როდის არის მამაკაცი ყველაზე ადვილად გამოსაჭერი
გავრცელებული მოსაზრება, რომ კაცები ნაკლებად ემოციურები არიან, მცდარია. ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ. თუ მამაკაცი ხმამაღლა და აშკარად არ გამოხატავს (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ვერ გამოხატავს) ემოციებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს განიცდის ან განიცდის ზედაპირულად და პრობლემას გულამდე არ უშვებს. მამაკაცებს აქვთ ემოციები და საკმაოდ არიან დამოკიდებულები მათზე. ასე რომ არ იყოს, მაშინ სუიციდის პრობლემაც არ იარსებებდა, თანაც, ის მამაკაცებში გაცილებით აქტიურია, ვიდრე ქალებში. როცა ქალი ფიქრობს, რომ მისი გრძნობები კაცისაზე მნიშვნელოვანია, ის ამით ამბობს, რომ ვერასოდეს გაუგებს მას. ეგოიზმიც ხომ სწორედ ეს არის. მაგრამ, არიან ქალები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ: თუ კაცი ჩუმად არის, მას გრძნობები არ გააჩნია, არც ემოციები სჭირდება და მიდის სხვასთან, იმასთან, ვინც მისი ემოციების ფოიერვერკს ასეთივე ფოიერვერკით უპასუხებს. მაგრამ, არის კი ამ დროს მამაკაცი გულწრფელი?! ხშირად ხომ დუმილს მეტი ფასი აქვს.
თინიკო (32 წლის): ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვარ, სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, ვიღაცას უნდა დაველაპარაკო. მართალია, უცხო ადამიანთან ცოტა ძნელია, იყო გულახდილი, მაგრამ ზოგჯერ სწორედ უცხო ადამიანი იქცევა ხოლმე ყველაზე ახლობლად. შინაგანად ისე ვარ აფორიაქებული და დაძაბული, რომ, შეიძლება, ჩემი სათქმელი კარგად ვერ გამოვთქვა, მაგრამ, გულახდილი ნამდვილად ვიქნები. ვიცი, რომ თქვენი მკითხველებიდან ბევრი ვერ გამიგებს – ამას უკვე შევეგუე. თუმცა, მე მათ მოსაზრებებს ვერ მოვისმენ და ეს ერთგვარი შეღავათია. თანაგრძნობასაც ხომ დავიმსახურებ, თან, ამ საუბარში, იქნებ, რაღაც გადაწყვეტილება მივიღო და ცოტა გულზეც მომეშვას. საშინელებაა, როცა უსაფუძვლოდ გაბრალებენ რაღაცას, შენ კი თავის დაცვა არ შეგიძლია. მე, ბევრ რამეს ვაპატიებ ადამიანებს, მართლა, მაგრამ, თუ მეტისმეტს იზამენ, ნერვები მეც მაქვს.
– რის პატიებაზეა საუბარი?
– რა ვიცი. არ ვარ კონფლიქტური, არ ვცდილობ, ბოროტებაზე ბოროტებით ვუპასუხო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი უსიამოვნება მაქვს გადატანილი ცხოვრებაში. იყო დრო, როცა საუკეთესოდ მეცვა და მეხურა. არ ვფიქრობდი, საიდან უნდა მეშოვა ფული, იმიტომ რომ, ისედაც საკმარისზე მეტი გვქონდა ოჯახში ეგ „სიკეთე“. მამაჩემი კარგ თანამდებობაზე მუშაობდა. მაშინ, მგონი, არც არავის უჭირდა, ჩვენ კი კარგად ვცხოვრობდით. იცით, რა ძნელია, როცა იმას კარგავ, რასაც შეჩვეული ხარ?! ერთ დღეს გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ ბევრი რამე შენი საზრუნავი გამხდარა. ცხოვრება ძალიან რთულია, როდის რა სიურპრიზს მოგიწყობს, წინასწარ ვერ იტყვი, მაგრამ მე არასდროს მითაკილია ის, რასაც ვაკეთებდი. პირიქით, უცხოეთში წასვლასა და იქ ტუალეტების ხეხვას ქართველ პატარებზე ზრუნვა ვარჩიე. დიახ, ძიძად დავიწყე მუშაობა. ღამეც ხომ რჩებიან ოჯახში და უვლიან პატარას, ასე უფრო მეტს ვიღებდი. სახლშიც რაღა მინდოდა. მშობლებსა და ჩემს დას კვირაობით ვნახულობდი.
