება, ეს ის საფრთხეა, რომელიც ჩვენც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გვემუქრება“... იგი მიიჩნევდა, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის წყალობით, შეიძლებოდა ნაცისტური გერმანიისა და მილიტარისტული იაპონიის დამარცხება, მათი გზიდან ჩამოშორება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ბრიტანეთი თავისი გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და განმტკიცებას. პარალელურად, ჩერჩილის პოლიტიკა მიმართული იყო, იქითკენ, რომ ომი გაჭიანურებულიყო, რითაც საბჭოთა კავშირი დაუძლურდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მისი ლიკვიდაცია.
ცნობილია, რომ 1941 წლის 18 ივლისიდან დაიწყო ჩერჩილსა და სტალინს შორის მიწერ-მოწერა. ამ წერილების გაანალიზების შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩერჩილი არავითარი დახმარების იმედს არ აძლევდა საბჭოთა კავშირს და მხოლოდ თანაგრძნობის გამომხატველი ფრაზებით კმაყოფილდებოდა. სტალინის წერილები კი, გაჟღენთილია ოპტიმიზმით, მომავალი გამარჯვებების იმედით. იმავდროულად, სტალინი კატეგორიულად მოითხოვს ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას.
1942 წლის 13 აგვისტოს ჩერჩილი პირველად ჩამოვიდა მოსკოვში. აი, რას წერდა იგი ერთ-ერთ მოგონებაში: „მე მივედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდი რევოლუციის ბელადს, რუსეთის სახელმწიფოს ბრძენ მოღვაწეს და მებრძოლს, რომელთანაც შესაძლებლობა მომეცა, სამი წლის განმავლობაში დამემყარებინა ახლო, ცივი, მაგრამ ყოველთვის ამაღლებული და ზოგჯერ კი გულითადი ურთიერთობა“.
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჩერჩილი თავისებურად ეჯიბრებოდა და ჰბაძავდა სტალინს სამხედრო ჩაცმულობაში, ლაპარაკის მანერაში, – ბევრ სხვა რამეშიც. როცა სტალინი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს, მაშინ ჩერჩილი ინგლისის სამეფო აკადემიის საპატიო წევრი გახდა...
საინტერესოა, გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტიში“ (¹40, 1994 წლის ოქტომბერი) გამოქვეყნებული წერილი – „სტალინი – ჰიტლერის გამორჩეული გმირი“, სადაც მოყვანილია ნაწყვეტები გერმანელი ავტორის, ჰენრი პიკერის წიგნიდან – „ჰიტლერის სუფრული საუბრები“. თვით ჰენრი პიკერი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის მთავარ ბანაკში მსახურობდა და სარგებლობდა უნიკალური შესაძლებლობით, დაეფიქსირებინა ადოლფ ჰიტლერის გამოსვლები.
მოგვყავს ამ გამოსვლების ზოგიერთი ქრონოლოგიური ამონაწერი: 1942 წლის პირველ აპრილს – „საზოგადოება შეიძლება შექმნა და შეინარჩუნო მხოლოდ ძალით... და თუ განვლილ წლებში სტალინმა რუსი ხალხის მიმართ გამოიყენა იგივე მეთოდები, რაც თავის დროზე კარლოს დიდმა გერმანელი ხალხის მიმართ, რუსების მაშინდელ კულტურულ დონეს თუ გავითვალისწინებთ, ამისთვის არ ღირს სტალინის შეჩვენება. მან გააკეთა დასკვნა, რომ რუსებს შემჭიდროვებისთვის სჭირდებათ მკაცრი დისციპლინა და ძლიერი სახელმწიფო“...
22 ივლისი, 1942 წელი – „სტალინს უნდა მიეგოს, ჯეროვანი პატივისცემა. თავის თაობაში ის, უბრალოდ, გენიალური ტიპია. მისი იდეალია ჩინგის ხანი და მისნაირნი. მან მათ შესახებ სიტყვასიტყვით ყველაფერი იცის, ხოლო მისი გეგმები ეკონომიკის განვითარების საქმეში, ძალზე მასშტაბურია“.
27 ივლისი, 1942 წელი – „თუ სტალინი ვეფხვია, მაშინ ჩერჩილი ტურაა“.
უინსტონ ჩერჩილის მთავარი და ძირითადი ოპონენტი ყოველთვის სტალინი იყო. მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთის ჩამოყალიბებისა და შექმნის დროს დაიწყო. ერთ-ერთი საუბრისას ჩერჩილმა სტალინს ჰკითხა: „აპატიებდა თუ არა იგი საბჭოეთის წინააღმდეგ 1918-1920 წლებში განხორციელებულ ანტანტის ინტერვენციაში მონაწილეობას?“ სტალინის პასუხი ლაკონური იყო: „ყველაფერი უკვე წარსულს ჩაჰბარდა. ღმერთი გაპატიებთ“.
