კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ახერხებენ ქართველები წინაპრების მიერ დატოვებული გამარჯვების ფორმულის ოცდამეერთე საუკუნის ენაზე გადმოტანას


კვლავ განვაგრძობთ მსჯელობას თემაზე, სად გადის ზღვარი ერთთა გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა ღირსებების შელახვას შორის. რატომ იქცა ქართული ეკლესია ახალქართველ ლიბერალთა სამიზნედ და რატომ ნიშნავს ქართული ეკლესიის დაშლა (მოარული ხმებით, სწორედ ასეთ მიზანს ისახავენ ულტრალიბერალები, თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა, აქვთ თუ არა საამისო პოტენციალი) საქართველოს შეუქცევად დაშლას. ამ თემაზე მამუკა გიორგაძე გვესაუბრება.


– პირობითად დავსვამ კითხვას: სად მთავრდება თქვენი გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება ჩემი ღირსების შელახვა?

– კაცობრიობამ თავისი განვითარების განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანის განვითარების დონის მიხედვით, ერთიანი ზნეობრივი სტანდარტები შეიმუშავა. ეს სტანდარტები არსებობდა ყველა სფეროში და კაცობრიობამ ჩამოაყალიბა თავისი პოსტულატი: შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. ასევე, შეთანხმდა იმაზეც, რომ ადამიანის თავისუფლება არის ყველაზე მაღალი ღირებულება და ადამიანის ღირსების შებღალვა დაუშვებელია. როდესაც კაცობრიობა შეთანხმდა ამ ორ პარამეტრზე, ცივილიზებულ საზოგადოებაში აღარ არის მსჯელობა იმაზე, რა უფრო მეტია: სიტყვის გამოხატვის თავისუფლება თუ ადამიანი, თავისი ღირსებით. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს თავისი პარამეტრები. ეს შეზღუდვა იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვიღაცის თავისუფლება შეიზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება გავალამაზოთ. თითოეული ჩვენგანი, დილას თუ საღამოს, თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, მაგრამ, რადგან ჩემი გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავია, შეიძლება, უნიტაზი რუსთაველის შუა პროსპექტზე დავდგა?! მაშინ, რატომ არ აქვთ ავტომანქანებს უფლება, გადაკვეთონ ორმაგი თეთრი ხაზი?! ანუ, კაცობრობამ შემოიტანა რეგულაციის მექანიზმები. მაგალითად, იმისთვის, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იმუშავო, უნდა გქონდეს განათლება. დღეს, აი, ეს ყველაფერი დარღვეულია.

– რასაც ვერ ვიტყვით ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე.

– ოღონდ, ამისთვის ისჯება გარკვეული ნაწილი, მაგრამ არ ისჯება მეორე ნაწილი. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ ძალუძთ კონკურენტულ გარემოში ცხოვრება, შექმნეს დამატებითი ხელოვნური ბარიერები, რომ მოიშალოს კაცობრიობის მიერ მიღებული ნორმები და კანონები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს რამდენიმე ქვეყანა, თუნდაც, ავსტრია ან ისრაელი, რომელთა დემოკრატიზაციის ხარისხი ეჭვქვეშ არ დგება, რომლებშიც ხოლოკოსტში ეჭვის შეტანა კანონით ისჯება. მეტიც, რომ თქვა, ექვსი მილიონი კი არა, ხუთმილიონ-ნახევარი დაიღუპა მხოლოდო, ეს, შეიძლება, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ფედერალური კანონები ზნეობრივი სტანდარტების შესახებ: ბიბლიოთეკიდან, შესაბამისი ასაკის თუ არ ხარ, წიგნს ვერ გამოიტან. არსებობს მედიის რეგულირების კანონი და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც პირდაპირ ეთერში ჯენეთ ჯექსონს მკერდი გადმოუვარდა თუ თვითონ გადმოიგდო, ამისთვის ტელეკომპანია დაისაჯა, რადგან ის არ იყო მზად, ტიხარი დაედო პირდაპირ ეთერში. ვინც ოდნავ მაინც შეხებაშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დამეთანხმება, რომ ვერც ერთ არხზე ვერ ნახავთ უხამსობას, ძალადობას, ვერანაირ ისეთ ქმედებას, რომელიც არ ჯდებოდეს ზნეობრივ სტანდარტებში და ამას არავინ აპროტესტებს. კიდევ უფრო მეტი: შესაძლოა, უშუალოდ ამ თემას არ ეხება, მაგრამ, ევროკავშირმა ბრალი დაგვდო ულტრალიბერალიზმში, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ფსევდოლიბერალურია, რომ მათთვის მიუღებელია.

