არის თუ არა შალვა რამიშვილი გამწარებული და დაბოღმილი და ვინ იჩენს მის მიმართ სიფრთხილეს
შალვა რამიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგი ცხოვრება და აქტივობები ბევრს სულ სხვა მიმართულებით ეგონა, რომ წარიმართებოდა. თუმცა, პოლიტიკურ და საპროდიუსერო საქმიანობას შორის მან მეორე არჩია, რაც მისივე აზრით, არცთუ ურიგოდ გამოსდის. შალვა რამიშვილი, თავისი უამრავი, საინტერესო თავგადასავლით სავსე ცხოვრებაში, ბევრ რამეში იყო პირველი და არც ახლა არღვევს ტრადიციას, ის პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს შექმნის.
შალვა რამიშვილი: მულტფილმის მაყურებლები ძირითადად ბავშვები არიან და მგონია, რომ ბავშვები აუცილებლად წავლენ სრულმეტრაჟიანი ქართული მულტფილმის სანახავად, მით უმეტეს, რომ ის აუცილებლად მაღალი ხარისხის იქნება. შეიძლება, იმ ხარისხის არ იყოს, რა მულტფილმებსაც ამ ბოლო დროს კინოთეატრებში გვიჩვენებენ, მაგრამ ისეთი კი იქნება, რასაც, ვთქვათ, რუსეთი, პოლონეთი გვიჩვენებს.
– იდეა საიდან გაჩნდა?
– ისე მოხდა, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, ყოველთვის ძალიან დიდი რაოდენობით ანიმაციას ვაკეთებდი და ვაკეთებთ. „სამსონაძეები“ ოთხმოცი წუთი კეთდება თვეში. მნიშვნელობა არ აქვს ის რა ტიპისაა – ანიმაცია ანიმაციად რჩება. შრომის ორგანიზებისა და მსგავსი წესები, ნებისმიერ შემთხვევაში, უცვლელი რჩება. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა საახალწლო, სრულმეტრაჟიანი ფილმი-ზღაპარი. ჯერჯერობით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მოქმედება იქნება მომავალ დროში და ასევე დატვირთული ქართული ხალხური ზღაპრის ელემენტებით. მეტს ვერაფერს გეტყვით, სამწუხაროდ. ფილმის სცენარი თავად დავწერე და დამდგმელი მხატვარი ზალიკო სულაკაური გახლავთ, რომელიც თავის გუნდთან ერთად იმუშავებს.
– რატომ მაინცდამაინც ზღაპარი, როდესაც სარკასტული, იგავ-არაკული ტიპის მულტფილმების კეთების დიდი გამოცდილება გაქვს?
– ზღაპრები ყოველთვის მომწონდა, ზღაპრებზე ვარ გაზრდილი და მთელი ჩემი ცხოვრება ზღაპრებს არ ვაკეთებდი?! ოღონდ დიდებისთვის (იცინის). მგონია, რომ როგორც ქართული ხალხური, ისე სხვა ქვეყნების ხალხური ზღაპრები უამრავ მოტივს იძლევა. ეს ზღაპრები – შედევრები ინტერპრეტაციისა და ადაპტირების უამრავ საშუალებას იძლევა. მგონი, საინტერესო იქნება, როგორ ადაპტირდება ქართული ხალხური ზღაპრები მომავალ დროში, როგორ მოერგება თანამედროვეობას და ჩვენს ხედვას მომავალზე და მოეწონება თუ არა ის ოცდამეერთე საუკუნის ბავშვს. ნებისმიერი საუკუნის ბავშვს მოსწონს ერთი და იგივე, უბრალოდ დროთა განმავლობაში ზღაპრის მოწოდების ფორმები იცვლება. ჩემი აზრით, ჩვენი მცდელობა წარმატებული იქნება.
– მთავარ გმირზეც ვერაფერს მეტყვი? რობოტი იქნება ის თუ ადამიანი?
– ზღაპრული გმირი იქნება (იცინის). ფილმში იქნებიან რობოტებიც, ზღაპრული სამყაროს გმირებიც და ადამიანებიც. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, პერსონაჟები უკვე თითქმის შექმნილია, მუსიკალური თემაც გამოძებნილი. ასე რომ, საახალწლოდ ახალი მულტფილმის პრემიერა გველოდება.
– პარალელურად, მუშაობ „სამსონაძეებზე“.
– კი, უკვე რამდენიმე თვეა და ამ პროექტმა გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე ველოდით. როგორც ჩანს, იმ ქვეყანაში საიდანაც მხოლოდ ომის ამბები მოდიოდა, გაჩნდა სიგნალი, რომ იქ მცხოვრებ ხალხს დასავლური კულტურა მოსწონს, დასავლური მასკულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშის მეტ-ნაკლებად ადაპტაცია მოახდინა. მეტ-ნაკლებად, რადგან „სიმფსონებამდე“ ბევრი გვიკლია. შესაბამისად, მთელი მსოფლიო დაინტერესდა. მულტსერიალების კეთების გამოცდილება ნამდვილად მაქვს და რატომ არ უნდა გაკეთებულიყო ის ქართულ ხალხურ ოჯახზე?! მგონია, რომ ტიპურ ქართულ ოჯახს სამსონაძეები გვანან. აქტიური ცოლი და ბედოვლათი ქმარი ქართული სინამდვილისთვის აპრობირებული სქემაა. თან ახლა ფემინური ერა მოდის, ქალები ძალიან მომძლავრდით და ჩვენ – მამაკაცები ცოტა ვიჩაგრებით. ეს სქემა უკვე გათამაშებულია.
