რა არის სალომე ღვინიაშვილის დიდი ტვირთი და სიამოვნება და რას არ უმალავენ ერთმანეთს ის და მისი მეუღლე
მშვენიერი სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი, ერთ-ერთი ულამაზესი და მოსიყვარულე წყვილია. შეუძლებელია, მათი დანახვისას სიმპათიითა და სიყვარულით არ განეწყო.
– სალომე, შენი ჩამოსვლა „ფეშენ-ვიქთან“ იყო დაკავშირებული თუ, უბრალოდ, დაემთხვა?
– დაემთხვა, თუმცა, როდესაც თიკომ მითხრა „ფეშენ-ვიქის“ შესახებ, ვიფიქრე, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდი თბილისში. დიდი ხანია, არ მიმიღია ჩვენებებში მონაწილეობა და ძალიან კარგი იყო, რომ მომიწია ძველ კოლეგებთან მუშაობა. როდესაც „ბექსთეიჯში“ შევედი, ბევრი ახალი სახე დამხვდა, თუმცა, ძველ გოგონებს, სიტუაციას ველოდი, ამიტომ, ცოტა გაოგნებული დავრჩი.
– ალბათ, ძველი დრო გაგახსენდა.
– ძალიან მენატრებოდა, მესიზმრებოდა კიდეც, როგორ გამოვდიოდი პოდიუმზე. როცა გავედი, სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, დადებითი ენერგიით ავივსე. ცოტათი კი ვნერვიულობდი, მაგრამ, როგორც კი პირველი ნაბიჯი გადავდგი პოდიუმზე, მაშინვე ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა. არ მაქვს ნოსტალგია, თუმცა, ის დრო ძალიან მიყვარს, კარგად მახსენდება ყველაფერი. ამას წინათ მე და კრისტი ვისხედით და რაღაცეებს ვიხსენებდით, ბევრი ვიცინეთ. ჩვენ სხვა მოდელებისგან იმით გამოვირჩევით, რომ ძალიან გურმანები ვართ, სულ ვჭამდით. რეპეტიცია იყო თუ სხვა რამ, მე და კრისტის სულ გვეძებდნენ, სად არიანო, ჩვენ კი ვისხედით და ვჭამდით.
– სულ ახლახან დაბადების დღე გქონდა და, როგორც ვიცი, ზურამ სიურპრიზი მოგიწყო.
– არ მინდოდა აღნიშვნა, მაგრამ, როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, ყოველთვის ვხვდები მონატრებულ მეგობრებს და, ბოლოს, გადავწყვიტე, რომ დაბადების დღე უნდა გადამეხადა, ოღონდ, სახლში. მე თვითონ ვიღებდი ამ ყველაფერში მონაწილეობას, თუმცა, ბევრი რამ ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ბანერი იყო მთელ კედელზე გაკრული. სტუმრებს სტიკერები ეკრათ წარწერით – „ჰეფი ბერსდეი, სალომე“. ზურამ ძალიან დიდი ფოიერვერკი მომიწყო, თან, ვერანდაზე დიჯეი იჯდა და მუსიკის ხმა მთელ ვაკეში ისმოდა. ბოლოს პატრული დაგვადგა, გვთხოვეს, მუსიკისთვის დაგვეწია ხმა. 18 მაისს მქონდა დაბადების დღე, მაგრამ 17 მაისს გადავიხადე, იმიტომ, რომ ზურა შეკრებაზე მიდიოდა. 12 საათზე შემოცვივდნენ ბოშები და იმღერეს, ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ, რა მოხდა, ნახევარზე მეტი არ მახსოვს. ჩემი ყველა მეგობარი ძალიან ბედნიერი წავიდა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზურას, რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა მე და, ჩემს დას. ახლა ვეუბნებოდი, ერთით ერთია-მეთქი, იმიტომ რომ, ოქტომბერში ზურას დაბადების დღე იყო და ძალიან მაგარი სიურპრიზი გავუკეთეთ.
– ეს ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე იყო?
– არა, სხვა დროსაც მქონია გრანდიოზული დაბადების დღეები, მაგრამ, ეს იმდენად მხიარული იყო, რომ ყველა გაერთო. კმაყოფილები იყვნენ. რამდენჯერმე ცრემლებიც მომადგა. დათუნამაც მომიწყო სიურპრიზი. რადგან გვიანი იყო, დაბადების დღეზე არ იმყოფებოდა. დავურეკე, ცოტა ხნით მოდი-მეთქი, მაგრამ მაინც არ ველოდებოდი და უცებ ჯეკსონის ფორმაში, ცეკვით შემოვარდა. ისეთი მაგარი იყო, ცუდად გავხდი. ორი წლის წინ ბაბუა ახალი გარდაცვლილი მყავდა და არ გადავიხადე დაბადების დღე, მაგრამ ზურამ 12 საათზე დიდი ფოიერვერკი მომიწყო.
– ხშირად ამბობენ, რომ ფოიერვერკები უფრო შეყვარებულობის პერიოდს ახასიათებს, მგონი, თქვენთან სხვანაირად არის საქმე.
– დიახ, ჩვენთან ყოველი დღე ფოიერვერკია. არ მესმის, როდესაც ამბობენ, შეყვარებულობის პერიოდი უფრო კარგი, უფრო ტკბილიაო. ჩვენთან მართლაც სხვანაირად არის – სიყვარული უფრო სიტკბოში მიდის და ყოველდღიურად იზრდება. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– ჩემთვის თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი ხართ. რა არის იმისთვის საჭირო, რომ მეუღლეები სულ შეყვარებულები იყვნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ?
– პირველ ყოვლისა, ძალიან უნდა გიყვარდეს ის ადამიანი, რომელთანაც ცხოვრობ. სიყვარული მთავარია, მერე ყველაფერი თავისთავად მოდის. რაც დრო გადის, უფრო კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, უკეთ ვუგებთ და ურთიერთობაც უფრო თბილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს შვილები და, ეს რაღაცეებს ცვლის, რადგან მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ, ჩვენი ურთიერთობა მაინც, არ ნელდება, სულ ანთია ცეცხლი.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რატომ გააკეთე ზურაზე არჩევანი, როგორ შეგაყვარა თავი?
– შემიყვარდა და ის ჩემთვის ერთადერთი და განსაკუთრებულია. როდესაც გავიცანი, ძალიან მალე მივხვდი, რომ შანსი აღარ მქონდა, ზურას გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. თვითონ ძალიან თბილია, მეც თბილი ვარ და, ალბათ, უნდა შემყვარებოდა.
– ხშირად ამბობენ, სიყვარული გარკვეულ ეტაპებს გადისო.
– ერთი რამ ვიცი: როდესაც ოჯახს ქმნი და შვილები გიჩნდება, სხვა პასუხისმგებლობა გემატება, სხვა საფიქრალი გიჩნდება, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიყვარული უფრო მეტად ძლიერდება. რაც მთავარია, უნდა გაუფრთხილდე იმ ადამიანს, სიყვარულს. პატარა რომ ხარ, ამას ვერ ხვდები, მაგრამ, როცა იზრდები, იცი, რომ მოფრთხილება აუცილებელია. სიყვარულს სულ სჭირდება მოვლა, სითბო. მე რაც მინდა რომ მივიღო თუნდაც ზურასგან, ზურასაც ხომ იგივე უნდა ჩემგან?! ამიტომ, ეს ორმხრივი პროცესია და ეს სურვილი გვეხმარება იმაში, რომ სიყვარული კიდევ უფრო გაძლიერდეს და ჩვენც ძლიერები ვიყოთ.
– როდესაც ზურა არ არის სახლში, შეკრებაზეა წასული, ალბათ, ძალიან განიცდი, გენატრება.
– იცი, რა ცუდად ვარ? ახლაც წავიდა ზურა და, დილით რომ გავიღვიძე, ვფიქრობდი, თბილისში რა მინდა, ჩქარა, ბილეთი უნდა ავიღო-მეთქი. ხუთი წელი ხდება, რაც ერთად ვცხოვრობთ და მაინც ვერ შევეგუე. ცოლად რომ გავყევი, ჩავედი ლონდონში, მეორე დღეს კი ზურა სამი დღით შეკრებაზე წავიდა. გავგიჟდი – თაფლობის თვე უნდა გვქონდეს და ის კი წავიდა-მეთქი. რამდენი წელი გავიდა და, ხომ ვიცი, რომ ზოგჯერ უნდა წავიდეს, არც მაქვს პრეტენზია, მაგრამ ამას ვერასდროს შევეგუები. ჩემი მეგობარი იყო მოსული და მეუბნებოდა, ის ორი დღე, ზურა რომ არ არის, ვერ გიტანო, იმიტომ რომ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი.
– წარმომიდგენია, ზურა როგორ იქნება.
– მიჩვეულია, სულ სახლში რომ ვარ, მაგრამ, ბოლო დროს 5 საათამდე კოლეჯში ვიყავი. იცი, რამდენი მესიჯი მხვდებოდა? ყოველ წამს მირეკავდა, როდის მოხვალ, როდის მოხვალო. ბოლოს გავბრაზდი – ეტყობა, მიეჩვიე, სულ სახლში რომ ვარ-მეთქი. ძალიან კარგია და დიდი ბედნიერებაა, როდესაც ასე უყვარხარ ადამიანს, რომ ვერ ძლებს უშენოდ. ალბათ, ამას ისიც განაპირობებს, რომ ინგლისში მარტო ვცხოვრობთ, ერთმანეთზე ვართ ძალიან დამოკიდებული. არ არსებობს საკითხი, ერთმანეთის გარეშე რომ გადავწყვიტოთ.
– არ ფიქრობ, რომ ოჯახში მაინც ქალი ქმნის კლიმატს?
– ბევრი ოჯახი, რომელიც სწორად არ იმართება, დანგრევამდე მიდის, რისი მაგალითიც ძალიან ბევრია, თუნდაც, ჩემი პირველი ოჯახი. ქალი ამ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ოჯახის საყრდენი, საბოლოო ჯამში, მაინც ქალია, როგორც ის, წაიყვანს საქმეს, ისე იქნება ყველაფერი. ამიტომ, ქალი ჭკვიანიც უნდა იყოს და ძლიერიც. ძალიან რთულია, იყო ქალი, ღმერთმა ურთულესი მისია დაგვაკისრა, რომ ვიყოთ ქალები, დედები, მეუღლეები, მაგრამ, თან, ეს დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა. როდესაც ქალი ხარ, გარეთაც და სახლშიც ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდე; კარგი უნდა იყო ყველასთვის, თავს უნდა უვლიდე. მე ასეთ ქალებს დიდ პატივს ვცემ, არ მიყვარს ისეთები, რომლებიც არ უვლიან თავს, ზედაპირულად უყურებენ ოჯახს და, მხოლოდ კარიერაზე ფიქრობენ. შეიძლება, ყველაფერი არ გამოგივიდეს, მაგრამ, შენ მაინც უნდა სცადო, თანაც, როდესაც გვერდით საყვარელი მეუღლე და შვილები გყავს, უკვე ძალიან დიდი სტიმული გაქვს.