კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში უნდა ვუჩივლოთ ჩვენი უფლებების დარღვევისთვის მაღაზიის მეპატრონეს და როდის არ არის ვალდებული გამყიდველი, გამოცვალოს პროდუქცია


თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტში არაერთხელ მოგვიკრავს თვალი იმ გაფრთხილებისთვის: „გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება“ და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ზოგჯერ შემოტყუებული და წუნიანი საქონელი სახლში დავიტოვოთ. სინამდვილეში კი, კანონი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ საპირისპიროს გვიმტკიცებს. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები, რომ არ დავზარალდეთ და დაარეგულირებს თუ არა ფასებს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ამაში უკეთ გაგვარკვევს ექსპერტი სამართლიან საკითხებში ასოციაცია „კანონი ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ზაქარია ქუცნაშვილი.


– ყველაფრის მიუხედავად, მომხმარებლები არ არიან კარგად გარკვეულნი თავიანთ უფლებებში. იქნებ, განვმარტოთ, რომელი კანონი იცავთ მათ და რამდენი ხანია, რაც ის ფუნქციონირებს?

– „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონი მიღებული იქნა 1996 წელს, ის უკვე თოთხმეტი წელია, რაც ფუნქციონირებს, მაგრამ მასზე ცოტას თუ ექნება წარმოდგენა. ზოგადად, თუ თითოეული ჩვენგანის უფლებები არ იქნა დაცული, მაშინ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობასაც, რადგან ზოგიერთი უხარისხო პროდუქტი სიცოცხლისთვის ნამდვილად საშიშია. ხსენებულ კანონს ბევრი ხარვეზი აქვს იმის გამო, რომ ჩვენ არ ვუერთდებით კონვენციას, რომლის მიხედვითაც, ემულგატორებით დამზადებული პროდუქციის იმპორტი იკრძალება ქვეყანაში. რაც შეეხება ყიდვა-გაყიდვით ურთიერთობებს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ნიუანსები, თუ ვის ეკისრება გაყიდვის ხარჯები. თუ თქვენ შედიხართ მაღაზიაში და გაყიდული პროდუქციის შეფუთვის ან პარკში მოთავსებისთვის გახდევინებენ ცალკე საზღაურს, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ ამბობს, რომ გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა მისი აწონა, გაზომვა და შეფუთვა, გამყიდველს ეკისრება, ეს კანონის დარღვევაა. ჩვენთან ამჟამად გაზომვისა და აწონის დროს ფულს არ ახდევინებენ, სამაგიეროდ, ხშირად შესაფუთავად ცალკე სექციაც კი არის გამოყოფილი და ეს მომსახურება ფასიანია. რაც შეეხება მყიდველის ხარჯებს, თუ ნაყიდი საქონლის ტრანსპორტირებაა საჭირო, ეს მომსახურება, ცხადია, ფასიანია.

– თითქმის ყველა სავაჭრო ადგილას მითითებულია, რომ გაყიდული საქონელი უკან არ ბრუნდება, თუმცა კანონში საპირისპირო რამ წერია – რომ მაღაზიას უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს წუნიანი საქონლის დაბრუნებაზე.

– გავრცელებული წარწერა, როგორიცაა „გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება“, – კანონშეუსაბამობაა. მხოლოდ ის ნივთი არ მიიღება უკან, რომელსაც ნაკლი არ აღმოაჩნდება. თუ დაკვირვებიხართ, ის ბრენდული მაღაზიები, რომლებიც კარგი სერვისით გვემსახურებიან, ცდილობენ, მომხმარებელს ადგილზევე შეუმოწმონ პროდუქცია ნაკლის აღმოჩენის მიზნით, მნიშვნელობა არ აქვს, ის ნაკლი ქარხნული წესით დამზადებისას წარმოიშვა, საწყობში დების თუ, სულაც, ტრანსპორტირების დროს. თუ, ვთქვათ, იყიდეთ კაბა ან კოსტიუმი და აღმოჩნდა, რომ სარჩული გარღვეულია ან რამე ნაკლი აქვს, ამ შემთხვევაში, ეს ნაკლი გამყიდველმა უნდა გამოასწოროს ან შეცვალოს ის ნივთი საამისოდ დადგენილ ვადაში. სამართალი უფრო ფართოდ იცავს მომხმარებელთა უფლებებს, ნაკლოვანი ნივთის მიტანის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია, არათუ ის ნაკლი გამოგისწოროს, არამედ, ტრანსპორტირებისა და ის ხარჯებიც აგინაზღაუროთ, რომელიც ზიანის გამო გასწიეთ. ისე კი, უპრიანი იქნება, მყიდველმა ადგილზევე კარგად დაათვალიეროს ნივთი, რომ შემდგომში ზედმეტი პრობლემები აღარ შეექმნას. კვების პროდუქტებთან მიმართებაში კი, კანონის თანახმად, პირდაპირაა ვალდებულება, რომ, თუ კონკრეტული პროდუქტები ჯანმრთელობისთვის უვნებელია, მწარმოებელმა საწარმომ უნდა მიუთითოს მისი ვარგისიანობის ვადა. საქართველოს ყველა მოქალაქე არ ფლობს უცხო ენას, ამიტომ იმპორტირებულ პროდუქტზეც უნდა იყოს ქართულად მინიშნებული მისი ვარგისიანობის ვადა. მავნე ნივთიერებების მქონე შემცველ პროდუქტზეც უნდა იყოს გაფრთხილება ამის შესახებ.

– ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ტანსაცმლის შეძენისას ადგილზე ვერ ხდება მისი გაზომვა, სახლში მიტანისას კი, ის სასურველი ზომის არ აღმოჩნდება. ასეთ დროს თუ არის გამყიდველი ვალდებული, გადაცვალოს?

– თუ თქვენ წამოიღეთ კაბა და მოგვიანებით აღმოაჩინეთ, რომ ის პატარა გაქვთ, მისი გადაცვლა მხოლოდ გამყიდვლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმიტომ, არსებობს მაღაზიაში მორგების პუნქტები, რომ მყიდველი ჩამოყალიბდეს თავისი არჩევნის სისწორეში. როცა ლაპარაკია ფასის დაკლებაზე, ეგრეთ წოდებულ შევაჭრებაზე, კანონში ამაზე წერია: თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას, საამისოდ მოცემული ვადის გასვლის მერე მას შეუძლია, მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად, მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისთვის არსებული ფასი, ანუ, კანონი პირდაპირ აძლევს მყიდველს უფლებას, მოითხოვოს ფასის შემცირება, სხვა შემთხვევაში ფასის შემცირების საფუძველი არ არსებობს, გარდა ნებაყოფლობითობისა. ესაა ფასის შემცირების სამართლებრივი საფუძველი, სხვა ყველა შემთხვევა უკვე გადადის ვაჭრობის კატეგორიაში და გამყიდვლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თავის საქონელს რა ფასად მიჰყიდის მყიდველს.

– თუ გამყიდველი არღვევს კანონს და გაყიდულ საქონელს უკან არ იბრუნებს, მაშინ როგორ მოვიქცეთ, არსებობს ურჩი გამყიდვლის დასჯის მექანიზმი?

– კანონის არცოდნა პასუხისმგებლობისგან ნამდვილად არ გათავისუფლებთ. ამ შემთხვევაში არსებობს მყიდველისთვის ნასყიდობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომ მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზარალის როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება. როცა გამყიდველი ჯიუტად არ იბარებს საქონელს უკან, მაშინ საქმის კურსში უნდა ჩააყენოთ მაღაზიის მეპატრონე და უთხრათ, რომ მათ სასამართლოში უჩივლებთ ან მიმართავთ ადამიანის უფლებათა დამცველს და მისი მეშვეობით აღიდგენთ შელახულ უფლებას. თუმცა, თუ ვერც მაღაზიის მფლობელს შეაგნებინეთ რამე, რა თქმა უნდა, მომხმარებელს რჩება ორი არჩევანი: ან ბედს შეეგუოს, ან სასამართლოს ძალით ამტკიცოს ის, რომ მას მოტყუებით მიასყიდეს ნაკლოვანი ნივთი. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ის ნივთი, რომელსაც წუნი არ აქვს.

