აქვთ თუ არა კონფლიქტი გაგა ჩიხლაძესა და გიგი დედალამაზიშვილს და რატომ არ უშვებდნენ „მგზავრებს“ „ფრანის“ კონცერტზე
გიგი დედალამაზიშვილმა და გაგა ჩიხლაძემ ერთმანეთი 5 წლის წინ, თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს და მას შემდეგ მეგობრობენ. მიუხედავად მათი მეგობრობისა, ბევრს ეპარება ეჭვი, რომ ჯგუფ „მგზავრებსა“ და „ფრანს“ შორის დაპირისპირებაა და ერთმანეთთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ. სიმართლე გითხრათ, მეც ასე მეგონა, მაგრამ, ინტერვიუს ჩაწერის დროს ჩემი ეჭვი გაბათილდა.
– გაგა, ერთმანეთის ნათელმირონები ხართ – როგორც ვიცი, გიგი შენი შვილის ნათლიაა. უკვე 5 წელია, მეგობრობთ, მაგრამ ჯგუფები ერთად კი არა, ცალ-ცალკე ჩამოაყალიბეთ. რატომ?
გაგა ჩიხლაძე: რომ დავმეგობრდით, ჯგუფი ორივეს უკვე ჩამოყალიბებული გვქონდა.
გიგი დედალამაზიშვილი: „მგზავრები“ რომ ჩამოყალიბდა, „ფრანი“ მაშინ უკვე პოპულარული ჯგუფი იყო. ვაკის სარდაფში ჰქონდათ კონცერტი და გაგამ შემომთავაზა, ჩვენც გვემღერა იქ. ძალიან გამიხარდა, რადგან პირველად უნდა გავსულიყავით სცენაზე. მახსოვს, რომ მივედით, არ გვიშვებდნენ. მონაწილეები ვართ-მეთქი, რომ ვუთხარი, არ დაგვიჯერეს – „ფრანში“ სამნი არიანო. „ფრანის“ ფანები ვეგონეთ, რომლებსაც კონცერტზე გვინდოდა დასწრება და შესვლას ამ გზით ვგეგმავდით.
გაგა: როცა „ფრანის“ ერთ-ერთი წევრი, შოთიკო, ამერიკაში წავიდა, მარტო დავრჩი და ცოტა ხნით გავჩერდით. მერე გიგის ჰქონდა სარდაფში კონცერტი და მე დამიძახა მონაწილეობის მისაღებად.
გიგი: რა სასაცილო კონცერტებზე დავდიოდით, არ იცი. ერთხელ გუდაურში ვიყავით მაისში, რა გვინდოდა, დღესაც წარმოდგენა არ მაქვს. გაგამ დამირეკა, გუდაურში კონცერტია და წამოდითო. რომ ჩავედით, ორი ტრენერი დაგვხვდა, ორი გუდაურელი ბიჭი და ორიც – შემთხვევით მოხვედრილი.
– სამწუხაროდ, ხალხს ჰგონია, რომ ცუდი ურთიერთობა გაქვთ და ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც ხართ. რატომ?
გაგა: ხალხი ხომ ბოროტია (იცინის).
გიგი: შენი ბრალია, იმიტომ რომ, „თბილისი ლაივში“ თქვი, ყრუ უნდა იყო, „ფრანი“ და „მგზავრები“ ერთმანეთში რომ აგერიოსო.
გაგა: მე ვთქვი, თუ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთში გეშლება, მაშინ ყრუ ხარ-მეთქი. ის კი არ მითქვამს „მგზავრებია“ ყრუ ან „ფრანი-მეთქი.“ როგორ შეიძლება გიგის სპეციფიკური ვოკალი ჩემს ვოკალში შეგეშალოს? შეიძლება, ერთნაირი ტემბრი გვქონდეს, მაგრამ, საერთოდ, სხვადასხვა ხმები გვაქვს.
გიგი: ხალხმა სხვანაირად გაიგო შენი ნათქვამი.
– ხშირად „ფრანსა“ და „მგზავრებს“ ადარებენ სიმღერით „არადა მიყვარხარ,“ ზოგს ჰგონია, რომ მას „ფრანი“ მღერის, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ეს „მგზავრების“ სიმღერაა. რეალურად კი, ეს სიმღერა არც ერთ ჯგუფს არ ეკუთვნის – მას დათო გოგელია და გოგა ქაცარავა მღერიან. მართალია, გოგელია მგზავრების წევრია, მაგრამ ეს სიმღერა ცალკე პროექტი იყო, რომელიც მეგობართან ერთად იმღერა.
გაგა: მაგას ვამბობ, ეს სიყრუის სინდრომია.