– ვისაც უნდა თავს იჩაგრავს, მოდი, ასე ვთქვათ, ჩვენ თქვენ არ გჩაგრავთ.
– ცხოვრება გვჩაგრავს (იცინის). აბსტრაქტულად ვიტყვი, ქალებს რომ არ გეწყინოთ. გვჩაგრავთ, აბა, რას აკეთებთ. მოხვედით აქ, დამაყენეთ, სურათები გადამიღეთ, ასე დადექი, ისე დადექი. ფოტოგრაფიც ქალი იყო. არადა, ადრე კაცი ფოტოგრაფი მოდიოდა ხოლმე. დამაყენა და სახეები მიმაღებინა (იცინის). რეალურად კი, მართლაა ეს ტენდენცია. ჩვენ ხომ ცალკეულ ინდივიდებზე კი არა, სქემებზე ვსაუბრობთ. ფაქტია, რომ ქალის როლი ქართულ საზოგადოებაში გაცილებით გაიზარდა, უფრო მეტად გახდა შემომტანი და აქედან გამომდინარე, მეტი თავისუფლებაც უნდათ. ძველი დოგმები და ტრადიციები წარსულს ბარდება, რაც თავისთავადი პროცესია. მაგრამ, ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ახალგაზრდა ქალები გაცილებით მეტ დამოუკიდებლობას მოიპოვებენ, მეტად სიცოცხლისუნარიანები იქნებიან.
– რატომ გახდა ოჯახის თემა ამ ეტაპზე შენთვის პოლიტიკურ „დარდუბალაზე“ მნიშვნელოვანი?
– ვფიქრობ, რომ პოლიტიკაზე საუბარი ახლა არასწორი იქნება. ჩვენ ქვეყანაში არსებობს მმართველი გუნდი და, პრაქტიკულად, არ არსებობს ოპოზიცია და ეს არ არის მმართველი გუნდის ბრალი. ეს იმ ადამიანების ბრალია, ვინც ქვეყნის გადარჩენას იჩემებს. ისე თვალნათელია ზოგიერთის უთავმოყვარეობა და უსინდისობა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას „უძვრება“ და დანარჩენების არაპროფესიონალიზმი, რომ შეუძლებელია ამან ვითარება შეცვალოს. რა არის პოლიტიკა? – სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მცდელობა ხალხზე გავლენის მოსაპოვებლად. აქ არანაირი ჯგუფი არ არსებობს, მათ ან არ უნდათ ან არ იციან როგორ აკეთონ პოლიტიკა. შესაბამისად, ახლა საქართველოში იმ მიმართულებით მუშაობა, რაც „დარდუბალას“ დროს იყო, არასწორი მგონია. იქ იყო ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა. ასე მწამდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც პროგრესს განასახიერებდნენ, ასე ჩანდა, ყოველ შემთხვევაში. ახლა კი, ეს ჩემთვის საინტერესო აღარ არის, რადგან არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებას ჯობია.
– შესაბამისად, კრიტიკაც არ ღირს?
– არ ვიცი. შეიძლება შევიცვალე კიდეც. ნაკლებად ავანტიურისტი გავხდი, მაგრამ პრაგმატულობა მკარნახობს, რომ როდესაც შენი მოქმედებით ხელისუფლების დასუსტებას იწვევ, ადეკვატურად ვიღაცის გაძლიერებას უწყობ ხელს. აქ ზუსტად უნდა გათვალო, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გადატრიალებას მოვახდენ. მაგრამ, არ მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ხელისუფლებაში იმ ხალხის მოყვანაში, ვისაც ეს არ ეკუთვნის. მიმაჩნია, რომ ახლა საკუთარი პროფესიონალიზმის გაზრდის და მსოფლმხედველური პრობლემების მოგვარების დროა. იმ ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა უნდა მეკეთებინა, ორი გზა იყო – პოლიტიკა ან ისევ შოუ-ბიზნესი. იმის გამო, რომ შეწყალება არ დავწერე და ჩემი სიმართლის დამტკიცებას ახლაც სტრასბურგში ვცდილობ, ჩემი აქტიურობა არ მინდოდა ისე გამოჩენილიყო, რომ თითქოს ვიღაცაზე გამწარებული და დაბოღმილი ვარ. იმ წლებს ცოტა ფილოსოფიურად მივუდექი და ახლა ჩემს ოთხწლიან თავგადასავალს სხვა კუთხით ვუყურებ. მზად ვიყავი და ვარ, რომ იგივე საქმიანობას დავბრუნებოდი, რომელსაც აქამდე ვაკეთებდი. ეს სატელევიზიო ბიზნესია. თუმცა, იმ კონკრეტულ გადაცემაში, სადაც ვმუშაობდი, უბრალოდ, საკუთარი თავი ამოვწურე.