– ბატონო ზაქრო, არის საუბარი, რომ კვლავ ძალაში შემოვიდეს ანტიმონოპოლიური სამსახური. რა დონეზე მნიშვნელოვანია ხსენებული კანონის ამოქმედება?

– კანონი „ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ“ მიღებულ იქნა 1997 წელს და გაუქმდა 2005 წელს, იგი ადგენდა კონკურენციის წესებს და მონოპოლიური საქმიანობის განსაზღვრებას, რაც, შეიძლება, გამოიხატოს მონოპოლიურ საქმიანობაშიც, როცა რომელიმე კონკრეტული კომპანია მარტო აწარმოებს, ვთქვათ, ავიაგადაფრენებს, სამშენებლო სამუშაოებს ან, სულაც, რძის პროდუქტებს. ეს კანონი, ფასის გარდა, იცავს საწარმოს საქმიანობასაც. მონოპოლისტი, ბაზარზე მისი დომინანტური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცდილობს, პროდუქციას დაადოს ის ფასი, რაც თვითონ აწყობს და ამით გამდიდრდეს. არსებობს ბიზნესში ისეთი გარიგებებიც, როცა ვიღაცა აწარმოებს პროდუქციას და ამის გამო ვერ ახერხებს ფუნქციონირებას, იზღუდება, რის შემდგომაც საწარმო გაკოტრების სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. პროდუქციის გაყიდვაზე ექსკლუზივი აქვს მონოპოლისტ კომპანიას, ის იჭერს ფასს, რომლის ქვემოთაც ბაზარზე ვერავინ გამოდის და ყველა ფასი მის ზემოთ იწყებს თამაშს. ასე რომ, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა იცავს ბიზნესსაქმიანობასა და ფასების რეგულაციას.

– თუ „ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება, სავარაუდოდ, გაუმჯობესდება იმ კომპანიის მდგომარეობაც, რომელიც კონკურენტი მონოპოლისტის გამო ვერ გამოდის ბაზარზე?

– თუ ეს კანონი სრულად ამოქმედდება, ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმენებს მიეცემათ საქმის დაწყების უფლება სხვა სფეროებშიც მაგრამ, მომხმარებელს მიეცემა კი იმის საშუალება, რომ კონკურენციის პირობებში თავად გააკეთოს არჩევანი, რომელ პროდუქტს მიანიჭებს უპირატესობას? ყველა ვარიანტში, კონკურენცია – ესაა მომხმარებლის უფლების დაცვისა და ბიზნესის განვითარების ყველაზე კარგი საშუალება.

– ჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში თუ არის ფასების დაკლების შესაძლებლობა?

– ბუნებრივი მონოპოლიების შემთხვევაში, როგორიცაა გაზი, ელექტროენერგია და ტრანსპორტი, ფასებს არეგულირებს სახელმწიფო, ყველა სხვა დანარჩენი კი, როგორიცაა, მაგალითად, ვაჭრობის, კვებისა თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დანიშნულების სფერო, გათავისუფლებულია ფასწარმოქმნის მოვალეობისგან. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კონკურენციის, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემთხვევაში, ხელი შეეწყობა პროდუქციის გაიაფებას, ობიექტური საექსპორტო კონტროლის შემთხვევაში შეიქმნება უკეთესი ბიზნესგარემო და დაითვლება ამა თუ იმ ქვეყანაში მუშაობის ეფექტურობა, თუ როგორია მომხმარებელთა და შრომითი უფლებების დაცვა, საგადასახადო წნეხი, ადმინისტრირების მექანიზმი და ასე შემდეგ. ხსენებული კანონის ამოქმედება, საქართველოში ბიზნესგარემოს რომ გააუმჯობესებს, ეს ცხადია.


скачать dle 11.3