რატომ ეძახის გოგიჩა ცოლს გრიშას და რატომ არ ხვდება მას ცოლი ღამით სახლში
როდის გახდნენ ქართველი ქმრები ნათია ბანძელაძის თვალში მარწყვივით მიმზიდველები ვერ გეტყვით, მაგრამ ქმარმა რომ გადარია და იმის იქით ვეღარაფერს ხედავს, აშკარაა. ამაზე, გიორგი შენგელაიას ფილმი „სიყვარული ყველას უნდა” გამახსენდა, სამუშაო ფორმებში გამოწყობილი გლეხები კოლექტიურ სურათს რომ იღებენ და ერთი მეორეს ეუბნება – „აგრე არ დარჩე, გო“... რატომ შეარქვა გიორგი გოგიჩაიშვილმა ცოლს გრიშა და რა ხდება ოცდაორი წლის შემდეგ მათ ოჯახში, ამას ახლავე გაიგებთ.
– როცა გიორგის ცოლად გაყევი, რა არ იცოდი მის შესახებ და რა აღმოაჩინე ახალი?
– რეალურად არანაირი სიახლე არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ თეატრალურ ოჯახში აღმოვჩნდი. მთელი ცხოვრება მეშინოდა აკიას გმირის ფილმიდან „შეხვედრა წარსულთან”. თუ გახსოვს, იქ ერთი ასეთი სცენაა, სადაც აკია ნინოს ყანაში მისდევს, ძალიან უარყოფითი გმირია. წარმოიდგინე, შევდივარ გიორგის სახლში და უცებ ეს ადამიანი მხვდება, ამ როლის შემსრულებელი. მერე დედამისი, ნანა, გამოვიდა, რომელმაც რუსთავის თეატრში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ლენას როლი ითამაშა. ზოგადად კი ვიცოდი, რომ მისი მშობლები მსახიობები იყვნენ, მაგრამ როდესაც თვითონ გაქვს შეხების წერტილები მათთან, არარეალური გეჩვენება. ალბათ, მაინც ჩემთვის პირველი შოკი მათ უკავშირდება, რომლებმაც კარი ფართოდ გამიღეს და ასე თბილად მიმიღეს.
– პირველად ყველაფერი მოგწონს, გიხარია, მაგრამ მერე ცხოვრება ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელი გეჩვენება. როგორც ჩანს, ჯერ არ გიგრძვნია თავი ასე მძიმედ.
– ჩვენ გოგი თოდაძის მოყვარულთა თეატრში ვიყავით ერთად და იმ ორ თვეში, სანამ შევუღლდებოდით, მთელი საქართველო მოვიარეთ, ვიყავით უცხოეთშიც რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე. ფაქტობრივად, ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები გავხდით, თითქოს, ამ ადამიანის აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდი. ასე ვთქვათ, ერთი-ერთზე რომ დავრჩით, მივხვდი, რა თბილი ადამიანია. პატარა ფისოსავით იყო, რომელსაც სულ უნდოდა შენს სულში შემომძვრალიყო.
ურთიერთობაში მე უფრო ცივი ვარ. შეიძლება მიყვარდეს, მაგრამ შესაბამისად ვერ გამოვხატო. გიორგის უფრო სხვანაირი სითბოს გამოხატვა შეუძლია, პატარა ბავშვივით მოგეფერება, გეთამაშება.
– ასე ადვილად იღებ გადაწყვეტილებებს?
– იცი რა არის? ისეთი ტიპაჟი ვარ, რომ საერთოდ არავის ეგონა, თუ გავთხოვდებოდი, თან თვრამეტი წლის ასაკში. უფრო მისი მეგობრები აქტიურობდნენ. შენ ვინ შეგეკითხება, ისე მოგიტაცებთო – მეუბნებოდნენ. ჩემთვის ეს იყო მორიგი, პატარა თავგადასავალი, როგორც ხდება ხოლმე, გოგო ბიჭს რომ ეპრანჭება. ამიტომ, პირველად იყო შიში როგორც მამაკაცის მიმართ, ისე ოჯახის პასუხისმგებლობის, რაღაც ძალიან დიდის, მიუწვდომელისა და გაუთვითცნობიერებლის წინაშე. კარგი იყო თუ ცუდი, ვერაფერს ვხვდებოდი, ისე მოულოდნელად შემოიჭრა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.
– რა ძნელია, გაუთვითცნობიერებელი დიასახლისის სახლში ატანა. შევდივარ გოგიჩას მდგომარეობაში.
