ანრი ამერიკის გზას ბექჰემმა გაუყენა
იმის მიუხედავად, რომ ტიერი ანრის კატალონიურ „ბარსელონასთან“ კიდევ ერთი წლით აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი, ფრანგი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს. მართალია, ამერიკის ლიგა ევროპულს არ შეედრება და იქ შედარებით დაბალი დონეა, მაგრამ კარგად იხდიან და 32 წლის ანრისაც კარიერის დასალიერს რამდენიმე მილიონის დამატებით შოვნა აშკარად არ აწყენს.
„მე შტატებზე დევიდ ბექჰემს ვესაუბრე. ის მესამე წელია, იქ თამაშობს და ძალიან კმაყოფილია. მან მითხრა, ეს მანდედან ჩანს, რომ აქ დაბალი დონეა, თორემ, სინამდვილეში, კარგი ლიგაა და ფეხბურთსაც საუცხოოდ თამაშობენო“, – განაცხადა ანრიმ.
სავარაუდოდ, ბექჰემი იმასაც ეტყოდა, რომ წლიური ხელფასი ორი მილიონი დოლარი აქვს, მაგრამ ამერიკული სარეკლამო კომპანიებიდან წლიურად 50 მილიონს იღებს და, შტატებში გადასვლის შემთხვევაში, ფრანგ თავდამსხმელს სარეკლამო შემოსავლები, შესაძლოა, 30 მილიონამდე გაეზარდოს.