პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ობამას მამიდა ლეგალური ლტოლვილი გახდა
კენიის მოქალაქეს, 57 წლის ზეიტუნი ონიანგოს, რომელიც ბარაკ ობამას მამიდად ეკუთვნის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური ცხოვრების უფლება მიეცა. ამდენად, საბოლოოდ დაესვა წერტილი ხანგრძლივ სასამართლო დავას, რომელიც 2004 წლიდან მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც ზეიტუნიმ ამერიკის მთავრობას ოფიციალური თავშესაფარი სთხოვა. დევნილის ოფიციალური სტატუსის მიღებამდე, ზეიტუნი, რომელიც ბარაკ ობამას მამის ნახევარდაა, ამერიკის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობდა. ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სასამართლო სხდომებზე ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ბარაკ ობამა არ ჩარეულა მამიდისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საქმეში და მიმდინარე პროცესებისგან შორს ეჭირა თავი.
იანუკოვიჩის სკანდალურ ვიდეოს აკრძალვა ემუქრება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არაოფიციალურად აკრძალა ვიქტორ იანუკოვიჩის სკანდალური ვიდეოს ჩვენება უკრაინის ტელეარხებით. შეგახსენებთ, რომ ვიდეოზე ნაჩვენებია, თუ როგორ დაეცა იანუკოვიჩს თავზე, ძლიერი ქარის გამო, მის მიერვე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მიტანილი გვირგვინი. ამის შესახებ გაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება. გაზეთის მტკიცებით, უკრაინის რამდენიმე ტელეარხიდან, ადმინისტრაციის მოთხოვნით, ამოღებულ იქნა სკანდალური ვიდეოფაილი. მსგავსი შემთხვევა 2004 წელსაც მოხდა. იანუკოვიჩის მომხრეებმა მაშინაც აკრძალეს ვიდეოს ჩვენება, რომელზეც ჯერ კიდევ ოპოზიციონერ იანუკოვიჩს უცნობებმა კვერცხები დაუშინეს. მას კი თავში მოხვდა, რის გამოც გონება დაკარგა.
დიმიტრი მედვედევი „აიპოდის“ მფლობელი გახდა
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კომპანია „ეიფლის“ ახალი პროდუქციის მულტისენსორული პლანსეტური ეკრანის „აიპოდის“ მფლობელი გახდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, პრეზიდენტმა უკვე გადმოწერა ინტერნეტიდან რამდენიმე ელექტრონული წიგნი. დიმიტრი მედვედევი ცნობილია თავისი სიყვარულით „ეიფლის“ პროდუქციის მიმართ. იგი „აიფონის“ სმარტფონით სარგებლობს. გარდა ამისა, მას სამუშაო კაბინეტში „ეიფლის“ „ნოუთბუქი“ აქვს. აღსანიშნავია, რომ „აიპოდის“ გაყიდვა რუსეთში ოფიციალურად ჯერ არ ხორციელდება და მისი შეტანა რუსულ ბაზარზე არაოფიციალურად ხდება.
სილვიო ბერლუსკონიმ წიგნების წერა დაიწყო
იტალიურმა საგამომცემლო სახლმა „მონდადორიმ“, რომელიც სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის, გამოსცა წიგნი, რომელშიც შესულია ბერლუსკონის თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილი 50 ათასი მხარდასაჭერი წერილი. წიგნის სახელწოდებაა „სიყვარული ყოველთვის ამარცხებს ზიზღს და სიხარბეს“. წერილის ავტორთა უმეტესობა ადიდებს სილვიო ბერლუსკონის და მას ზეადამიანად მიიჩნევს. ერთ-ერთი ავტორი ითხოვს, რომ მთავრობამ მისი კლონირება მოახდინოს. ერთ-ერთი ქალბატონი კი წერს, სილვიო ბერლუსკონი ზეციდან გამოგზავნილი ანგელოზია, რომელიც იტალიას მფარველობსო. წიგნის ყდაზე 73 წლის სილვიო ბერლუსკონია გამოსახული, ხოლო წიგნის გასაყიდი ფასი 15 ევროა.
სარკოზის მუსლიმანი ქალები გაუნაწყენდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოუწოდებს მუსლიმან ქალებს არ გაუნაწყენდნენ, საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადრის ტარების აკრძალვის კანონის შემოღების გამო. სარკოზის თქმით, ჩადრის ტარება ფრანგი ერის შეურაცხყოფა, ქალის ღირსების შელახვა და საზოგადოებრივი წესრიგის დარვევის ტოლფასი დანაშაულია. პრეზიდენტის აზრით, ჩადრის ტარების აკრძალვამ არ უნდა გაანაწყენოს ფრანგი მუსლიმანი ქალები, რადგან ჩადრის ტარება ანგრევს იმ ფასეულობას, რასაც ჰქვია ქალის სახე. ამასთან პრეზიდენტმა დაამატა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მას ძალზე გაუჭირდა.
მედვედევის ჩაის ჭიქა „იბეიზე“ გაიყიდება
რუსეთის პრეზიდენტის ჩაის ჭიქა, რომელიც მას კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში ტრიბუნაზე, სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა, ინტერნეტ-აუქციონ „იბეიზე“ გაიყიდება. ჩაის ჭიქა, რომლიდანაც მედვედევი მწვანე ჩაის მიირთმევდა, კრემლიდან იყო ჩატანილი და ის შემთხვევით აღმოაჩინეს უკრაინელმა სტუდენტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჭიქის სასტარტო ფასი 125 დოლარია და სტუდენტები ვარაუდობენ, რომ მისი ფასი საგრძნობლად აიწევს. აუქციონი 25 ივნისამდე გაიმართება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს მედვედევის ჩაის ჭიქა. გაყიდვიდან შემოსული თანხის დახარჯვას სტუდენტები ქველმოქმედებაში აპირებენ.