კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ემეტებათ მილიონერი მამაკაცისთვის თამუნა მუსერიძე და რა კვალი დაუტოვა მას სხეულზე „კრიმინალურმა“ წარსულმა


ამბობენ, ქალისთვის მთავარი ბედნიერება დედობააო. თამუნა მუსერიძემ ეს ბედნიერება 24 წლის ასაკში შეიგრძნო. მართალია, ცხრა თვის უსაყვარლეს, მოუსვენარ და ულამაზეს ალექსანდრეს მარტო ზრდის, მაგრამ მაინც ბედნიერია. თამუნას საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვს, ის რადიო „ფორტუნა პლუსის“ დიჯეი და ბარ „რვა ნახევრის“ ფიარმენეჯერია. ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, თითქოს ის მესამედ აპირებს გათხოვებას, იმასაც ამბობენ, თითქოს მას ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ჰქონდა ურთიერთობა და მისგან შვილიც ჰყავსო. მოკლედ, ამ ჭორების გადამოწმება თავად თამუნასთან გადავწყვიტეთ.


თამუნა მუსერიძე: აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, ვზრდი შვილს, თან ვმუშაობ და ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, ყველაფერში მეყოს.

– ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა წარსული მოვლენების გადაფასება ხდება. ეს მომენტი შენ უკვე დაგიდგა?

– ეს მომენტი მე მაშინ დამიდგა, როცა დედა გავხდი. მივხვდი, მანამდე როგორც ვცხოვრობდი, აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ნორმალური ადამიანის ცხოვრების სტილს და წესს. დედობამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. უფრო დავსერიოზულდი, პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა, მარტო ჩემს თავზე აღარ ვფიქრობ და ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, ჩემი პატარა მომავალში ბედნიერი იყოს. ასე რომ, გადავაფასე ჩემი წარსული, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ამ ეტაპს დედობა ჰქვია. ახლა რომ თავიდან დავიწყო ცხოვრება, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი მასში. აღარ დავუშვებდი იმ შეცდომებს, რომლებმაც ტკივილი მომაყენა.

– რას მიიჩნევ შენს შეცდომად?

– შეცდომა იყო თუნდაც ჩემი ქორწინება, პირველადაც და მეორედაც, ამ შეცდომას არ დავუშვებდი.

– ხომ იცი, ღმერთი სამობით არის.

– (იცინის). ჰოდა, ცოტა მაცადეთ და მესამეც იქნება, მაგრამ, იმედია, წლები რომ გავა, არ ვიტყვი იმაზეც, შეცდომა იყო-მეთქი. ახლა ამ მხრივ ტაიმ-აუტი ავიღე. თანაც, ისე მიჭირს სახლის საქმეების, ბავშვის აღზრდისა და სამსახურის შეთავსება, რომ ცოტა გადავიღალე და პირადულზე ვერც ვიფიქრებ. რა ვქნა, სხვა გზა არ არის, უნდა შევუთავსო საქმიანი, მეოჯახე და შვილზე მზრუნველი ქალის იმიჯი ერთმანეთს. ალექსანდრემ ყველა ტკივილი დამავიწყა. ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ძალიან აქტიური ბავშვია და სულ უნდა, მას ველაპარაკო. თუ ყურადღებას არ ვაქცევ, ყველაფერს ანგრევს.

– მამას თუ აქვს მასთან ურთიერთობა?

– კონტაქტი კი აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, იშვიათი. მოდის სახლში და ნახულობს. შვილს არასდროს დავუშლი მამასთან ურთიერთობას, პირიქით – მინდა, უფრო ხშირად ხედავდეს მას. სამწუხაროდ, ასე ვერ ხერხდება. ოთხ თვეში ერთხელ ბავშვის ნახვა თავად ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს უარყოფითად, მით უმეტეს, ბიჭია და მამის მზრუნველობა აკლია. იმედია, მომავალში ეს გამოსწორდება და ალექსანდრე ხშირად ნახავს მამას. ჩემი მეორედ გათხოვების ერთადერთი პლუსი ის არის, რომ მე ასეთი საყვარელი შვილი მყავს. ჩემს ცხოვრებაში ის მეუღლისგან დატოვებული შეუფასებელი განძია (იცინის). მარტო ამისთვის ვუხდი მას მადლობას.