– გათხოვილი არ ყოფილხართ? ცოტა უხერხულია, ამას რომ გეკითხებით.
– არ არის პრობლემა. ვიყავი გათხოვილი, მაგრამ, არ გამიმართლა. რომ მეგონა, ერთმანეთთან დიდი სიყვარული გვაკავშირებდა, არ გამოდგა მართალი. ძალიან ბევრ რამეში სრული „აცდენა“ გვქონდა, თუმცა არ იყო შეუგნებელი კაცი. საკმაოდ მშვიდად, ცივილიზებულად დავშორდით, როგორც ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი. დაშორება ხომ იმას უჭირს, ვისაც გრძნობა ჯერ კიდევ შერჩა. სულერთია, ქალი იქნება თუ კაცი. როცა არც გრძნობაა, აღარც ლტოლვა, მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივია. არც დეპრესია დამწყებია და არც უბედურად მიგრძნია თავი. მერე რა მოხდა-მეთქი ვთქვი და გავაგრძელე ცხოვრება. მუშაობაც დავიწყე. არ ყოფილა ჩემთვის პრობლემა, ძიძად მემუშავა. ის ოჯახი, რომელშიც ეს ყველაფერი მოხდა, მერე იყო. ერთმა ახლობელმა გამიშვა მათთან, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. თავიდან ცოლიც ძალიან მომეწონა და ქმარიც – რა კარგი წყვილია-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ, თურმე, პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდო. ნელ-ნელა შევამჩნიე, რომ ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი წესრიგში ვერ იყო. ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობ. ცოლი პირველი შეხედვით ძალიან წყნარი და „ფისო“ ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემთანაც კარგად ეჭირა თავი, ანუ, საერთოდ არ ერეოდა არაფერში. სრული თავისუფლება მქონდა ბავშვთან ურთიერთობაში. თქვენ როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, ისე გაზარდეთო. მამა ბევრად ყურადღებიანი იყო პატარას მიმართ. „გიჟი“ მამები რომ არიან, ისეთი. სახლში თუ იყო, სულ ბავშვი ეჭირა ხელში, ეთამაშებოდა, მის დაბანაშიც კი მეხმარებოდა.
– გინდათ, თქვათ, რომ დედას თავისი შვილი არ უყვარდა?
– ვერ ვიტყვი, რომ არ უყვარდა ან ახლა არ უყვარს, ასეთ მძიმე ბრალდებას ვერ წავუყენებ, მაგრამ, ფაქტია, რომ საკუთარ ინტერესებს ყველასა და ყველაფერზე მაღლა აყენებს. მე ახლა იმას მსაყვედურობს („მსაყვედურობს“ კიდევ რბილად არის ნათქვამი), რომ მის მიმართ ქალური სოლიდარობა არ გამოვიჩინე და საიდუმლო არ შევუნახე. მაგრამ, მართლა არაფერ შუაში ვარ. მისმა ქმარმა ჩემგან დამოუკიდებლად გაიგო ყველაფერი.
– რა გაიგო?
– რომ ცოლი ღალატობდა. საყვარელი ჰყავდა და თითქმის ყოველ მეორე დღეს მასთან პაემანზე გარბოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მე მათ ოჯახში მივედი, უკვე აღარ მალავდა ამას, ჩემგან აღარ მალავდა. პირდაპირ არ მეუბნებოდა – ახლა საყვარელთან შესახვედრად მივდივარო, მაგრამ, აშკარად და მოურიდებლად ელაპარაკებოდა ტელეფონით, ჩემ ცხვირწინ.
– ამით, ალბათ, ნდობას გიცხადებდათ.
– მე ასე არ ვფიქრობ. სიმართლესთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვი, რომ არაფრად მაგდებდა. დიახ, არ მთვლიდა პიროვნებად. ნდობის გამოცხადება მე სხვანაირად და სხვანაირი ვიცი. ეს რომ გავაცნობიერე, ძალიან მეტკინა გული. საკუთარი თავი შემეცოდა.
