ინგლისში ყველაზე დიდი ხელფასი – 120 ათასი ფუნტი სტერლინგი კვირაში – ლამპარდსა და ტერის აქვთ
ინგლისურ პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონი დასრულდა და როგორც წესი, ოცი უძლიერესი კლუბის მესვეურებმა სახელფასო ბიუჯეტი გამოამზეურეს. ალბათ, უინტერესო არ უნდა იყოს, რომელ კლუბს რა თანხა უჯდება ფეხბურთელთა შენახვა და თან იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული დონის კლუბის გაკეთებას საქართველოშიც ვაპირებდით. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, გვსურს, რომ საქართველოში საშუალო დონის ევროპული კლუბი გვქონდეს, მაგრამ რეალობა მწარეა. მაგალითისთვის, პრემიერლიგის ყველაზე გაჭირვებული კლუბი „ბარნლია“ და ეს კლუბიც კი, თავის ფეხბურთელებს, ხელფასის სახით, წლიურად 15 მილიონ ფუნტს უხდის. ეს თანხა კი საქართველოში არსებულ ყველა ლიგის კლუბის ბიუჯეტზე მეტია.
პირველ ადგილზე ლონდონის „ჩელსი“ გახლავთ. რომან აბრამოვიჩი ხელფასებში 197 მილიონ გირვანქას იხდის და იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს, სახელფასო ბიუჯეტი შეამციროს, ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. პრემიერლიგის კლუბთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. „ჩელსი“ (197 მილიონი) – ამ თანხის ძირითადი ნაწილი რამდენიმე ფეხბურთელზე მოდის. დიდიე დროგბას, ჯონ ტერის, ფრენკ ლამპარდს, ეშლი კოულს, მიხაელ ბალაკსა და პეტრ ჩეხს კვირაში ასი ათას გირვანქაზე მეტი აქვთ. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლამპარდი და ტერი არიან, რომლებიც კვირაში 121 ათას გირვანქას იჯიბავენ. მართალია, აბრამოვიჩმა გასული სეზონის დაწყებამდე თამასის დაწევა სცადა, მაგრამ ფეხბურთელები წასვლით დაიმუქრნენ და რუსი ოლიგარქიც გაჩერდა.
2. „მანჩესტერი“ (141 მილიონი) – სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა სახელფასო ბიუჯეტი გასული სეზონის დაწყებამდე თითქმის ოცი მილიონით შეამცირა, რადგან გუნდმა ჯერ კარლოს ტევესი გაუშვა, მერე კი – კრიშტიანუ რონალდუ. ამ უკანასკნელს, კი კვირაში 100 ათასი ჰქონდა. ამჟამად „მანჩესტერის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რიო ფერდინანდია, რომლის ყოველკვირეული შემოსავალი 110 ათასი ფუნტია, თუმცა დიდი ალბათობით, რიოს პირველობის დაკარგვა მოუწევს. „წითელი ეშმაკები“ უეინ რუნისთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თუ შეთანხმდებიან, უეინი კვირაში 125 ათასს, ანუ თვეში ნახევარ მილიონს მიიღებს.
3. „არსენალი“ (120 მილიონი) – ლონდონელთა ისტორიაში ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიუჯეტია. როგორც წესი, არსენ ვენგერს გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები მოჰყავს, მათ გრძელვადიან კონტრაქტს უფორმებს, დაბალ ხელფასს სთავაზობს და მერე ყიდის. თავად განსაჯეთ – 2006 წელს ნაყიდ ემანუელ ადებაიორს ვენგერმა კვირაში 35 ათასი შესთავაზა და ტოგოელი ფორვარდი იოლად დაითანხმა. ადებაიორმა კლუბი სეზონის სტარტზე გამოიცვალა და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. ხელფასი გაუსამმაგდა და ახლა 100 ათასზე მეტს იღებს. მან კარგად იცოდა, რომ იგივე „არსენალშიც“ ეკუთვნოდა, მაგრამ კონტრაქტის პირობებში ჩადებული რაც იყო, ლონდონელები იმას ასრულებდნენ. ამჟამინდელი ბიუჯეტის მთავარი „წურბელა“ სესკ ფაბრეგასი და რობინ ვან პერსი არიან. მათზე თვალი ევროპულ გრანდებს აქვთ დადგმული და ლონდონელები იძულებული არიან მაღალი ხელფასი გადაუხადონ. თუმცა, გამორიცხულია, მომავალი სეზონი ორივემ ამ კლუბში დაიწყოს. ისინი სავარაუდოდ, „ბარსელონაში“ ან მადრიდის „რეალში“ წავლენ.