– როგორც ვიცი, პირველი მეუღლე – აჩი ფურცელაძე დღესაც შენი მესაიდუმლეა. ხშირად ეკითხები მას რჩევებს პირად ცხოვრებაზე?

– აჩი ჩემი მეგობარი და მესაიდუმლეა. ბევრი რამ იცის ჩემი ცხოვრების შესახებ. მისმა რჩეულმაც კი იცის ჩემს შესახებ, თუმცა პირადად არ ვიცნობ. ხშირად ვეკითხები აჩის რჩევებს და ისიც მარიგებს. ბოლოს და ბოლოს მამაკაცია და მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის გასათვალისწინებელია. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ, მისი რჩევის მიუხედავად, მაინც ჩემი ჭკუით ვმოქმედებ. ხომ გაგიგიათ: ჰკითხე ყველას, მაგრამ მოიქეცი ისე, როგორც მიიჩნევ საჭიროდო. მეც ასე ვიქცევი, ყველას აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ არ ვიჯერებ.

– წარმატებულ ქალად რომ იგრძნო თავი, გვერდით საყვარელი მამაკაცის არსებობა აუცილებელია შენთვის?

– მართალია, ამბობენ სრულყოფილი წარმატებისთვის საყვარელი მამაკაცის თანადგომაც აუცილებელიაო. მაგრამ, მე ვფიქრობ, როცა მამაკაცი არ უდგას ქალს გვერდით, უფრო მეტი სტიმული აქვს ცხოვრებაში. მეტად შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება. დამიჯერეთ, დარწმუნებული ვარ, არც მამაკაცებს მოსწონთ, ცხოვრებაში არშემდგარი, არარეალიზებული, წარუმატებელი ქალები. ქალი, რომელიც მარტოა, უფრო შემართებულია, ცდილობს, ბევრს მიაღწიოს და დაფასებულიც იყოს. მე დამოუკიდებელი ვარ და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები, თუნდაც საყვარელი მამაკაცის გარეშე, თავად გამოვავლინო და წარმატებასაც დამოუკიდებლად მივაღწიო. ამისთვის მამაკაცის მხარდაჭერა, მაინცადამაინც აუცილებლად არ მიმაჩნია. ის რისი კეთებაც შეგიძლია, მარტოც მშვენივრად წარმართავ, მაგრამ, თუ ბედმა გაგიღიმა და საყვარელი ადამიანიც გეხმარება, ამას რა ჯობია. ჩემი აზრით, ქალის სრული ბედნიერებისთვის საჭიროა კარგი სამსახური, რომ სხვის ჯიბეზე არ იყო დამოკიდებული, შვილი და საყვარელი ადამიანის გვერდით ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე სრული ბედნიერებისთვის, მხოლოდ ერთი, თამამი ნაბიჯიღა მაკლია (იცინის). არ დაგიმალავთ, თაყვანისმცემელი ნამდვილად არსებობს ჩემს ცხოვრებაში და უკვე აქტიურად ცდილობს, ჩემი გულის მოგებას. (იცინის). აკეთებს ყველაფერს, რაც ნებისმიერმა ნორმალურმა მამაკაცმა უნდა გააკეთოს საყვარელი ქალის გულის მოსანადირებლად. ასე რომ, ჩემი გული ახლა მონადირების პროცესშია (იცინის).

– მართალია, დამოუკიდებელი ხარ, მაგრამ თუ არსებობს შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვის აკრძალვებსაც უსიტყვოდ ემორჩილები?

– შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვის აკრძალვებსაც ვემორჩილები, დედაჩემია. ორჯერ გავთხოვდი, შვილი მყავს, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მაგრამ თუ სახლში ცხრა საათზე არ მივედი, სერიოზული პანიკაა. მეც, სულ ვცდილობ, ისე მოვიქცე, სხვას არ დავწყვიტო გული. ახლა არც მაქვს გვიანობამდე სადმე დარჩენის სურვილი. მირჩევნია, სახლში, შვილისა და ოჯახის წევრების გვერდით, მყუდრო და მშვიდ გარემოში გავატარო დრო. მთლიანად ალექსანდრეზე ვარ გადართული და არც მაქვს ახლა სურვილი, სხვა რამეზე ვიფიქრო.

