რა მოხდა მერაბ სეფაშვილის ცხოვრებაში და რატომ ეძებს დედამისი მასთან ერთად დაბადებულ ბავშვს
ალბათ, ყველას ახსოვს 70-80-იან წლებში თბილისში პოპულარული ვოკალური ტრიო – ედუარდ სეფაშვილის, გურამ ბალარჯიშვილისა და ჯულიეტა მურადელის შემადგენლობით, რომლებიც მსმენელს ლამაზი ქართული სიმღერებით ანიჭებდნენ სიამოვნებას. ტრიოში მისული, მომხიბვლელი 19 წლის გოგონას გულის დაპყრობა ედუარდ სეფაშვილმა მალევე შეძლო. დაქორწინდნენ და ვაჟი შეეძინათ, მერაბი, რომელმაც ასევე მშობლების გზა აირჩია. საიდან და როგორ დატრიალდა მომღერლის ბედის ბორბალი და რა ეტაპები განვლო პოპულარობის გზამდე, ამის შესახებ ქალბატონი ჯულიეტა გვიამბობს.
ჯულიეტა მურადელი: მე და ედუარდმა ძველ პლეხანოვზე რომ ფილარმონიაა, იქ გავიცანით ერთმანეთი. ჩემი ამხანაგის მეუღლემ მიმიყვანა ტრიოში, რომელსაც მერე „ლალე” დაერქვა. პარტნიორი ქალი სჭირდებოდა. შეიძლება, მაშინ დიდად არც მოხიბლულა ჩემით, სრულიად ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი რომ ვიყავი, მაგრამ ამიყვანა. მე ცხრამეტი წლის გახლდით, ის კი ჩემზე თორმეტი წლით უფროსი იყო. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავდა, მაგრამ მე რომ გავიცანი, უკვე განქორწინებული იყო. 1961 წელს მერაბი გაჩნდა. მაშინ, ჩემთან ერთად მერი ნაკაშიძის ქალიშვილმაც იმშობიარა. სხვათა შორის, დღემდე არ მინახავს და ძალიან მინდა, შევხვდე. მგონი, გოგონა შეეძინა. ეს ქალბატონი ჩემი მეგობრის ძალიან ახლობელია და მინდა, ის გოგონაც ვნახო, მერაბთან ერთად რომ დაიბადა. ბევრი გასტროლი გვქონდა, თვეობით ვმოგზაურობდით, სახლში თითქმის არ ვიყავით. მერაბს დღისით დედაჩემი უვლიდა, საღამოს კი ჩემი დედამთილი. არაჩვეულებრივი ბაბუა ჰყავდა, სპორტსმენი – ნიკოლოზ სეფაშვილი, ძალიან კარგი პიროვნება.
– რითი იყო გამორჩეული მერაბის ბავშვობა. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა?
– მერაბი ჩვეულებრივი, მშვიდი, გაწონასწორებული ბავშვი იყო, რასაც ახლა ვერ ვიტყვი. როდესაც დედ-მამა არ ჰყავს გვერდით და ბავშვი ბებია-ბაბუასთან იზრდება, ცოტა გათამამებულია. თუმცა, რომ წამოიზარდა ხშირად დაგვყავდა გასტროლებზე. დიდი ინტერესით გვისმენდა ხოლმე და აბსოლუტურად, ყველა მომღერალს ჰბაძავდა. ხშირად ვრეკავდით და ვიგებდით მის ამბებს – როგორ იქცეოდა, რას სწავლობდა. დავრეკე და მითხრეს, მერაბმა სერიოზულად დაიწყო სიმღერაო. მაშინ თხუთმეტი წლის იყო. მანამდე ხმას არ იღებდა, არ უმღერია, უბრალოდ, ისე, მანერებით ჰბაძავდა მომღერლებს. ამ დროს ედუარდი უკვე თბილისში, კულტურის სახლის დირექტორი იყო. რომ ჩამოვედით მან ძალიან შეუწყო ხელი მერაბს, ყველა ინსტრუმენტი ჰქონდა და თავის თანატოლებთან ერთად მღეროდა, მამამისმა კი შეკრა ახალგაზრდული ანსამბლი. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მომღერლობაზე იფიქრებდა. საკმაოდ ხრინწიანი ხმა ჰქონდა, მაგრამ რომ მოვუსმინე, ძალიან მომეწონა. მახსოვს, ზურა ჩინჩალაძის სიმღერა იმღერა ბიჭებთან ერთად, ინსტრუმენტის თანხლებით. თანდათან დაიხვეწა, გარდატეხის, ეგრეთ წოდებული მუტაციის პერიოდი რომ გადალახა. შემდეგ მოსასმენად მივიყვანეთ „რეროში”, გივი გაჩეჩილაძე იყო ორკესტრის ხელმძღვანელი. ამ ორკესტრთან 70-იან წლებში ვმღეროდი, მაგრამ მაშინ პევზნერი გახლდათ ხელმძღვანელი და დირიჟორი. პირველი კონცერტები ბათუმში ჰქონდა. მამამისიც თან გაჰყვა, მარტო ვერ გავუშვით. თექვსმეტი წლის იყო. მერე სამთვიანი ტურნე ჰქონდა აფრიკაში. აქედან დაიწყო მისი კარიერა. გადაწყვეტილების დროც კი არ გვქონია, რომ გვეფიქრა რა პროფესია შეიძლებოდა მისთვის საუკეთესო ყოფილიყო, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი. სულ მუსიკით იყო გატაცებული. თუმცა, ძალიან აინტერესებდა სპორტიც, სკოლის პერიოდში კალათბურთს თამაშობდა, ბაბუამისს დაჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დინჯი იყო, კარგად დარბოდა და თამაშობდა.