– ჰო, ოცდაორი წელია ერთად ვართ და ჯერ კიდევ სახლობანას ვთამაშობთ. გაცნობიერებული არ მაქვს განსაკუთრებული ვალდებულებები, თუნდაც კომუნალური გადასახადები. ყველაფერი მოცილებული გვაქვს და ძირითადად სახლში მოვდივართ იმისთვის, რომ ისევ შევიკრიბოთ, ვითამაშოთ, ვიცეკვოთ, ყირაზე გადავიდეთ. ჩვენი პატარა სამყარო გვაქვს ბევრი სათამაშოებით მოწყობილი, რომელსაც გიორგი უაზროდ ყიდულობს და ყიდულობს. ძაღლი გვყავდა – გოგო, რომელიც ოჯახის წევრივით იყო. ფრანგ გურულს ვეძახდით. გიორგი რომ ყვავილებს მოგვიტანდა, ერთი პატარა ყვავილი პერსონალურად მისთვის მოჰქონდა. ასე რომ, თუკი შეიძლება, მასთან რამე პრეტენზია მქონდეს ისაა, დროა მიწაზე ჩამოვიდეს და მიხვდეს, რომ პატარა ბიჭი კი არა, უკვე კაცია. სულ ვეუბნები: ბავშვი ხარ, ჯერ ვერ გამოხვედი ამ ასაკიდან-მეთქი, მაგრამ ანალოგიური მჭირს მეც. ამას წინათ ჩემს მეგობართან, ნათია გოგსაძესთან ვიყავი სახლში და ვწუწუნებდი, გიორგიმ კიდევ სათამაშოები მოიტანა-მეთქი. ამ დროს თვითონ ვიჯექი და საბავშვო პიანინოზე ვუკრავდი, რაც კი რამე საჩხაკუნებელი იყო, ყველაფერი ვაჩხაკუნე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ის პრობლემები, რაც ოჯახს ახლავს, ყოველგვარი გართულების გარეშე გადაგვაქვს და ჩვენამდე არ მოდის.
– რა სირთულეებს გულისხმობ?
– როგორც კი აიღებ ჩემოდანს, ბზარი ჩნდება, და არ მთელდება. ამის შემდეგ შეიძლება, ცოლ-ქმარი უკვე, რაღაც ვალდებულებების გამო იყვნენ ერთად. ქალი კაცს ვერ დაიჭერს თუ მას წასვლა უნდა. აქედან გამომდინარე, არ ვარ მომაბეზრებელი ცოლი და შეიძლება, ეს ოცდაორი წელიც ამიტომ არის ჩვენთვის ასეთი მსუბუქი. პატივს ვცემთ ერთმანეთის არჩევანს, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით, ან ნებისმიერი ცხოვრებისეული კუთხით. ზუსტად ვიცით, რა შეიძლება და რა – არა, რომ ბზარი არ გაჩნდეს. ოცდაორი წლის შემდეგ მარტო სიყვარული აღარ არის საკმარისი.
– სიყვარული არც მაშინ აღარ არის, როცა გრძნობ, ან ხედავ, რომ შენს ქმარს სხვა ქალი უნდა.
– თუ ამას ისე აკეთებს, რომ შენამდე არ მოდის, მაშინ გასაგებია.
მამაკაცის დიდი ღირსება ისაა, რომ თუ ოჯახი უნდა, ასეთი რაღაცეები ოჯახამდე არასოდეს მოვიდეს, მაგრამ ღალატი მაინც ღალატია და კაცი დაიწყებს თუ ქალი, მნიშვნელობა არ აქვს. წარმოიდგინე, ადამიანი გენდობა და შენ ყველაფერს უმსხვრევ. ამიტომ, ასეთ საშინელებებზე არ ვფიქრობ. სიტუაციას მაშინაც კი არ ვამძიმებ, როცა იგვიანებს. არც მეორე დღეს ვეკითხები სად იყავი-მეთქი. თუ შეიძლება, რომ არ გაასერიოზულო, არ უნდა გაასერიოზულო. გიორგი იმ დროსაც ძალიან პოპულარული ბიჭი იყო, მოსკოვში გასტროლებზე რომ ჩადიოდა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და იუმორით ვუყურებდი ამას. იქიდან რომ ბრუნდებოდა, შეიძლება არც არაფერი იყო, მაგრამ ხუმრობით ვეკითხებოდი: ჰა, ოლია? აა, კაია? ყველაფერი იუმორში გადიოდა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა. ვიმეორებ, ვერც ისტერიკით და ვერც ხელების ბრაგუნით, ვერ დაიჭერ კაცს, თუ შენთან არ უნდა.
– არც ძალით დაბმული ქალი მინახავს, ჩემო კარგო. ხომ შეიძლება, ასეთი რამ შენც დაგემართოს, ვნებას აჰყვე და თავი ვეღარ გააკონტროლო?
