რისი იმედი აქვს გათხოვების შემდეგ ნინი ქარსელაძეს და რამდენკარატიანი ბრილიანტი აჩუქა მას მეუღლემ
ბევრს წარმოუდგენია საკუთარი სავარაუდო ქორწილი და მასთან ასოცირებული ყველა დეტალი. ზოგჯერ პრანჭიკელა გოგონები სახლში, სარკესთან დგებიან და პატარძლის იმიტირებას ახდენენ. მეც შევეცადე, ნინი ქარსელაძისთვის დამესვა ისეთი კითხვები, საიდანაც გავარკვევდი, თუ როგორ მეორე ნახევარზე, როგორ ქორწილზე ოცნებობს ის.
– ნინი, წინასწარ გილოცავ გათხოვებას. როგორც ვიცი, ჯერ არც ჯვარი დაგიწერია და არც ქორწილი გადაგიხდია. ვინ არის და რას წარმოადგენს შენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლე ბიზნესმენია. რამდენიმე ბიზნესი აქვს საქართველოში და უცხოეთში. არის ჩემზე ერთი წლით უფროსი და ვუყვარვარ სიგიჟემდე.
– სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მეგობართან ვიყავი სტუმრად და ისიც იქ იყო მოსული. ინიციატივა მისგან იყო და კარგად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. თავიდანვე ვიგრძენი მისი ყურადღება და დამოკიდებულება ჩემ მიმართ. აღარ იცოდა, რა ექნა, რითი ეცა პატივი. მეკითხებოდა ყველაფერს: რა მიყვარს, რაზე ვოცნებობ, რა გეგმები მაქვს, მყავს თუ არა შეყვარებული და ასე შემდეგ.
– რით მოგხიბლა?
– პირველ ყოვლისა, როგორც კი დავინახე, ვიზუალურად მომეწონა და შევამჩნიე, რომ იყო განათლებული, ძალიან ზრდილობიანი და მსუბუქი, ანუ ყოფითი პრობლემებისგან თავისუფალი. სისულელეებზე არ საუბრობდა. ლაღი, სიცოცხლით სავსე ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. არც იუმორი ეშლებოდა და არც სერიოზულობა აკლდა.
– როგორი იყო შეყვარებულობის პერიოდი და რამდენ ხანს გაგრძელდა?
– სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ძალიან ლამაზი იყო ეს პერიოდი. ამ მოკლე ხანში დამანახვა, როგორ ვუყვარვარ და შეძლო ჩემი გულის მოგება. თუმცა, ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთესად არის. თითქმის ყოველდღე მიკეთებდა საჩუქრებს და სიურპრიზებს. უამრავ ყვავილს მჩუქნიდა. საშინლად არ მიყვარს ვარდები, სამაგიეროდ, იასამანზე ვგიჟდები. თეატრში ხშირად დავდიოდით და დავდივართ, რადგან ძალიან მიყვარს სპექტაკლების ყურება. ვერ გეტყვით, რომ მთელი ეს პერიოდი ია-ვარდით იყო მოფენილი, რადგან ჩხუბი და გაუგებრობა შეყვარებული წყვილის თანამდევი პროცესია და ჩვენს შემთხვევაშიც იყო ასეთი კამათები და გაბუტვები, თუმცა, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
– თაფლობის თვის გატარებას სად აპირებთ?
– მინდოდა თაფლობის თვე პარიზში გამეტარებინა, მაგრამ, ვინაიდან იქ მილიონჯერ ვარ ნამყოფი, სავარაუდოდ, კუნძულ გოაზე წავალთ. იცი, რა კარგად დავისვენებ? ძალიან მიხარია, როცა წარმოვიდგენ, რომ მთელი დღე სანაპიროზე ვწევარ და არც ერთი ნაცნობი სახე, მხოლოდ მე და ჩემი უსაყვარლესი მეუღლე ვიქნებით, ძალიან მიხარია.
