კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უცნაურობებს ამჩნევდა „საიდუმლო სირობის“ ავტორს დედა ბავშვობაში და როგორ დაუბეჭდა მან შვილს ორი წიგნი


წიგნი ნამდვილად სკანდალური გამოვიდა, თუმცა ჩვენ „საიდუმლო სირობის“ „მარგალიტების“ გარჩევას და მისი „ღირებულებების“ პროპაგანდას არ ვაპირებთ, ჩვენ მხოლოდ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას შევეცდებით – ვინ არის ერეკლე დეისაძე, რომელმაც სამწუხაროდ „დაფნის გვირგვინის“ და პოპულარობის მოპოვება უხამსი ეპატაჟით სცადა, რაც გამოუვიდა კიდეც... მისმა წიგნმა საზოგადოება ორად გაყო და შოკში ჩააგდო. ის ამაზე ოცნებობდა, თუმცა როგორც ჩანს, 20 წლის ბიჭის უცნაური ფანტაზიის უკან მავანთა „დიადი“ მიზნებიც დგას – სანამ სკანდალური წიგნის სკანდალური ავტორი დროებით თავშესაფარს თურქეთში ეძებს, როგორც ამბობენ, თბილისში მისი წიგნის დაბეჭდვა კიდევ იგეგმება, სადაც სასქესო ორგანოზე „სულმნათი წინაპრების“ ალესილი ხმლები ახსენდებათ, დედის ლოცვაზე კი ერექცია ეწყებათ...

ეს უკანასკნელი სიტყვები განსაკუთრებით მძიმეა ქალისთვის, რომელიც „საიდუმლო სირობის“ ავტორს არ იცნობს, თუმცა უკვე ოცი წელია, ის მისი შვილია. ერეკლე დეისაძის დედა, ტატა ბენდელიანი ახალბედა მწერლის დამცველთა რიგებში ნამდვილად არ დგას, თუმცა არც ის გამოსდის, რომ საკუთარ შვილს აუმხედრდეს. მისი, როგორც დედის ემოციები, ძალიან მძიმეა. ამის თვითმხილველი იმ სოფელში გავხდი, სადაც ერეკლე დეისაძე წლების წინ სხვა ლექსებს წერდა...



ტატა ბენდელიანი: ძალიან განვიცდი იმას, რაც ერეკლემ ჩაიდინა. გამოსავალს ვეძებ და ვერ ვპოულობ. ათას რამეზე ვფიქრობ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მეშინია, ჩემი შვილის წინაშე არ დავუშვა შეცდომა, დედა ვარ და მას ვერ ავუმხედრდები. თავიდან იმასაც ვფიქრობდი: ნეტავ, მომიკვდეს და მეც გვერდით მივუწვები-მეთქი, მაგრამ შვილს თურმე ბოლომდე ვერ გაწირავ, თუმცა სანამ პირში სული მიდგას, იქამდე ვიტყვი, რომ ის, რაც ერეკლემ დაწერა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია. შეიძლება, ერეკლეს არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ ჩემთვის სულერთია არაა, რას იტყვის ხალხი. ეს დღეები სულ იმაზე ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა ჩემს შვილთან, ყველა ახლობელს ამის შესახებ ვეკითხები. შეიძლება იყო, რაღაც, რასაც მეგონა, რომ სწორად ვაკეთებდი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ ერეკლე სინამდვილეში არაა ისეთი, როგორიც საზოგადოებამ გაიცნო. ჩემზე უკეთესად ვინ იცნობს ჩემს შვილს? მე არ ვიცნობ „საიდუმლო სირობის“ ავტორს, ის ჩემი შვილი არაა, ჩემი შვილი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ჩვენს ოჯახში გაიზარდა. მშრომელი ხალხი ვართ, მთელი ცხოვრება პატიოსნად ვცხოვრობთ და ვშრომობთ – მეც და ჩემი მეუღლეც. სოფელში მეურნეობაც გვაქვს, ხან გვიჭირდა, ხან გვილხინდა, მაგრამ ორ შვილს ისე ვზრდიდით, მათთვის ჩვენი პრობლემები არ მოგვეხვია თავს. უკანასკნელი გროშები გადამიდია იმისთვის, რომ ბავშვებს არაფერი მოკლებოდათ. ხან სოფელში ვცხოვრობდით, ხან – ქუთაისში. ჩემს შვილს ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, პატარაობიდან უყვარდა კითხვა, სულ წიგნების ყიდვას მთხოვდა. ხანდახან მგონია, რომ მე დავღუპე. საკუთარ თავს ვადანაშაულებ კიდეც, ამდენი კითხვის საშუალება არ უნდა მიმეცა. დროზე ადრე ისე განვითარდა, რამეზე რომ ვეკამათებოდი, ჩიხში შევყავდი ხოლმე. საკმაოდ პატარა იყო, მსოფლიო ენციკლოპედია ვუყიდე. ყველა უცნობ სიტყვას ლექსიკონის მეშვეობით შიფრავდა. ძალიან მოსწონდა გოეთე... თუ წიგნს არ კითხულობდა, ხატავდა. მთელი ღამე შეეძლო გაეთენებინა წიგნის კითხვაში. თავის ძმას ეჩხუბებოდა: წიგნი რატომ არ გიყვარსო? კამათში არ შედიოდა ისეთ ადამიანთან, ვინც წიგნებს არ კითხულობდა, ღირსეულ მოპაექრეს თუ ვერ ხედავდა, მასთან დისკუსიას არ მართავდა.

– თქვენი შვილი თავადაც არ მალავს, რომ დიდი აგრესია აქვს საზოგადოებრივი ნორმების მიმართ და ეს აგრესია ფურცელზე გადააქვს, ამის მიზეზი მისი ბავშვობიდან ხომ არ მოდის?

– ვერ ვიტყვი, რომ ერეკლეს თავისებური ხასიათი არ ჰქონდა, თუმცა ჩაკეტილი და აგრესიული ბავშვი არ ყოფილა. ცოტა უცნაური ყოველთვის იყო. ერთხელ მთხოვა, ვიდეოკამერა მეყიდა. მეზობლების ბიჭებთან ერთად ფილმი გადაიღო. ლენინის სურათი მოძებნეს და რაღაც მოიგონეს. რეჟისორობა ისე უნდოდა, 100-პროცენტიანი გრანტით მოხვდა თეატრალურში, სარეჟისორო ფაკულტეტზე. როგორც ვიცი, თავის საქმეში ძალიან ნიჭიერია. ადრე სულ ვფიქრობდი, საიდან მოსდიოდა ასეთი აზრები, მაგრამ ყველა შემოქმედი, ხომ განსხვავებული და უცნაურია.

– თქვენ შვილს შემოქმედად მიიჩნევთ?

– მე ვერ შევაფასებ მის ნაწერებს ლიტერატურული თვალსაზრისით, თუმცა ბევრმა ლიტერატორმა აღნიშნა, რომ ერეკლე უდავოდ, ნიჭიერია. წერა ძალიან ადრე დაიწყო. მეცხრე კლასელი იყო, ქართულის მასწავლებელმა სკოლაში მისი პირველი წიგნის პრეზენტაცია რომ მოაწყო. ეს წიგნი მე დავბეჭდე. მეორე წიგნის დაბეჭდვაც მე ავიღე საკუთარ თავზე. მინდოდა, მისი დაბადების დღისთვის მომესწრო. ჩავედი თბილისში, გამომცემლობას ფული ბოლომდე ვერც გადავუხადე და წიგნს არ მატანდნენ. თუმცა, მერე მოვახერხე ამ პრობლემების მოგვარება. პრეზენტაციაზე ერეკლეს კლასელები კითხულობდნენ მის ლექსებს, მოიწვიეს სტუმრები მწერალთა კავშირიდან. ყველა აქებდა ერეკლეს, უცებ მოექცა ყურადღების ცენტრში. სულ მეშინოდა, რომ ასეთ ყურადღებას არ გაეთამამებინა. ხან რადიოში იწვევდნენ, ხან ლიტერატურულ საღამოებზე. ძალიან პოპულარული გახდა. ძალიან ამაყი ვიყავი ჩემი შვილით და ახლა ქუჩაში გასვლა არ მინდა... კონფლიქტური ბავშვი არ იყო, ერთხელ სკოლაში ქართულის მასწავლებელთან მოუხდა ინციდენტი, მასწავლებელმა სკოლაში დამიბარა და მითხრა: ამას ექიმთან წაყვანა და მკურნალობა სჭირდებაო. ეს რომ გაიგო, მთხოვა, სხვა სკოლაში გადამეყვანა.

– ამ ფაქტს თავად იმით ხსნის, რომ იმ სკოლის ქურდული მენტალიტეტი არ მოსწონდა და ამიტომ შეიცვალა სკოლა.

– ამის თქმაც, ალბათ, რაღაცაში დასჭირდა. სინამდვილეში კი, ეს იყო სკოლის შეცვლის მიზეზი. რეალური ერეკლე სხვაა, თუმცა ამ წიგნის მიხედვით სულ სხვა ადამიანი ჩანს. ვინც მას იცნობს, ყველა გაოცებულია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ორ წელიწადში შეიცვალა, რაც თბილისში წავიდა. იქ უფრო დიდი გასაქანი იპოვა, ლიტერატორთა წრეში მოხვდა. ალბათ, მისი დამოკიდებულებებიც შეიცვალა ამ პერიოდში. შეიძლება, დედაქალაქში მისი პროტესტი გაიზარდა... მისი ქუთაისური წიგნები სხვანაირია, ეს მესამე კი, რომელიც თბილისში გამოსცა, სხვანაირი.

– თქვენ ჩემთან პირად საუბარში ზაზა ბურჭულაძე დაადანაშაულეთ, მან მოახდინა გავლენა ერეკლეზეო, ბრძანეთ. თუმცა, თავად ზაზა ბურჭულაძე ერეკლეს მხარდამჭერთა ბანაკში ნამდვილად არაა. მას სურდა შოკში ჩაეგდო და ორად გაეხლიჩა საზოგადოება, რატომ ასეთი არაჯანსაღი ამბიციები?

– საერთოდ, ძალიან თავდაჯერებულია, ჰგონია, რომ რასაც დაგეგმავს, ის უნდა გააკეთოს, ბევრი რამ თავისი ასაკის გამო მოსდის... თავი მოიკლა, სანამ არ მაყიდვინა ყველაფერი, რაც ზაზა ბურჭულაძემ გამოსცა. სწორედ ამაში ვადანაშაულებ საკუთარ თავს. პირველი კონფლიქტი ჩვენ შორის სწორედ ამ თემაზე მოხდა. შენ არ გესმის, რასაც ზაზა წერსო, მითხრა. ამით შეურაცხყოფილი ვრჩებოდი და ხშირად თავიდან გადავიკითხავდი ხოლმე, რომ იქნებ რაღაც სწორედ ვერ გავიგე-მეთქი. ახლა, როცა ეს სკანდალი მოხდა, ზაზა ბურჭულაძემ ერეკლეს ნაწერს „აბდა-უბდა“ უწოდა. ეს რომ ვუთხარი ერეკლეს, მან კიდევ დაიცვა ზაზა და მითხრა: თუ ჩემი ნაწერი არ მოეწონა, ეს მისი უფლებაოო.

– თქვენ შვილის ორი წიგნი დაგიბეჭდავთ. ალბათ, ახლაც იცოდით, ერეკლე რას წერდა.

– არა, ერეკლე ხშირად მაკითხებდა ხოლმე თავის ნაწერებს, სადაც კი ფურცლის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, გულდასმით ვკითხულობდი. როცა ამ წიგნზე მუშაობდა, რამდენჯერმე დავინტერესდი, რას წერდა, მე „პარალელური თაობა“ წამაკითხა და სხვა რამ დაბეჭდა. ამ წიგნის შესახებ არაფერი ვიცოდი. ნეტავ, მცოდნოდა, ერეკლეს დიდ წინააღმდეგობას გავუწევდი. დეკემბერში ძალიან ცუდად გავხდი, ბოლო ხუთ თვეში ორი ოპერაცია გავიკეთე. მერე თრომბი დამემართა, ალბათ, ჩემი ავადმყოფობის გამო გამომეპარა ეს ყველაფერი... ქრისტიანი ადამიანი ვარ და ჩემს ავადმყოფობას ერეკლეს წიგნს ვერ დავუკავშირებ, შინაგანად რას განვიცდი, ეს მხოლოდ მე ვიცი. არა მგონია, ან ჩემს წინაპრებს, ან მე ისეთი ცოდვა გვქონდეს ჩადენილი, რომ ამის გამო ვისჯებოდე... პირიქით, უფალმა გადმომხედა და სრულიად შემთხვევით, ექიმთან მოხვედრილმა გავიგე, რომ ონკოლოგიური პრობლემები მქონდა და ყველაფერი დროზე მოვაგვარეთ. სწორედ მაშინ დაწერა ერეკლემ ეს წიგნი. მას აბრალებენ, რომ „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ჰქონდა კავშირი. თუმცა, მე ვიცი, რომ ერეკლეს მათთან არაფერი აკავშირებდა. ახლა დაეკონტაქტა რამდენიმე ადამიანი „ფეისბუქზე“ თავისუფლების ინსტიტუტიდან და როგორც ვიცი, მათ არ უპასუხა. ჩემთან თქვა, რომ არც გიგი თევზაძეს იცნობდა და არც ბაკურ სულაკაურს. ვკითხე: წიგნის დაბეჭდვა იაფი არ ღირს და სად იშოვე დასაბეჭდი ფული-მეთქი? მე ხომ ვიცი, მას არანაირი შემოსავალი არ აქვს, თბილისში ჩემს დისშვილთან ცხოვრობს. ქირის ფული არ სჭირდება, მაგრამ ყოველ კვირა, სახარჯო ფულს, 50 ლარს მე ვუგზავნი. საიდან უნდა ჰქონოდა წიგნის გამოსაცემი ფული? როცა ეს ვკითხე, მითხრა: მოეწონა ბაკურ სულაკაურს ჩემი ნაწერი, კომერციულადაც მომგებიანი იყო და დაბეჭდაო. მერე კარდაკარ დადიოდა, რომ წიგნის პრეზენტაცია მოეწყო – ხან სად მივიდა, ხან სად. ერთ ადგილზე დათანხმდნენ კიდეც, დამირეკა და პრეზენტაციისთვის ნამცხვარი და ღვინო მთხოვა. მერე თურმე, შემთხვევით დაუკავშირდა თავის მეგობარს, რომელიც უნივერსიტეტის კაფეში მუშაობდა. ასე მოხდა ამ წიგნის პრეზენტაცია. სკანდალის შემდეგ ერეკლეს ვუთხარი: შენ გამოგიყენეს-მეთქი. არაო, მიმტკიცებს. მე ბევრ მათგანზე მეტად ქრისტიანი ვარ, ვინც მე მლანძღავსო. ვიცი, რომ ძალიან უნდა პატრიარქთან შეხვედრა, რომ მას პირადად აუხსნას, რატომ დაწერა მის შესახებ.

– ერეკლე ძალიან უხამსად შეეხო ისეთ სათუთ თემებს, როგორიც არის რელიგია, ღმერთი. მისი ფანტაზია ისე შორს მიდის, რომ სასქესო ორგანოს წინაპრების ხმალს ადარებს, დედის ლოცვაზე კი ერექცია „ახსენდება“...

– ძალიან გთხოვთ, არ დაასრულოთ ეს წინადადება, მომკლა და გამანადგურა ამ სიტყვებმა, გავნახევრდი ქალი. ჩემს ქმარს დღემდე არ ვაკითხებ მის წიგნს. მე ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაშია ის. ერთად გადაგვაქვს ეს მძიმე დღეები. როდესაც ერეკლეს ამ ყველაფრის გამო ვუსაყვედურე, მითხრა: ხომ იცი, ამ სიტყვებს მე შენზე არ ვწერო და მოჰყავს მაგალითები სხვადასხვა ცნობილი მწერლებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებიდან. მე ვიცოდი, რომ საზოგადოება არ იყო მზად ამისთვის. სულ ამბობს: პოლიტიკოსებს თუ აქვთ სარეკლამო კლიპებში პატრიარქის სიტყვები გამოყენებული, მე რატომ არ მაქვს ამის უფლებაო? ერეკლე ქრისტიანია, ეკლესიაშიც დადის, ლოცულობს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ ერეკლემ რელიგიაზეც იმიტომ დაიწყო ასე წერა, რომ კომერციულად ჰქონდა გათვლილი. იცოდა, რომ ამ თემას სკანდალი მოჰყვებოდა. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ, ერეკლემ მითხრა: ბევრ რამეს მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ასე მჭირდებაო. ამას წინათ, ისიც კი მითხრა: ხომ ვწერდი კარგ ლექსებს, სამშობლოზე, ვაზზე, ვინ იყიდა ის წიგნებიო? ახლა თვითონ მამშვიდებს და მეუბნება: გავა დრო და მიხვდები, ეს რისთვის გავაკეთეო. არ იმჩნევს, მაგრამ თვითონაც განიცდის – თბილისიდან რომ ჩამოვიდა ტანზე გამონაყარი ჰქონდა, ექიმთან წავიყვანე. ექიმმა მითხრა: ჭინჭრის ციება აქვს, ასეთი გამონაყარი ნერვიულობის შედეგიაო.

– ერეკლე ერთ-ერთ ინტერვიუში მშობლებს გადანაშაულებთ, რომ თქვენ ვერ შეძელით მისთვის იმის მიცემა, რაც მას სჭირდებოდა.

– ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. მე ხშირად ვკამათობდი ჩემს შვილთან სხვადასხვა თემაზე. ის ყოველთვის მეუბნებოდა: შენ სხვა თაობის წარმომადგენელი ხარ, მე არ მინდა, ისე გაიზარდონ ჩემი შვილები, როგორც თქვენ და ჩვენ ვიზრდებოდითო. ვიცი, რომ ერეკლე ახლა ყველაზე მეტად იმას განიცდის, მე რომ ასე ვნერვიულობ. ვიცი, ჩემთან თავს დამნაშავედ გრძნობს. ჩემს მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თავს არ ვიქებ, მაგრამ მე ძალიან ყურადღებიანი დედა ვიყავი – ყოველთვის უნდა მცოდნოდა, სად იყო ერეკლე, გამუდმებით ვურეკავდი. ტყუილს არასდროს მეუბნებოდა. მხოლოდ მაშინ გამოხატავდა ჩემ მიმართ აგრესიას, როდესაც ზომაზე მეტად ვაწუხებდი ჩემი ზარებით. სულ მსაყვედურობდა: სხვა ბიჭებს რატომ არ ურეკავენ დედები, წუთში ასჯერ რომ მირეკავო?

– ერეკლე თავის მოთხრობებში ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავს გოგონების მიმართ. სამაგიეროდ, „ხატოვნად“ აღწერს ჰომოსექსუალთა ჰარმონიულ სიყვარულს და ამ ურთიერთობების პროპაგანდასაც ეწევა. მას პრობლემები ჰქონდა გოგონებთან დაკავშირებით?

– არავითარი პრობლემები არ ჰქონია, ესეც განგებ გააკეთა. მე მივხვდი, თქვენი შეკითხვის ქვეტექსტს, როცა გოგონებზე ასეთი რამეების წერა დაიწყო, ძალიან დავინტერესდი მისი დამოკიდებულებით, ვიფიქრე, ვინმემ გული ხომ არ ატკინა-მეთქი. მერე გავიგე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. უყვარდა ერთი გოგონა, ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ მერე, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთს დაშორდნენ. ერეკლე გოგონებთან ჩვეულებრივ მეგობრობს, გოგონებს შორის ახლო მეგობრებიც ჰყავს. როგორც ვიცი, ისეთი ურთიერთობებიც ჰქონდა ვიღაც-ვიღაცეებთან, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ჩემს შვილს განსხვავებული ორიენტაცია რომ ჰქონოდა, ეს არ გამომეპარებოდა. თავად მას ამაზე ხომ ვერაფერს ვკითხავდი, მაგრამ როცა მეუღლეს ეს თემა შევაპარე, მან მითხრა: დამშვიდდი, ერეკლეს ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვსო. ერეკლემ ამ წიგნით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავისი მამაკაცური ბუნება. არ ვიცი, ეს რაღაში სჭირდებოდა. მესმის, რომ უნდოდა გამოეხატა თავისი პროტესტი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სხვა ფორმები მოეძებნა? თვითონ ვერ ხვდება, მაგრამ მე ხომ ვხვდები, როგორ დაენგრა თავზე ყველაფერი.

– ახლა გაქვთ კონტაქტი შვილთან?

– ხანდახან გვირეკავს ხოლმე, რამდენიმე დღე აჭარაში იყო, ახლა თურქეთში გადავიდა. მისი უსაფრთხოება დაცული არაა, საშინელებებს წერენ „ფეისბუქზე“, არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდება. ალბათ, ამას აღარაფერი ეშველება, არა მარტო საქართველოში, უკვე რუსულ გადაცემებშიც კი ერეკლეს ახსენებენ. ჩემი შვილის წიგნი ადამიანთა ძალიან ბევრმა ჯგუფმა გამოიყენა, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს, თუმცა, როცა ერეკლეს ამას ვეუბნები, ის ძალიან აპროტესტებს. მე მჯერა, რომ ერეკლე მომავალში დაამტკიცებს, რომ ისეთი არაა, როგორადაც მიიღეს. მართლა ასეთი რომ იყოს ჩემი შვილის შინაგანი სამყარო, იმ დღესვე მოვიკლავდი თავს. კიდევ რომ დაწეროს ასეთი რამ, საბოლოოდ დავკარგავ. თავზე ხელს არასდროს გადავუსვამ. მეც იმ ხალხის გვერდით, მოწინააღმდეგეთა ბანაკში ვარ, ვისაც ერეკლეს პოზიცია არ მოსწონს. ეს ძალიან კარგად იცის ერეკლემ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წიგნი მხოლოდ დამკვიდრებისთვის და პოპულარობისთვის სჭირდებოდა. თუმცა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი რეზონანსი მოჰყვებოდა. ამისთვის ცხოვრებისეული გამოცდილება არ ეყო...


скачать dle 11.3