ტერის მამას განაჩენს მუნდიალამდე გამოუტანენ
ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების მცველის, ჯონ ტერის მამა, ედვარდ ტერი შარშან მაშინ დაიჭირეს, როცა ღამის ბარში ნარკოტიკს ყიდდა. მართალია, შვილმა დიდი სათავდებო თანხის გადახდის შემდეგ მამა გაათავისუფლებინა, მაგრამ სასამართლო ჯერ არ დასრულებულა.
„განაჩენი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, კონკრეტულად კი პირველ ივნისს გამოცხადდება. ტერი ინგლისის ნაკრებში საკვანძო ფიგურაა და ფაბიო კაპელოს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან აღელვებს. მწვრთნელმა ისიც კი მოითხოვა, რომ სასამართლო პირველი ივლისისთვის, ანუ იმ დროისთვის გადაედოთ, როცა მსოფლიოს პირველობა დასრულებული იქნებოდა, მაგრამ უარი მიიღო“, – წერენ ბრიტანელები.
შეგახსენებთ, რომ ტერის ხელფასი კვირაში ასი ათას გირვანქაზე მეტია და რატომ ყიდდა მამამისი ნარკოტიკს, ძნელი სათქმელია.