რის საყიდლად შეუძლია, მთელი დღე იაროს ვაჟა მანიამ
ვაჟა მანია: ვერ ვიტყვი, რომ კომფორტის ისეთი მოყვარული ვარ, ამის გარეშე ვერ გავძლებ-მეთქი. ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი ყურადღებაა. ეს მართლა ძალიან მჭირდება. რაც შეეხება შუქს, გაზსა და წყალს, უკვე ყველაფერი გვაქვს და აღარ აღიქმება კომფორტად. მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობები გვაქვს. ისე, უწყლობა ძნელი ასატანია. მაგას უშუქობა ჯობია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ძალიან მიყვარს წყალი (იცინის).
– ოჯახში რისი გაკეთება გეხერხება?
– კერძების მომზადებას ვახერხებ, თუ სახლში არავინაა და საჭიროა, უპრობლემოდ მოვამზადებ. სხვათა შორის, ძალიან გემრიელად ვაკეთებ, (იცინის) მართლა. თუმცა, ხშირად არ მიწევს.
– სალათებით შემოიფარგლები, თუ სერიოზულ კერძებსაც ამზადებ?
– მირჩევნია სალათა მოვამზადო. შედარებით იოლი გასაკეთებელია. ძალიან კარგად ვწვავ კარტოფილსაც. სპეციალურად ვჭრი ძალიან წვრილად, გემრიელად შეიწვება.
– გამორჩეულად საყვარელი სალათა გაქვს?
– კი. „ცეზარი“ მიყვარს განსაკუთრებით. მაგრამ, საკუთარი ხელით ჯერ არ მომიმზადებია. თუმცა, ვფიქრობ, განსაკუთრებულად რთული არ უნდა იყოს მისი მომზადება. თუ მაგასაც მოვინდომებ, გავაკეთებ. საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, თუკი ნამდვილად მოინდომებს.
– პროდუქტის საყიდლად წახვალ?
– რა თქმა უნდა და წავსულვარ კიდევაც. გაფუჭებულ და გადასაყრელ პროდუქტს ნამდვილად არ მივიტან სახლში. არც პროდუქტის არჩევაშია რამე სირთულე. ისიც ვიცი, რაში რამდენი უნდა გადავიხადო. საყიდლების სიაც წამიღია. კი ვიმახსოვრებ, რა მაქვს საყიდელი, მაგრამ მაინც მირჩევნია, მეწეროს (იცინის).
– რაც პოპულარული გახდი, შეიცვალა რამე შენი და მოვაჭრეების ურთიერთობაში? გცნობენ?
– კი, შეიცვალა. მცნობენ, რომელია! მაგრამ, ბაზარში ნაკლებად ჭრის ჩემი პოპულარობა. სხვაგან სხვადასხვანაირად იქცევიან – ზოგი მიკლებს ფასს, ზოგიც საერთოდ მჩუქნის, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა; ზოგსაც პირიქით, ფასი მოუმატებია. ერთხელ, რესტორანში ვიყავით მეგობრები და ტაქსი რომ გავაჩერე, მძღოლი ქალი იყო. ცოტა დაბნეულმა შევხედე. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ...
– იფიქრე, ამდენიც არ დამილევიაო?
– (იცინის) ცოტა ნამდვილად არ მქონდა დალეული. მაგრამ, ვიცოდი, რა თანხა იყო საჭირო იმ ადგილამდე მისასვლელად, სადაც მივდიოდი. ორმაგი გამომართვა. არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა?! ეტყობა, იფიქრა, ჯეოსტარელია, ბევრი ფული აქვს, თან ნასვამია და ვერ მიხვდებაო. მაგრამ, უფრო ხშირად, ტაქსის მძღოლს საერთოდ არ გამოურთმევია ფული.
– ბავშვობაში ჩხირკედელა იყავი?
– არა. მშვიდი და წესიერი ბავშვი ვიყავი. ცუდი საქციელი, ისეთი რომ დამმახსოვრებოდა, არ ჩამიდენია, და არც არაფერი გამიფუჭებია. ახლაც ასეთი ვარ. დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ, ლურსმანს მივაჭედებ. არ არის პრობლემა, და შეიძლება, სხვა უფრო სერიოზული რაღაცაც შევაკეთო. მაგრამ, აღარ მაწუხებენ ოჯახში, რადგან სულ ჩემს საქმეზე ვარ გადართული. ადრე ვეხმარებოდი, ხოლმე – ზარმაცი არ ვარ.
– კაცი რომ ლურსმანს არ აჭედებს, არ შემიძლიაო, ეს სიზარმაცეა?
– მე მიმაჩნია, რომ სიზარმაცეა. არ მგონია, რომელიმე ადამიანს რამე არ გამოუვიდეს. წეღან ხომ ვთქვი, ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული.
– არის ვაჟა მფლანგველი?
– მე კი ვფიქრობ, რომ არ ვარ მფლანგველი, მაგრამ ფული რომ მეფლანგება, ფაქტია (იცინის). სულ მაინტერსებს, სად იხარჯება და რაში. მართლა, ვერ ვხვდები. მგონი, ყველაზე ბევრს, ჩემი გრაფიკიდან და გადარბენა-გადმორბენიდან გამომდინარე, ტაქსებში ვხარჯავ. კიდევ მეგობრებთან. მაგრამ, არ ვწუწუნებ, რატომ დავხარჯე-მეთქი. პირად ნივთებსაც საკუთარი ფულით ვყიდულობ. ჩემთან ერთად საყიდლებზე სიარული წვალებაა, ძალიან დიდ დროს ვანდომებ. შეიძლება, მთელი დღე ვიარო ერთი ჯინსის საყიდლად, მაგრამ ისეთი მაინც ვერ ვნახო, როგორიც მინდა. წუნია ვარ. ამიტომ, მირჩევნია, საყიდლებზე მარტომ ვიარო. ისე, თუ კარგ ფეხზე გამომყვება ვინმე, უარს არ ვიტყვი, მაგრამ აღარავინ მომყვება (იცინის).
– „პახმელია“ გქონია?
– მქონია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. „კოკა-კოლა“ კარგად მშველის, დიდხანს არ მიგრძელდება. ვიტან სასმელს. ღვინით დათრობა არ მიყვარს. არაყი და კონიაკი მირჩევნია. საწრუპად ვისკი მომწონს. ლიქიორი და მარტინი ქალების დასალევია და არ ვსვამ.
– „ცხელი ხაზით“ გისარგებლია?
– არა. არ არის ისე, რომ ცოტა ხნით თუ შუქი ჩაქრება, ვრეკო და მიზეზი ვარკვიო. აღარც უწყლობა გვაწუხებს და აღარც უშუქობა. ხომ იყო დრო, როცა საერთოდ არაფერი გვქონდა?! მე მახსოვს ეგ პერიოდი. სანთელზე რომ ვმეცადინეობდი. პურის რიგებიც მახსოვს და ვმდგარვარ კიდეც. პატარა ვიყავი, სახლში არ მტოვებდნენ და ვიდექი მათთან ერთად რიგში.