4. „ლივერპული“ (103 მილიონი) – მას შემდეგ, რაც მერსისაიდული კლუბი ჯორჯ ჯილეტმა და ტომ ჰიკსმა იყიდეს, საქმეები უკან-უკან მიდის. სახელფასო ბიუჯეტს ვინ დაეძებს, კლუბი ვალებში იხრჩობა და წელს, სავარაუდოდ, მთავარ ვარსკვლავთან, ფერნანდო ტორესთან მოუწევს გამოთხოვება. საქმე ისაა, რომ ტორესი წლიურად შვიდ მილიონს იღებს, ამდენის გადახდა კი „ლივერპულს“ უბრალოდ აღარ შეუძლია. მართალია, კლუბის მფლობელები მის გაყიდვას გეგმავენ, მაგრამ რეალური მყიდველი ჯერ არ ჩანს და ეს გასაგებიცაა – როცა ვალი ნახევარ მილიარდ ფუნტს აჭარბებს, გარისკვა ძნელია.
5. „მანჩესტერ სიტი“ (95 მილიონი) – მას შემდეგ, რაც კლუბი შეიხმა მანსურმა იყიდა, ფინანსური მდგომარეობა აშკარად სასიკეთოდ შეიცვალა. მარტო ის რად ღირს, რომ გასულ სეზონში ბიუჯეტი 50 მილიონიც კი არ იყო, ახლა კი თითქმის ასი მილიონია. „თითქმის“ მომავალ სეზონში მოიხსენიება, რადგან მანსურს ახალი ფეხბურთელების ყიდვა სურს და ხელფასებზე 150 მილიონის გამოყოფას აპირებს.
6. „ასტონ ვილა“ (81 მილიონი) – ბირმინჰემული კლუბი აგერ უკვე მეორე წელია, ჯიუტად ცდილობს ზედა ოთხეულში მოკალათებულ კლუბებს შეუტიოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. სამაგიეროდ, გუნდის თავკაცს, მარტინ ონილს თამამად შეუძლია, მოლაპარაკება ნებისმიერთან აწარმოოს, რადგან ჯამაგირზე „ვილას“ მეპატრონეები არ წუწუნებენ.
7. „ვესტ ჰემი“ (76 მილიონი) – იტალიელი ჯანფრანკო ძოლას ხელმძღვანელობით, ლონდონელებმა სეზონი თითქოს კარგად დაიწყეს და იმუქრებოდნენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთო, მაგრამ ლიგის საგზური კი არა, გავარდნას ბოლოსწინა ტურში გადაურჩნენ. მომავალ სეზონში ბიუჯეტი, სავარაუდოდ, განახევრდება, რადგან კლუბი არაფრის მაქნისი და მაღალი ჯამაგირის მქონე ფეხბურთელების მოშორებას აპირებს.
8. „ტოტენჰემი“ (69 მილიონი) – თამამად შეიძლება ითქვას, რომ „მამლებმა“ სასწაული მოახდინეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს. ამ წარმატების გამო, კლუბის შეფები დამატებით ინვესტიციებზე დაფიქრდნენ და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში „ტოტენჰემის“ ბიუჯეტი ას მილიონს მიუკაკუნებს.
9. „პორტსმუთი“ (63 მილიონი) – ეს არის ერთადერთი კლუბი პრემიერლიგაში, რომელსაც ფეხბურთელების დავალიანება აქვს. ვალი რამდენიმე თვეზე მოდის და ამის გამო კლუბს ქულებიც დააკლეს და პრემიერლიგიდანაც მოისროლეს. თუმცა, „პორტსმუთს“ ვალი გადაჰყვება და თუ არ გაისტუმრებს, გაკოტრებულად გამოცხადდება და არსებობას შეწყვეტს.
10. „ევერტონი“ (56 მილიონი) – შარშან კლუბის ბიუჯეტი 40 მილიონი იყო, წელს კი ახალი ფეხბურთელების ხარჯზე გაიზარდა, მაგრამ დაგეგმილი შედეგი მიღწეული ვერ იქნა და დიდი ალბათობით, ახალ სეზონს კლუბი სეკვესტრირებული ბიუჯეტით დაიწყებს.