– დიახ, და, ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების ვადები ამ მიზეზით გადაიწია.

– უარი გვითხრეს გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებაზე, რადგან არ უნდათ საკუთარ ტერიტორიაზე იმის გადატანა, რაც საქართველოში ხდება.

– მაგრამ, რატომ ხდება ეს საქართველოში? ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა და, თუ მოიფხანა მოიგლიჯაო?!

– იმ ლამაზი ფრაზეოლოგიის მიღმა, როგორიც არის „სიტყვის თავისუფლება“, იმალება ის, რომ საქართველოში მოიშალოს ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც ჩვენმა ერმა ათასწლეულების განმავლობაში შექმნა, დაგვიტოვა და გვითხრა: ამ სტანდარტებით იცხოვრეთ, ეს მოგანიჭებთ თქვენ ბედნიერებასა და კეთილდღეობასო. ჩვენმა წინაპრებმა ამით გვითხრეს: შვილებო, ჩვენი გამოცდილებით, ასე გირჩევნიათ ცხოვრება. თუ გინდათ, იყოთ ბედნიერები, ნუ გადახვალთ ნურც იქით, ნურც აქეთო. დღეს კი, ამ ფსევდოლიბერალურ ლოზუნგებს, ადამიანები, რომლებიც კონკურენტუუნაროები არიან და ვერც ერთ ნორმალურ საზოგადოებაში ვერ გაიხარებდნენ თავიანთი ბუნებრივი მონაცემების გამო, იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში არ შედგეს ეროვნული სახელმწიფო. მათი ძირითადი მიზანია, მოიშალოს ის საფუძვლები, რითაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში არა მხოლოდ სიამოვნებისთვის ვიყენებდით ამ სტანდარტებს, არამედ ეს ჩვენი დაცვის საშუალებაც იყო. საქართველოში ყველაზე დიდი ლანძღვა იყო – ლეჩაქი დაიხუროს, ვინც სამშობლოსთვის თავი არ გაწიროსო. დღეს კი ხდება დედაკაცისა და მამაკაცის ფუნქციონალური აღრევა, არადა, ლეჩაქიანი კაცი ვერ დაიცავს სამშობლოს. ბოლოს და ბოლოს, ეს ოთარაანთ ქვრივის, თამარ მეფის, წმიდა ნინოს, წმიდა ქეთევანის ქვეყანაა! ქეთევან დედოფალს ერთი „ვაი“, არ დასცდენია, როდესაც შანთებით უწვავდნენ მკერდს, ერთადერთხელ დაიგმინა მხოლოდ, როდესაც ტანსაცმელი შემოაფლითეს – სირცხვილი უფრო მეტი იყო მისთვის, ვიდრე ტკივილი. ჩვენ სწორედ ამ ტრადიციამ მოგვიყვანა აქამდე და, თუ ეს მოიშალა, საქართველო, როგორც ასეთი, ვერ შედგება. დღეს ბრძოლა არ მიდის სიტყვის თავისუფლებისა თუ გამოხატვის თავისუფლებისთვის, დღეს ბრძოლა მიდის, რომ მოიშალოს ქართული ყოფაცხოვრების ის წესი, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს; რომ მოხდეს წყვეტა ერის ცხოვრებაში; რომ მოიჭრას ის ფესვები, რომლებითაც ვიკვებებით. ფესვებმოჭრილი ხე კი მხოლოდ დეკორაციად, სამუზეუმო ექსპონატად გამოდგება.

– რატომ აქცევენ ეკლესიას მუდმივად იერიშის მისატან ობიექტად?