– როგორც ვიცი, ცალკე აპირებთ ცხოვრებას. რა წვლილი შეიტანეს თქვენმა მშობლებმა ამაში?
– არავის გაკეთებული არ მინდა. გმადლობთ (იცინის). ყველაფერს ჩემი მეუღლე გამიკეთებს და გააკეთებს ჩვენი ოჯახისთვის. მშობლები, გარკვეულ წვლილს, რა თქმა უნდა, შეიტანენ, მაგრამ, ავეჯი, სახლი, მანქანა ან მსგავსი რამ – არაფერი გვინდა, რადგან ჩემი ქმარი ბიზნესმენია და თავისი აქვს ყველაფერი.
– სახლი თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ?
– სახლში ყველაფერი დამხვდა. ასე რომ, არაფერში ჩავრეულვარ და არაფრის შეცვლაც არ დამჭირდა. ჩემს მეუღლეს ცალკე აქვს საკუთარი ბინა, ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ საქართველოში ცხოვრებას არ ვაპირებთ, სავარაუდოდ, ევროპაში გადავსახლდებით, რადგან ძირითადი ბიზნესი იქ აქვს.
– ეს იმას ნიშნავს, რომ სასიმღერო კარიერას საბოლოოდ დაემშვიდობე?
– დიახ, ასეც შეიძლება ითქვას. მე იურიდიულზე ვსწავლობ და, აქედან გამომდინარე, მინდა, ბოლომდე ამ საქმით დავკავდე, მაქსიმალური დრო დავუთმო ჩემს ახალ კარიერასა და ოჯახს.
– გათხოვება შენს კარიერას ხელს უფრო შეუწყობს თუ პირიქით?
– რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს. ჩემი ყოვლისშემძლე მეუღლე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საფუძვლიანი სწავლა-განათლება მივიღო და ღირსეული კარიერა შევიქმნა. ერთი პროცენტით მაინც რომ შემპარვოდა ეჭვი და არ ვყოფილიყავი ამაში დარწმუნებული, მაშინ არც გავთხოვდებოდი.
– გადაწყვეტილი გაქვთ, რამდენი შვილი გინდათ, რომ გყავდეთ?
– დიახ, ორი შვილი გვინდა – ბიჭი და გოგო, მაგრამ, ღმერთი რამდენსაც მოგვცემს, იმდენი გვეყოლება. რატომღაც ამ ბოლო დროს ბიჭი აღარ მინდა, თუმცა, ვნახოთ, როგორ იქნება. ბიჭის თავი არ მაქვს, უფრო რთული გასაზრდელია, გოგო უკვე ვიცი, როგორ უნდა გავზარდო.
– ცოლობა როგორ გთხოვა?
– ვიჩხუბეთ, გაბუტული ვიყავი და შერიგების მიზნით ხელი მთხოვა. მოვიდა, ყვავილების უზარმაზარი თაიგული მომიტანა და ამ თაიგულში იდო საქორწინო ბეჭედი ბრილიანტის დიდი თვლით. რაც მთავარია, მანამდე სახლში მომიტანა ასეთივე თაიგული, „ჰერმესის“ ჩანთა და შიგ იდო „ჰერმესის“ ოქროს სამაჯური, მაშინ სახლში არ ვიყავი და დედაჩემს დაუტოვა, მაგრამ, მისი საჩუქარი რომ ვნახე, მაინც არ დავურეკე და მეორედ უკვე საქორწინო ბეჭედი მოაყოლა.
– დამპატიჟებ თუ არა ქორწილში და, ბარემ ისიც მითხარი, როგორი ქორწილი გექნება?
– ქორწილი იქნება გრანდიოზული და, რა თქმა უნდა, დაგპატიჟებთ. საერთოდ, მინდოდა, რომ ჟურნალისტებისა და კამერების გარეშე ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ, თქვენ ხომ მაინც არ მომასვენებთ და არაფერი გამოგეპარებათ. ამიტომ, ჯობია, ყველა დავპატიჟო. ქორწილში აუცილებლად მეცმევა ავთო ცქვიტინიძის კაბა, რადგან მან ზუსტად იცის, როგორი კაბა მომიხდება. ჩემმა ქმარმა შემომთავაზა, თუ გინდა, იტალიაში ან საფრანგეთში შევუკვეთოთ მსოფლიო დონის ნებისმიერ დიზაინერთანო, მაგრამ, უარი ვთქვი, რადგან ავთო ცქვიტინიძეზე უკეთ ვერავინ მომარგებს კაბას. ასე რომ, ავთანდილისა და დედაჩემის გემოვნებას ვენდობი. საქორწინო ვარცხნილობას ჩემი სტილისტი, ბადრი ფევაძე გამიკეთებს. არც მე და არც ჩემი მეუღლე სხვა არაფერში ჩავერევით. ერთი ის ვიცი, რომ ქორწილი იქნება სადმე ღია ცის ქვეშ, დანარჩენს კი დედაჩემი და ბებიაჩემი მიხედავენ. სუფრა და საჭმელების მომზადება სახლშიც ბებიას პრეროგატივაა და ამ საკითხში მას ვენდობი, უგემრიელეს სადილებს ამზადებს. რაც შეეხება დიზაინს, დედაჩემის მეგობარი გაუკეთებს ამის ორგანიზებას – დიზაინერია და ის უზრუნველყოფს ამ საქმეს.
– მაინც არ მითხარი, როგორ გამოიყურება შენი მეუღლე, არც სახელს გვეუბნები და, საერთოდ რატომ იმალება?
– კარგია, კარგი. ისეთია, როგორიც მე მომწონს. არ უყვარს ჟურნალისტები და ხალხში გამოჩენა. მისთვის ჩემი ცნობადობაც საკმარისია (იცინის). თვითონ ცნობილი ბიზნესმენია, ოღონდ, არა საქართველოში.
– ხათუნამ თუ იცოდა და როგორ შეეგუა ამ ამბავს?
– ზოგადად, დედაჩემმა ყველაფერი იცის და იცოდა ყოველთვის. მე მას არასდროს არაფერს ვუმალავ და, შესაბამისად, არც გავპარულვარ. ის დარწმუნებულია, რომ, მე თუ ვინმე შემიყვარდა, ის იქნება ღირსეული ადამიანი და მისთვის მისაღები სასიძო.
– შეუღლების შემდეგ თუ გაგიკეთა ქმარმა რამე მნიშვნელოვანი საჩუქარი?
– სახლში როგორც კი შემიყვანა, თვითმფრინავის ორი ბილეთი დამახვედრა ნიცაში გასამგზავრებლად. ეს იყო ათდღიანი საშოპინგო ტური და საქორწინო მოგზაურობაში კი ჩაითვალა, მაგრამ, თაფლობის თვეს, როგორც უკვე გითხარი, კუნძულ გოაზე გავატარებთ, მინიმუმ ერთი თვე. მეორე დღეს კი „მერსედესის“ შავი „ემელის ჯიპი“ მიყიდა.
P.S. ეს იყო ნინი ქარსელაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც მის ჯერ არ შემდგარ, ანუ საოცნებო ქორწილს ეხება. იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში, როცა ნინი ნამდვილად გათხოვდება, გაჰყვება ისეთ ადამიანს, როგორზეც ინტერვიუში საუბრობდა. ოქროს ბეჭედი კი, რომელიც ფოტოზე უკეთია, საკმაოდ ძვირად ღირებულია, სპეციალურად მისთვის ვითხოვე მაღაზიიდან და ნინის იმდენად მოეწონა, რომ ფოტოსესიის შემდეგ მაღაზიაში მისი საფასური მივიტანეთ.