გიგი: მთავარია, რომ ჩვენ ის საქმე ვაკეთოთ, რაც გვიყვარს და გულიდან მოდიოდეს ყველაფერი. ხალხმა თავისი აზრი თვითონ იცის, მაგრამ, ჩვენ რომ ამას ავყვეთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ ერთმანეთს არ დავემსგავსოთ, მაშინ მუსიკა მესამე პლანზე გადაიწევს. მაშინ გამოვიტან „დრუჟბას“ და ამოვქოქავ. ვინმე უკრავს დღეს საქართველოში „დრუჟბაზე“? მერე ხომ აღარ შემადარებენ „ფრანს“ ან ნიაზს? „დრუჟბასთან“ ერთად გამოვიტან ლიტავრას, დავუძახებ ჰობოის და ვიმღერებთ სიმღერებს შავ ხვრელსა და ეკოლოგიაზე.
გაგა: გიგი, ახლა მე შენ ერთ რაღაცას გირჩევ: მოქოქე „დრუჟბა“, ჰობოის დაუძახე და იმღერე შავ ხვრელზე (იცინის). მთავარია, ჩვენ ვიცით, რომ ერთად ვართ, თუკი ვინმეს საქართველოში ჩვენზე სალაპარაკო მიეცა, ილაპარაკოს. იმის მტკიცებას ნამდვილად არ დავიწყებთ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. თუ ვინმეს ჩვენს ძმობაში ეჭვი ეპარება და მაინც იმას ამტკიცებს, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, მაგის მეტი სადარდებელი ღმერთმა არ მისცეს. არ მესმის, რაში აინტერესებთ, გაგა და გიგი იჩხუბებენ ერთმანეთში თუ არ იჩხუბებენ.
– გიჩხუბიათ?
– გვიჩხუბია კი არა, არასდროს დავძაბულვართ ერთმანეთთან. მე რომ ცოლი მოვიყვანე, გიგი ჩემთან რჩებოდა სახლში და არ მაცლიდა ცხოვრებას.
გიგი: ღამით „ნაუშნიკებს“ მაძლევდა, კარგად რომ დამძინებოდა.
გაგა: ორი კვირის მოყვანილი მყავდა ცოლი, გიგის დავურეკე, ამოდი, დავლიოთ-მეთქი. ამის მერე რამდენიმე დღე ჩვენთან რჩებოდა. ერთ ღამესაც, გიგიმ მითხრა, ტუალეტში შევალო. კაი, ძმაო, მე დავწვები-მეთქი, ვუთხარი. რომ გავიდა, ჩუმად გიგის ლოგინის ქვეშ შევძვერი. ოთახში რომ შემოვიდა, ძალიან მოწესრიგებულად გაიხადა წინდები, ფეხსაცმელები და სკამზე შარვალი ფრთხილად გადაკიდა. რომ უნდა დაწოლილიყო, ხელი ჩუმად ამოვყავი, ბალიში ავუფუშფუშე და ისევ ჩავყავი. ისე გაიტრუნა ხმა საერთოდ აღარ ისმოდა. რომ დაწვა, მერე საბანიც გავუსწორე, კარგად შემოვუკეცე გვერდებში. ბოლოს, ხელი რომ ამოვყავი, მაშინ კი იყვირა. შიშისგან ენა დაება, ერთი-ორი დღე სულ სიმღერ-სიმღერით ლაპარაკობდა.
გიგი: თან, მაშინ, მხრებამდე თმა და კოჭებამდე წვერი ჰქონდა. თავი რომ ამოყო გავგიჟდი. ერთხელ გაგას დაბადების დღეზე ძალიან ბევრი დავლიეთ, მაშინ ჯერ ცოლი არ ჰყავდა. სმაში თავზე დაგვათენდა. 8 საათი ხდებოდა, მაღვიძარამ რომ დარეკა. გაგას ამ დროს გაახსენდა, რომ დილის გადაცემაში უნდა მისულიყო სტუმრად. ჩაიცვა, წვერზე ხელი მოისვა, გიტარა გადაიკიდა, გრძელი პლაშჩი შემოიცვა და ქარში სულ ფრიალ-ფრიალით წავიდა. მე უკან მივყვებოდი, ერთ ხელში ღვინო მეჭირა, მეორეში – ლუდი. ისეთი მთვრალები ვიყავით, სტუდიაში პირველ ჩართვაში მეც დავჯექი. მეორე ჩართვის დროს მითხრეს, შენ იქით დაჯექი, კუთხეში და აქედან გადაგიღებთო. მეგონა, კადრში ვიყავი და კუთხიდან ხელს ვიქნევდი. გაგას ერთი უცნაური თვისება ჰქონდა იმ პერიოდში, რომელიც მე ჯერ არ ვიცოდი. ამ გადაცემის მერე სახლში რომ მივედით სმა გავაგრძელეთ. ჩემი ერთი სიმღერა ძალიან მოსწონდა და მთხოვა: გიგიშო, ძმობას გაფიცებ, „რამდენი დღეა“ მიმღერეო. სიმღერა დავიწყე თუ არა, გაგა გაითიშა და გადავარდა. თურმე, სიმღერის დროს ისე გაითიშა, რომ, დაიძინა, თანაც, ისე, ვერ გავაღვიძე. მარტოები ვიყავით და კინაღამ გავგიჟდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, თორემ, მერე უკვე შევეჩვიე.
