სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1939 წელი
7 სექტემბერს ავღანეთის ქალაქ ყანდაღარში საბჭოთა დიპლომატიური მისიის ავტომობილს, რომელიც დედაქალაქ ქაბულში ბრუნდებოდა, ინგლისელების მიერ წაქეზებული შეიარაღებული ხალხი დაესხა თავს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.
8 სექტემბერს იტალიის ქალაქ მილანში, მუსოლინის პირადი დაცვის ეგრეთ წოდებულმა „შავრაზმელებმა“ ებრაულ კვარტალში რეიდი მოაწყვეს და 19 ებრაელი დახოცეს, 15 ტყვედ წაიყვანეს და 3 მილიარდი ლირის ღირებულების ძვირფასეულობა კი გაიტაცეს.
9 სექტემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დისლოცირებული „ესესის“ ყაზარმას ანტიფაშისტური იატაკქვეშა დაჯგუფების „წითელი ვარსკვლავის“ საბრძოლო ჯგუფი დაესხა თავს. მათ 41 ჯარისკაცი დახოცეს, 23 დაჭრეს და მიიმალნენ.
10 სექტემბერს რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მოტომსროლელთა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა: 20 წლის სამხედრო მოსამსახურემ, ვინმე ანტონ კოზლოვმა, რომელიც არყით იყო გალეშილი, ტყვია-წამლის საწყობს ავტომატის ჯერი გაუხსნა, და ააფეთქა, 180 ადამიანი დაიღუპა.
12 სექტემბერს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა ქალაქ ბელფასტში დისლოცირებულ სპეციალურ საპოლიციო დანაყოფს ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი, 300 ადამიანი მოკლეს და 8 მძიმედ დაჭრეს.
60 წლის წინათ – 1949 წელი
8 სექტემბერს ნიუ-იორკში 41 წლის სტაფორდ სლიმი დააპატიმრეს და 17 ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. პროფესიით ცურვის მწვრთნელი სლიმი სერიული მკვლელი იყო და პოლიცია მას სამი წლის განმავლობაში ეძებდა. სლიმი ადამიანებს იტაცებდა და ტყავს აძრობდა, რომელსაც ახმობდა და ინახავდა, სხეულს კი სხვადასხვა ადგილებში მარხავდა. მანიაკი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
9 სექტემბერს ქალაქ ჩიკაგოს ცათამბჯენიდან ერთ-ერთი სექტის ხუთი წევრი გადმოხტა, რომლებიც ბეტონის ფილაქანზე დაენარცხნენ და სული განუტევეს. სექტანტები ნარკოტიკებით იყვნენ გაბრუებულები და, როგორც მათ მიერ დატოვებული წერილიდან გახდა ნათელი, ცაში უნდა აფრენილიყვნენ.
10 სექტემბერს შოტლანდიის ქალაქ ედინბურგის ერთ-ერთ სტადიონზე, მესამე ლიგის საფეხბურთო მატჩის დროს ტრიბუნა ჩაინგრა და მაყურებელი მოიყოლა ქვეშ. ამ ტრაგედიას 68 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 117 დაშავდა.
11 სექტემბერს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის პორტში ნავთობით დატვირთული ტანკერი აფეთქდა, რომელმაც დიდი ნგრევა გამოიწვია და 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
13 სექტემბერს მოსკოვში 41 წლის იური იგნატიევი დახვრიტეს. იგნატიევი პროფესიით ელექტრომექანიკოსი იყო. მას 20 ადამიანი ჰყავდა მოკლული. მანიაკი იგნატიევი მსხვერპლს საკუთარ სახლში იტყუებდა და ათრობდა. შემდეგ აშიშვლებდა, აბამდა, სხეულზე წყალს ასხამდა, მავთულებს უერთებდა და მაღალი ძაბვის დენით წვავდა.
გვერდი მოამზადა
ლევან გიორგაძემ