რომელ ქვეყანას ჰქონდა შანხაის გამოფენაზე მიწისქვეშა პავილიონი და რომელ ქვეყანაში გამოიგონეს ოქროს მომპოვებელი მცენარე
როგორი იქნება სამყარო ათი, ოცი, ორმოცდაათი წლის შემდეგ, ამაზე ალბათ, ნებისმიერი ჩვენგანი ფიქრობს. დაემსგავსება ის „მეხუთე ელემენტის“ ნიუ-იორკის ტიპის ქალაქს თუ პირიქით, განვითარებით უკან წავა, ამაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ დიდი ქვეყნები. ყოველწლიური გამოფენა, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციას, მისი კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ ამჯერად შანხაიში ჩატარდა და ტექნოლოგიების ნამდვილ შეჯიბრად იქცა. რა უცნაურობები ნახა შანხაიში, ამაზე ტურიზმის დეპარტამენტის ფიარის სამსახურის უფროსი თამთა თამაზაშვილი გვესაუბრა.
თამთა თამაზაშვილი: მსოფლიოს ქვეყნების გამოფენა ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. წელს მასპინძელი ჩინეთი იყო. ხუთი წლის წინათ ის იაპონიაში ჩატარდა. ვიცი, რომ საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ ამ მასშტაბებისთვის არ მიუღწევია. ჩინეთში წარმოდგენილ 189 ქვეყანას შორის საქართველოც იყო, რომლის გამოფენა ევროპის გაერთიანებულ პავილიონში განთავსდა. ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარა ჩინეთის რესპუბლიკა, რომელმაც განვითარებადი ქვეყნებისთვის ბიუჯეტის სამოცი პროცენტი საკუთარ თავზე აიღო. ამიტომ, ჩვენი სტენდი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან გამოფენა ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ გახსნაზე და მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი გვესტუმრა. ოცდაათ აპრილს იყო საზეიმო ცერემონიალი, ჩამოვიდა ოცდაერთი ქვეყნის პრეზიდენტი და დანარჩენი ქვეყნებიდან უმაღლესი დონის პირები. მთელი ეს ამხელა ტერიტორია სულ დახურული იყო და ისეთი გახსნა მოეწყო, როგორიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზეა ხოლმე. საგამოფენო ტერიტორია ორ ნაპირზეა აგებული, სადაც პავილიონები ხუთი წლის განმავლობაში შენდებოდა. ერთ ნაპირზე ქვეყნებია წარმოდგენილი, მეორე ნაპირზე კი უფრო კერძო სექტორი, მათ შორის დედამიწის პავილიონი. დიდი სურვილი გვქონდა თავიდან ბოლომდე დაგვეთვალიერებინა პავილიონები, მაგრამ ფეხით სასიარულოდ არანორმალურად დიდი მასშტაბებია. დაკეტილია გზები და იქ პრეზიდენტიც კი ვერ შევა მანქანით. სამწუხაროდ, მეორე მხარეს მხოლოდ დედამიწის პავილიონის ნახვა მოვახერხე. ჩვენ ვიყავით ევროპის გაერთიანებულ პავილიონში, მაგრამ ცალკე დიდი ფართი გვქონდა, დამოუკიდებელი შესასვლელით. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოგვეჩინა.
– ყველაზე დიდი პავილიონი ვის ჰქონდა?
