კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უბრუნდება ლარი ვარდების რევოლუციამდელი პერიოდის ნიშნულს და რატომ არის გარდაუვალი მისი შეუქცევადი დევალვაცია


რაკი ჩვენი ლარის კურსის სიმყარე-სირბილე დიდად არ არის დამოკიდებული ეროვნულ წარმოებაზე, დილეტანტისთვისაც აშკარაა, რომ მისი დაცემა-გამყარება სულ სხვა ფაქტორებზეა დამყარებული (მათ შორის, დიდწილად მსოფლიო ბანკის მიერ დროდადრო გამოყოფილ ტრანშებზეც). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ უკანასკნელ პერიოდში ის დღითიდღე უფასურდება, რაც, თავისთავად, ფასების მატებას იწვევს, ეროვნულ ვალუტას მთლად უღრუბლო მომავალსაც ვერ ვუწინასწარმეტყველებთ. შესაბამისად, ლარის ღრუბლიან პერსპექტივაზე ეკონომიკის ექსპერტს, ლადო პაპავას, გავესაუბრეთ.


– თუ ეს ჩვენი ლარი ხელოვნურად მყარდება, მაშინ, რატომ არ დგას ერთ ნიშნულზე, ფასების ზრდისგან მაინც დაიცავდა ჩვენს ღარიბ მოსახლეობას.

– ლარის კურსია ნებისმიერ იმპორტულ საქონელზე ფასწარმოქმნის საფუძველი, იმიტომ რომ იმპორტი, როგორც წესი, ხორციელდება ან დოლარში, ან ევროში, ქვეყნის შიგნით კი ის იყიდება ლარში და ამიტომაც მისი ფასი ლარში დგინდება. კურსის ცვლილება ასახვას პოულობს ფასზე, ოღონდ – არა ყოველთვის ერთგვაროვანს. ქვეყანაში გაცვლითი კურსის სტაბილურობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად შემოედინება ამ ქვეყანაში უცხოური ვალუტა, თვითონ ამ ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, პირველი და მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, თუ როგორ ახერხებს ქვეყანა საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, იმიტომ რომ, ექსპორტი ვალუტის შემომტანია, იმპორტი – ვალუტის დამკარგავი. ამ კუთხით, საქართველოში, საშუალოდ, იმპორტი ოთხჯერ აღემატება ექსპორტს, ანუ ქვეყანა იმპორტით ოთხჯერ მეტ ვალუტას კარგავს, ვიდრე ექსპორტით შემოაქვს. ასე რომ, ვალუტა გაედინება. ვალუტის შემოდინების მეორე წყაროა ტურიზმი. საქართველო ტურიზმის თვალსაზრისით მომხიბვლელი ქვეყანაა, მაგრამ, მისი ეს იმიჯი, განსაკუთრებით რუსულმა აგრესიამ დააზარალა. ტურისტებიც არ არიან დარწმუნებულნი, რომ საომარი მოქმედებები არ განახლდება და ამიტომაც ერიდებიან აქ ჩამოსვლას. ასე რომ, ამჟამად ტურიზმი არ არის ვალუტის შემომტანი სფერო. მაშინ რა სფეროებს შემოჰქონდა ქვეყანაში ვალუტა, მხედველობაში მაქვს ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი? უნდა გამოვყოთ ორი ძირითადი წყარო: პირველია ფულადი გზავნილები, რომლებსაც საქართველოში გზავნიდნენ უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვენი თანამოქალაქეები და აქ იყო სერიოზული ზრდა, განსაკუთრებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ.

– რატომ? ვარდების რევოლუციის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შევარდნაძის მმართველობის დროს იყო გასული?