– თუმცა, იყო საუბარი, რომ შალვას რეიტინგი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა და ამიტომაც შეცვალეს გადაცემის წამყვანი.
– რა თქმა უნდა, რეიტინგი, როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩანს, მზარდია, მაშინაც კი თუ მისი პოპულარობა უარყოფითია. ეკრანი რეიტინგის გაზრდის საოცრად მძლავრი იარაღია. შოუს წამყვანობას კიდევ ცალკე მაგია აქვს. ის მთელ სივრცეს განაგებს, ის მხოლოდ სტუდიაში კი არ არის წამყვანი – ოჯახებში შედის, ხალხს გარკვეულ მიმართულებას აძლევს, ზემოქმედებას ახდენს. ამიტომაც არის, რომ შოუს წამყვანი უდიდესი ქარიზმით უნდა გამოირჩეოდეს. მიმაჩნია, რომ ეს გამომდის, მაგრამ იმ კონკრეტულ გადაცემაში საკუთარი თავი ამოვწურე. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ჩემი მეგობრები მუშაობენ და დღემდე ძალიან მომწონს.
– არ გენატრება ეს ყველაფერი?
– ეთერი კი, რა თქმა უნდა. ეთერის „ლომკა“ ეთერიდან წასულ ადამიანებს ყოველთვის აქვთ. (იცინის) ამ ეტაპზე სიამოვნებით წავიყვანდი გასართობ შოუს – „ნაით შოუს“ მსგავს პროექტს. გადასარევი იქნებოდა. ახლა პოლიტიკის მიღმა საზოგადოებაში ისეთი საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, როგორიცაა რელიგიური დაპირისპირება, სოციალური ინსტიტუტების რღვევა – საინტერესო თემებია სასაუბროდ.
– ფიქრობ, კიდევ დაგითმობენ საეთერო დროს?
– როგორ გითხრათ?! ჩემს პერსონაჟს ყოველთვის ახლდა გარკვეული სკანდალები, ზოგჯერ ჩემდაუნებურად, ხშირად სპეციალურად პროვოცირებული. ეს გარკვეულ სიფრთხილეს უჩენს ადამიანებს ჩემთან დამოკიდებულებაში. შემიმჩნევია ეს. არის ასეთი აზრი, რომ არ იცი, მისგან რას უნდა ელოდო! თუმცა, ვფიქრობ, ჩვენს ბიზნესში მოღვაწე ადამიანი ასეც უნდა იყოს. არ მესმის, რას ნიშნავს არაპროგნოზირებადი ადამიანი. ფსიქიკურად შეშლილი არ ვარ, პროფესიულ დისციპლინას ვემორჩილები და თუ როგორც წამყვანი არაპროგნოზირებადი ვარ, ეს პირიქით, ამ საქმეში გადასარევია. ამის გამო, თავში აგური არავის ჩაურტყამს.
– ნაკლებად ავანტიურისტი გავხდიო, თქვი. რა შეცვალა იმ ოთხმა წელმა შენს ხასიათში?
– ოთხი წელი მკვდარი ვიყავი და შესაბამისად, ბევრი რაღაც შეიცვალა. პირველი სამი თვე, საშინლად განვიცდიდი, მერე ოდნავ შევეგუე. შეგუების შემდეგ კი, უკვე ბევრი რაღაც იცვლება, მართალია ნიუანსები, მაგრამ იქ მყოფთათვის ძალიან მნიშვნელოვანი. ციხეში ნებისმიერი ახალი მედდის ვიზიტი ისე მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება, ლექსიც მიუძღვნა. როდესაც გადავწყვიტე, რომ მოვკვდი, უკვე მერე აღმოვაჩინე, თურმე კარგი რაღაცეებიც ხდება, ვსუნთქავ, ვკითხულობ. იმ გადმოსახედიდან, რომ მოვკვდი, ბევრი პლუსი გაჩნდა. გააჩნია, სად გაავლებ თამასას. მერე უკვე იოლია. ამბობენ, ადამიანზე შემგუებელი არსება არ არსებობსო, ნებისმიერ კლიმატურ პირობებს, ნებისმიერ ვითარებას ვეგუებით, ვიგონებთ თავდაცვის საშუალებებს. პარაზიტებივით ვართ. კოსმოსშიც ვართ და უცხო პლანეტაზეც. როდესაც იქიდან დაბრუნდები, მეტი შინაგანი ძალა გაქვს, ნაკლებად ხარ ემოციებით დატვირთული და გადასარევად ცნობ ადამიანებს. იქ სწავლობ დაკვირვებას, რადგან შენი იქაური ცხოვრება დამოკიდებულია შენს მობილიზაციაზე, რასაც ინტელექტი სჭირდება, ასევე იმაზე, ცნობ თუ არა ადამიანებს. მერე ეს უკვე ჩვევაში გადადის.