– ჩინეთს, რომლის პავილიონსაც ამობრუნებული პირამიდა შეარქვეს. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, ამართლებს იმ სლოგანს, რომელიც ჩინეთს ჰქონდა არჩეული. თვითონ გამოფენის, ანუ შანხაის სლოგანი იყო – „ბეთერ სითი ბეთერ ფიუჩა“, რაც ჩვენი ეპოქის ადამიანების მოთხოვნებს პასუხობს. დიზაინერებს ძირითადი აქცენტი გაკეთებული ჰქონდათ პავილიონების ექსტერიერზე, შიგნით იყო დარბაზები, დიდი სივრცეები, რომელიც ქვეყნების შემთხვევაში, იმდენად საინტერესო არ იყო. თუმცა, ჩინეთს ინტერიერიც საინტერესო ჰქონდა – პროვინციებად და ქალაქებად დაყოფილი. ამით აჩვენებდნენ, რომ ჩინეთი მხოლოდ შანხაი და პეკინი არ არის და სხვაც ბევრია საინტერესო. ვიზუალურად იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გაოგნებული დავდიოდი. ერთი ნაწილი ჩინეთის ისტორიას ეძღვნებოდა, მეორეში კი – ამ ქვეყნის მომავალი იყო ნაჩვენები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მატარებელი, რომელიც საათში ხუთასი კილომეტრი სიჩქარით დადის. თან, ისეა გაკეთებული სიმულატორი, რომ ჯდები, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, სწორედ ამ სიჩქარით მიჰქრიხარ. შექმნილი აქვთ 4D ანუ ოთხგანზომილებიანი გამოსახულება. ჯდები და გგონია, რომ ზუსტად იმ რეალობაში ხარ, რასაც გაყურებინებენ. სიმრგვალეში აღიქმება ყველაფერი. ანუ, შენს გარშემო სულ ეკრანებია. პარალელურად, ამ ეკრანზე გაჩვენებენ ჩინეთის ისტორიაზე შექმნილ ფილმს, რომელიც უნიკალური სანახავია.
– ამბობენ, ბრიტანეთის პავილიონი გამოიყურებოდა ძალიან უცნაურადო.
– საოცრება იყო და ამის გამო ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. პავილიონი მთლიანად აგებულია აკრილის ჩხირებისგან. შიგნით გამოქვაბულია და განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, თითოეულ დეტალში განსაკუთრებული, სპეციალურად გამოყვანილი მცენარეების თესლებია, თითოეულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ბრიტანელებს აქცენტი გაკეთებული ჰქონდათ ურბანიზაციისა და ეკოლოგიის პრობლემებზე – როგორ ავიცილოთ თავიდან დაბინძურება, როგორ შევინარჩუნოთ ისტორიული ნაგებობები. მათგან ერთი მცენარე ოქროს მოიპოვებდა. რეალურად მიწაში, წყალში ძალიან დიდი რაოდენობით მინერალი არსებობს, რომელსაც თვალი ვერ აღიქვამს. ამის გამო კი საუკუნეების განმავლობაში მიწა ითხრებოდა. ეს მცენარე კი ისეა გამოყვანილი, რომ მისი უწვრილესი ფესვები მიწაში ოქროს ეძებს, ნამცეცებს ერთ ადგილას აგროვებს და შემდეგ უკვე ოქროს მოპოვება ძალიან იოლდება. თუმცა, ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენების უფლება ჯერ არ აქვთ, რადგან ჯერ უამრავი მარკეტინგული გათვლაა საჭირო. ამ ყველაფრის ჩვენების საშუალება ქვეყნებს სწორედ შანხაიში მიეცათ, რომ თქვან 4D, მატარებელი, მცენარეები, – ეს ყველაფერი შექმნილია, არსებობს და რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე ყოველდღიურობის ნაწილი იქნება.
– ექსტერიერზე ამხელა დატვირთვა რატომ ხდება?
– მხოლოდ იმიტომ, რომ დამთვალიერებლებზე შთაბეჭდილება მოახდინოს და იქ ბევრი ადამიანი შევიდეს. ეკოლოგიაზე ჰქონდათ შექმნილი პავილიონები: საფრანგეთს, გერმანიას. დედამიწა ნაჩვენებია ყოველდღიური ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, როგორ შევინარჩუნოთ ეკოლოგია და თავიდან ავიცილოთ ურბანიზაცია. იქ ვნახე მცენარეები, საკუთარ თავს რომ გადაამუშავებენ და საწვავს გამოყოფენ.
– ანუ, მცენარე ბენზინს ჩაანაცვლებს?
