მე თვითონ!
გუგულებივით ცხვრები
ევროკავშირმა საბერძნეთის დახმარება გადაწყვიტა, იმ პროზაული მიზეზით, რომ კრიზისული ბერძნული ეკონომიკის წყალობით, ევროს წყალი შეუდგა და ამიტომაც სულ მალე წარღვნა მთელს ევროკავშირსაც წაიღებდა. ერთი ისაა, რომ თავად საბერძნეთში საპროტესტო გამოსვლები მაინც არ ცხრება. ვერც დაცხრება, რადგან კრიზისის გამო მთავრობამ ხისტი სოციალური პროგრამები შეიმუშავა, რაც, ისედაც კრიზისში მყოფი მოსახლეობის თქმით, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. საბერძნეთის მთავრობა თავის გასამართლებლად განმარტავს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ეკონომიკური დონორები დასახმარებლად თანხებს არ მისცემენ. ხოლო ხსენებული დონორები, თავის მხრივ, განმარტავენ, რომ საბერძნეთის მთავრობას არაფერსაც არ აიძულებენ. ასეა თუ ისე, ბერძნები (შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცივილიზაციის დემოკრატიის აკვანი, მართლაც, ძველ საბერძნეთში დაირწა) არ აპირებენ მთავრობის სოციალურ ზეწოლასთან შეგუებას. მეორე მხრივ, მართალია, რუმინეთს დემოკრატიის აკვნობას ვერ დავწამებთ, მაგრამ სოციალური პროტესტი იქაც ძლიერდება. კრიზისის გამო რუმინეთის ხელისუფლებამ პენსიის 15 პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა (რუმინელი პენსიონერები ჩივიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში იმიტომ ვიმუშავეთ, რომ სიბერის გვეშინოდესო?!). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი პენსიონერები (განა მარტო პენსიონერები?!), მთელი ცხოვრება ვირებივით ნამუშევრები, გროშ-კაპიკებზეც მადლიერები არიან, ამას გარდა, ძეხორციელმაც არ იცის, ვინ და რაში ხარჯავს ვალად აღებულ თუ ნაწყალობევ თანხებს, უდავოა, რომ ამ საყოველთაო არეულობის ფონზე გუგულებივით ცხვრების შთაბეჭდილებას ვტოვებთ. ჰოდა, რაკი ვტოვებთ, რატომ ვაწვალებთ სამართალდამცველებს, პროფილაქტიკის მიზნით, დილა-საღამოს თვითონ ვირტყათ ხელკეტები, დანდობილად, ოღონდ – დამიზნებით.