– პირად ცხოვრებაში უიღბლო ადამიანად მიგაჩნია თავი?

– შემოქმედებითად მიმაჩნია, რომ წარმატებული ვარ, რასაც პირად ცხოვრებაზე ვერ ვიტყვი. გამოდის რომ, პირადულში ბედი არ მიღიმის და ამ მხრივ უიღბლო გამოვდექი. იმედი მაქვს, ჩემი უიღბლობა მალე გამოსწორდება. ქალი, რომელიც ოცდაოთხი საათი სახლში ზის და ღვეზელებს აცხობს, ფქვილიანი ხელებით გესალმება – როგორ ხარო, ასეთი ქალი ვერც მამაკაცის ყურადღებას მიიპყრობს და არც სასურველი და საინტერესო იქნება მისთვის. ასეთი ქალი რომ ბედზე დაიწყებს წუწუნს, უბრალოდ, სასაცილოა.

– ალბათ, ბევრი ჭორიც გაგიგია საკუთარ თავზე. მათზე რა რეაქცია გაქვს?

– სხვათა შორის, ბევრი ჭორი გამიგია საკუთარ თავზე. ბოლოს გავიგე, თურმე, ჩემი მეგობარი ლევან ჯიბლაძე და მე შეყვარებულები ვართ. მამუკა ონაშვილი და კოტიკო თოლორაია რომ ჩემი ოფიციალური საქმროები იყვნენ, ეს ჭორი უკვე მოძველდა (იცინის). რომ დავთვალოთ, სულ ხუთჯერ გამათხოვეს. ერთი ბავშვიც მყავს ჩაბარებული უპატრონო ბავშვთა სახლში, რომელსაც არ ვაკითხავ და ცუდი და უგულო დედა ვარ. სულ ვხუმრობ, ამდენს რომ ჭორაობენ ჩემზე, რატომ იმას არ ამბობენ, ვითომ მილიონერი საყვარელი მყავს-მეთქი. მაგრამ, ცოტა ხნის წინ მივხვდი, რატომაც არ ამბობენ ამას.

– ვერ გიმეტებენ მილიონერი კაცისთვის, თუ რაშია საქმე?

– (იცინის). არა, ასეთ ჭორებს იმ გოგონებზე ავრცელებენ, ძვირად ღირებული მანქანებით რომ დადიან. მე კი მანქანა საერთოდ არ მყავს. აი, რომ მყავდეს, იტყვიან, მილიონერმა საყვარელმა აჩუქაო. ერთი პერიოდი ჭორი გავრცელდა, თითქოს მაღალჩინოსანი თაყვანისმცემლის მანქანით ავარიაში მოვყევი და ამიტომაც მაქვს ტუჩზე „შრამი“. კიდევ ასეთი ჭორი იყო, თითქოს საყვარელი მამაკაცის დაქალზე ვიეჭვიანე, დავეტაკე, ვეჩხუბე და მასთან „ბრძოლაში“ ტუჩი გავიხეთქე. მესამე ჭორი იყო, თითქოს პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე, წარუმატებელი აღმოჩნდა და ამის გამო დამრჩა შრამი. სინამდვილეში კი ეს ჩემს კრიმინალურ წარსულს უკავშირდება (იცინის). მოკლედ, მე და ჩემმა დაქალმა 16 წლის ასაკში, მეგობარს მოვპარეთ მანქანა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს დავეჯახეთ, უკან ვიჯექი და თავი წინა სავარძელს დავარტყი, ტუჩიც მაშინ გამისკდა და მოსაგონებლად ეს „შრამი“ დამრჩა (იცინის). ერთი სიტყვით, მანქანის გაკეთებაც მოგვიწია და დაზარალებული სავალუტო ჯიხურის მეპატრონესაც მივეცით ფული. მე ხომ დავზარალდი, ოჯახი ხომ ზარალში გადავაგდე და თან, საინტერესო საჭორაო თემაც გავუჩინე ხალხს (იცინის).


скачать dle 11.3