რატომ იმატებს სიცხეში ვენური თრომბოზით სიკვდილიანობის საფრთხე და რომელი საკვები უნდა მიირთვან ამ ავადმყოფობით დაავადებულმა ადამიანებმა
ბევრი ადამიანი უჩივის ფეხების დაღლას, შეშუპებასა და ტკივილს. ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ღრმა ვენების უკმარისობა, სწორედ ის დაავადებაა, რომელიც ჯანმრთელობასთან ერთად, ადამიანის გარეგნობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს.
როცა გარემო ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, გაგანიერებული ვენები კიდევ უფრო მეტად ფართოვდება.
თუ რა დაავადებაა ეს, საიდან ჩნდება ვარიკოზული ვენები, რა არის მისი წარმოქმნის მთავარი მიზეზები და რისკ-ფაქტორები და როგორ მოვიქცეთ ამ დაავადების დროს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ, ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ, ბატონ იგორ მიქაძეს. მან მეტად საგულისყურო, გასათვალისწინებელი და საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა.
– ბატონო იგორ, რა არის მთავარი რისკ-ფაქტორი, რომელიც ვარიკოზული ვენების გაჩენას უწყობს ხელს და რამდენად საშიში დაავადებაა ეს უკანასკნელი?
– ვარიკოზული ვენების წარმოქმნას საფუძვლად უდევს შეგუბება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურების ვენურ სისტემაში. ეს ძალიან საშიში დაავადებაა და მისი პირველი გამოჩენის ნიშნებისთანავე უნდა მიაქციოს ადამიანმა სათანადო ყურადღება. ვენები არის სისხლძარღვები, რომელთაც პერიფერიული ქსოვილებიდან გულთან გადააქვთ სისხლი. ქვედა კიდურებში ვენური სისხლი მხოლოდ ზევით მოძრაობს, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ. სისხლის ასეთი მოძრაობა უზრუნველყოფილია კუნთების შეკუმშვით და ვენური სარქველებით.
– თუ ვენური სარქველი ცუდად ფუნქციონირებს?
– თუ ვენური სარქველი ცუდად ფუნქციონირებს, მაშინ სისხლის ნაწილი ისევ ქვევით მიედინება. სისხლის წნევა ვენებში იზრდება, რაც იწვევს ვენების გაფართოებას, მათ დაზიანებას და საბოლოოდ კი, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ჩამოყალიბებას.
– რომელი ადამიანები განეკუთვნებიან ამ მხრივ რისკის ჯგუფს და თუ არის ეს გარკვეულწილად, დაკავშირებული საკვებთან?
– მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ისინი, რომლებიც უმოძრაო ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ამ დაავადებით ასევე ხშირად ავადდებიან გარკვეული პროფესიის მქონე ადამიანები, მათ შორის: პედაგოგები, გამყიდველები, მძღოლები, სპორტსმენები, მფრინავები, ქირურგები, პარიკმახერები და ასე შემდეგ, ანუ, ისინი, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა უწევთ. რაც შეეხება კვებას, გეტყვით, რომ ვენებში მიმდინარე პროცესებზე ნამდვილად ახდენს ზეგავლენას კვების რაციონიც. დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმებისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღება, სიგარეტის მოწევა ყველაზე უარყოფითად მოქმედებს ვენურ სისტემაზე. ისინი, რომლებიც საკვებ რაციონში რეგულარულად მოიხმარენ მცენარეულ საკვებს, ნაკლებად ავადმყოფობენ ვენური თრომბოზით. საკვები უნდა იყოს ვიტამინებით მდიდარი, ამასთანავე, კუჭ-ნაწლავი უნდა მუშაობდეს კარგად. აკონტროლეთ წონა, არ უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით ტკბილეული, ცომეული, ნამცხვრები, შოკოლადი, ყავა. ასევე, უნდა მოერიდოთ ბევრი სითხის მიღებას. უნდა ჭამოთ დიდი რაოდენობით პომიდორი და კომბოსტო, დალიოთ მწვანე ჩაი. ასევე აუცილებელია K ვიტამინთან ერთად არ მოაკლოთ თქვენს ორგანიზმს E ვიტამინი. არ გირჩევთ, გამაგრილებელი, გაზიანი სასმელების დალევას. უმჯობესია, ჭამოთ ჩაციებული სეზონური ხილი. დასვენების სეზონი მოდის და მინდა, გავაფრთხილო ვენური თრომბოზით დაავადებული ადამიანები, რომ მოერიდონ ზღვაზე წასვლას და უპირატესობა მთაში დასვენებას მიანიჭონ. მოერიდონ მცხუნვარე მზეს და დიდხანს არ იყვნენ წყალში ზღვაზე დასვენების დროს. სხვათა შორის, ამ დაავადების დროს კარგია ცურვა, მაგრამ გარუჯვა კატეგორიულად იკრძალება. ასევე არ ვარგა მასაჟების გაკეთება. კიდევ გაფრთხილებთ, რომ სიცხეში ვენები საგრძნობლად ფართოვდება და თრომბის წარმოქმნის საშიშროებაც სწორედ ამიტომ იმატებს. არ გაშინებთ, მაგრამ, შესაბამისად, სიკვდილიანობის საფრთხეც მომატებულია. სამწუხაროდ, ქართველებს სამედიცინო კუთხით კულტურა არ გაგვაჩნია და მაშინ აკითხავენ შესაბამის სპეციალისტს, როცა დაავადებით გამოწვეული ტკივილების ატანა შეუძლებელი ხდება.