– რატომ ფიქრობდით, რომ მისი, როგორც მომღერლის, კარიერა არ შედგებოდა?
– სცენაზე ვერ წარმომედგინა, იმდენად მორცხვი იყო. პირველად რომ დადგა სცენაზე და გამოაცხადეს, ჩვენი შვილი იყო, დარბაზიდანაც კარგად ჩანდა, როგორ დაიბნა. სცენის რომელ კუთხეში დამდგარიყო, არ იცოდა, თუმცა ძალიან გაბედულად იმღერა. ამის შემდეგ ბარძიმაშვილთან ანსამბლ „75-ში” მღეროდა, ალექსანდრე ბასილაიასთან – „ნატვრის ხეში”, მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ როკ-ანსამბლში – გია მაჭარაშვილთან ერთად. გიას სიმღერები ძალიან მოსწონდა. დღესაც ვერ წარმოუდგენია მერაბს, მისი სიმღერების გარეშე.
– მერაბის ძმის არსებობის შესახებ თითქმის არავინ იცის. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მერაბს ძმასთან?
– ძმები ერთად გაიზარდნენ. თენგო მერაბზე ათი წლით უფროსია. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობდით. ისე მოხდა, რომ ბავშვი ედუარდის მშობლებთან იზრდებოდა. დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.
– როცა თქვენ და მამამისი დაშორდით, როგორ შეხვდა მერაბი ამ ამბავს?
– ჩვენ რომ დავშორდით, მერაბი უკვე ჩვიდმეტი წლის იყო. არაფერი უთქვამს, მაგრამ, შევატყვე, რომ ძალიან ინერვიულა. ყველა ქალს უნდა, რომ გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელიც ყველაფერში გაუგებს. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავშორდით. იმის შემდეგ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ვსაუბრობდით ხოლმე, მერაბს მიმოსვლა ჰქონდა მამასთან. განსაკუთრებულად უყვარდა მამამისი. შემდეგ ედუარდმა ოჯახი შექმნა.
– თქვენ რატომ არ შექმენით ოჯახი? მარტო ცხოვრება ქალისთვის რთული არ არის?
– მე რატომღაც არ გამომივიდა. ასე ინება უფალმა, რომ მარტო დავრჩენილიყავი, თუმცა, თავს მაინც არ ვგრძნობ მარტო, არაჩვეულებრივი შვილიშვილები მყავს. ხან მე მივდივარ მათთან, ხან ისინი მოდიან ჩემთან. სანამ დედა ცოცხალი მყავდა, ვერ ვგრძნობდი სიმარტოვეს. ახლა, ზოგჯერ სევდა რომ შემომაწვება და ნოსტალგია დამრევს ხელს, გამოვიპრანჭები და მეგობრებთან მივდივარ. სცენის ნოსტალგია კი, სულ მაქვს. 1989 წლის შემდეგ სცენაზე აღარ ვმდგარვარ. მერე ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო და შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებლებში ვმუშაობდი ვოკალის პედაგოგად. ორივე სასწავლებელი გააუქმეს. ჯერ ვერ ვგრძნობ, რომ დავბერდი. ძალიან განვიცდი, რომ აღარ ვმუშაობ. სულით და გულით მინდოდა მემუშავა.
– სულ გასტროლებზე რომ იყავით, არ ფიქრობდით, რას აკეთებდა თქვენი შვილი სკოლაში, როგორ სწავლობდა, უბანში ვინმემ ხომ არ აიყოლია?
