კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-19(489)


ძალიან აირია სიტუაცია. არ მომწონს. ხალხი გაღატაკებულია. ქელანებს ახლოს ვერ მიუდგები, ისე აქვთ ბაითები გამაგრებული, ბანკს შეშურდება. სხვა მხრივ, რა, რა უნდა გააკეთო, გაბოზდა ქვეყანა. ესე იგი, ბარიგა „წამალს“ უშვებს და, ვთქვათ, ააგდეს „ძაღლებმა“, წავიდა მაყუთზე ბაზარი და მორიგდნენ, ბარიგა განაცხადებს, სადაც საჭიროა, „ძაღლები“ ფულს მძალავენო, და ისინიც, ან დანომრილ ფულს მისცემენ, ან ფარულ კამერას მიაბამენ სადმე და ფულით ხელში გაუშვებენ. „ძაღლები“ ფულს აიღებენ და მორჩა ბაზარი, ბარიგა თავისუფალია და „ძაღლები“ აგდებული. „ძაღლების“ დედაც და ბარიგისაც, მაგრამ აქ სულ სხვანაირადაა საქმე. ხალხს მასობრივი გაბოზებისკენ მიერეკებიან კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით. პოლიციის იმედზე ყოფნას გაბოზებული ხალხის იმედზე ყოფნა ამჯობინეს. ეს რაღაც ძალიან ცუდს მოასწავებს. ნახე, ბარიგა რას იგულავებს? თუ ვერ ააგდეს, ხომ გაუშვებს „წამალს“ და მაყუთს გააკეთებს, თუ ააგდეს, „ლიმონს“ შეჰპირდება „ძაღლებს“. ისინიც – მშივრები არ არიან?! შეებმებიან. ეს ახვარი ბარიგა ადგება და ისევ იტირებს, ფულს მძალავენო და იქნება ესე. რა ხდება, ტო! არა, აქ გაჩერება აღარ შეიძლება, უნდა მოვხიო სადმე, ამ დამპალი ქვეყნიდან შორს. სად შემიძლია ამათი ატანა, ვიღაც შემომაკვდება და შარი უნდა გამიხდეს ცოდვასთან ერთად. ეს რაები ხდება, თავს და ბოლოს ვეღარ გაიგებ... ასი კაცის გახდა ქვეყანა, დანარჩენების დედაცო, ეგრე გამოდის.

– ფისო, წამო, მოვხიოთ აქედან!

– რას ამბობ, სად უნდა მოვხიო, გადაირიე?

– ვერა ხედავ, რა ხდება? ცოტა ხანში მშივრები დავრჩებით.

– სხვაგან შიმშილს აქ შიმშილი მირჩევნია.

– შენ არ მოგშიებია, არ იცი, რა არის შიმშილი და იმიტომ ამბობ ასე ადვილად.

– მე ვერავის მოსამსახურე ვერ ვიქნები, იქით მემსახუროს, ვისაც უნდა და სხვა – მე ვის რაში ვჭირდები, არსად არავინ მელოდება.

– მილიონი ადამიანი წავიდა და შენ ერთი რა ხარ რო?

– კარგი, რა. მე არ ვარ ვინმე ისეთი, რომ უცხო ქვეყანა ჩემით დაინტერესდეს და რა ვაკეთო? გეუბნები, ვერავის მოვუვლი და მოპარვა არ შემიძლია, სად მეპატიჟები?

– გეპატიჟები, არა!

– ჰოდა, თავი გამანებე.

– მე აქ ვეღარ გავჩერდები!

– შე კაცო, ლაგერში გაჩერდი და აქ რა არის, რო?

– ჰოდა, მეყოფა, სვაბოდაზეც ლაგერში ვიყო? ცოტა ხანში, რა ტერიტორიაც დარჩება გაუყიდავი, შემოავლებენ მავთულხლართს და იგივე იქნება, რაც ლაგერი. მანამდე შეგაჩვევენ და მერე ნახეთ, მოსამსახურეობა მოგენატრებათ.