– ქართველი კაცისთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგია კი არა, მისი ბუნებრივი მდგომარეობა იყო, ის ელოდებოდა მაცხოვრის შობას, რადგან შინაგანად ამ იდეებს ატარებდა. დღეს ტყუილად ეძიებენ გამარჯვების ფორმულას, რადგან ის დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა: ვახტანგ გორგასალმა დაგვიწერა, თუ გინდათ მუდმივი სიცოცხლე და დიდება, ეძიეთ ქრისტესთვის სიკვდილიო. აი, დავით აღმაშენებლის გამარჯვების ფორმულა: სარწმუნოებით იბრძოლე და, არათუ ეშმაკის მიმდევრებს, ეშმაკსაც იოლად დავამარცხებთო. ილია ჭავჭავაძემ ყველა სფეროში დაგვიდო ძირითადი პოსტულატები, საით უნდა წავიდეთ. უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ამ ფორმულის ოცდამეერთე საუკუნის ენაზე გადმოტანა. თუ ვინმეს არ სწამს, რომ ქრისტე მუდმივია, მაშინ ის არ არის ქრისტიანი. ვისთვისაც ქრისტიანობა მუდმივია, მაშინ ის ისევეა აქტუალური ოცდამეერთე საუკუნეში, როგორც პირველ საუკუნეში იყო. შესაბამისად, ჩვენ არაფერი გვაქვს სხვაგან საძებნი. სხვაგან, შეიძლება, ვისწავლოთ მანქანის უკეთესად გამოშვება, წიგნის უკეთესი ხარისხით ბეჭდვა, ნანოტექნოლოგიები, მაგრამ ცხოვრების მოწყობა, ყოფაცხოვრების წესი, ბედნიერებისკენ სწრაფვა და გამარჯვების ფორმულა არავისგან გვესწავლება, იმიტომ რომ, ქრისტიანობა არის მუდმივი და კონკურენტუნარიანი მოძღვრება. შესაბამისად, როდესაც ებრძვიან ქრისტიანობას, ცდილობენ, დაგვაკარგვინონ მუდმივობის აი, ეს განცდა. მათ იციან, რომ ქართველი კაცის ბუნება და აღმსარებლობა ისეა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, რომ მათი გაცალკევება შეუძლებელია და, თუ რომელიმეს მოაშორებ, ქართველი კაცის სახე იშლება. დოსტოევსკის აქვს ძალიან კარგი ფრაზა: ეშმაკი ებრძვის ღმერთს და ამ ბრძოლის ადგილი ადამიანის გულიაო. გვეუბნებიან, აღმსარებლობა ერთია და ცხოვრების წესი – მეორე და ერთ ადამიანში არ შეიძლება, იყოს შერწყმული სახელმწიფოს მოქალაქე და მრევლის წევრიო. არადა, თუ ერთ ადამიანში ჰარმონიულად შეერწყმება მრევლის წევრი და სახელმწიფოს მოქალაქე, რომელი გარეშე ძალა დაამარცხებს მას?! ამიტომ უნდათ, რომ ჩვენს გულში ეს განხეთქილება შემოიტანონ და გვეუბნებიან: თუ ხარ მორწმუნე, იყავი ეკლესიაში, იქ, რაც გინდა, ის გააკეთეო, თუმცა, იქაც არ გვაცლიან ცხოვრებას, ხოლო, ეკლესიის გარეთ სხვა სფეროა, აქ ეკლესიას არაფერი ესაქმებაო. ეკლესიისადმი ასეთი აგრესია განაპირობა იმან, რომ მორწმუნე საზოგადოებამ, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიაშიც არ ასვენებენ, გადაწყვიტა, გამოვიდეს და თქვას, ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენც გვეთქმის ერთი სიტყვაო. აი, ეს ვერ აიტანეს, რადგან იციან, რომ ეს სიტყვა კონკურენტუნარიანი სიტყვაა. მათ იციან, რომ მოქალაქე, შინაგანად მრევლის წევრი, არის ადამიანი, რომელიც მტრის წინაშე არ დაიხევს, რომელიც არ გაიყიდება, არ შეშინდება, სწორედ ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, რადგან ეკლესია სწორედ ასეთი მოქალაქის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დათვალონ საქართველოში მეჩეთების რაოდენობა და შეადარონ მუსლიმანთა რიცხვს. დაინახავენ, რომ არ არის მათი რაოდენობა ერთმანეთის პროპორციული. შემდეგ დათვალონ მრევლის რაოდენობა და შეადარონ ტაძრების რაოდენობას. აქაც დარღვეულია ბალანსი, ოღონდ, იმ მხრივ, რომ არ ჰყოფნის მორწმუნე საზოგადოებას ეს ეკლესიები, მაშინ, როდესაც სხვა აღმსარებლობის ნაგებობები, ფაქტობრივად, ცარიელია, მაგრამ მაინც აშენებენ. თუკი რეგისტრირებულია ამა თუ იმ აღმსარებლობის 100 000 წევრი, რატომ შემოგაქვს 500 000 ლიტერატურა?! ესე იგი, სტიმულირება ხდება, არა?! ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს უწყობენ ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ის მიმართულია ქართული სახელმწიფოსა და მისი საფუძველთა საფუძვლის, ეროვნული ერთიანობის გარანტის – ეკლესიის წინააღმდეგ და, საკმარისია, გამოჩნდეს რეალურად ეროვნული, მორწმუნე და შინაგანად თავისი ცოდვების განმცდელ ადამიანთა ერთობა, რომლებსაც უნდათ, რომ თავიანთი ცოდვები ქრისტიანული თავდადებით გამოისყიდონ, რომ მაშინვე იწყება პროვოკაციები.