– ალბათ, იფიქრეთ, ამას რატომ უნდა ჰყავდეს ასეთი კარგი ქმარიო.
– არ უარვყოფ, ვიფიქრე. მერე რა, ეს ხომ დანაშაული არ არის. მე ვერ ვიტან სიცრუეს და ვერც ღალატის მომხრე ვიქნები, რომელსაც, ჩემი აზრით, გამართლება არ აქვს. მე კაციც ძალიან შემეცოდა, ქმარს ვგულისხმობ. არ იმსახურებდა ასეთ ცოლს, ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი იყო, ისე ანებივრებდა და შესციცინებდა თვალებში, აშკარად ძალიან უყვარდა. მერე მითხრა კიდეც.
– გამიგია, თუ ძალიან გიყვარს, შეიძლება, ღალატიც აპატიოო.
– არ არის ასე. შეიძლება, სწორედ იმიტომ ვერ აპატიო, რომ ძალიან გიყვარს. ღალატმა, შესაძლოა, შენში რაღაც ისეთი მოკლას, რომელიც ვეღარ „გაცოცხლდება“ და დამთავრდა ყველაფერი. თავმოყვარეობაც ხომ არსებობს! ხომ არის, როცა საკუთარ თავს ვეღარ სჯობნი. შეიძლება, გინდა კიდეც, რომ აჯობო, მაგრამ არ გამოგდის. ერთი სიტყვით, საკმაოდ ძნელი ასახსნელია. მე, ალბათ, ვერასოდეს მივხვდები, რას გრძნობს მამაკაცი, რომელიც ცოლის ღალატის შესახებ იგებს.
– თქვენ შეგეძლოთ, გეკითხათ მისთვის. როგორც საუბრის დასაწყისში მითხარით, თქვენ ახლა ერთად ცხოვრობთ.
– დიახ... ახლა მე ვარ მისი ცოლი, მაგრამ, არ მინდა, იფიქროთ, რომ მე მომენტით ვისარგებლე, სიტუაცია გამოვიყენე და გამოვიჭირე. ისე, მართალია, რომ სასოწარკვეთილი მამაკაცი ადვილი გამოსაჭერია. ის ხომ თანაგრძნობას ეძებს, იმ ადამიანს ეძებს, ვისაც თავისი ტკივილის შესახებ მოუყვება და მისი ნუგეშის იმედი ექნება. სხვათა შორის, ასეთ კაცებს ქალების მიმართ შიშიც უჩნდებათ ხოლმე. ყველას არა, მაგრამ, ასეთი შემთხვევებიც არის.
– რისი ეშინიათ?
– იმის, რომ ყველა ქალი ერთნაირია და სხვაც ზუსტად ისე მოექცევა, როგორც პირველი მოექცა. მით უმეტეს, თუკი ცოლს მართლაც ზედ ჰყვებოდა და ყველანაირ პირობას უქმნიდა. ჩემი ახლანდელი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია. მან თავისი ცოლის (ჩემი წინამორბედის) დანაშაული მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. დღემდე არ იციან მათმა ახლობლებმა, რეალურად რა გახდა ოჯახის დანგრევის მიზეზი.
– თქვენ ხომ არ მოგიაზრებენ ამ მიზეზად?
– ჩემი პრობლემაც სწორედ ეგაა. უმრავლესობა მე მაბრალებს მათი ოჯახის დანგრევას, ის ჩემი მეგობარიც კი, ვინც მათთან მიშუამდგომლა. როგორია, როცა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ილანძღები?!
– გეთანხმებით, როცა დაუმსახურებლად ილანძღები და შეურაცხყოფას გაყენებენ, ეს საშინელებაა, მაგრამ გარედან, უცხო თვალით ხომ ასე ჩანს?