– გეგონოს!

– აბა, ბორდელისთვის აღარ ივარგებ, ბებერი ხარ, არც – ოფიციანტად და რას გააკეთებ?

– რამეს. შვილიშვილებს მოვუვლი და გავერთობი.

– აუ, რა გამაცინე? რას შვრები, რას ჩალიჩობ?

– რაღაცაა გაჩხერილი და ვერ ვაძრობ.

რა აღმოაჩინა, ნეტავ, კარადის უკან?

– ნახე, ჩემი ფაჩუჩი! აქ რა უნდოდა?

გაოცებულ ფისოს ხელში თავისი დაკარგული ფაჩუჩი ეკავა. გამახსენდა!

– ფისო, გახსოვს ღამის პეპელა რომ შემოფრინდა და შენ ფაჩუჩი ესროლე? აი, იმის შემდეგ იქ იყო ჩაკვეხებული.

– მეც არ ვთქვი, სად გაქრა? აუ, თევზი მინდა მაიონეზში, – ინატრა ფისომ.

– საიდან გაგახსენდა თევზი?

– მე რა ვიცი, მინდა და...

– წამო, წავიდეთ, ოღონდ, მე არ მაბოდიალო, შენ იყიდე.

ფისუნია პრეტენზიული არაა, ათასში ერთხელ მოინდომებს რაღაცას და ისიც არ შევუსრულო?! ახლა ისეთ კარგ გუნებაზე დადგება, შეიძლება ღიღინიც კი წამოიწყოს...

– ფისო, ეგ იყო შენი ჭამა?

– აღარ მინდა, – ზიზღით დახედა თევზიან თეფშს ფისომ, – ჭარხლის მწნილი მომინდა.

– შენ ხომ არ უბერავ? ბაზარში ვიყავით და გეყიდა...

– მაშინ არ მინდოდა.

ეს ქალი გამაგიჟებს!

– ფისო, ორსულად ხომ არ ხარ, რას მიზეზობ?

– შეიძლება.

– რაა?!

რას ამბობ, გააფრინე?

– რა შეიცხადე, შეგეშინდა?

რა დამცინავად შემომხედა!

– რის შემეშინდა, გოგო! ფისუნია ფისო, მართლა მეუბნები?

პირი ისე გამიშრა, თითქოს უდაბნო გადამერბინოს.

– არ ვიცი, ხომ გითხარი.

– აბა, ვინ იცის, მაგიჟებ?

– ჯერ არ ვიცი დანამდვილებით.

– ამას მალავდი?

– კი არ ვმალავდი, ჯერ არ ვიცი და ეჭვებით რატომ მელაპარაკა?

– მერე, სევდიანი რატომ იყავი?

– იმიტომ, რომ არ მინდა მართლა ორსულად ვიყო, არ მინდა ცოდვის დადება.

– რა ცოდვის, აბორტს გულისხმობ?

– ჰო, – ისევ ნაღვლიანად თქვა ფისომ.

– შენ ხომ არ დაიცენტრე, რა აბორტი, გიჟი ხარ?

– აბა, რა უნდა ვქნა, ნაბიჭვარს არ გავაჩენ!

– ნაბიჭვარი რატომაა?

– რა გაყვირებს!

აზრზე ვერ მოვდიოდი, რომ ვყვიროდი. რა მაყვირებდა, არ ვიცი, მაგრამ აღარც მადა მქონდა და აღარც აზროვნების უნარი. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ფისო ჩემს შვილს მოკლავს და მე ტაშს დავუკრავ?!

– ფისო, რა გადაწყვიტე?

– რა ტონით მელაპარაკები?

– თავგზა ამებნა, არ ვიცი... შენ რა, ჩემი შვილი უნდა მოკლა?

– აბა, როგორ გავაჩინო?

– რა როგორ, ჩვეულებრივ, როგორც ყველა აჩენს... მოდი, ფისო, მოდი ჩაგეხუტო...