– გარეგნულად ხელისუფლება თითქოს გუნდრუკს უკმევს ეკლესიას, რაც ლიბერალთა ფრთისთვის კიდევ ერთი საბაბია იმის სათქმელად, რომ ბალანსი ირღვევა?

– ხშირად ამბობენ, სააკაშვილი არაადეკვატურიაო, „თავისუფლების ინსტიტუტი“ არაადეკვატურიაო, არადა, ისინი ძალიანაც ადეკვატურები არიან. ეს ჩვენ არ ვართ არაადეკვატურები, როდესაც მტერს ისე არ ვეპყრობით, როგორც მტერს და ჩვენი უნიათობის გამო შემცდარად წარმოვიდგენთ. ქრისტიანობა ინდივიდუალური რელიგიაა, არ აქვს მნიშვნელობა, შენთან ერთად ან შენზე უკეთესი ვინ არის, ან უარესი, რადგან შენ მარტო წარდგები უფლის წინაშე და ვერ ცხონდები იმის გამო, თუ ვინმეზე უკეთესი ხარ. აქედან გამომდინარე, დღეს ხელისუფლებას უნდა, რომ უსახურ მასად აქციოს ხალხი. შემდეგ თვითონვე მოუძებნიან სულგაყიდულ ვაცს, ჩაუყენებენ ამ მასას სათავეში და, როგორც უნდა, ისე ატრიალებენ. ქრისტიანობა კი პიროვნული პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს ზრდის, ამიტომ ის სააკაშვილისა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ მტერია. ზოგიერთმა, მათ შორის, პარლამენტშიც, ეკლესიის წევრს რომ უწოდებს თავის თავს და ხმას აძლევს ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებს, უნდა გააცნობიეროს, რომ პასუხი მოეთხოვებათ ამის გამო. გამოცხადებაში არის ძალიან საინტერესო ფრაზა: ნეტავ, ან ცივი ყოფილიყავი, ან ცხელი, შენი ნელთბილობა დაგღუპავსო. ჯობია, „თავისუფლების ინსტიტუტში“ იყო და ეკლესიას ებრძოლო, ვიდრე ნელთბილი იყო. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც ეკლესიის ტერიტორიაზე გვაცლიან თავისუფალ ცხოვრებას: დაწყებული სხვადასხვა სპეცსამსახურის შეგზავნით და საქართველოს ეკლესიაში შუღლისა და განხეთქილების დათესვით დამთავრებული. როგორც, თავის დროზე, რევოლუციონერთა უმეტესობა სემინარიის ყოფილი სტუდენტი იყო, დღესაც ხელისუფლების უმეტესობა სემინარიასთანაა დაკავშირებული და ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები ებრძვიან ეკლესიას, რომლებიც თითქოს იმ წიაღიდან გამოვიდნენ.

– რატომ?

– ამ ბრძოლის მიზანია, რომ საქართველოს სასულიერო სემინარიამ და აკადემიამ ვერ აღზარდოს ღირსეული კადრები. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს სასულიერო პირთა შორის იყოს განხეთქილება. როდესაც ამა თუ იმ ეპისკოპოსს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებ, მეორეს კი – არა, ამით ხომ შუღლის შეტანა გინდა?! მაქსიმალურად იყენებენ იმ პრობლემებს, რომლებიც ბუნებრივად არსებობს ყველა ცოცხალ ორგანიზმში. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ წვლილი შეიტანოს ამ პრობლემების მოგვარებაში, თვითონ ქმნის მათ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუდმივად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდეს საეკლესიო ცხოვრება. როდესაც ვერ მოახერხეს ეკლესიის ჩართვა იმ უსაგნო დებატებში, რომლებიც ბოლო დროს იმართება, პირად შეურაცხყოფებზე გადავიდნენ, იქნებ ამის შემდეგ მაინც შემოვიტყუოთ კამათშიო. არადა, უსაგნო კამათებში თუთბერიძესთან, რამიშვილთან, ბოკერიასთან, დაჯდომაც კი შეურაცხმყოფელია, რაც უნდა ილაპარაკო და როგორც უნდა წარიმართოს დებატები. თუნდაც, ავიღოთ ოშკის მაგალითი: რამდენი წელია, ოშკი შველას ითხოვს და, მისი რეკონსტრუქცია მაინცდამაინც საქართველოში მეჩეთის აშენებაში უნდა გაიცვალოს?! ეს იმას ნიშნავს, რომ არ გივარგა დიპლომატია, მაგრამ, რას აკეთებს ხელისუფლება? იცის რა საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულება, რომელიც არ გასცემს ნებართვას სხვა აღმსარებლობის საკულტო ნაგებობის მშენებლობაზე, ამბობს, თუ არ გასცემს, მაშინ, ოშკი დაინგრევაო! ესე იგი, ეს, უკეთეს შემთხვევაში, არის საკუთარი უნიათობის გამართლება, უარესში კი – საკუთარი ქვეყნის მტრობა. ამ დავაში კი, ოშკი, შეიძლება, დღედღეზე დაიღუპოს და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაღუპვა ეკლესიას დაბრალდეს. არ არის ეს პროვოკაცია?! იმიტომ, რომ ვიღაცის თვალში უწმიდესის ავტორიტეტი ოდნავ მაინც შეიბღალოს, ოშკს ანგრევინებ?! – აი, ეს არის ამ ხელისუფლების რეალური სახე. როდესაც შენ თვითონ უკეთებ სტიმულირებას, რომ თბილისის ცენტრში მეჩეთი აგიშენონ…