– ყველაზე მეტად ერთმანეთის რომელი სიმღერა მოგწონთ?
– პირველად „ფრანის“ ორი სიმღერა მოვისმინე: „გიტარა“, ანუ, „რა გულიანად“ და „დღეები რბიან.“ ორივე ძალიან მომეწონა, მაგრამ „ფრანის“ „დღეები რბიანს“ დღესაც რომ ვუსმენ, ვბავშვდები და ვცეკვავ ხოლმე.
გაგა: მე „მგზავრების“ „როიალი,“ ანუ „მე მოვიგონე“ მომწონს. ამათ კონცერტებზე სულ ვყვიროდი – მომიძღვენი, მომიძღვენი-მეთქი.
– არასდროს გიფიქრიათ, ერთი სიმღერა, არა როგორც „მგზავრებსა“ და „ფრანს“, არამედ კონკრეტულად გაგასა და გიგის ჩაგეწერათ დუეტში?
– რატომაც არა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ თავი უნდა დავიმკვიდროთ და კარგად უნდა გაგვიჯდეს ძარღვებში სისხლი. ჩვენ ხომ თავმდაბალი ადამიანები ვართ. ისე, „ფრანს“ ერთი პრობლემა გვაქვს – ძალიან ზარმაცები ვართ, „მგზავრები“ კი – არა, ჩვენთან შედარებით ბევრი რამ გაცილებით მოწესრიგებული აქვთ.
– გიგი, როგორ ფიქრობ, არის ქარიზმა ამ ადამიანში? ბოლო დროს ხშირად ისმის ეს სიტყვა გაგასთან მიმართებაში.
– კი როგორ არა, ქარიზმა გაგაში ნამდვილად არის.
– ინტერვიუს დაწყებამდე გაგამ გამოთქვა სურვილი, კარგი იქნებოდა, ერთმანეთისთვის რამდენიმე კითხვა ჩვენც რომ დაგვესვაო. ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ. რას ჰკითხავთ ერთმანეთს?
გაგა: გიგი, რამდენი კილო ხარ?
გიგი: 110. შენ?
გაგა: 80.
გიგი: რატომ გახდი, გაგა, 80 კილო?
გაგა: ბევრი ვიშოვე. შენ რატომ გახდი 110?
გიგი: მე უფრო ბევრი ვიშოვე (იცინის).
– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?
გაგა: გიგი თავმდაბალი, ზრდილობიანი და კეთილი ადამიანია. არ არის ორპირი. რაც უნდა მაგარი მუსიკოსი იყოს, თუ უპირველესად პიროვნება და ადამიანი არ არის, მაშინ, რაში მაინტერესებს მისი მუსიკა? მე გიგის მუსიკა მაინტერესებს იქიდან გამომდინარე რომ მისი პიროვნება მიყვარს და მაინტერესებს. მიხარია, რასაც აკეთებს და ყოველთვის ტაშს დავუკრავ. თუ რამე არ მომეწონება, ვეტყვი კიდეც. გიგისთან ურთიერთობა დისკომფორტს არასდროს მიქმნის.
გიგი: ვიტყვი, რომ გაგა ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი და მსახიობია. ეს არის ადამიანი, რომელსაც, შეგიძლია, დაეყრდნო და მისი იმედი გქონდეს. მეგობრობაში ძმა არის. ვინც უყვარს, მის მიმართ ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. სხვათა შორის, ცოტაა ისეთი, ვინც არ უყვარს.
– ინტერვიუს დასასრულს რას ეტყვით თქვენს მსმენელს?
გაგა: სიმღერა „არადა, მიყვარხარ“ არ არის „ფრანისა“ და „მგზავრების“ პროექტი, ხოლო „გამატარეს“ არ მღერის „ფრანი.“ და კიდევ ერთი, ყველას გასაგონად: მე და გიგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ!