როგორ ამოვიცნოთ ნარკომანი და როგორ დავიცვათ ახლობლები ამ სენისგან
სულ უფრო იზრდება საზოგადოების ინტერესი ნარკომანიის მიმართ და მათი აზრი კი ზოგადად ასეთია – ნარკომანია ბოროტებაა, რომელსაც უნდა მოერიდო ნებისმიერ ფასად. უმეტესობა კი უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ამ პრობლემას ოჯახის წევრები და მეგობრები მოარიდოს. ამისთვის კი უნდა შეგვეძლოს ნარკომანიის ამოცნობა. მისთვის დამახასიათებელი მრავალი ნიშნიდან, ხშირად, მხოლოდ რამდენიმეც საკმარისია, სიმართლის დასადგენად. პრობლემის შესახებ გვესაუბრება ნარკოლოგი გიორგი კილასონია.
– როგორ ეთმობა ყურადღება ამ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ?
– ცალსახად უნდა ითქვას, რომ ნარკომანია მთელი მსოფლიოს სენია და ის არ არის მკაფიოდ დამახასიათებელი რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის. არსებობს მოსაზრებები, რომ მის გავრცელებას სიღარიბე ან ზოგადად, ქვეყანაში არსებული სტრესული მდგომარეობა განაპირობებს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ნარკომანია გავრცელებული ავადმყოფობაა არა მარტო ღარიბ ქვეყნებში, არამედ განვითარებულ და ზესახელმწიფოებშიც კი. ამერიკელმა მედიკოსებმა ნარკომანიის საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახებისთვის წიგნიც კი დაბეჭდეს, რომელშიც მითითებულია ახალბედა ან „სტაჟიანი“ ნარკომანისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი ხასიათით, ამიტომ ყველას ერთ ჩარჩოში მოქცევა არ იქნება გამართლებული. შესაბამისად, რომელიმე ნიშნის ამოცნობის შემთხვევაში, არ უნდა ჰქონდეს ადგილი მძაფრ რეაქციას. სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდებით სიმართლეში შესაბამისი ქმედებები არ უნდა განვახორციელოთ. ნარკომანიისთვის დამახასიათებელი ნიშნები შესაძლებელია, გამოვლინდეს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა უძილობა, გარდატეხის ასაკი, წარუმატებელი ურთიერთობები და სხვა, რაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, საკითხს მაქსიმალური ყურადღებით უნდა მივუდგეთ.
– როგორ ამოვიცნოთ ნარკომანი და როგორ მოვიქცეთ თუ გაგვიჩნდა ეჭვი?
– ყველა ნიშანი შესაძლებელია, ორ კატეგორიად დავყოთ. თითოეული მათგანი მოიცავს ვიზუალურ ან კონკრეტული საქციელისთვის დამახასიათებელ ფაქტორებს. ყოველთვის უსიამოვნოა ეჭვის შეტანა ახლობელ ადამიანში, მაგრამ ზოგიერთის მომავალი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ახლობლები ნარკომანის ამოცნობას მისი მოხმარების ადრეულ ეტაპზე. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, ნარკომანიის ნიშნები და პირველივე ეჭვის შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს. ნარკომანიის ამოცნობის კლასიკური მეთოდი, გუგების მდგომარეობის მიხედვით, დღეს მოძველებულია. ჩაწითლებული თვალები შესაძლოა მიუთითებდეს არა ნარკომანიაზე, არამედ კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომაზეც კი. ამასთან, ნარკომანებმა დიდი ხნის წინ ისწავლეს ამ ნიშნის დამალვა, თვალებში სხვადასხვა პრეპარატის ჩაწვეთებით. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია ნარკომანის შეფასება თვალების მიხედვით. ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ნარკომანის თვალები არ რეაგირებს სინათლეზე, მინისებურები ხდება. კიდევ ერთი სანდო ნიშანია – გუგების შევიწროება პატარა წერტილებამდე. საკმაოდ რთულია ინიექციის კვალის აღმოჩენაც. დღესდღეობით ნარკომანები ნემსებს სხეულის არასტანდარტულ მიდამოებში იკეთებენ – იღლიის, საზარდულის არეში, ფეხის გულებზე და სხვა. აქედან გამომდინარე, სახელოების აწევისა და ვენების ჩვენების მოთხოვნით, თქვენ ვერაფერს მიაღწევთ, მხოლოდ გაიფუჭებთ ურთიერთობას ამ ადამიანთან. ნარკომანიად ითვლება აგრეთვე, კანაფის რეგულარული მოხმარება, ამ დროს კი ინიექციის კვალის ძიებას არავითარი აზრი არ აქვს.
– თუ შეინიშნება რაიმე ცვლილება ადამიანის ქცევაში?
– რა თქმა უნდა, ცვლილებები ქცევაში აღინიშნება და საკმაოდ დამახასიათებლადაც ამ პრობლემისთვის. რომ ამოვიცნოთ ნარკომანი, კარგად უნდა დავაკვირდეთ ადამიანის ქცევას, არ უნდა გამოვტოვოთ არც ერთი წვრილმანი. ზოგჯერ ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ცვლის ყველაფერს: ქცევას, ჩვევებს, გემოვნებასაც კი. ყველა ეს ნიშანი კომპლექსურად დაგვეხმარება ამოვიცნოთ ნარკომანი. უპირველესად, დააკვირდით ნარკომანის ხასიათს. ნარკომანებს ხასიათი ორსულ ქალზე უფრო ხშირად ეცვლებათ; დადებითი განწყობა შესაძლოა, უცებ შეეცვალოს აგრესიის შეტევით ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გარემო ცვლილებათა მიუხედავად; კომუნიკაბელური ადამიანი უცებ უმიზეზოდ საკუთარ თავში ჩაიკეტოს და აღარ რეაგირებდეს გარემოზე; ნარკომანებს ახასიათებთ პათოლოგიური სიცრუე. ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების დაფარვის აუცილებლობა ნარკომანებს ტყუილის ჩვევას უვითარებს. ისინი იტყუებიან ყველაფერში, ისეთ წვრილმანებშიც კი, არსებითი მნიშვნელობა რომ არ აქვს.
– როგორ აისახება ნარკომანობა ცხოვრების წესზე?
– ნარკომანების ახლობლების ყურადღებას ხშირად იქცევს ნარკომანის დღის რეჟიმის შეცვლა. ძალზე ხშირად, ნარკომანებს დღე და ღამე არეული აქვთ. შეიძლება ჩაიძინონ დილისკენ და მთელი დღე ეძინოთ, ღამით კი უფრო აქტიურად და მხნედ იყვნენ. მათი ძილი მოუსვენარია. ადამიანი ხშირად იღვიძებს, ზოგჯერ წყურვილის გამო. მუდმივი წყურვილი და უმადობა კი – ნარკომანიის კიდევ ერთი გამოვლინებაა. თუმცა, თუ ადამიანი კანაფის მომხმარებელია, ის თითქმის არ სვამს წყალს და გამოირჩევა გაცხოველებული მადით. ძილის დროის შეცვლა, შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული. ხშირად ეს ახასიათებთ კომპიუტერის მოყვარულ ან სხვა რამით გატაცებულ ახალგაზრდებს, ამიტომ, ამ ნიშნის, ისევე როგორც სხვების, ცალკე განხილვა არ იქნება მართებული. საჭიროა კომპლექსური მიდგომა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც. აღსანიშნავია მატერიალური ფაქტორიც. ნარკოტიკის სახით, რა ნივთიერებაც არ უნდა იქნეს გამოყენებული, ის საკმაოდ ძვირია, შესაბამისად, ნარკომანებს სერიოზული სირთულეები უჩნდებათ ფინანსური თვალსაზრისით. სახლიდან ფულის დაკარგვა, მუდმივი ვალი, ძვირფასი ნივთების გაყიდვა – საკმაოდ მნიშვნელოვანი სოციალური ნიშნებია, ნარკომანის ამოსაცნობად. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, პირველივე ეჭვის შემთხვევაში, უნდა დავითვალოთ კოვზები სახლში, რომელთა გაუჩინარებაც იშვიათად იქცევს ყურადღებას. ნარკომანები კი სწორედ კოვზზე ხსნიან და ადუღებენ ჰეროინს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სახიფათო ნივთიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ მიუწვდება ხელი ჰეროინზე, მაგრამ ეს საყოფაცხოვრებო ნივთი სხვა ტოქსიკური ნივთიერებების დასამზადებლადაც გამოიყენება. ამიტომ, თუ სახლში იპოვით გადამტვრეულ კოვზს ან დამწვრობის კვალით, ეს საკმაოდ საგანგაშოა.
– იცვლება თუ არა ნარკომანის ურთიერთობები გარშემო მყოფებთან?
– საყურადღებოა, ადამიანის გარემოცვაში ისეთი ახალი ნაცნობების გამოჩენა, რომელთაც ის თავის ახლობლებს არ წარუდგენს. ნარკომანები ხშირად იცვლიან სამეგობრო წრეს, იჩენენ ახალ-ახალ საეჭვო ნაცნობებს. ხშირად ნარკომანების ინტერესი მკვეთრად იცვლება. სწავლა, ჰობი, საყვარელი ადამიანი – მეორე ხარისხოვანი ხდება. ნარკომანი მთელ დროს ახალ ნაცნობებთან ატარებს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნარკომანიის არსებობის დაზუსტება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენისას ნარკომანის ახლობლებმა თადარიგი უნდა დაიჭირონ და დროულად მიმართონ ნარკოლოგს. საყოყმანო დრო პრაქტიკულად, არ არის. მრავალი ნარკოტიკი მიჩვევას იწვევს რამდენიმე გამოყენების შემდეგ. რაც უფრო დიდხანს მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს, მით უფრო დამოკიდებული ხდება ის ტოქსიკურ ნივთიერებაზე და ძნელდება ნარკომანიისგან განკურნება.