– შეიძლება, რაღაც რომანი წავიკითხო და იქ დავრჩე, იმის იქით ჩემი ილუზიაც კი არ მიდის. აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ მე ეს არ დამემართება. სიყვარული ისეთია, როდის გაგაგიჟებს და რას გიზამს ვერ განსაზღვრავ, მაგრამ თუ ზუსტად იცი, რა გინდა, არაფერი მოხდება. ყოველთვის შესაძლებელია, თავს მოერიო. კაცმაც იცის, ვისთან რისი გაბედვა შეიძლება და რისი – არა. ამიტომ, თუ შენ არ მიეცი უფლება, ამაზე არასოდეს წამოვა. რომ იცოდე მაპროვოცირებელი ყოველთვის ქალი იყო, ქალი ხომ ეშმაკია. ყველაზე დიდი ღირსება ის არის, სიძნელეები ისე გადალახონ, ერთმანეთი არ შეურაცხყონ. ზოგჯერ რაღაცეები უნდა დათმო.
– როგორ ოჯახზე ოცნებობდი?
– ვოცნებობდი, ძალიან ლამაზი, თეთრი სახლი მქონოდა მწვანეში ჩაფლული, დიდი „ბასეინით“. მახსოვს, გიორგიმ რომ მომიყვანა სახლში, საბურთალოზე, ხომ სულ წყლის პრობლემა იყო, აბაზანა წყლით იყო სავსე და მითხრა – აი, შენი ოცნების აუზიც სავსეაო. როცა ასეთი იდეალური გარემო არ არის, მაგრამ არის დიდი სიყვარული, რაღაცეების ჩანაცვლება შეიძლება. უფალს მადლობას ვეუბნები, რომ ის, რაც გვაქვს, დამსახურებული შრომით გვაქვს. მთელი ოჯახი ფუტკრებივით ვშრომობთ. თავს განსაკუთრებული ფუფუნების უფლებას არ ვაძლევთ, მაგრამ გარშემო იმდენი გაჭირვებაა, რომ ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. საერთოდ არ ვარ მომთხოვნი ცოლი. რომ მოვითხოვო ვილა ბაჰამის კუნძულებზე, მექნება?
– შენი ქმარი გრიშას რატომ გეძახის?
– ოჯახში ზაზუნა გვყავდა, რომელიც გიორგის ძალიან უყვარდა. გრიშა ერქვა. საწყალი, რომ გარდაიცვალა მერე მე შემარქვა. თან, ძალიან მიყვარს მიწის თხილი. სულ მეუბნებოდა, რა ზაზუნასავით ჭამო და აქედან წამოვიდა ეს სახელი.
– გავიგე, რომ თურმე საბანგახვეული დაგდევს ოთახებში. რატომ?
– ერთი საყვარელი შორტი აქვს, სადღაც რომ დააგდებს, მერე ვიღებ და სად ვინახავ აღარ მახსოვს. არადა, მის გარეშე არ გამოდის ოთახიდან და იძულებულია საბანშემოხვეულმა იაროს. დადის და თან იძახის – როდემდე შეიძლება ასე, ხომ შეიძლება, თავი დაანებო ჩემს შორტებსო.
– შენს დედამთილს არ უჩნდება პრეტენზიები, რომ ოჯახში ყველაფერი მას ეხება?
– არც ამის პრობლემაა. თუ რაღაცის თქმა უნდათ, მიგახვედრებენ, რომ არ არის ისე, როგორც უნდა იყოს. ნანამ საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა დატოვა და შვილებს მიუძღვნა თავი. ეს ორი ადამიანი ჩვენს ოჯახში მთავარი ძალაა.
– ძალიან ბედნიერი და უდარდელი ცოლ-ქმარი ჩანხართ.
– მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტად კომფორტული ვარ, ზედმეტად არ ვაწუხებ. ჩვენ ვართ ცოლ-ქმარი, რომლებსაც ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის და შეგვიძლია, საჭირო დროს რაღაც დათმობებზე წავიდეთ. ზუსტად ვიცით, რა გვინდა ცხოვრებისგან და რაში არ უნდა შევუშალოთ ხელი ერთმანეთს, პროფესიონალურ საქმიანობაზე მაქვს საუბარი. სახლიდან, ფაქტობრივად, სულ წასული ვარ. შეიძლება, გაიღვიძოს და აღმოჩნდეს, რომ საერთოდ არ ვიყო საქართველოში, რაც კაცისთვის რთული შესაგუებელია.
– ესე იგი თქვენს საძინებელშიც განსაკუთრებული არაფერი ხდება?
– ჩვენი საძინებელი ზუსტად ის ადგილია, სადაც კარი იხურება და სხვა სამყაროა. იქ მხოლოდ მე და გიორგი ვართ. შეიძლება, ერთმანეთის გარეშეც დავწვეთ, მაგრამ არა იმიტომ რომ გაბუტულები ვართ. გიორგი ადრე მიდის. მე კი არ შემიძლია, გავიღვიძო და ისევ დავიძინო თუ მძიმე დღე მქონდა და დაღლილი ვარ. თუმცა, გიორგი ამას ყოველთვის აპროტესტებს.