– რა ჩანს, რომ ძიძამ რომანი გააბა იმ ბავშვის მამასთან, რომელსაც უვლიდა, თავგზა აურია და საყვარელ ცოლზე ათქმევინა უარი? – დიახ, ამის თქმა ძალიან ადვილია. მით უმეტეს, რომ მე მათთან ღამითაც ვრჩებოდი, მაგრამ, ვინც მე მიცნობს, ამას არ იფიქრებს. არანაირი მონაწილეობა მე მათი ურთიერთობის გაფუჭებაში არ მიმიღია. არაფერს ვამბობ ოჯახის დანგრევაზე. ეს ძალიან კარგად იცის ჩემმა ყოფილმა დიასახლისმა. სხვათა შორის, სინდისი ჰყოფნის და არ ამბობს, რომ მე მის ქმართან რომანი მქონდა. მადანაშაულებს იმაში, რომ მიზანმიმართულად გავაგებინე მას ცოლის ღალატის ამბავი, რომ გაეგდო და მერე მე სიტუაციით მესარგებლა.
– სიტუაციით სარგებლობა მაინც გამოვიდა.
– რატომ გამოვიდა? მე არ მიმაჩნია ასე. სკანდალი რომ მოხდა და ცოლი სახლიდან გაიქცა, პირველ ეტაპზე ბავშვი თან არ წაუყვანია. რა მექნა, მეც მიმეგდო და წამოვსულიყავი? შეიძლება, არ დამიჯერონ, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გამო დავრჩი. შემეცოდა პატარა. ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი. ვხედავდი, როგორ ებრძოდა საკუთარ თავს და იტანჯებოდა. ალბათ, სასწორზე დებდა პატიება-არპატიებას, იმიტომ, რომ მართლა ძალიან უყვარდა. ალბათ, დღესაც უყვარს. ალბათ კი არა, ასეა.
– მაშინ თქვენ შორის რა არის, რა გაკავშირებთ ერთმანეთთან, თუკი მას ისევ თავისი ყოფილი ცოლი უყვარს?
– გრძნობა არის ჩვენ შორის. სიყვარულს სხვადასხვანაირი სახე აქვს. იმ წუთში ჩემს ქმარს თანაგრძნობა და ერთგულება უფრო მეტად სჭირდებოდა. ამ ორმა ღირებულებამ ჩაანაცვლა ის სიყვარული, რომელიც ცოლის მიმართ ჰქონდა. მაშინვე კი არ დაგვიწყია ურთიერთობა. ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო. ბავშვიც ძალიან დიდხანს რჩებოდა ჩვენთან. დედამისს არ მიჰყავდა.
– არ მიჰყავდა თუ მამამისი არ ატანდა?
– არც ატანდა და, რომ გითხრათ, ისიც თავს იგიჟებდა, აუცილებლად უნდა წავიყვანოო, მოგატყუებთ. მცდელობა იმისა, რომ ქმარს შერიგებოდა, ჰქონდა. თუმცა, ბოდიში არ მოუხდია. ღალატის ფაქტს ჯიუტად არ აღიარებდა. ამბობდა, რომ ვიღაცასთან პატარა ფლირტი ჰქონდა, მაგრამ თავს იმით იმართლებდა, რა მექნა, მარტო მოწყენილი ვიყავი და ჩემთვის პატარა გასართობი მოვძებნეო.
– იქნებ, არც უღალატია ქმრისთვის და საქმე ფლირტის იქით არც წასულა?
– იცით, რა არის? მე ვუსმენდი მათ სატელეფონო საუბრებს და ზუსტად ვიცი, სადამდე წავიდა მათი ურთიერთობა. ფლირტის დროს ასეთ სიტყვებს არ ეუბნებიან ერთმანეთს და ბინასაც არ ქირაობენ სპეციალურად. ბინის ამბავი ქმარმა გაარკვია. მეც დაახლოებით ვხვდებოდი, მაგრამ ის, რომ ქირას ქალი იხდიდა ქმრის მიცემული ფულიდან ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. სერიოზულად ვამბობ, ჩემთვის შოკის მომგვრელია გათხოვილი ქალის ასეთი საქციელი. თუ ქმარი არ გინდა და სხვასთან ყოფნა გირჩევნია, ორმაგ თამაშს რატომ თამაშობ? წადი იმასთან, ვისაც უპირატესობას ანიჭებ. ერთის ხარჯზე რომ უზრუნველად ცხოვრობენ და მეორესთან მოჭარბებულ ვნებებს იკმაყოფილებენ, ამაზე ვგიჟდები.