– კი, ბენზინს და ყველანაირ საწვავს. ბენზინს გაფილტრული წყალი ჩაანაცვლებს, რაც იაპონიას ჰქონდა წარმოდგენილი. იქ ვნახეთ, ავტომობილი, რომელიც საწვავის ნაცვლად გაფილტრულ წყალს მოიხმარს. რატომ არ იყო ფართოდ დამკვიდრებული წყალბადზე მომუშავე ავტომობილები? იმიტომ, რომ ფეთქებადია, სხვა პრობლემებიც ჰქონდა. ახალ შექმნილ ავტომობილში ყველა ეს პრობლემა დაძლეულია. ვნახე ავტომობილი, სადაც ბენზინის ნაცვლად ასხამ გაფილტრულ წყალს და ის მშვენივრად დადის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ზღაპარი ახდა. ყველაფერი ის, რაზეც საუკუნეების წინ ზღაპრებში იწერებოდა და ოცნებობდნენ, უკვე რეალობაა. ერთი კვირა მაინც უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ნორმალურად დაათვალიერო ყველა საინტერესო პავილიონი. ამ ყველაფერს ხელს უშლის უზარმაზარი რიგებიც. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი უცნაურობა დაგანახვონ გარედან, რომ მეტი დამთვალიერებელი შევიდეს შიგ. მაგალითად, მექსიკა გამოირჩეოდა იმით, რომ მისი პავილიონი მიწის ქვეშ იყო, ზემოდან რკინის ქოლგებით კი ხვდებოდი, რომ იქ რაღაც ხდებოდა. ჩახვიდოდი ქვემოთ და იქ მთელი ქალაქი იყო – კაფეები, სუვენირები და სხვა.
– მექსიკას რომ ამდენი მოუხერხებია, აბა, ჩინეთი რას იზამდა?!
– კი, ჩინეთი დაგვეხმარა ძალიან. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს ძალიან ლამაზი პავილიონი ჰქონდა. დამთვალიერებელი გაოცებული უყურებდა ჩვენს ანბანს. წარმოდგენილი გვქონდა უზარმაზარი ვაზი, როგორც ჩვენი სიმბოლო და ძირში ქართული ანბანით. პავილიონის ოთხი კუთხე დაყოფილი გვქონდა წელიწადის დროების მიხედვით, სლოგანით – ხედი ჩემი ფანჯრიდან. ზამთარში გუდაური და ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები გვქონდა წარმოდგენილი; ზაფხულში – ზღვის სანაპირო; ერთ კუთხეში იყო თბილისი, კერძოდ კი, შარდენის ქუჩა. არაფრით სჯეროდათ, რომ ისეთ პატარა ტერიტორიაზე როგორიც საქართველოს აქვს, ოთხი ერთმანეთისგან ასე განსხვავებული სეზონი გვაქვს.
ულამაზესი პავილიონი ჰქონდა ლუქსემბურგს, საოცარი შიდა ეზოებით და წყლებით, უნიკალური მცენარეებით გაფორმებული. თვითონ პავილიონებიც სულ სხვადასხვა მასალებით იყო აგებული, იმ ბოლო მიღწევების გამოყენებით, რომელიც კი არქიტექტურაშია შექმნილი და გამოგონებული. ჯერ მარტო აკრილის ჩხირების შენობა როგორი რთული ასაგები იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ.
მექსიკის პავილიონის შიგნით იყო ნიღბები, რომელსაც, როგორც მათი ისტორიის რაღაც ელემენტს, ისე ვუყურებდი. სინამდვილეში კი რა ხდებოდა, ამ ნიღაბში უნდა ჩაგეხედა და სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა თუ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი. რა ნიღაბშიც იხედებოდი, ის ადამიანი ხდებოდი. ვთქვათ, მაიას ტომების მონადირე – გგონია, რომ ზუსტად მასავით დარბიხარ, ომები გაქვს, რაღაც იარაღი გიჭირავს. სხვადასხვა ასეთი ნიღაბი იყო წარმოდგენილი – ხან მეზღვაური ხარ, ხან მექსიკელი გლეხი და სხვა. ამის გამო გაუთავებელი რიგი იდგა მექსიკის პავილიონთან. იაპონიის პავილიონში იყო იატაკი, რომელზე სიარულისას გამოიმუშავებდი ელექტროენერგიას. რაც უფრო მეტს დადიხარ, მით მეტი ენერგია გაქვს. თუ სახლში იშვიათად ხარ, იმდენი ელექტროენერგია გექნება, რამდენიც გჭირდება. საერთოდ იმდენი საოცრება ვნახე, რომ ყველაფერ ამის მოყოლა ერთი სტატიით ძალიან გამიჭირდება. ამიტომაც, ძირითად მომენტებს გავუსვი ხაზი. ვფიქრობ, ყველა ხელოვანმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს გამოფენა. გამოფენა ექვსი თვე გრძელდება. ხუთ წელიწადში კი ის უკვე იტალიაში გაიხსნება – ახალი იდეებით და ახალი მიღწევებით.