„ტეხავს“ და „ასწორებს“
ყორემოშლილები
რაკი მთელ დანარჩენ სამყაროში „შაფათია“ (განმარტება იხ. ჟურნალი „თბილისელები“, გვ. …, ლადო პაპავასთან ინტერვიუს ფინალში), ჩვენთან კი უკვე კვირა დადგა, აღმშენებლობაც ძალუმად და მჩქეფარედ გრძელდება. არა მხოლოდ გრძელდება, სამუშაო ადგილებსაც ქმნის, თუმცა დროებითს და მუშისას, მაგრამ, „როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია“. რაკი აღმშენებლობის ძირითადი ქვაკუთხედი გზები, ხიდები და ესტაკადებია, ოპონენტები „ტანზე იხევენ“ – ხელისუფლება ფულს „ტეხავსო“. მაგრამ, „ტეხავს“ თუ „ასწორებს“, რაკი გზებიც, ხიდებიც და ესტაკადებიც ცვდება (თან, თუ ოპონენტებს ვერწმუნებით, უხარისხოდაა ნაგებიო, უფრო მალეც გაცვდება), ესე იგი, თვით ამ უხარისხობაშიც კი მომავალზე ზრუნვაა ჩადებული: რომ გაცვდება მის აღდგენას კვლავაც სამუშაო ადგილების გაჩენა მოჰყვება (ამიტომაცაა, ყველა საქმეს რომ ცოდნა უნდა!). ამ მიმართულებით, აქტივობა რეგიონებშიც შეიმჩნევა, მაგალითად, „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა 26 მაისის ქუჩის მოასფალტების წინა მოსამზადებელ სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს“. თანაც, კასპში არა მხოლოდ უნდა მოაასფალტონ, სანიაღვრე არხებიც უნდა მოაწყონ და საფეხმავლოებიც. მართალია, პოსტვარდების რევოლუციური გამოცდილებით, ჯერ გზას აგებდნენ და, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ამის შემდეგ ახსენდებოდათ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოვლა-პატრონობა, მაგრამ, კასპში საქმე სულ სხვაგვარადაა, სახელდობრ, 26 მაისის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები 2009 წელს უკვე მოწესრიგდა.
ერთი სიტყვით, ამ ჩვენმა სამშობლომ არა მხოლოდ გაასწრო „შაფათში“ ჩარჩენილ დანარჩენ სამყაროს, არამედ სწორედ ჩვენს მოხელეებზე ითქმის, თუ ითქმის, რაიონის ისეთი მუჭუჭები ბრძანდებიან, რომ დასაგები რომ აღარაფერი ექნებათ, ყორეს დაანგრევენ და თავიდან ამოიყვანენ!