– ყველა ისე ცხოვრობს, როგორც მართებულად მიაჩნია.
– არ არის ეს ასე, ვერ დაგეთანხმებით. მართალია, ყველა ადამიანს აქვს არჩევნის უფლება, მაგრამ შენმა არჩევანმა სხვას უბედურება არ უნდა მოუტანოს, მით უმეტეს, ცხოვრება არ უნდა დაუნგრიოს. გათხოვილ ქალს ბევრი რაღაც არ ეპატიება და „აზიატობა“ არაფერ შუაშია, ელემენტარულ პატივისცემაზეა ლაპარაკი. შეიძლება, ქმარი არ გიყვარდეს, მე მესმის ეს და გავუგებდი ქალს, რომელიც მიდის ქმრისგან სხვა კაცთან, რომელიც თავის ჭეშმარიტ მეორე ნახევრად მიაჩნია, შეცდომა ყველას მოსდის და არ არის გასაკვირი, ცხოვრების თანამგზავრის არჩევანში შეცდე, მით უმეტეს, რომ მე მაქვს ამის გამოცდილება, მაგრამ, რატომ უნდა დაამცირო მამაკაცი, რომელსაც შენთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, რატომ უნდა მიაყენო მას შეურაცხყოფა და აბუჩად აიგდო მისი გრძნობები?! ამაშია საქმე. ამიტომ ვერ ვიტან ტყუილსა და ღალატს. მგონი, უნდა მეთანხმებოდეთ.
– თუ სწორად მივხვდი, თქვენი თანაგრძნობით მოინადირეთ იმ მამაკაცის გული, რომელიც ცოლმა დაამცირა.
– შეიძლება, ასეც ითქვას. ზოგჯერ თანაგრძნობა გაცილებით ღირებულია. მით უმეტეს, როცა სიყვარულზე გული გაგიტყდება. მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემზე ირეოდეს, არც მინდა გიჟი და გადარეული სიყვარული. 15 წლის გოგო აღარ ვარ, რომ ასეთი რომანტიზმის მძაფრი მოთხოვნილება მქონდეს. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან კარგად, სრულ თანხმობაში ვართ და ისეთი სულიერი სიახლოვე გვაქვს, ბევრი შეყვარებული ცოლ-ქმარი რომ ინატრებდა. მაგრამ, არ მინდა, ამ ჩვენს ურთიერთობას ჭორების ჩრდილი მიადგეს. არ მივაქცევდი ყურადღებას, რასაც ის ქალი ჩემზე ამბობს, მაგრამ, რატომ უნდა სჯეროდეს ხალხს, რომ მე დავანგრიე ოჯახი და ბავშვს ნორმალური გარემო დავაკარგვინე?! პატარა ისე მიყვარს, როგორც საკუთარი შვილი მეყვარებოდა, იმდენი ამაგი მაქვს მასზე. ძალიან ვწუხდი, ღალატის მოწმე რომ ვიყავი და ჩუმად ყოფნა მიწევდა. ეს საკმაოდ დამთრგუნველია და რთულია, თევზივით პირში წყალჩაგუბებული იყო. თუმცა, გავწამდი, მაინც ბოლომდე ასე ჩუმად ვიქნებოდი, მაგრამ თავისით გაირკვა ყველაფერი.
– რანაირად, ვინ უთხრა ქმარს?
– არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე მარტო ის ვნახე, როგორ მოვარდა სახლში გადარეული და თქვა, მე ყველაფერი ვიციო. საშინელი სკანდალი მოხდა. ჩემს ქმარს ამის გახსენება საშინელ გუნებაზე აყენებს და მეც ვცდილობ, აღარ გამოვქექო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და იმიტომ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონმა იცის, ვისგან გაიგო მისმა ქმარმა სიმართლე. ამიტომ, კიდევ უფრო მტკივა გული. რას მერჩის? – ვერაფრით გავეცი ამ კითხვას პასუხი და ძალიან განვიცდი.