როგორ მივიღოთ ავარიისგან მაქსიმალურად ნაკლები ტრავმა
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავარია, თუნდაც მარტივი შეჯახებები, მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან?! ამ თემაზე სხვადასხვა კუთხით ჩვენ ხშირად გვისაუბრია, თუმცა, მევლუდ მელაძე დღეს ისეთ დეტალებზე გააკეთებს აქცენტს, რომლებიც ქალაქის პირობებში მართვის დროს ნამდვილად გამოგადგებათ.
მევლუდ მელაძე: ყველა ადამიანი, მძღოლი იქნება ის თუ ფეხით მოსიარულე, მუდმივად იმყოფება ავარიის, შეჯახების საფრთხის ქვეშ. თუმცა, სამწუხაროდ, სანამ ეს არ მოხდება და საკუთარ თავზე არ გამოცდიან თუნდაც სულ მარტივი ავარიის მთელ საშინელებას (ღმერთმა ყველა დაიფაროს ფატალური შედეგისგან), მანამდე ამ საკითხზე თითქმის არ ფიქრობენ. ამას წინათ, ჩვენი რუბრიკის საშუალებით გიყვებოდით ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ტრასაზე გზის დათმობა, სწორი გასწრება და სხვა, რომელთა ცოდნაც საშინელი ავარიებისგან ნამდვილად დაგიცავთ. სულ მესმის მსგავსი ფრაზები და მეცინება: „ჩქარა კი დავდივარ, მაგრამ, არ არსებობს, ავარია შემემთხვას, ძალიან მაგარი მძღოლი ვარ“. მგონი, ცუდი მძღოლი არც მე ვარ, მაგრამ, ერთხელ ისეთი საშინელი ავარია მომივიდა, როგორ გადავრჩი სიკვდილს ახლაც მიკვირს... დაზღვეული არაფრისგან ვართ. რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ, თუ ავარია მაინც შეგვემთხვა, მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მივიღოთ და სხვაც ნაკლებად დავაზიანოთ? შეიძლება, სწორ გზაზე ნორმალური სიჩქარით მიდიხართ, ირგვლივ მიმოიხედავთ და არაფერი საეჭვო და საგანგაშო არ ხდება, მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ათ ან თხუთმეტ წუთში, ვინმე, მართვის კონტროლდაკარგული მძღოლი არ გამოჩნდება, ვინც მოცურებული მოდის თქვენსკენ, თან, ისე, რომ ელემენტარული მანევრის საშუალებასაც არ გიტოვებთ. მოხდა შეჯახება, რომლითაც ორივე მანქანის მძღოლი საკმაოდ დაზიანდა. რა შეიძლებოდა ამის წინააღმდეგ გაგვეკეთებინა? ეს უკვე იღბლის ამბავია და არა ოსტატობის – იტყვის ყველა. კი ბატონო, მეც გეთანხმებით და, სწორედ იმიტომ, რომ იღბალმა, ერთხელაც, რომ არ გაგვწიროს, შეიძლება, ძალიან მარტივი ქმედებით, სამი წამი დავხარჯოთ და ღვედი შევიკრათ. ღვედის შეკვრა, მინიმუმ, 50 პროცენტით მაინც გვაზღვევს იმისგან, რომ ავარია ფატალური შედეგით არ დასრულდეს. სულ რომ 30 კილომეტრ-საათი სიჩქარით ვმოძრაობდეთ და, სხვა რომ არაფერი, უბრალოდ, მუხრუჭები გამოვიდეს მწყობრიდან და, ვთქვათ, კედელს ან ხეს დავეჯახეთ, ვერანაირი ძალით სავარძელზე თავს ვერ შევიმაგრებთ. ამის უამრავი ტესტი არსებობს. საავტომობილო ფედერაციას სპეციალური ხელსაწყო ჰქონდა ჩამოტანილი ევროპიდან და ყველა მსურველს შეეძლო, საკუთარ თავზე გამოეცადა, თუ რა ძალის დარტყმას გრძნობს ადამიანი მაშინ, როდესაც მანქანა, სულ რაღაც, 12 კილომეტრ-საათი სიჩქარით მოძრაობს. აღმოჩნდა, რომ დარტყმა ოცდაათი კილომეტრ-საათი სიჩქარის ტოლი იყო. ამ დროს ყველა ხვდებოდა, რომ ღვედის შეკვრის გარეშე თავს ვერაფრით შეიმაგრებდა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ღვედი ქალაქშიც აუცილებლად უნდა მოვიხმაროთ?
– რა თქმა უნდა. მე თვითონ ყოველთვის მაქვს შეკრული ღვედი, რაც უნდა მოკლე მანძილზე მიწევდეს გადაადგილება. სამწუხაროდ, ვინც ის ტესტი ვერ გაიარა, არ იცის რამხელა საფრთხესთან აქვს საქმე. უამრავი ავარიის ანალიზში მიმიღია მონაწილეობა ამ ბოლო დროს და მართლა გაოგნებული ვარ, რადგან სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ასიდან ოთხმოც შემთხვევაში ისეთი იყო, რომ მას ღვედი დაიცავდა. მეორე, რაც სულ უნდა გვახსოვდეს საჭესთან, ისაა, რომ, ავტომობილს ყოველთვის აზრიანად უნდა ვმართავდეთ. ვინც ახალი მძღოლია, იმ ადამიანს, თავიდან ბოლომდე ჩართული აქვს გონება, ნერვიულობს, დაძაბულია და ამ დაძაბულობით ბევრ შეცდომასაც უშვებს, მაგრამ, არა საბედისწეროს. დრო გადის, ის ყველაფერს ეჩვევა და ნელ-ნელა დუნდება: მაგნიტოფონს უფრო ხმამაღლა რთავს, რადიოში გაცხარებულ პოლიტიკურ დებატებშია ჩართული, ტელეფონსაც პასუხობს და, თან, იმას ფიქრობს, რა მიირთვას სადილად. ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ისიცაა, რომ ის ჩვენი მეგობარია, მასთან ერთად სულ შეგვიძლია განმარტოება და ფიქრი, ამ დროს მარტო რჩები საკუთარ თავთან, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად მოდუნდე. ერთი „ფაილი” მაინც უნდა დარჩეს გონებაში იმისთვის, რომ გზაზე მიმდინარე პროცესები აკონტროლოს. სხვაგვარად, სწრაფი რეაგირება შეუძლებელი იქნება. სულაც რომ ყურსასმენი გვეკეთოს და ხელი არ დავაკავოთ, ესეც კი უშლის ხელს მართვას, მით უმეტეს, თუ საუბარი დიდხანს გრძელდება. ამიტომ, უმჯობესია, გაჩერდეთ და ისე ისაუბროთ. თუ უცებ შარში აღმოვჩნდით, ეს ნიშნავს რომ, სრული მობილიზება გვჭირდება, რაც სხვა რაღაცეებით გართულებს იმ ძალიან მნიშვნელოვან წამებს დაგვაკარგვინებს, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობისა და, შეიძლება, სიცოცხლისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.