კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ავგიორგი და რას შეეწირა ის


ავგიორგიმ სულ რამდენიმე წელი იმეფა კახეთის ტახტზე. მისი შეპყრობისა და სიკვდილის შემდეგ ქართლის მეფე დავითი გადავიდა კახეთში და გააერთიანა ქართლ-კახეთი. ქართლ-კახეთის ახალ მეფეს გააზრებული ჰქონდა, რომ ავგიორგის ძის სრულწლოვნობის შემდეგ, მას ახალი მოწინააღმდეგე გაუჩნდებოდა ლევან უფლისწულის სახით. ამიტომ, კახეთში მისი ძმა, ბაგრატი გააგზავნა შესაბამისი ზომების მისაღებად. თუ როგორ მოატყუა უფლისწულის გამზრდელმა მეფის ძმა და სიცოცხლე შეუნარჩუნა ლევან გიორგის ძეს, ამას დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს.


– საქართველოში ბევრი მეფე ყოფილა, რომელთაც ზედმეტი სახელები ჰქონიათ, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეს ზედმეტი სახელი უარყოფითი სახის არის. ეს არის ავგიორგი. მეფე, რომელიც 1511-1513 წლებში მეფობდა კახეთის სამეფოში. მისი მამა ალექსანდრე პირველი, ძალიან ჭკვიანი მეფე და კარგი პოლიტიკოსი გახლდათ. ახერხებდა კახეთში სიმშვიდის შენარჩუნებას, საერთო ენის გამონახვას ყველა მებრძოლ მხარესთან, ოსმალეთი იქნებდა ეს თუ ირანი. თუმცა ალექსანდრე პირველს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოჯახში.

– რა იყო ამის მიზეზი?

– ალექსანდრე პირველის უფროსი ვაჟი – გიორგი მამას ეპაექრებოდა, ეჭვი ჰქონდა რომ მას უმცროსი შვილი დიმიტრი უფრო მეტად უყვარდა და მას ამზადებდა ტახტისთვის. გარდა ამისა, გიორგიმ, მაშინ ჯერ კიდევ ავგიორგი არ ერქვა, რამდენჯერმე ილაშქრა ქართლში. ერთხელაც, მორიგი ლაშქრობის წინ, მამასა და შვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ალექსანდრემ შვილს უთხრა, რომ არ შეიძლება ასე ქართლში ლაშქრობა. მართალია, ის ცალკე სამეფოა, მაგრამ საქართველოა და ეს ბრძოლაც ქართველებს შორის ურთიერთბრძოლააო. ეტყობა, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც გიორგის მოთმინების ფიალა აავსო და მან მოკლა მამა, უმცროს ძმას თვალები დასთხარა და ის, ოჯახთან ერთად, კახეთიდან გააგდო. თვითონ კი კახეთის ტახტი დაიკავა. ამის გამო, ცხადია, მას დაერქვა ავგიორგი.

ავგიორგიმ გააგრძელა ბრძოლა ქართლის წინააღმდეგ. ქართლის მეფე ამ დროს არის დავით მეათე. მან ვერაფრით შეძლო ავგიორგის გამკლავებოდა. მაშინ ავგიორგისთან ბრძოლა დავითის ძმამ ბაგრატმა ითავა. რომელსაც გადაეცა მუხრანი და სათავე ჩაეყარა მუხრანბატონთა შტოს.

– როგორ განახორციელა ბაგრატმა კახელ მეფესთან ბრძოლა, ანუ ის, რაც ითავა?

– ერთ-ერთი მორიგი შემოსევის დროს, ავგიორგიმ ალყა შემოარტყა ციხეს, რომელშიც ბაგრატი იყო გამაგრებული. ციხის აღება გაჭირდა. ალყა გაგრძელდა და ეტყობა, ავგიორგიმ სცადა, ბაგრატი და მისი მეციხოვნენი მორალურად გაეტეხა. ამიტომ, ციხეში ერთი ხელადა ღვინო შეუგზავნა. თან შეუთვალა: მართალია, მტრები ვართ და ერთმანეთს ვებრძვით, მაგრამ მეფის ძმა ხარ – ბაგრატიონი, სამეფო გვარის კაცი და ახლა, ეტყობა, მანდ წყურვილით კვდები. ამიტომ, გიგზავნი ერთ ხელადა ღვინოსო. ეს ღვინო მიიღეს ციხეში და იქიდან, ანუ ალყაშემორტყმული ციხიდან გამოუგზავნეს ახლად დაჭერილი თევზი, ასეთი სიტყვებით: შენ უკვე რამდენი დღეა, აქა ხარ, მდინარე ქსნის ნაპირებთან დგახარ და აქამდე აქაური თევზი არ მიგირთმევია, ამიტომაც გიგზავნიო. ცხადი იყო, ასეთ ვითარებაში, ციხიდან ახლად დაჭერილი თევზის გამოგზავნა, იმას ნიშნავდა, რომ ალყაში მოქცეულებს გასასვლელი ჰქონდათ მდინარეზე. ანუ, ციხის აღება შეუძლებელი იყო და ავგიორგიმ ალყა მოხსნა. ეს ჩვენი ისტორიის საინტერესო მომენტია (ამ ციხეს ხალხში სხვა სახელიც დაერქვა, რომლის ხსენებაც აქ არ არის მისაღები).

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– 1513 წელს, როგორც იქნა, ბაგრატმა შეიპყრო ავგიორგი. ის, ქართლში ერთ-ერთი მორიგი ლაშქრობის შემდეგ, უკან ბრუნდებოდა და ნადირობა-ნადირობით მოუყვებოდა გზას, მცირე ამალით. ბაგრატი ჩაუსაფრდა და შეიპყრო. ჩასვეს ციხეში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. უფრო სწორად სადავო საკითხია ავგიორგი გარდაიცვალა თუ მოკლეს.

– ამის შემდეგ ვინ ავიდა კახეთის ტახტზე?

– ავგიორგის დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი ლევანი. როგორც კი ავგიორგი შეიპყრეს, ქართლის მეფე დავითი გადავიდა კახეთში და შემოიერთა. ასე გახდა ქართლ-კახეთის მეფე, მაგრამ, დავითს ყოველთვის ეშინოდა, რომ გიორგის ვაჟი, ლევანი გაიზრდება და ერთ დღეს კახელი დიდგვაროვნები მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებდნენ. ამიტომ, გადაწყვიტა, ლევანი ხელში ჩაეგდო. ეს საქმეც დავითმა თავის უმცროს ძმას ბაგრატს დაავალა.

– როგორ მოიქცა ბაგრატი?

– ბაგრატი ქსნის ერისთავის თანხლებით ჩავიდა კახეთში, გაიკითხ-გამოიკითხა ლევანის ასავალ-დასავალი და შეიტყო, რომ უფლისწული გადამალული ჰყავთ თავად გარსევან ჩოლოყაშვილთან. ბაგრატი პირდაპირ ეწვია გარსევანს. ჩოლოყაშვილმა, რა თქმა უნდა, სუფრა გაუშალა მეფის ძმას, დაიწყო ნადიმი და როდესაც შეზარხოშდნენ, მასპინძელმა უთხრა სტუმარს: რა თქმა უნდა, თქვენი წვევა ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ მაინც რატომ შეწუხებულხართო? ბაგრატმა უპასუხა: გავიგეთ, რომ შენთან არის უფლისწული ლევანი და მოვედით, რომ წავიყვანოთ. ის მეფის შვილია და სათანადო წესით აღზრდას საჭიროებსო. ჩოლოყაშვილმა სტუმარს, უთხრა – მოგატყუესო. თან, დაიფიცა, რომ სასახლეში დამალული არავინ ჰყავდა და უთხრა: ამის დასამტკიცებლად კი ამწუთას სასახლეში ვინც იმყოფება ახლავე აქ შემოვიყვანო. მართლაც, ასე მოიცა, ოჯახის წევრებიდან დაწყებული, გლეხებითა და შინამოსამსახურეებით დამთავრებული დარბაზში შეიყვანა და დაიფიცა, რომ ამ ხალხის მეტი სასახლეში არავინ არისო. ბაგრატი ლევანს სახეზე ვერ იცნობდა, მაგრამ ამ ხალხში 7-8 წლის მეფის შვილის მსგავსი ვერავინ აღმოაჩინა. ბოლოს თქვა, აქ არ არის მეფის შვილი და ეტყობა, მომარტყუესო. არადა, საინტერესოა, რომ ლევან უფლისწული ნამდვილად სასახლეში გახლდათ. ის არა მარტო იქ იყო, პირველი წუთებიდანვე დარბაზში იმყოფებოდა, გლეხის სამოსი ეცვა და მერიქიფეობდა. იდგა ბაგრატის უკან. ჩოლოყაშვილი ეშმაკი კაცი იყო. როგორც კი შეიტყო, რომ მეფის ძმა კახეთს გამოემართა, მისთვის ცხადი გახდა, რომ ლევანის წასაყვანად მოდიოდნენ. იფიქრა, უფლისწულის დამალვას აზრი არ აქვსო და ამიტომ, ასეთი საოცარი გამოსავალი მოძებნა.

– ამის შემდგომ რა მოხდა?

– როდესაც ლევანი წამოიზარდა, 1518 წელს ის კახელებმა მეფედ აკურთხეს და ქართლ-კახეთის სამეფო ისევ დაიშალა.


скачать dle 11.3