სტალინის გარდაცვალებიდან ორი წელი არ იყო გასული და 1955 წლის იანვარში ჩერჩილმა გადაწყვიტა გადადგომა, რასაც იმ საბაბით ხსნიდა, რომ მან სტალინის სახით დაკარგა თვალსაჩინო პიროვნება, რომელთანაც შეძლებისამებრ, ცოტათი მაინც შეეძლო მეტოქეობის გაწევა. ასე იყო თუ ისე, იმავე წლის 5 აპრილს მან ოფიციალურად გამოაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა. ჩამოშორდა რა პოლიტიკას, ჩერჩილმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 10 წელი მშვიდად გაატარა.
1959 წლის 21 დეკემბერს, იოსებ სტალინის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს თემთა პალატაში ძალზე ამაღლებული გამოსვლა ჰქონდა. აი, რა განცხადება გააკეთა მან: „რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ უმძიმესი გამოცდის წლებში მას მართავდა გენიოსი და უდრეკი მხედართმთავარი – სტალინი. ის იყო უდიდესი პიროვნება, რომელიც პატივისცემას იმსახურებდა იმ პერიოდში – ცვალებად და მკაცრ ხანაში, რომელშიც გრძელდებოდა მთელი მისი ცხოვრება.
სტალინი იყო არაჩვეულებრივი ენერგიის, ურყევი ნებისყოფისა და, ძალის მქონე, მკვეთრი, მკაცრი, საუბარში ულმობელი ადამიანი, რომლისთვისაც აქ, ბრიტანეთის პარლამენტში გაზრდილს, არაფერი შემეძლო დამეპირისპირებინა. სტალინს ჭარბად ჰქონდა იუმორისა და სარკაზმის გრძნობა, აზრთა ზუსტი ათვისების უნარი. ეს ძალა სტალინში იმდენად დიდი იყო, რომ ის ყველა დროის ხალხთა და სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს შორის განუმეორებელი ჩანდა.
სტალინმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი ლოგიკა ყოველგვარ პანიკას მოკლებული ლოგიკურად გააზრებული სიბრძნე გახლდათ. ის უდრეკი ოსტატი იყო იმისა, რომ ყველაზე გამოუვალ, მძიმე ვითარებაში მოენახა გამოსავალი. გარდა ამისა, სტალინს ყველა კრიტიკულ თუ საზეიმო მომენტში შეეძლო თავშეკავებული ყოფილიყო და ილუზიებს არასოდეს ნებდებოდა. მან შექმნა და დაიქვემდებარა უზარმაზარი იმპერია. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავის მტერს თავისივე მტრით ანადგურებდა.
სტალინი იყო მსოფლიოში უდიდესი დიქტატორი, რომელმაც ჩაიბარა კავიანი რუსეთი და ის ატომური შეიარაღებით დატოვა“.
გორბაჩოვის დროს ახალი ძალით დაიწყო სტალინის პიროვნების კულტის აღორძინება-აღზევება. გორბაჩოვმა ბოლო მოუღო სტალინის მიერ შექმნილ საბჭოთა იმპერიის სიცოცხლისუნარიანობას, დაიშალა და აღიგავა მიწისაგან პირისა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ „საბჭოთა იმპერიის დაშლაში დიდი წვლილისა და დამსახურებისთვის“ უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილმა ედვინა სანდისმა გორბაჩოვს აჩუქა ბაბუამისის მინიქანდაკება, ასეთი წარწერით: „ბაბუაჩემი მოხარული იქნებოდა ეხილა, თუ როგორ დაეცა „რკინის ფარდა“. არადა, „რკინის ფარდის“ ჩასახვა დაიწყო 1946 წლის 5 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქალაქ ფულტინში, სადაც ჩერჩილმა საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა. მან განაცხადა, რომ მსოფლიოს ემუქრება საბჭოთა კავშირის მხრიდან პირდაპირი და უშუალო საფრთხე, ახალი მსოფლიო ომის გაჩაღებისა. მან წინადადება წამოაყენა შეექმნათ „ინგლისურენოვანი ხალხების ძმური ასოციაცია“...
უინსტონ ჩერჩილს ისტორიკოსებმა და პოლიტიკოსებმა უწოდეს „ცივი ომის მედროშე“, ხოლო იოსებ სტალინმა გაზეთ „პრავდის“ კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჩერჩილი შეადარა ჰიტლერს, რომელმაც ომის გაჩაღება დაიწყო მაშინ, როდესაც საქვეყნოდ გამოაცხადა რასობრივი თეორია, რომ მხოლოდ გერმანულად მოლაპარაკე ხალხი წარმოადგენდა სრულფასოვან და გაბატონებულ ერს.