– სკოლაში ზარმაცი იყო, მაგრამ ყველა პედაგოგს უყვარდა, რადგან ზრდილობიანი ბიჭი იყო. კონტროლიც აკლდა. ბებიებს კი მიჰყავდათ და მოჰყავდათ, მაგრამ მშობლების ხელი, ხომ იცით, სულ სხვაა. სკოლაში სიარულს ვერ ვახერხებდი. იმის შიში არ მქონდა, რომ ქუჩას აყოლოდა, რადგან ჭკვიანი და დინჯი იყო. ჩვენს კორპუსში მისი თანატოლი სულ გოგონები ცხოვრობდნენ. მერაბი რომ ჩადიოდა ეზოში, ეს გოგონები სულ სცემდნენ. მახსოვს, ერთხელ, შემოვარდა სახლში, ტახტის ქვეშ შეძვრა და რაღაცას ეძებს. ვკითხე, რას ეძებ-მეთქი. ჯოხი მომეცი ჩქარაო. რად გინდა ჯოხი-მეთქი და თავები უნდა გავუხეთქო გოგონებსო, ისეთი გამწარებული იყო. ძალიან ჯენტლმენი იყო, მათ ხელს ვერ დააკარებდა და იმდენად გაბრაზდა, უნდოდა ჯოხით შეეშინებინა გოგონები.
– გოგონების მიმართ გულმწყრალი იყო?
– გოგონები ყოველთვის მოსწონდა და მათაც მოსწონდათ, მით უმეტეს, სიმღერა რომ დაიწყო. დღე და ღამე ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული. ხან თვითონ ურეკავდა, ხან ისინი რეკავდნენ და ერთ ამბავში იყვნენ. უცებ აიტაცეს. არიან მომღერლები, რაღაც გზას რომ გაივლიან და მერე აღწევენ წარმატებებს, მერაბი კი მსმენელმა უცებ მიიღო. უნდა გენახათ, პატარა ბავშვები როგორ მოდიოდნენ ჩვენთან სახლში, ყვავილებით ხელში. მშობლებს ხშირად მოჰყავდათ. ბავშვებსაც კი უყვარდათ. მაშინ გამორჩეულად მოსწონდათ მომღერლები და ახლა, მგონი, ყველა ერთ ქვაბში იხარშება.
– თუ გაინტერესებდათ მისი სამეგობრო წრე – ვისთან მეგობრობდა და ვისთან არ გამოსდიოდა მეგობრობა?
– როგორ შეიძლებოდა, რომ ამით არ დავინტერესებულიყავი. თავიდან, სკოლის მეგობრები ჰყავდა, მერე უცებ შეიცვალა, გაიზარდა სამეგობრო წრე. ხელოვნებაში რომ გადავიდა ახალი მეგობრებიც გაჩნდნენ, თუმცა ყოველთვის დისტანციური იყო. ყველასთან არ მეგობრობდა. მერე თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩააბარა, ახალი მეგობრები შეიძინა, სხვა გარემო იყო. მესამე კურსიდან სხვა ფაკულტეტზე გადავიყვანეთ. რადგან სულ გასტროლებზე დადიოდა და აცდენდა. სხვანაირად არ გამოდიოდა.
– გაიხსენეთ მერაბის პირველი გატაცება, როგორ შეუყვარდა და როგორ მოიყვანა ცოლი?
– მგონი, ნინო იყო პირველი და უკანასკნელი სიყვარული. ოცდაორი წლის იყო, როცა დაოჯახდა. პირველად მერაბის დაბადების დღეზე გავიცანი. ნინო და მისი და – ხათუნა დაპატიჟა, რომელიც ძალიან მიყვარს. პროფესიით ექიმია, მაგრამ გადასარევად მღერის. მაშინ მივხვდი, რომ მათ შორის რაღაც იბადებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, სახლს ვალაგებდი. ოჯახში ფული ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ინახებოდა. მერაბსაც მოჰქონდა ფული და უჯრაში დებდა. მაშინ უკვე გაცილებული ვიყავი ქმარს. შევატყვე, რომ ოთახში დადის და რაღაცას ფათურობს. წავიდა და მითხრა, მალე მოვალო, მაგრამ... თურმე, ბათუმში წაუყვანია. მერე იქიდან დამირეკეს – მერაბმა ცოლი მოიყვანაო. ჩემმა შვილიშვილმაც – ნიკუშამ მის ასაკში მოიყვანა ცოლი. რძლებში ძალიან გამიმართლა. როგორც უკვე გითხარით, სულ გასტროლებზე ვიყავი, ასე რომ, ნინოსთანაც ბებია რჩებოდა. ბავშვი რომ დაიბადა, ხან აქეთ იყვნენ, ხან – იქით.