კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუკეთეს თიკო ნატროშვილს „შოპარის“ უძვირფასესი და ძვირად ღირებული ყელსაბამი და როგორ შექმნა ირაკლი ნასიძემ ამ კომპანიის დაკვეთით რამდენიმე ათეულ ათას ევროდ ღირებული კაბა


თიკო ნატროშვილი ამჟამად ფეხმძიმობის მეოთხე თვეშია. ის და ბავშვიც თავს მშვენივრად გრძნობენ. რაც მთავარია, თიკო კვლავ აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და სხვადასხვა, დიდი თუ პატარა საქმით არის დაკავებული.


თიკო ნატროშვილი: ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს, თავს კარგად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ რადიო „ფორტუნაში“ აღარ ვმუშაობ, მაინც აქტიური ცხოვრების სტილს მივდევ, ყოველ შემთხვევაში, სახლში არ ვარ გამოკეტილი. დაკავებული ვარ პატარ-პატარა საქმეებით, როგორც პროფესიული, ასევე საოჯახო კუთხითაც. საკმაოდ დატვირთული ვარ და დღის ბოლოს სასიამოვნოდ დაღლილი ვიძინებ.

– რატომ წამოხვედი „ფორტუნადან“?

– ჩანაფიქრის დონეზე მინდოდა იქიდან წამოსვლა. რადიოში გარკვეული განათლება მივიღე. უბრალოდ, 4 წელია, იქ ვმუშაობ და უკვე საკუთარი თავის რეალიზებას სათანადოდ ვერ ვახდენდი. ჩემთვის რადიო „ფორტუნა“ ერთგვარი ტრამპლინი იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყოველდღიური მუშაობა წყლის ნაყვას უდრიდა და მოტივაცია დავკარგე. რაღაც ეტაპამდე კი გავიზარდე, მაგრამ უკვე წინ ვეღარ წავიდოდი. გარემოებამაც შემიწყო ხელი და ერთხელ და სამუდამოდ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე – ან ახლა უნდა წამოვიდე, ან არასდროს-მეთქი და ავდექი და წამოვედი. რა თქმა უნდა, არ ვნანობ და ბევრი გეგმაც მაქვს. თან, სამსახურის გარეშე არ ვარ, ვწერ ჟურნალისთვის, რომელიც ზაფხულში გამოვა. ძალიან საინტერესო თემებით მოცული იქნება და შევეცდებით, მკითხველი კიდევ ერთხელ დავიპყროთ.

– ყოველთვის ისეთი აქტიური იყავი, რომ პასიური ცხოვრების სტილს ვერ შეეგუებოდი.

– ძალიან გამიჭირდებოდა ამასთან შეგუება. როდესაც რადიოდან წამოვედი, მქონდა რამდენიმე დღე, დილით რომ არ გავსულვარ სახლიდან და ეს რეჟიმიდან ისეთი ამოვარდნა იყო, კინაღამ დეპრესიისკენ წავედი, ეს კი ნამდვილად არ მჭირდებოდა. შესაბამისად, დატვირთული ვარ, ოღონდ ისე, როგორც ეს ჩემს მდგომარეობას შეეფერება. რამდენიმე დღის წინ საქორწილო კაბით პოდიუმზეც გამოვედი. ისეთი კაბა იყო, რომ წესით, არ უნდა დამმჩნეოდა მუცელი, მაგრამ ბევრმა მითხრა, შეგამჩნიეო. როდესაც თამრიკომ, „მარი გოლდის“ ხელმძღვანელმა, მთხოვა, პოდიუმზე გამოვსულიყავი, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. ჯერ არც ენერგია მღალატობს და ამის სურვილიც მქონდა. სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც მე და ირაკლი ნასიძემ ფოტოსესია გავაკეთეთ, მაშინ მუცელი საერთოდ არ მემჩნეოდა და რომ ვთქვი, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, არავინ დაიჯერა. თუმცა, ორ დღეში დავიწყე გაბერვა.

– გარდა შენი საქორწილო კაბისა, სხვა საქორწილო კაბებსაც მშვენივრად ირგებ.

– კი, და რაც მთავარია, ირაკლის საქორწილო კაბა ორჯერ მეცვა. როდესაც პარიზში მივდიოდი, ჩვენებას ამ კაბებით ვხურავდი და თან სულ ვხუმრობდი, ირაკლის ძალიან უნდა, რომ გამათხოვოს, მაგრამ არაფერი გამოსდის-მეთქი. ბოლოს ესეც ახდა და სხვათა შორის, პარიზში, ჩემს ჯვრისწერაზე ირაკლის კაბა მეცვა. თუმცა, ის არ იყო ტიპური საქორწილო კაბა.

– როგორც ვიცი, ირაკლის ერთ-ერთი კაბა, რომელიც შენ პარიზში გეცვა, დაახლოებით, 200 ათას ევროდ გაიყიდა.

– 2006 წელს პარიზში გაიმართა საიუველირო კომპანია „შოპარისა“ და ირაკლი ნასიძის ერთობლივი ჩვენება. ირაკლიმ ერთ-ერთი კაბა, რომელიც მე მეცვა, თავიდანვე ამ კომპანიის დაკვეთით შექმნა და მის საკუთრებაში გადავიდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მასში რამდენიმე ათეული ათასი ევრო იყო გადახდილი. ზუსტი ფასი, ნამდვილად არ ვიცი. მე შევეცადე, ინტერნეტში მომეძებნა ჩემი ფოტოები და აღმოჩნდა, რომ ეს კაბა სხვა მოდელებსაც ეცვათ. „შოპარი“ კლიენტებს თავის სამკაულებს ამ კაბაზე აჩვენებდა. სხვათა შორის, მე იმ კაბაზე მეკეთა ბრილიანტებით გაწყობილი ყელსაბამი, რომელიც ფილმ „ტიტანიკში“ რომ ყელსაბამია, იმას მაგონებს. თუმცა მე ის ჩემზე არ მინახავს, სარკეში ჩახედვაც ვერ მოვასწარი. პოდიუმზე გასვლის წინ გამიკეთეს და როგორც კი დავბრუნდი, მაშინვე მომხსნეს და შეინახეს. რაც მთავარია, ირგვლივ სულ დაცვა იდგა, მისი დაკარგვის არანაირი შანსი არ იყო. ერთ გოგონას შუა პოდიუმზე საყურე მოსძვრა და უნდა გენახა, იქ რა მოხდა. ეს სამკაულები ძალიან ძვირად ღირებულია. ეს კაბა მთის ბროლით იყო გაწყობილი და ქსოვილი კი – ხელით ნაკეთი. საერთოდ, შეგიძლია, შეკვეთა მისცე, ხელით დაგიმზადონ ქსოვილი და ამას თვეები სჭირდება და ძალიან ძვირად ღირებულია. ასეთი ქსოვილისგან იყო ის კაბა დამზადებული. მთის ბროლით გაწყობილი, სახელოები ყაისნაღით ამოქარგული და ფორმით ქალთევზას მოგაგონებდა, ძალიან ლამაზი კუდი ჰქონდა. კარგად მახსოვს, როდესაც ჩვენება იმართებოდა პარიზში, სპეციალურად ამ კაბისთვის გაასწორეს განათება. ვიდეო ვნახე, სადაც კარგად ჩანდა ეს ყველაფერი. შუქი ჩააქრეს, მე გამოვდივარ და კაბა სიბნელეში იწყებს ციმციმს. ძალიან ლამაზი იყო.

– მოდი, შენს ფეხმძიმობას დავუბრუნდეთ. ორსულებს ხშირად ხასიათი ეცვლებათ, ჭირვეულები ხდებიან. ხასიათი შენც შეგეცვალა?

– ვცდილობ, არ ვიყო პრეტენზიული, მაგრამ თავი რომ ვერ გავაკონტროლე, ეს მოხდა ფეხმძიმობის პირველ თვეებში. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და იმიტომ. ჯერ ერთი, გავთხოვდი და 26 წელი რომ ცხოვრობ სხვაგან, უცებ კი სხვაგან იწყებ ცხოვრებას, ამას გააზრება, გაცნობიერება სჭირდება; პლუს ამას ფეხმძიმობა დაემატა და... გამიჭირდა თავის გაკონტროლება. ძალიან გამიფუჭდა ხასიათი, ისე, რომ გაღიმებაც მეზარებოდა. თუმცა ძალიან ბედნიერი შეყვარებული ვიყავი და ახლაც უზომოდ შეყვარებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდება. საბედნიეროდ, ეს ეტაპი გადავლახე, ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, ღიმილიც მინდა, ცეკვაც, მოკლედ, იდეალური განწყობა მაქვს. იმედია, წონაში ძალიან არ მოვიმატებ, თუმცა, თუ მოვიმატებ, მეპატიება. ამიტომ, ჩემს მეუღლესაც ვეუბნები, თუ გავედი განში, იცოდე, მეპატიება-მეთქი.

– ასეთ დროს მეუღლის ხელშეწყობა ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია?

– რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის მხრიდან ხელშეწყობა ის იყო, რომ ამ ყველაფერს ძალიან შეგნებულად, გაგებით მოეკიდა. თან, მას ჩემი მდგომარეობა უფრო მეტად ჰქონდა გაცნობიერებული, ვიდრე მე. მე ვამტკიცებდი, რომ ხასიათის ფერისცვალება ფეხმძიმობის ბრალი არ არის-მეთქი. დღის მონაკვეთში მემჩნეოდა, რომ არ ვიყავი ხასიათზე, რაღაც მინდოდა, რა – არ ვიცოდი და ბოლოს ამ ძიებაში მივხვდი, რომ ყველაფერი ემოციებისგან იყო გამოწვეული. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დგას. მეუღლე სულ მხარში მიდგას. არ არის კომპლექსებიანი, რომ პოდიუმზე გასვლა, ან სადმე წასვლა დამიშალოს. პირიქით, ერთად ვერთობით და ერთად დავდივართ მეგობრებთან. გუშინ მეგობრები შევიკრიბეთ და ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით, რომ შესანიშნავი რამაა ცოლქმრობა. კარგია ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე მეუღლე დგება. ის შენი „პაძელნიკი“, მეგობარი, მესაიდუმლე, შენი ნაწილია. ამ ყველაფერში მთავარი მაინც ერთმანეთთან მეგობრობაა და ჩვენ ამაში გაგვიმართლა.

– მახსოვს, თიკო ნატროშვილი არ იყო შეყვარებული, არავისზე ფიქრობდა და უცებ, ძალიან სწრაფად გადაწყვიტა გათხოვება.

– კი, ძალიან მალე მოხდა ეს და ბევრმა მისაყვედურა კიდეც, რატომ არ გამაგებინეო. მე ვპასუხობდი, შენ კი არა, საკუთარ თავს არ გავაგებინე-მეთქი. თუმცა, ეს გაუცნობიერებლად არ მომხდარა, პირიქით, ძალიან გააზრებული ნაბიჯი იყო და ასე მგონია, შვიდი წელი მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ჩვენი შეუღლებიდან ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ ერთი დღე არ მქონია ისეთი, მეფიქრა, შეცდომა ხომ არ დავუშვი-მეთქი. ანუ, კითხვის ნიშანი არ გაჩენილა და იმედი მაქვს, არც გაჩნდება.


скачать dle 11.3