რითი განსხვავდება გიორგი კალანდაძის და ნათია წიწილაშვილის რეალური ცოლქმრული ცხოვრება
მათი სიყვარული ტიპური სამსახურებრივი რომანი არ ყოფილა, რადგან არც სამსახური იყო ტიპური და არც რომანის გმირები. მსახიობები გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი ერთმანეთს ყველასთვის საყვარელი სერიალის გადაღებებზე შეხვდნენ. ძალიან დიდხანს მეგობრობდნენ და ცოტა ხნის წინ მიხვდნენ, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ. წიწიმ და გიორგიმ შაბათს, 15 მაისს, იქორწინეს. ქორწილი ვიწრო წრეში ჩატარდა.
გიორგი კალანდაძე: ძალიან ბევრი იდეა გვქონდა ქორწილთან დაკავშირებით. ერთი ზუსტად ვიცოდით, რომ ის ღია ცის ქვეშ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სად და რა ფორმით არ ვიცოდით. თავიდან ვიფიქრეთ, ლისის ტბასთან გაგვეკეთებინა. ჩემი დის მეგობრებს ტერიტორია აქვთ აღებული, სადაც ხშირად ეწყობა წვეულებები ღია ცის ქვეშ, ჩამოჰყავთ დიჯეები და სხვა. მერე დავფიქრდით და მივხვდით, რომ ეს რთული იქნებოდა. იქ არ არის ჭურჭელი, სკამები, არანაირი ინვენტარი და ყველაფერი აქედან უნდა აგვეტანა. მერე „ქეითერინგის“ სტილში გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა, ვიშოვეთ ასი სკამი, ჭურჭელიც. მაგრამ, რომ დავფიქრდით, საშინლად უნდა გვეწვალა. ამდენი რაღაცეები უნდა აგვეტანა ლისის ტბაზე, რა დარჩებოდა იქიდან და რა არა, კიდევ საკითხავი იყო. მერე ამდენი მთვრალი ადამიანი, სანამ სახლებში მივიდოდნენ, არ შეგვერგებოდა არაფერი. ამის თავი არ გვქონდა.
ნათია წიწილაშვილი: მერე უკვე ჩამოვინაცვლეთ თბილისისკენ, მაგრამ, რაც ვნახეთ, დიდად არ აღვფრთოვანდით. ერთ-ერთი რესტორნის ეზოზე იყო ლაპარაკი, რომელიც ძალიან დიდ ფასდაკლებას გაგვიკეთებდა, თუ ჩვენი ქორწილი ფართოდ გაშუქდებოდა.
გიორგი: ამიტომაც ჩაერთო მთელი „ფორმულა კრეატივი“. ძალიან სერიოზულ რაღაცეებს ვაპირებდით. არ იქნებოდა ეს ჩვეულებრივი ქორწილი. რესტორნის ეზოში ეკრანებისა და პროექტორების მიტანას ვაპირებდით, დაუკრავდა ჯაზ-ბენდი. ანუ, თანამედროვე, ახალგაზრდული ქორწილი და არა ისეთი, სიძე-პატარძალი შემაღლებულზე რომ სხედან მეჯვარეებთან ერთად; თეთრი მაგიდით, შუაში ტორტი რომ დევს და თამადა მიკროფონში ამბობს: „რას, რას, რას“... ასეთი ქორწილი არ გვინდოდა. (იცინიან) მერე რომ დავიანგარიშეთ, ასეთი ქორწილი ბიუჯეტს ნულზე დასვამდა. პლუს ამას, იქ რომ დათვრებიან, ზოგს ღვინო აღარ უნდა და არაყს ითხოვს, ზოგი – ნაყინს, ზოგი რაღაც ასორტებს და კიდევ ერთი იმდენი თანხის დამატება ხდება საჭირო. ერთი სიტყვით, ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ის ფული, რაც ამ დღისთვის გვქონდა მოგროვებული, ჩვენთვის მოვიხმაროთ. არანაკლებია, ჩვენი მეგობრების სიამოვნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენმა სიამოვნებამ გადაწონა. ამჯერად, ძალიან ეგოისტურად გადაწყდა ყველაფერი და მგონი, ყველამ გაგვიგო.
– ვენაში რომანტიკული ვახშამი ჯობია, მთელი საღამო შემაღლებულზე ჯდომას.
– აბსოლუტურად გეთანხმები. ზუსტად ასე ვაპირებთ.
– სერიალიდან მაყურებელი თქვენი წყვილის შეუღლებას უკვე შეეგუა, მაგრამ რეალურად რა ხდება ახალდაქორწინებულთა ურთიერთობაში, მაშინ როდესაც ყველაფერი „ხელმოწერილია“?
– ყოველთვის ამბობენ, რომ შეყვარებულობის დროს გაცილებით უფრო ემოციური ხარ, უფრო მეტად აღტაცებული და ქორწილის შემდეგ ყველაფერი იცვლებაო. მაგრამ, ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები.
ნათია: ორი დღეა, რაც ამ სახლში გადმოვედით, მაგრამ, რომ გითხრა, ჩვენს ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალა-მეთქი, მოგატყუებ. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ერთად ვიძინებთ და ერთად ვიღვიძებთ. ღამით გიორგის ჩემი სახლში მიცილება აღარ უწევს. ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა.
გიორგი: ერთადერთი, მართლა ეს იყო, რომ ერთად არ გვეძინა. დანარჩენი სამსახურიდან დაწყებული და სამეგობროთი დამთავრებული – ყველაფერი იგივეა.
– ბიჭები შენს ასაკში ოჯახის შექმნას ყოველთვის ერიდებიან...
ნათია: ჩემი გიორგი ყველას არ ჰგავს (იცინიან).
გიორგი: არ მესმის, ეს რა დამოკიდებულებაა. ძალიან მარტივად მივხვდი, რომ მიყვარს ეს გოგო, მინდა, მის გვერდით ყოფნა მთელი ცხოვრება, მინდა იყოს ჩემი შვილების დედა. რა თქმა უნდა, ამ ლოგიკურ დასკვნამდე უნდა მიხვიდე. ზოგიერთი ვერ მიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის სიყვარული ვიღაცისაზე ძლიერია. აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს. რაღაც უნდა გიწყობდეს ხელს, ელემენტარულად, სახლი ხომ მაინც უნდა გქონდეს?! ჩვენ ყველაფერმა ხელი შეგვიწყო. თუმცა, როცა ძალიან გიყვარს, აუცილებლად რაღაცას მოიმოქმედებ.
– თქვენ შემთხვევაში როგორ მოვიდა ეს გადაწყვეტილება?
– ძალიან სპონტანურად. რა თქმა უნდა, თავში ეს აზრი პირველად მე მომივიდა და თავიდან ისე შევაპარე, ვითომ შემთხვევით რაღაცას ვეუბნებოდი, მაგრამ თავიდან წიწი უარზე იყო...
წიწი: რა სისულელეა, უარზე არასდროს ვყოფილვარ.
გიორგი: ზეცა მაბრმავებს თუ რა მჭირს?! (იცინიან) გითქვამს, გითქვამს...
წიწი: აა, კი იყო ეგეთი შემთხვევა. უბრალოდ, ის ვთქვი, რომ ჯერ ადრეა, ცოტა ხანს მოვიცადოთ-მეთქი.
გიორგი: მოკლედ, მერე შეჯანჯღარდა და მიხვდა, რომ ჩვენი ეს ერთწლიანი წინ და უკან სიარული უკვე მარაზმში გადადიოდა. რის გამო არ ვცხოვრობდით ერთად, ვეღარ ვხვდებოდი. ცოტა ხნის წინ კი, ამ „შეთავაზებას“ ოფიციალური სახე მივეცით. ბეჭედიც ვაჩუქე და ყველაფერი გადაწყდა.
– ამბობენ, სიყვარულისთვის ერთად მუშაობა იდეალური გარემო არ არისო.
– სულ პირიქით, ჩემო სალომე, ისე, გააჩნია სამსახურსაც. ჩვენთან როგორი დაკავებულიც არ უნდა იყო და ხანდახან მართლა ისე ხდება, საათობით ვერ ვხედავთ ერთმანეთს, ისეთი განმუხტული სიტუაციაა, იქ შენზე რამე ნეგატიურად არ იმოქმედებს. რაც არ უნდა დაძაბული სამუშაო დღე იყოს, მაინც ლაღი და „ლაითი“ სიტუაციაა. ისეთი, რომ მთელი დღე ერთმანეთი არ გვბეზრდება. ისე ხდება, რომ არც ტვინს ვუჭამთ ერთმანეთს, არც თავს ვაბეზრებთ და არც გვენატრება ერთმანეთი. მართლა იდეალური გარემოა. სამსახურში, რომელსაც ჩემი დროის 99 პროცენტი სჭირდება, იქ რომ ნათიაც არ მუშაობდეს, ალბათ, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვანაირად წარიმართებოდა. სრულიად რეალურია შენ დღეს აქ არ ყოფილიყავი. ფიზიკურად ვერ დავუთმობდი სიყვარულს ამდენ დროს, რადგან საოცრად მაქვს გაძლიერებული პასუხისმგებლობის გრძნობა და სამსახურს ვერც ერთ წუთს ვერ მოვაკლებდი.
– ერთმანეთის მშობლების გაცნობა როგორ მოხდა, ანუ ქორწილის წინა ოფიციალური ნაწილი.
ნათია: ჩემმა მშობლებმა გიორგი უფრო ოფიციალურად გაიცნეს. პატარა ვახშამი მოვაწყვეთ სახლში და გიორგი მივიწვიეთ. მობრძანდა გიორგი...
გიორგი: „ბატინკით“ და დახეული ჯინსით.
ნათია: თუმცა, ამისთვისაც არ გვქონია დიდი წინასწარი სამზადისი. დილით დედაჩემმა დამირეკა, სამსახურის მერე გიორგისთან ერთად ამოდიო და ავედით. მამაჩემი იცნობდა, უსაუბრიათ კიდეც ერთმანეთთან. თუმცა, იმ სტატუსით არა, როგორიც იმ საღამოს ჰქონდა.
გიორგი: ცოტა დავლიეთ და ძალიან ჩვეულებრივად, კულტურულად გავატარეთ საღამო. ყოველგვარი ქართული, ზედმეტი სიმკაცრეებისა და ნაძალადევი გაბრაზებების გარეშე.
ნათია: სიძეს ერთი უნდა მოხვდესო, ასეთი რამ არ ყოფილა (იცინიან).
გიორგი: სიმამრებსა და ზოგჯერ მამამთილებსაც მოსდით ასეთი რამ. რატომ უნდა გეზიზღებოდეს და რატომ უნდა გინდოდეს იმ ადამიანის ცემა, რომელიც შენს შვილს ძალიან უყვარს. ვერაფრით ვიგებ.
ნათია: სულ ბოლო ოფიციალური ნაწილი, ანუ ნიშნობაც არ მოხერხდა, მშობლების და ნათესავების ერთმანეთისთვის გაცნობა. ეს მხოლოდ ქორწილში შეძლეს.
– საბოლოო ჯამში როგორი ქორწილი გამოვიდა?
– გადასარევი. ჯვარი დავიწერეთ პატარა სამებაში. შემდეგ უკვე ხელი მოვაწერეთ. საგიჟეთი იყო, რადგან გიორგი ლიფონავამ მე და წიწი კლიპში გადაგვიღო და ქორწილის დროს გადაღებებზე დავრბოდით. ჩვენც ცოტა ხნით შევუერთდით და შემდეგ წავედით კლუბში.
გიორგი: ძალიან ბევრი მეჯვარე გვყავდა. ნათიას მეჯვარეები არიან მისი ბავშვობის მეგობრები და კიდევ ჩვენი საერთო მეგობარი – თამთა ჭელიძე. ჩემი მეჯვარეები არიან – გიორგი ლიფონავა, გია ცინაძე – მყუდრო, ბეშქენა და ჩემი მეგობარი ბაბუ, გიორგი შალამბერიძე – მსახიობი და პოეტი. ორი ქუთაისელი მეჯვარე მყავდა და კარგად გავერთეთ.
– როგორია დამოუკიდებელი ცხოვრება?
– გადასარევი. ბინამ ძალიან დაგვღალა. ამ სახლის რემონტი აბაზანით დავიწყეთ. მოდი, აბაზანა მაინც გავაკეთოთო და რომ მივყევით, ბოლოს მეორე სახლიც გავარემონტეთ, სადაც დედაჩემი და მამაჩემი გადავიდნენ. ასეთ შედეგს თუ მივიღებდით, არ მეგონა. ჯერ კიდევ შესავსებია და ეტყობა, რომ არავის უცხოვრია, მაგრამ ცოტა ხანში ამას დავატყობთ. არ ვართ ისეთი ტიპები, რაღაცეები გავართულოთ. არც მე ვარ ტიპური ქმარი – მთელი დღე, რა გვაქვს სადილი-მეთქი, ეს ვიკითხო და არც წიწი – ბაზრიდან რა მოიტანეო, ყოველ წუთში რომ მკითხოს.
ნათია: ძალიან მიხარია, რომ გიორგისთან ერთად ვიცხოვრებ და მე და გიორგი ერთმანეთზე ვიქნებით დამოკიდებული. სახლის საქმეების გაკეთებაც მსიამოვნებს და გიორგისთვის საჭმლის მომზადებაც. ყოველ შემთხვევაში, ქორწილის შემდეგ პირველ დღეს ასეთ ხასიათზე ვარ და დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება.
– საქორწინო საჩუქარი თუ გაუკეთეთ ერთმანეთს?
– გიორგიმ ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა, ულამაზესი და მე სამწუხაროდ, არაფერი მიჩუქებია. მაგრამ, ამას აუცილებლად გამოვასწორებ.
– სად აპირებთ, საქორწინო მოგზაურობაში წასვლას?
გიორგი: ალბათ, ევროპაში. შენგენის ვიზა გვინდა, ავიღოთ და სხვადასხვა ქალაქი შემოვიწანწალოთ. ევროპაში ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ არის ისეთი ქალაქები, სიამოვნებით რომ ვნახავდი. თუ გამოვიდა, ევროტურს მოვიწყობთ და ბევრს ვიხეტიალებთ. მაგრამ, ამას ზაფხულში ვაპირებთ, როდესაც სატელევიზიო სეზონი დამთავრდება. არ გვინდა, სამსახურში ჩვენ გამო პრობლემები შეიქმნას და მოგზაურობის დროსაც ამაზე ვინერვიულოთ. დამთავრდება სეზონი და მშვიდად დავისვენებთ.