ვისთვის არის გაცხიმოვნება საშიში და როგორ ვებრძოლოთ შაქრიანი დიაბეტისა და მაღალი წნევის შესაძლო განვითარებას
დღეს გაცხიმოვნება განიხილება, როგორც დაავადება, რომელსაც აუცილებლად უნდა უმკურნალოთ. ცხიმოვანი ქსოვილი არა მარტო კანქვეშ გროვდება, არამედ შინაგან ორგანოებსაც ეკვრის გარშემო და მათ მუშაობას აფერხებს.
ადამიანები, რომლებსაც გაცხიმოვნება აღენიშნებათ, ხშირად ავადდებიან გულის დაავადებით, მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტით და ასე შემდეგ. დაახლოებით წონის ათი პროცენტით დაკლებისას კი, ზემოთ აღნიშნული დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
გაცხიმოვნებას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იწვევს. ამ დროს საკვებიდან მიღებული ცხიმი სათანადოდ არ გადამუშავდება და ორგანიზმში ლაგდება. ყველაზე ხშირად კი მაშინ იმატებს ადამიანი წონაში, როცა იმაზე მეტ კალორიას იღებს, ვიდრე ხარჯავს.
ასევე, არსებობს, ეგრეთ წოდებული, მეორადი გაცხიმოვნება. მასთან ჭარბი კალორიების მიღებას არანაირი კავშირი არ აქვს. მიზეზი ენდოკრინული დაავადებებია. ამიტომ, საჭიროა სპეციალისტთან მისვლა, გამოკვლევების ჩატარება და იმის გარკვევა, თუ რა მდგომარეობაში გაქვთ ჰორმონები.
გაცხიმოვნებას მხოლოდ დიეტის დაცვით ვერ შეებრძოლებით. ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრების წესის შეცვლით უნდა დაიწყოთ. აუცილებელია ამ დროს ვარჯიში, სწორი კვების რეჟიმის დაცვა, დასვენება, ძილის მოწესრიგება და ასე შემდეგ.
დიეტა მაშინ არის გამართლებული, თუ ის სასიცოცხლოდ აუცილებელ ყველა ნივთიერებებს შეიცავს, კერძოდ კი – ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.