კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაქვს მოკლე თმა. გავიკეთე ქიმიური დახვევა, მაგრამ ძალიან მიჭირს დავარცხნა და ფორმის მიცემა. რას მირჩევთ?
პასუხი: დახვეული თმა ადვილად რომ დაივარცხნოთ, შეისხურეთ დამატენიანებელი სპრეი, ნელ-ნელა ჩამოივარცხნეთ წვრილკბილიანი სავარცხლით, შემდეგ შეიზილეთ ცოტაოდენი „სველი“ გელი და სასურველი ფორმა ხელით მიეცით.
კითხვა: გავიგე, რომ წელს მოდაში აღარ არის ქერა თმა. რა ფერის თმაა ამ სეზონზე აქტუალური და რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: თქვენ მართალი ბრძანდებით. ამ სეზონზე მოდის პიკია არა ქერა, არამედ თაფლის სხვადასხვა ტონალობის თმა. ეს, ალბათ, სტილისტებისა და დიზაინერების დამსახურებაა, რადგან მათ ეს ფერი მიაჩნიათ მსუყე, ცოცხალ, მდიდრულ და ბუნებრივ ტონად და იდეალურად ერწყმის ნებისმიერი ფერის სახის კანს.
კითხვა: მქონდა საკმაოდ სქელი თმა. ორსულობის მეშვიდე თვიდან დამეწყო ცვენა, რაც არ შეწყვეტილა მშობიარობის შემდეგაც. შედეგად, ძალიან გამითხელდა თმის საფარი. ახლა (მშობიარობის შემდეგ გავიდა 3 თვე) თითქოს ოდნავ შემცირდა ცვენა, მაგრამ მთლიანად მაინც არ შეწყვეტილა. ძალიან ვნერვიულობ. მეშინია, არ გავმელოტდე. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თმის დროებითი ცვენა ძალიან გავრცელებული მოვლენაა. ამის მიზეზი ხდება ჰორმონალური დარღვევები, ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და სხვა. რა თქმა უნდა, საჭიროა ექიმთან მისვლა, მაგრამ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ცოტა ხანს კიდევ დაელოდეთ. ორსულობისა და მშობიარობის შედეგად თქვენმა ორგანიზმმა უამრავი სტრესი და ცვლილება განიცადა და ახლა საჭიროა, დაიცადოთ, ადროვოთ მას, აღიდგინოს დაკარგული ძალები. თუ მეძუძური დედა ბრძანდებით, მოერიდეთ წამლებსა და ქიმიურ საშუალებებს. უბრალოდ, ბუნებრივი კომპონენტებით წაეხმარეთ: თავი დაიბანეთ კვერცხის გულითა და გვირილის ნახარშით, შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი, A, D და E ვიტამინების ნაზავი (ზეთოვანი) და ნუ გაიშრობთ თმას ფენით.
კითხვა: მაქვს ჭარბი წონა. დიეტას მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით ვერ ვიცავ, რადგან დღის განმავლობაში ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და ამისთვის ვერ ვიცლი. მაინტერესებს, დღეში რამდენი კალორიის შემცველობის საკვები უნდა მივიღო, რომ ნელ-ნელა გავხდე?
პასუხი: იმისთვის, რომ ნელ-ნელა გახდეთ, თქვენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შეეცადეთ, თუნდაც რამდენიმე ლუკმა მიირთვათ ყოველ 2-3 საათში ერთხელ, რომ დაითრგუნოთ მადა. სასურველია, საკვები იყოს ნატურალური და, თანაც, უმი სახით. დღის განმავლობაში თქვენ მიერ მირთმეული საკვების კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 500-ს.
კითხვა: ვიცი, რომ ჭარხალს ბევრი დადებითი თვისება აქვს ჯანმრთელობისთვის. რა ღირსება აქვს ამ პროდუქტს კოსმეტოლოგიური და დიეტური თვალსაზრისით?
პასუხი: გარდა უამრავი შესანიშნავი თვისებისა, ჭარხალში შემავალი ვიტამინები და მიკროელემენტები აფერხებს კანის ნაადრევ დაბერებას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, რაც, საბოლოოდ, გახდომას უწყობს ხელს.
კითხვა: რომელი პროდუქტები შეიცავს კრემნიუმს და რა მიზნით გამოიყენება ეს ნივთიერება კოსმეტიკურ საშუალებებში?
პასუხი: კრემნიუმს შეიცავს: ბურღულეული, მარცვლეული, ბანანი, ქიშმიში, ლეღვის ჩირი, თეთრი და ფერადი კომბოსტო, ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, სალათის ფურცლები, ოხრახუში, გოგრა, ლობიო, ფინიკი, ისპანახი, ვაშლი და სხვა. ეს ნივთიერება კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ფრჩხილების, კანისა და თმის სამკურნალოდ და გასამაგრებლად.
კითხვა: რა უნდა გავითვალისწინო ტონალური კრემის ყიდვისას?
პასუხი: პირველ ყოვლისა, ეცადეთ, არ შეიძინოთ იაფიანი, საეჭვო წარმოშობის ტონალური კრემები. ამის შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგ ფაქტორები: თქვენი ასაკი, კანის ფერი და ტიპი, მისი მდგომარეობა (გაღიზიანებული გაქვთ კანი, ალერგიული, გამონაყრით, სუფთა და ასე შემდეგ). სთხოვეთ გამყიდველ-კონსულტანტს, მოგცეთ სინჯი და ტესტირება კანზე გაიკეთეთ სახლში, რომ დაადგინოთ, „თქვენია“ თუ არა ესა თუ ის ტონალური. წაისვით აუცილებლად დღის შუქზე, რომ ზუსტად დაადგინოთ თქვენი კანისთვის მისი ვარგისიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევანი არასწორი იქნება.
კითხვა: როგორი კანისთვის გამოიყენება ტონალური კომპაქტპუდრი და როგორ უნდა მოვიხმაროთ ის?
პასუხი: ტონალური კომპაქტპუდრი, როგორც წესი, გამოიყენება პრობლემური კანისთვის, რომელიც უნდა წაისვათ ნამიანი ღრუბლით, მაგრამ, ჯერ უნდა გაივარჯიშოთ, რომ თანაბრად წასმა შეძლოთ.