ახლა რა უნდა ვქნა? ფისოს ისევ ქორწინებაში მყოფი ჰქვია, ესე იგი, ჯერ ქმარს უნდა გაშორდეს, მერე მე უნდა მოვიყვანო ცოლად, მერე ბავშვი გაჩნდება, ჩემი შვილი... მე მამა გავხდები... იქნებ, რაღაც ეშლება? არა, ფისოს არაფერი ეშლება, შეიძლება ეჭვი ეპარება, მაგრამ ეს ხავსზე მობღაუჭებას უფრო ჰგავს. ბავშვი! რა მაგარია! ნეტა, როგორი ბავშვი იქნება? ფისოს რომ ჰგავდეს, როგორ გაასწორებს! ორივეს ერთნაირ კაბას შევუკერავ და ვიკაიფებ, ორი ერთნაირი ქალი რომ მეყოლება სახლში – დიდი და პატარა. იქნებ, ბიჭია? ჰმ, მოვინდომე, რა! ისე, რატომ არ შეიძლება, რა, რადგან რეციდივისტი ვარ, არ შეიძლება ფისომ ბიჭი გამიჩინოს? ისე გავზრდი, რომ ჩემი შეცდომები არ გაიმეოროს. რომ არ დამიჯეროს, რას ვიზამ? დედას ვუტირებ! ვისა, ფისოს? ვა, ეს რა საფიქრალი გამიჩნდა! იქნებ, ტყუპია? რა ხოხმა იქნება! მამაჩემი ტყუპისცალი იყო, რა გასაკვირია...

– ფისო, არ გიხარია?

– ჯერ არ ვფიქრობ ბოლომდე.

– იფიქრე რა!

– შენ რას ფიქრობ?

– მე ჭკუაზე არ ვარ... ექიმთან როდის წახვალ?

– ერთ-ორ კვირაში.

– მანამდე გავრეკავ.

რა გამაძლებინებს ორი კვირა...

– ნეტა, გამაგებინა, ეს რა მოდა შემოვიდა, კაცო, დახეულ-დაკონკილი გოგო-ბიჭები ჯიბიდან დოლარებს რომ ისვრიან, ნორმალურად ვერ ჩაიცვამენ? გუშინ ერთი დაკონკილი ბიჭი და მე ერთდროულად მოვხვდით ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან. ასდოლარიანებით გაძეძგილი საფულე ამოიღო, თან, მობილურზე ელაპარაკებოდა ვიღაცას, გადავახურდავებ ორას-სამას დოლარს და ჩავუსხდეთ, „პივები“ დავლიოთო. კინაღამ ვუთხარი, წადი, შვილო, შარვალი მაინც იყიდე-მეთქი. არა, მაინც რა მოდაა?

– რა ვიცი, ფისო, რა მასტის ბიჭები ჰქვიათ, არ ვიცი... რამ დააქლიავათ, ან გოგოებს რა მოსწონთ ამ აჩაჩულ-დაჩაჩულ ბიჭებში, ან თავიანთ მშობლებს, აი, იმათი, მაყუთს რომ უტენიან ჯიბეში.

– არ ვიცი, გენაცვალე, ჩემი გიორგი რომ ასე ჩაცმული ვნახო, ისე გავაბანძებ, თვითონ გაუქრება ჩასვრილივით ჩაცმის სურვილი.

– იქნებ, ჩვენ დავბერდით და სხვანაირად ვხედავთ?

– შეიძლება დავბერდი, მაგრამ ძალიან მეეჭვება სილამაზისა და სიმახინჯის გარჩევის უნარი დამკარგვოდა.

– ამათი დედაც, შენ ეგ არ ინაღვლო. მე რომ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, თითზე დასათვლელი პედერასტი იყო მთელ თბილისში და ისიც ისეთი გაბაზრებული, ყველამ იცოდა. ახლა პედერასტობაც მოდაში შემოვიდა და რაღაზეა ბაზარი, შმოტკებზე? ქურდების ქვეყანა ბოზების და პედერასტების ქვეყნად იქცა.

ერთი ტიპი იყო, ჩემი უბნელი, საქმეზე წასულები ჩავარდნენ, მაგრამ ერთმა მოხია და ეს შერჩათ „ძაღლებს“. რანაირად არ აწამეს, ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა, დაიჩემა, მარტო ვიყავიო. ვერაფრით რომ ვერ გატეხეს, ათწლიანზე გაუშვეს. მთელი ათი წელი ელოდა პადელნიკისგან ერთ პაჩკა „პრიმას“, მაგრამ ვის გაახსენდა, იმან თავისი ცხოვრება აიწყო ამის სროკის ხარჯზე. მოიხადა ათი წელი, გამოვიდა და მერე გაუჩალიჩა. ათი წლის მერე იძია შური და პადელნიკი გაასროკინა. თავისი საქციელის გამო ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ მაინც ის გააკეთა, რასაც, ალბათ, მთელი ათი წლის განმავლობაში ფიქრობდა.

– მერე, ასეთი საქციელი სწორია?

– ვინ თქვა, რომ სწორია, მაგრამ ამბად გითხარი. ამიტომ აღარ მიკვირს არაფერი. არის მრწამსი და არის მოდას აყოლა. მოდის დევნის დილიხორი გადაუვლით, მაგრამ მრწამსი ისეთი რამეა, არ და ვერ უღალატებ. განა არ უღალატიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მერე მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ და შვებას, ძირითადად, სასმელში პოულობდნენ. რამდენი ვინმე გამახსენდა ახლა, რომ იცოდე, თან, რა ხალხი, ვერაფრით რომ წარმოიდგენდა ვინმე. ზოგი ქალის სიყვარულის გამო დაემშვიდობა თავის არჩევანს, ზოგი – დის გამო... ყოველთვის ქალი იყო გარეული.

– შენ რატომ თქვი უარი სახელზე?

– ფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი?

– არა, მე არაფერს ვფიქრობ, უბრალოდ, შენ ახლა უკვე მკვდარი იქნებოდი. ვინ აიტანდა შენს ძველ და წმინდა „თეზისებს“ ლენინივით რომ აფრქვევ ხოლმე. ვიღაცა ადგებოდა და გაგაგორებდა ჩუმად. ვის რაში სჭირდება შენი „არასწორია“ და „თავში ჩარტყმა“?

– ეე, ფისო, ხანდახან მინანია კიდეც სწორედ მაგის გამო. მარტო მე ხომ არ ვიყავი წმინდად მოფიქრალი, იქნებ, ისევ ის ძველი შეგვენარჩუნებინა...

– სიკვდილის ფასად?

– თუნდაც...

– ერთი ჩემი ამხანაგი „მხედრიონელებს“ იცი, რას ეძახის, „საქართველოს სიყვარულში გაბოზებულებს”.

– მე ვხვდები, იმას რის თქმა უნდოდა, მაგრამ მაგის თქმის გამო დღესაც გაუხვრეტს შუბლს ვინმე. თუ სადმე ნახო, გადაეცი, „მხედრიონი“ ისეთი საკითხია, თუ ბევრი რამის აზრზე არ ხარ, უნდა მოკეტო მაინც-თქო...

– კაი, ჰო, არ მაინტერესებს, – ხელი აიქნია ფისომ.

***

– ფისო, გაიგე ვინ დაუჭერიათ? აუ, რას აწამებდნენ ეს ახვრები, ხომ წარმოგიდგენია...

– ვინ, ბიჭო!

– შენ რომ ეკაიფებოდი, რამდენ ხინკალს შეჭამ სანაძლეოზეო.

– რანაირად, მარტო?

– ჰო, მარტო.

– ჯერ მაშინ როგორ აწამეს და ახლა მით უმეტეს. მაშინ ხომ ვერ გამოტეხეს და ახლა, ნეტავ, გაუძლებს?

– რა ვიცი. ვის დააჯერებს, რომ მეათე სართულიდან, ლიფტის გარეშე იმდენი რამე წამოიღო სრულიად მარტომ.

