ექიმის რჩევები
კითხვა: მყავს 10 თვის ვაჟი. ცხვირ-ტუჩის მიდამოში დაბადებიდან აქვს მცირე სილურჯე. ექიმმა მითხრა, ციანოზიაო. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა არის ეს და ხომ არ არის საშიში ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ბავშვი საკმაოდ მოძრავია.
პასუხი: ციანოზი კანის მოლურჯო ელფერია, რომელსაც სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს. ყველაზე ინტენსიურად იგი ცხვირ-ტუჩის არეშია ხოლმე გამოხატული. ახალშობილთა ციანოზის მიზეზი შეიძლება, იყოს პათოლოგიური ორსულობა ან გართულებული მშობიარობა. ქრონიკული დიენცეფალური სინდრომი, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციური ან ორგანული პათოლოგიები. ეს სიმპტომი საშიში არაა, მაგრამ საყურადღებო ნამდვილად არის. თუ ციანოზი ბავშვის ზრდის კვალდაკვალ კი არ იკლებს, არამედ უფრო ინტენსიური ხდება და ამასთან ერთად, იკვეთება სხვა საეჭვო სიმპტომებიც, ექიმს ეს უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
კითხვა: ვარ 35 წლის ქალი. მაქვს კონიუნქტივიტი. ჩამიტარეს ორივე თვალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ამოითესა დიპლოკოკი. ექიმმა დამინიშნა მკურნალობა. ოცდღიანი კურსის შემდეგ, განმეორებით ანალიზში, დიპლოკოკი არ გაიზარდა, მაგრამ პერიოდულად მაინც მაწუხებს. თქვენ რას მირჩევდით?
პასუხი: ქრონიკულად მიმდინარე კონიუნქტივიტის დროს, ნაცხის მხოლოდ ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საკმარისი არ არის. დღეს საკმაოდ ხშირია ვირუსული ან პარაზიტული კონიუნქტივიტის შემთხვევები. ასეთ დროს ბაქტერიული ინფექცია მეორეულად ვითარდება ხოლმე. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არსებობს ალერგიული გენეზის კონიუნქტივიტი, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. მის სამკურნალოდ ალერგიული თერაპიაა საჭირო. გირჩევთ, დააზუსტოთ დიაგნოზი. ამის შემდეგ ოკულისტის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსიც ეფექტიანი გამოდგება.
კითხვა: როგორ ვუმკურნალოთ ჭარბ ცხიმიანობას, როგორც თავზე, ასევე კანზე?
პასუხი: მიზანშეწონილია, გამოიყენოთ ჰიგიენის საშუალებები (შამპუნი, საპონი) განკუთვნილი ცხიმიანი კანისთვის. ამ საშუალებების არაეფექტურობის შემთხვევაში, მიმართეთ დერმატოლოგს.
კითხვა: ვარ 60 წლის. მაქვს წელის მალების მადეფორმირებელი სპონდილოზი, ოსტეოქონდროზი. 1 წელია, მაწუხებს ტკივილები წელის არეში. მქონდა რადიკულიტი, იშიაზი და საჯდომი ნერვის ანთება. ჩავიტარე მკურნალობის არაერთი კურსი. ახლა ვარ უკეთ, მაგრამ წელში მოვიხარე და მიჭირს გამართული სიარული, რასაც განვიცდი. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რა მიშველის, რომ წელში გავსწორდე?
პასუხი: სპონდილოზი ხერხემლის მალთაშუა ხრტილების ქრონიკული დეგენერაციული დაავადებაა. ის შეიძლება, განვითარდეს ხერხემლის ტრავმის, ხერხემლის სვეტის გადატვირთვის შედეგად. მალთაშუა ხრტილოვანი დისკო კარგავს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს, რაც მისი ამორტიზაციული თვისებების დაქვეითებას იწვევს. დეფორმაციას განიცდის მალის სხეულიც – გვერდებზე უჩნდება ეკლისებური წანაზარდები, რასაც თან სდევს ტკივილი. ეს იმის გამო ხდება, რომ დეფორმირებული დისკო და მალები მალებს შორის გამავალ ნერვულ ფესვს აწვება და ჭყლეტს. ადამიანს უვითარდება ტკივილი და ხერხემლის დაზიანებული ნაწილის მოძრაობა ეზღუდება.
პათოლოგიური პროცესი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, ცხადია, ვერც დეფორმაციის უკუგანვითარება იქნება იოლი და ხანმოკლე. უნდა იცოდეთ, რომ დიდი მოთმინება და ხანგრძლივი ბრძოლა დაგჭირდებათ, დაავადების მიმდინარეობაში დადებითი დინამიკა რომ შეიძინოთ.
კითხვა: მქონდა ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან. მკურნალობის შემდეგ ვგრძნობ წვას და ზოგჯერ მაქვს ყვითელი გამონადენი. ღამით თირკმელების ტკივილი მაწუხებს. მკერდის ქვემოთ, ღვიძლის მიდამოში გამიჩნდა ყავისფერი ლაქები. ვფიქრობდი, ქლამიდიოზი მქონდა, მაგრამ გინეკოლოგმა უროლოგთან გამგზავნა. მან კი დოქსაციკლინი და 6-ნოკი დამინიშნა, თუმცა შედეგი არ მაქვს. შარდი უფრო გამიყვითლდა. ლაქები მომიმმრავლდა, ხშირად ვშარდავ ცოტ-ცოტას, ხანდახან საშვილოსნოს ტკივილსაც ვგრძნობ. ექოსკოპიამ ისეთი არაფერი აჩვენა, მხოლოდ თირკმელები მაქვს ოდნავ გადიდებული. ლაქები მკერდზეც გამიჩნდა. გაღვიძებისას თვალები დასიებული მაქვს. ხელები მიცივდებოდა, პროთრომბინი 110 მქონდა. რას მირჩევთ?
პასუხი: კომპლექსური გამოკვლევა და კარგი თერაპევტის კონსულტაცია გჭირდებათ. აუცილებლად უნდა გაიკეთოთ სისხლის, შარდის საერთო ანალიზები. სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა. საჭიროა საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზიც. შემდგომში მოქმედების ტაქტიკას ანალიზების შედეგები განაპირობებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია