ვინ აღმოაჩინა გუდაური და როგორი სისტემით არის არჩევნების გაყალბება მინიმუმამდე დაყვანილი
მართალია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, არაერთი ნოვატორული იდეის ავტორი, ვლადიმერ მალოვიჩკო ყველასთვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სიძეა და, თუნდაც ამიტომ იმსახურებს ინტერესს, მაგრამ, ამჯერად ჩვენი ყურადღება მან თავისი საქმიანობით უფრო მიიპყრო.
ვლადიმერ მალოვიჩკო: ის ფაქტი, რომ მე ნოდარ დუმბაძის სიძე ვარ, გარკვეულწილად ზრდის ინტერესს ჩემი პიროვნების მიმართ. თუმცა მე მისი სიძე მოგვიანებით გავხდი, როცა იგი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ იყო. მამაჩემის მსგავსად, მეც გენში მაქვს მრავალცოლიანობა, მანანა დუმბაძე ჩემი მესამე მეუღლეა, მისთვის კი მეორე ქმარი გახლავარ. ჩვენ გუდაურში გავიცანით ერთმანეთი, როცა მანანამ თავისი შვილი მომიყვანა – უნდოდა, მისთვის თხილამურებზე სრიალი მესწავლებინა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. უკვე 22 წელია, რაც ერთად ვართ. ჩემი უკრაინული გვარის მიუხედავად, თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი. დედა გვარად დგებუაძე მყავდა, მამა, ვიქტორ მალოვიჩკო, არქიტექტორი იყო.
– როგორც ვიცი, თქვენ გუდაური აღმოაჩინეთ...
– მე პროფესიონალი მოთხილამურე ვარ და ბავშვებს ბაკურიანში ვავარჯიშებდი, მერე სასრიალოდ ალტერნატიული ადგილის მოძიება დავიწყე, გვირჩიეს, კახეთში ცივი მთა, მაგრამ იქ თოვლი ხან მოდიოდა, ხან არა. წავედით მლეთაში, სადაც, როგორც კი მზე გადავიდოდა, ყოველ წუთში ტემპერატურა 1 გრადუსით ეცემოდა, იქ ძალიან ციოდა. ერთ იქაურ კაცს შევჩივლე, მან კი მითხრა, თუ სითბო და თოვლი გინდა, აგერ გუდაურიო. მაშინ იქ არანაირი დასახლება არ იყო, ადამიანიც კი არ ჭაჭანებდა. გუდაურში მზე იმდენ ხანს არ ანათებს, რომ თოვლი დადნეს, ლამის მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სრიალი. მერე მივედი სოლიკო ხაბეიშვილთან, დავაინტერესე იქაურობით... ასე აშენდა გუდაური.
გარდა თხილამურებით სრიალისა, მე სხვა ბევრი გატაცებაც მაქვს. ადრე, 80-იან წლებში, ცენტრალური კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი. მაშინ დაგვავალეს უახლესი ტექნიკის შეძენა და პატარა გამოთვლითი ცენტრის გაკეთება, რათა მინისტრთა საბჭოსა და პარტიის ცეკას საქმიანობის კომპიუტერიზაცია მოგვეხდინა. სწორედ იმ პერიოდში შევქმენი ქართული შრიფტიც.
– ესე იგი, დღეს რომ კომპიუტერში ქართული შრიფტით ბეჭდვას ვახერხებთ, თქვენი დამსახურება ყოფილა. გარდა გამომგონებლობისა, ვიცი, არაერთი საინტერესო გატაცება და ჰობიც გაქვთ.
– ჩემი ჰობია მოგზაურობა და მსოფლიოს 80 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. საბჭოთა კავშირის ქვეყნები ხომ დავლაშქრე კარგად, ასევე, გახლდით იაპონიაში, ამერიკაში, ინგლისში, იტალიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს ჰობი ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც საუკეთესოა და, ამავდროულად, კარგად ხარ გათვითცნობიერებული მსოფლიო კულტურაშიც. ვიცი რამდენიმე ენა: თურქული, აზერბაიჯანული, ქურთული, სომხური, რუსული, ინგლისური, გერმანულიც ვიცი, თუმცა, თანდათანობით მავიწყდება პრაქტიკის არქონის გამო. მე ტექნიკურ უნივერსიტეტში 5 წლის განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს თემაზე – „რადიოელექტრონული აპარატურის შექმნის ტექნოლოგია“. მაშინ არსებობდა რადიო და სატელეგრაფო აპარატურის ქარხნები, ლანჩხუთში იყო მიკროელემენტების ქარხანა, ჩემი საქმეც საჭირო იყო და მათთვის კადრებს ვამზადებდით, მერე, გადატრიალების შედეგად, ქარხნები დაინგრა და აღმოჩნდა, რომ ჩემი სპეციალობა აღარაა საჭირო, დავრჩი უმუშევარი და დავიწყე სამსახურის ძებნა. ხელებდაკრეფილი არ ვიყავი და დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა წყალქვეშა ნავების ბრძოლისა და ორიენტაციის კომპიუტერიზაციას. როცა წყალქვეშა ნავი ჩადის წყლის ქვეშ, არ იცის, სადაა, თუმცა, არსებობს მისი საორიენტაციო სისტემები, რომელიც ხდება რადიო-ელექტრონული ტალღით. როგორც „სპუტნიკიდან“ მოდის ტელევიზიის სიგნალი, ისევე ხდება წყალქვეშ, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ნავი ორიენტაციას აკეთებს ვარსკვლავებსა და პლანეტებზე, იქიდან მოსული სიგნალების წყალობით, ნავი ხვდება დაახლოებით სად იმყოფება.
ახლო წარსულში ძალიან ხშირად გვესმოდა შევარდნაძისგან სიტყვები „აბრეშუმის გზა“. ერთმა მოსკოველმა ამხანაგმა, რომელიც ჰაერნაოსანი იყო, მითხრა, ჰაერნაოსნობა და „აბრეშუმის გზა“ ხომ არ დავუკავშიროთ ერთმანეთსო. მართლაც ჭკუაში დამიჯდა მისი ნათქვამი და გადავწყვიტეთ დიდი საჰაერო ბურთით გადაგვეფრინა „აბრეშუმის გზისთვის“ და მოგვეწყო ლაშქრობა. აქედან წარმოიშვა პროექტი საჰაერო ბურთით „აბრეშუმის გზის“ დალაშქვრისა. ამ პროექტის შესახებ, სხვათა შორის, შევარდნაძესაც კი მივწერე წერილი. მან დადებითი მოსაზრება გამოთქვა და რეზოლუცია დამიდო. დავიწყეთ ამ პროექტის მზადება და მუშაობის პროცესში საჰაერო ბურთით ფრენასაც არ მოვერიდე. ჩემი მეუღლეც ჩავრთე ამ საქმეში. „აბრეშუმის გზის“ მერე რუსეთში დამპატიჟეს შეჯიბრებაზე. ერთ რეისზე მანანაც ავაფრინე, რუსეთის მეორე ჩემპიონატი ტარდებოდა და მივიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რადგან ავარია მოგვივიდა – გაზის შლანგი გასკდა და იმიტომ გადავრჩით, რომ ერთ-ერთმა ჰაერნაოსანმა გამოგვიცვალა ეს სისტემა. ჩვენ ასპარეზობა გავაგრძელეთ, 19 სტარტიდან 17 გავაკეთეთ და ბოლოდან მესამე ადგილზე გავედით.
– როგორც ვიცი, თქვენ მარტო ჰაერში ფრენას არ სჯერდებით და ზღვაშიც „დაფრინავთ“ წყლის თხილამურებით.
– გინახავთ, ალბათ, ფილმიდან ის ორი ფიცარი, რომელზეც დგები და გიჭირავს თოკი ხელში, რომელიც კატერზეა მიბმული. თუ სიჩქარე მცირეა, წყალში იძირები, თუ დიდი სისწრაფით მიდის კატერი, ადგომაც შეგიძლია, რადგან კატერს მიჰყავხარ. მთავარია, იყო კოორდინირებული ადამიანი – ეს თვისება აუცილებელია სპორტსმენისთვის. ადრე ხშირად ვიდექი წყლის თხილამურებზე, ახლა დავბერდი და აღარ შემიძლია, რადგან პენსიონერს ისეთი ღონე აღარ აქვს, როგორიც საჭიროა.
– ბატონო ვლადიმერ, როგორც ვიცი, რამდენიმე საინტერესო იდეა კიდევ გაქვთ გეგმაში.
– მე მაწუხებს ჩემი ქვეყნის ბედი. მიახლოვდება სიბერის ჟამი და არაერთხელ მიფიქრია იმაზე, თუ რა უნდა დავუტოვო ჩემს შვილებს, რომ სამომავლოდ კარგად გამიხსენონ. ამიტომ, გადავწყვიტე, ნოვაცია დავნერგო საარჩევნო სისტემაში, კერძოდ, რას ვგულისხმობ? ამასაც მოგახსენებთ: ჩვენ დემოკრატიას ვამყარებთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბევრი პრობლემა ისევ რჩება სადავიდარაბოდ, რადგან დემოკრატიის პირველი ნიშანი არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებაა. მე, როგორც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასევე, სისტემების შემქმნელი, ელექტრონიკასთან და გამოთვლით ტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული ლიტერატურის ცოდნაც საფუძველს მაძლევს, დავნერგო ახალი საარჩევნო სისტემა. ამას წინათ წავიკითხე, რომ ესტონელები 2011 წელს არჩევნების ჩატარებას მობილური ტელეფონების მეშვეობით აპირებენ. ეს იდეა მართლაც მხარდასაჭერია, თან, თუ გავითვალისწინებთ ქართველების მიმბაძველობის მაღალ ხარისხს, ამის ათვისება არ უნდა გაგვიჭირდეს. მომეწონა ესტონელების აზრი, როცა ისინი არჩევნების ჩატარებას მობილური ტელეფონით აპირებენ. ეს მეთოდი ყველაზე კარგი და პრაქტიკული აღმოჩნდა, რადგან ხმის მისაცემ მოწყობილობას სახელმწიფო კი არ ყიდულობს, არამედ მოქალაქეს უკვე აქვს შეძენილი. მაგალითად, მობილურის შესავსებად ვრეკავთ და მოპასუხე ავტომატურ რეჟიმში გვპასუხობს, რა თანხის ჩარიცხვა გვინდა და რომ, ამისთვის ბარათის კოდი უნდა წავშალოთ და შევიყვანოთ იქ დაწერილი ნომერი. დაახლოებით ასეთი სისტემით მოხდება არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი. მე თუ მკითხავთ, დღევანდელი ცესკო უნდა გადაიქცეს საარჩევნო ბარათების გაყიდვის პუნქტად, რადგან საარჩევნო სიების შედგენა სულ არაა საჭირო. არჩევნები კოდური სისტემის მიხედვით უნდა ჩატარდეს, რაც გაყალბების ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს. ავტომატურ რეჟიმში მუშაობა გაცილებით მოსახერხებელია და დროის ეკონომიასაც გვიკეთებს.
– თქვენი ნოვაციის შესახებ თუ განაცხადეთ საჯაროდ?
– დიახ, მივმართე საარჩევნო კომისიასაც, პარლამენტსაც, მაგრამ ჯერ პასუხი არაა. იმედია, დაფიქრდებიან ამაზე და, დღეს თუ არა, ხვალ მიიღებენ ჩემს წინადადებას: ვითხოვ, რომ მომცენ არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ათასჯერ ნაკლები დაფინანსება და ზუსტად სამ თვეში ჩავაბარებ ესტონური ტიპის საარჩევნო სისტემას, სადაც გაყალბება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი – ესაა ჩემი ლოგო. რომ იცოდეთ, ამ მეთოდის დანერგვა აუცილებელია საქართველოს გადასარჩენად.
კიდევ მაქვს ერთი საინტერესო გეგმა, რომელსაც თქვენ გაგანდობთ: მე იაპონიაში ვარ ნამყოფი, იქ მივლია მატარებლით, რომელიც საათში 250 კილომეტრს გადის, საფრანგეთში, იაპონიაში, გერმანიაში, კიდევ რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში, უკვე გამოგონილია და მუშაობს მაგნიტურ ბალიშზე მოძრავი მატარებელი: იქმნება მაგნიტური ველი, რომელიც ქაჩავს მას, როგორც ძრავს. საფრანგეთში მალე დაიწყება ისეთი მატარებლით სიარული, რომელიც გაივლის 500 კილომეტრს საათში. რეიკიავიკში რომ ვულკანია და თვითმფრინავების ფრენას ხელს უშლის, ასევე, როცა მოხდა ტრაგედია და კაჩინსკის მთელი მთავრობა დაიღუპა, ამან მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ბევრი გაუთვალისწინებელი ავარიისა და ცუდი ხილვადობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს, ამავე სიჩქარით მიწაზე იარო, ვიდრე ჰაერში იფრინო.
– მართლაც საინტერესოდ ჟღერს თვითმფრინავის მატარებლით ჩანაცვლების იდეა...
– „აბრეშუმის გზაზე“ – იაპონიიდან ინგლისამდე, ასევე, საქართველოს გავლით, უნდა გატარდეს ლევიტაციურ პრინციპზე მომუშავე მატარებელი, რომელიც ელექტრომაგნიტური ბალიშის პრინციპზე მუშაობს. ეს ტრანსევრაზიული მაგისტრალი რომ გაკეთდეს ამ პრინციპზე, დიდი მიღწევა იქნება. ასევე, მინდა უარყოფით მომენტებსაც შევეხო: ახლახან ბათუმიდან თბილისში მომავალი ჩქაროსნული მატარებელი გაუშვეს. ეს კარგია, მაგრამ, რატომ უნდა აიღო ბაზად ევროპისა და ამერიკის გუშინდელი დღე? თუ ხარჯავ ფულს, გინდა ახლის დანერგვა, ბარემ, მაგალითად, გუშინდელი დღის მაგივრად, ხვალინდელი დღე აიღე, არ ჯობია?! ვფიქრობ, რომ მეცნიერებს უნდა უსმინონ და გაითვალისწინონ მათი აზრი. მე მინდა, ამ პროექტით მივიდე მსოფლიო ბანკში, ვნახოთ, რას მივაღწევ.