– ეს უფრო დაფიქსირებული ზრდაა, რადგან ადრე, ძირითადად, უცხოეთიდან ფულს მეგობრებსა და ნათესავებს ატანდნენ, რომლებიც საქართველოში მოდიოდნენ, ვარდების რევოლუციის შემდგომ კი საკმაოდ კარგად ამოქმედდა საბანკო გადარიცხვების სისტემა და შესაძლებელი გახდა გადმორიცხული თანხების აღრიცხვა. ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ ყველა თანხა მხოლოდ გადარიცხვით შემოდის, მაგრამ ზრდა იყო. ვალუტის შემოსვლის მეორე წყარო გახლდათ ის, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საკმაოდ დიდი ფული დაიხარჯა საქართველოს ფიარში და აქ ჩამოდიოდნენ უცხოელი ინვესტორები. ისინი ან პრივატიზაციის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, ან პირდაპირ ყიდულობდნენ ამა თუ იმ ობიექტს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თანხა ქვეყნის ეკონომიკაში შემოედინებოდა. იმდენად დიდი იყო ვალუტის შემოდინება ამ ორი წყაროთი: უცხოური ინვესტიციებითა და ფულადი გზავნილებით, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა იმპორტით ოთხჯერ მეტ ვალუტას კარგავდა, ვიდრე ექსპორტით იღებდა, ლარმა დოლართან მიმართებაში გამყარებაც კი დაიწყო და, თუკი 2003 წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარი 2,15 ლარი ღირდა, 2007 წლის ბოლოსა და 2008 წლის დასაწყისში შემდეგნაირი გაცვლითი კურსი ჩამოყალიბდა: 1 აშშ დოლარი – 1,47 ლარი, ანუ, დაახლოებით 70 თეთრით გამყარდა ლარის კურსი.

– მაგრამ, ლარი დოლართან მიმართებაში ახლა უკვე მედგრად მიიწევს ვარდების რევოლუციამდელ ნიშნულამდე.

– 2008 წლის გაზაფხულზე გლობალური ფინანსური კრიზისი დაიწყო, ამას დაემთხვა საქართველოში ომი და, ამ ორივე ფაქტორის გამო, ქვეყანაში შემცირდა უცხოური ინვესტიციების შემოდინება, თუმცა, ეს ჩაანაცვლა სხვა წყარომ: შემოდინება დაიწყო დახმარებებმა. დახმარებებს აქამდეც ვიღებდით, მაგრამ, 2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრიუსელში, რადგან საქართველო რუსეთის აგრესიით დაჩაგრულ მხარედ აღიარეს, საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვიტა საქართველოს დახმარება 4,5 მილიონი აშშ დოლარით, აქედან მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდ 100 მილიონზე მეტი სწორედ „ეროვნული ბანკის“ რეზერვების ზრდის წყაროა. ანუ, ქვეყანაში ვალუტა დღესაც შემოდის, მაგრამ ის მაინც ვერ უტოლდება იმ თანხას, რასაც ომამდე იღებდა საქართველო უცხოური ინვესტიციებითა და ფულადი გზავნილებით და, ამიტომ, წავიდა უკუპროცესი – თუ ადრე ლარი მყარდებოდა, ახლა ის უფასურდება. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ: ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და, რამდენი დახმარებაც უნდა შემოდიოდეს, როდესაც იმპორტი ოთხჯერ აღემატება ექსპორტს, ბუნებრივია, ქვეყანა ვალუტას კარგავს. ასე რომ, კრიზისისა და ომის გამო, შემცირდა უცხოური ინვესტიციებიც და ჩვენი თანამემამულეების ფულადი გზავნილებიც, იმიტომ რომ, იმ ქვეყნებშიც კრიზისია, სადაც ისინი მუშაობენ. საერთო ჯამში, შემიძლია, გითხრათ, რომ ლარის დევალვაცია ბუნებრივი პროცესია, ის გაგრძელდება და ამის წინ აღდგომა, უბრალოდ, შეცდომა იქნება. მთავარია, ეროვნულმა ბანკმა ისე ჩაატაროს ეს პროცესი, რომ ლარის დევალვაციაში არ იყოს ნახტომები, როგორიც მოხდა 2010 წლის იანვარში (5-თეთრიანი გაუფასურება ერთი თვის განმავლობაში), რადგან, ამან, შესაძლოა, არასასურველი შოკი გამოიწვიოს ბაზარზე. ლარის მცოცავი დევალვაცია სავსებით მისაღებია.

– და როგორ აისახება ფასებზე ლარის ეს მცოცავი გაუფასურება?

– როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება, ბუნებრივია, იმპორტიორები თავიანთ საქონელზე ფასებს ზრდიან. ისინი იძულებულნი არიან, ფასში ჩადონ ლარის გაუფასურების წინმსწრები ტემპი, რომ წაგებაში არ დარჩნენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ყველგან ასეა. თუ ბაზარი ვერ ახერხებს ასეთი საქონლის რეალიზაციას, მაშინ იმპორტიორი ან სხვა საქონელზე გადაერთვება, ან წყვეტს იმპორტს, მაგრამ, თუ ბაზარი ითმენს ასეთ ფასებს, ეს საქონელი იყიდება. ბუნებრივია, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს ნიშნავს, რომ იმპორტიორს უფრო იაფი უჯდება იმპორტი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ფასს შეამცირებს, იმიტომ რომ, თუ ბაზარმა ეს ფასი მიიღო, რატომ უნდა შეამციროს?! და, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, იმპორტიორის მოგება იზრდება. ანუ ვარდების რევოლუციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდებოდა და ობიექტური საფუძველი არსებობდა, რომ ბაზარზე ფასები შემცირებულიყო, რეალურად ფასები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, იზრდებოდა.

– და არა მხოლოდ იმპორტულ საქონელზე, ადგილობრივ პროდუქციაზეც და ახლა უკვე იმ მიზეზით, რომ ადგილობრივი მწარმოებელი იმპორტულ საქონელსაც ყიდულობს?

– ბუნებრივია, ეს ერთიანი პროცესია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენთან ექსპორტი არა მხოლოდ ზოგადად ჩამორჩება იმპორტს ოთხჯერ, არამედ სამომხმარებლო საქონელზეც კი იმპორტი ოთხჯერ მეტია ექსპორტზე. ამიტომ, როდესაც ლარის გამყარება ხდება, მართალია, ფასების შესამცირებლად ობიექტური საფუძველი იქმნება, მაგრამ იმპორტიორები ამას არ აკეთებენ, რადგან ზრდიან თავიანთ მოგებას.

– იქნებოდა თავისუფალი ბაზრის პრინციპის შეზღუდვა. სახელმწიფოს, თუნდაც, სამომხმარებლო საქონელთან მიმართებაში, არ შეუძლია, ლარის გამყარების შემთხვევაში ფასების კლება სავალდებულო გახადოს?

– სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ, პირადად მე ეს არ მიმაჩნია მართებულად. როგორც კი სახელმწიფო ამ საქმეში ჩაერევა, ჩინოვნიკები ხალხის სახელით მაშინვე გაისქელებენ ჯიბეებს. მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი: თუკი ბაზარზე არის კონკურენცია და ახალი მოთამაშე თავისუფლად შედის, მაშინ, იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება და იმპორტი უფრო იაფი ხდება, ახალ მოთამაშეს შეუძლია, ფასი დაწიოს და დაბალი მოგება მიიღოს, რომ ბაზარზე დამკვიდრდეს. ოღონდ, ამისთვის საჭიროა, რომ ბაზარზე კონკურენტული გარემო გქონდეს. აი, აქ უკვე მივდივართ იმ საკითხთან, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი კანონები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს მონოპოლიურ მდგომარეობას ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტში. ჩვენთან კი ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფზე არსებობს მონოპოლია, ყოველ შემთხვევაში, აშკარა ოლიგოპოლია, როდესაც რამდენიმე მოთამაშე ინაწილებს ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტს, შემდეგ ისინი შეთანხმებულად აწესებენ ფასებს და ახალ მოთამაშეს ბაზარზე შესვლა არ შეუძლია. სწორედ ამიტომაც არ მცირდება ბაზარზე ფასები ლარის გამყარებისას.

– ესე იგი, სახელმწიფოს მაინც ჰქონია ფასების რეგულირების მექანიზმები?

– სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ბაზარზე შესვლას ბარიერები არ ხვდებოდეს. მართალია, ჩვენთან ბიზნესის გახსნა მარტივია, მაგრამ, აბა, დაიწყე და შემოიტანე საქართველოში ნავთობპროდუქტები?! ვერ შემოიტან, რადგან ყველა სეგმენტი დაკავებულია. ლართან მიმართებაში, მიუხედავად შეცდომებისა, „ეროვნული ბანკის“ პოლიტიკა მაინც გამართულია. თუ არ ჩავთვლით დიდ ჩავარდნას 2008 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ლარი ერთ დღეში 15 პროცენტით გაუფასურდა და 2010 წლის იანვარში 5-თეთრიან გაუფასურებას, ამჟამად პროცესი საკმაოდ ნორმალურად მიმდინარეობს. „ეროვნული ბანკი“ თავისი რეზერვებიდან მინიმუმ 50 მილიონ დოლარს ხარჯავს ყოველთვიურად და, თან, არ ცდილობს, რომ ლარის კურსი ხელოვნურად შეინარჩუნოს. თუმცა, იმას კი ცდილობენ, რომ მოახლოებულ არჩევნებამდე კურსი 1,8-მდე არ ავიდეს. მათ ადგილას მეც იმავეს გავაკეთებდი.

– ანუ, ლარის კურსის ვარდნის შეჩერებისკენ ძალისხმევა მხოლოდ არჩევნებამდე იქნება მიმართული და შემდეგ კურსი „გაიქცევა“?

– არჩევნები იმიტომ ვახსენე, რომ არჩევნებისას ვალუტის კურსის რყევის აღქმა უფრო მწვავეა. მაგრამ „ეროვნული ბანკი“ აბსოლუტურად სწორად იქცევა: ის მიდის დევალვაციაზე, იმიტომ რომ, ჩვენი ეკონომიკა კრიზისულია და დევალვაცია გარდაუვალია, მაგრამ, რეზერვების ხარჯზე, რომელიც მას აქვს, ცდილობს, პროცესი იყოს პროგნოზირებადი და ლარის კურსი 1,8-ს არ გადასცდეს.

– მაგრამ 30 მაისის შემდეგ გადასცდება აუცილებლად?

– ჭორიკნობასა და მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა, შესაძლებელია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არც გადასცდეს და ეს მოხდეს შემოდგომაზე, რადგან ეს პროცესი შემოდგომაზე უფრო ასატანია და, აი, რატომ: შემოდგომაზე, როგორც წესი, ფასები არ იზრდება, რადგან შემოდის სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სამომხმარებლო კალათაში ქართულ ეკონომიკაში წარმოებული პროდუქტების ხვედრითი წილი მატულობს. აქედან გამომდინარე, დევალვაციის მიშვება შემოდგომაზე უფრო ასატანია. მეორე მხრივ, რომც გადასცდეს ლარის კურსი 1,8-ს, ესეც არ არის კატასტროფა. ცუდი ის იქნება, თუ კურსი ნახტომისებურად შეიცვლება: დღეს რომ 1,78 გვაქვს, ხვალ 1,82 არ გახდეს. მე დღესაც ვერ გამოვრიცხავ, რომ მავანმა და მავანმა საკმაოდ არ იხეირა 2008 წლის 7 ნოემბერს ლარის ნახტომისებურად ვარდნისას. ვერაფერს ვიტყვი 2010 წლის იანვარზე, თუმცა, ერთ თვეში 5 თეთრით გაუფასურებაც არ არის კარგი, მაგრამ, ერთ დღეში ლარის 15-პროცენტიანი ვარდნა, უკვე დანაშაულია. მიუხედავად ამისა, ლარის შემოღების დღიდან, ხელისუფლების ყველაზე ჯანსაღი ინსტიტუტი მაინც „ეროვნული ბანკი“ იყო და არის, თუმცა პოპულიზმი არც მას აკლია. როდესაც „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი გამოდის და ბანკებს მოუწოდებს, დაწიეთ საპროცენტო განაკვეთიო, ეს უკვე პოპულიზმია.

– მერე რა, დაწიეს თუ რა, ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი?

– ვერც დაწევდნენ, რადგან მაშინ „ეროვნულმა ბანკმა“ უნდა შეცვალოს თავისი ინსტრუმენტები.

– პოპულიზმი იქით იყოს, მაგრამ, ხომ შეუძლია „ეროვნულ ბანკს“, ხელი შეუწყოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას?

– „ეროვნული ბანკი“ კერძო ბანკებს სხვადასხვა პარამეტრით უწესებს სხვადასხვა ნორმატივს. მას შეუძლია, შესთავაზოს ისეთი ნორმატივები, რომ კერძო ბანკებს ჰქონდეს პროცენტის დაწევის ლუფტი, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ბანკების საკრედიტო რესურსის ძირითადი წყაროა უცხოური ბანკები, იქ კი კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და სესხებზე პროცენტი ისევ მაღალია. ასე რომ, „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა რამდენიც უნდა ილაპარაკოს, დაწიეთ საპროცენტო განაკვეთებიო, ეს სასაცილოა, რადგან კერძო ბანკების მართვაში საგარეო ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საშინაო.

– ჩვენს ეკონომიკაზე დარდი არ გვეყოფოდა, ახლა მსოფლიო ეკონომიკის დარდიც დაგვემატა?

– სააკაშვილმა თქვა და მისი მთავრობის წევრებიც იმეორებენ, საქართველოში კრიზისი დასრულდა, მსოფლიოში კი გრძელდებაო და ეს მე მახსენებს ერთ ანეკდოტს: ქრისტიანი, იუდეველი და მუსლიმანი კამათობენ, ვისი ღმერთია უფრო ძლიერი. მუსლიმანმა თქვა, ჩემი ღმერთი ძალიან ძლიერია, ერთხელ ყველაფერი იბომბებოდა და ჩემს ღმერთს ვთხოვე, გადამარჩინეო. ამ დროს ცა გაიხსნა, მზის სხივი გადმოვიდა, ჩემ გარშემო წრე შეიკრა, წრის გარშემო ბომბები ცვიოდა, ხალხი იღუპებოდა, წრის შიგნით კი სიმშვიდე იყოო. ქრისტიანმა უთხრა, ჩემი ღმერთი უფრო ძლიერია, რადგან ერთხელ ოკეანეში ქარიშხალი ამოვარდა, ჩემს ღმერთს ვთხოვე, გადამარჩინეო. ამ დროს ცა გაიხსნა, მზის სხივი გადმოვიდა, გემს წრე შემოარტყა და არა მხოლოდ მე, მთელი გემი გადაარჩინაო. იუდეველმა კი თქვა, მე მგონი, ჩემი ღმერთი უფრო ძლიერია, რადგან ერთხელ, შაფათია, ჩემთვის მივსეირნობ, დავინახე ჩემოდანი, ღია და ფულით სავსე, მაგრამ, შაფათი იყო და ხომ ვერ დავიხრებოდიო, ამიტომ ჩემს ღმერთს შევთხოვე, მიშველე-მეთქი. ცა გაიხსნა, მზის სხივი გადმოვიდა, ჩემ გარშემო წრე შეიკრა, წრის გარეთ ისევ შაფათი იყო, წრის შიგნით კი კვირა დადგაო. ჩვენც ასე ვართ, წრის გარშემო, მთელ მსოფლიოში შაფათი და კრიზისია, ჩვენთან კი, წრეში, კვირა დადგა და კრიზისი დამთავრდა.


скачать dle 11.3