– ეს როდის ხდებოდა?

– რამდენიმე წლის წინათ ქუვეითში ვიზიტისას შეთანხმდნენ, რომ ისანში დიდი მეჩეთი უნდა აშენებულიყო, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. როდესაც ლაპარაკობ მიხეილ თამარაშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის კათოლიკობაზე, მაჩვენე თუნდაც ერთი ისეთი მომენტი ფალიაშვილის შემოქმედებაში, რომელიც ქართული არ იქნება სულით ხორცამდე! როდესაც ვსაუბრობთ ღირსეულ ქართველებზე, რომლებიც აღმსარებლობით კათოლიკენი იყვნენ, ისიც გავიხსენოთ, რამდენი ღირსეული ქართველი იყო აღმსარებლობით მუსლიმანი?! რამდენმა სომეხმა გაწირა თავი საქართველოსთვის?! ნაძირლები ყველა ერშია, მაგრამ, ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ხელს უწყობდეს საქართველოში რელიგიურ თანაარსებობას, პირიქით, ერთმანეთს აჯახებს სხვადასხვა კონფესიებს და მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ საქართველოში კათოლიკების არსებობა პრობლემააო, არადა, არ არის ეს პრობლემა! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების მექანიზმები. ანუ, ნებისმიერ ადამიანს, რაოდენ მარგინალური სექტის მიმდევარიც უნდა იყოს, თუ არ არღვევს კანონებს, აქვს ამის უფლება, მაგრამ, მეორე საკითხია მისი როლი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში. აქ თანაბარი პასუხისმგებლობა ვერ ექნება იმ კონფესიებს, რომელთა ცენტრი საქართველოშია და რომელთა ცენტრი საქართველოს გარეთაა. პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი ყველას თანაბარი აქვს – როგორ შეიძლება, მართლმადიდებლებმა დაჩაგრონ სხვა აღმსარებლები, ეს ხომ დავით აღმაშენებლის უარყოფა იქნება?!

– ჩემი ეჭვით, მართლმადიდებლების ექსტრემისტებად წარმოჩენა ხელისუფლების მეტ დემოკრატიულობას უნდა უწყობდეს ხელს?

– სააკაშვილი ხელოვნურად ძაბავს ვითარებას და ისე უნდა წარმოაჩინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მართლმადიდებლები არიან ექსტრემისტები და ამით დასავლეთს ეუბნება: ხალხო, მე დამიჭირეთ მხარი, თორემ ეს ძალები მოვლენ ხელისუფლებაშიო. მობრძანდით, მზად ვართ, გავყიდოთ, საცალოდ და ბითუმად მთელი საქართველო, თითოეული პიროვნება, კუთხე თუ შენობა, ოღონდ მომეხმარეთ, დავრჩე ჩემს თანამდებობაზეო. სრულიად ბუნებრივია, რომ, კომერციული ინტერესის გამო, ბევრი უარს არ იტყვის ასეთ სარფიან წინადადებაზე. ჩვენ კი ამის საპასუხოდ გამოვდივართ და ვლანძღავთ ხან ერთ, ხან მეორე ქვეყანას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, გამოფხიზლდნენ ეროვნული, მართლმადიდებელი ცნობიერების ადამიანები და, ერთხელ და სამუდამოდ თქვან: არა მხოლოდ ეკლესიის გალავანს შიგნით, მის გალავანს გარეთაც, იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ცნო გაერომ საქართველო, არის ქართველი ერის ტერიტორია და ჩვენ ერთი სიტყვა გვეთქმის.


скачать dle 11.3