– უყურადღებოდ დატოვებული ვენური გაგანიერება შემდგომში რა გართულებებს იწვევს?
– კარგი შეკითხვაა, რადგან ბევრმა არ იცის, რომ თავის ნებაზე მიტოვებული ვარიკოზული დაავადება, მძიმე გართულებებს იწვევს. მაგალითად, როგორებიცაა: ტროპიკული წყლული, თრომბოფლებიტი, ფილტვების არტერიის თრომბოფლებიტი და ასე შემდეგ. არავის ვაშინებ, მაგრამ ეს ხშირად ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. სხვათა შორის, ვარიკოზული გაგანიერება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. ამ პათოლოგიის განვითარებას ხელს უწყობს ფეხმძიმობა და მშობიარობა. ეს დაავადება მსოფლიოში ბევრ ქალბატონს აწუხებს, დაახლოებით 40-50 პროცენტს.
– ამბობენ, ხშირად, თრომბოზის მიზეზი მომატებული პროთრომბინი ხდებაო. თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრით, არის თუ არა ეს თრომბოზების მიზეზი?
– გეტყვით, რომ მე როგორც ამ საქმის სპეციალისტს, ხშირად მომმართავენ ადამიანები სისხლში მომატებული პროთრომბინის ინდექსის პრობლემით. პროთრომბინის ინდექსი შეიცავს სისხლის შედედების ოთხ ფაქტორს, რომლებიც დამოკიდებულია K ვიტამინის შემცველობაზე. პროთრომბინის ინდექსის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ სისხლის შედედების მეორე ფაზის პროცესები დაჩქარებულია. შესაბამისად, იზრდება თრომბის წარმოქმნის რისკიც. მაგრამ, გეტყვით იმასაც, რომ სისხლის შედედების სხვა ფაქტორებისგან იზოლირებულად, პროთრომბინის მაღალი დონე არ შეიძლება, მოვიაზროთ, როგორც თრომბის წარმოქმნის მთავარი პირობა. თუმცა, აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი შემცირება თავისთავად ამცირებს თრომბის ჩამოყალიბების რისკს. პროთრომბინის ინდექსის ზრდა ხშირად ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების, კიდურებში სიმძიმის, დაბუჟების, კრუნჩხვების მიზეზია. პროთრომბინის ინდექსის შემცირება, წამლების დალევის გარეშე, მეტყველებს ღვიძლის ცუდ მუშაობაზე და K ვიტამინის უკმარისობაზე. ავადმყოფებისთვის, სისხლძარღვთა დაავადებით, პროთრომბინის რაოდენობის ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ანტიკოალგულანტი პრეპარატებით მკურნალობის დროს, რომლებიც აბრკოლებს სისხლის შედედებას, კერძოდ, ათხელებს სისხლს. აუცილებელია, რომ დაავადების პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე, მიმართოთ ვენური პათოლოგიის სპეციალისტს – ფლებოლოგს, რადგან, მხოლოდ მას შეუძლია, აღკვეთოს ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომთა განვითარება.
– ვენური პრობლემები, საგრძნობლად შემაწუხებელი, სწორედ, დათბობის დროს ხდება. რა მოვიმოქმედოთ რომ თავი დავიზღვიოთ და მდგომარეობა შევიმსუბუქოთ?
– სიცხეში ვენა ფართოვდება და იწყება ტკივილი. იზრდება ვენური წნევა, გადადის დაჭიმვა კუნთებზე და ეს იწვევს ტკივილს. სიცხეში ეს პრობლემა საგრძნობლად მწვავდება და შემაწუხებელი ხდება. ამ დროს ბევრი ადამიანი თვითმკურნალობას იწყებს – აფთიაქში ყიდულობს ექიმის გარეშე დანიშნულ წამლებს და იღებს. არადა, ამ დროს მთავარია, დადგინდეს მიზეზი, რადგან ფეხის ტკივილი შესაძლოა, გამოწვეული იყოს მარილების დაგროვებით, არტერიული უკმარისობით, ვენებით, ნერვული ანთებით... ამიტომ, ამას თავად ავადმყოფი ვერასდროს დაადგენს და თვითმკურნალობით კი, მდგომარეობას გაიუარესებს. სულ ვამბობ, არ არსებობს წამალი, რომელიც ერთს რგებს და მეორეს არ ავნებს-მეთქი, ამიტომ, მათი თვითნებური მიღება, ყოვლად დაუშვებელია. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ ვენოტონიკების უმრავლესობა, თითქმის უსაფრთხოა. რაც შეეხება პროფილაქტიკას, თუ იცით, რომ ვენების უკმარისობა გაქვთ, გირჩევთ, იმოძრავეთ ზომიერად, გააკონტროლეთ საკვების მიღება და მხოლოდ ექიმის დანიშნული მედიკამენტები მიიღოთ. კარგია, თუ შუადღისას, თუნდაც ათი წუთით მაინც წამოწვებით და ფეხებს მაღლა შემოაწყობთ. სიცხეში ყოველ საღამოს გაიკეთეთ გრილი წყლის აბაზანები და გამოიყენეთ სპეციალური შესაზელი ჟელეები. ვარიკოზული დაავადების დროს კი, აუცილებლად ატარეთ სპეციალური ელასტიკური, სამკურნალო წინდები ან დოლბანდი. ყოველივე ზემოთქმული ყველაზე უსაფრთხო და კარგი პროფილაქტიკაა.