– ბიჭო, რა გამკვირვებია, იცი? ეს „ძაღლები“ დაგეშილები რომ დარბიან და მთავრობა უფრო აქეზებს, იმას რატომ არ ფიქრობენ, რომ ხალხს შია. რომელი ქურდული მასტიც ეგ მყავს. შია, ოჯახი სარჩენი ჰყავს, სოფელში მოხუცი მშობლებიც ამის იმედზე არიან და ესეც იპარავს, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ფაბრიკაში რომ მუშაობდა, რატომ მაშინ არ მოსდიოდა შავბნელი აზრები? იმიტომ, რომ მაძღარი იყო. მთელი სოფელი აქ არის ჩამოხიზნული, მაგრამ ხეირი რა არის, სად რა უნდა იშოვონ?! იდგება ბიჭი, იდგება სანაპიროზე და იმედი რომ გადაეწურება და ძალიან მოშივდება, დახვდება იქვე რომელიმე ქუჩაზე ვინმეს და ორი კაპიკისთვის შეიძლება, ადამიანი შემოაკვდეს... ჩემს მეზობლად ჩინელი რომ იყო, ხომ გახსოვს? ტიპი მანამდე საბურთალოზე ცხოვრობდა და ორჯერ გაუტეხეს კარი. შეშინებული იყო, აივანზე არ გადიოდა, არ უნდოდა, ვინმეს დაენახა. დამინახავენ, ჩინელი ვარ და ეგონებათ სახლში ფული ან რამე ძვირფასი მიდევს, ტყუილად რატომ გავაფუჭებინო საკეტი ან რატომ უნდა შემაშინონო.

– ეგრეა, ფისო, ეგრე, მაგრამ ვის ესმის. თან, რომ უკვირთ, ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში როგორ გვარცხვენენო. მამიკოების გაშვებულები „ბულკებივით“ იქნებიან, ციხე უნდათ? მაგრამ საქურდლად წასული იქურდებს, აბა, რას იზამს, „სტროიკაზე“ იმუშავებს?

– ხაში მინდა!

– ხაში?

– რა გაგიკვირდა, ხაში მარტო დილით იჭმევა და ისიც მარტო კაცმა უნდა ჭამოს? – შემომანათა თვალები ფისომ.

– არა, ფისო, არასდროს არ გაგხსენებია ხაში...

ხაში, ალბათ, ჩემს შვილს უნდა!

– მანამდე არ მინდოდა.

– სანამ ხაში მოიხარშება...

– მაღაზიაშიცაა, კილოიანებში, – ვედრებით შემომხედა ფისომ.

ეშმაკმა ფისომ მაღაზიაო თქვა, მარკეტი კი არა.

წავედი, რა!

ეს ის გოგო არაა?

– შენ რა, მე მელოდები? – გაღიმებულმა შევხედე დამპალ ქალს.

ისე, რას ვერჩი, სამი დღე მაგულავა.

– არა, ახლობელს ველოდები, – გამიღიმა იმანაც.

– ერთხელაც აღარ გაგხსენებივარ?

– კი, როგორ არა, მაგრამ შენ აღარ გამიხსენე რატომღაც.

უყურე ამ წაკლას!

– გაგიხსენე და მერე, როგორ, რაც მე შენ გაგინე... კინაღამ დავიბრიდე... ფისო გაგიჟებული იყო, მითხარი ვისთან იყავი, რა გაგიჩხირა, მაგას ვუტირებ ყოფასო, – დავარეხვე სერიოზული სახით.

– ფისო ვინაა?

– ჩემი ცოლი.

რა ადვილი ყოფილა ცოლის თქმა?!

– აკი, ცოლი არ მყავსო? – ერთგვარად გაიბუტასავით წაკლა.

– მოვიტყუე, არ იყო ლამაზი იმ მომენტში ჩემს ცოლზე ლაპარაკი, – ვითომ თავი ვიმართლე, – აბა, კარგად!

მივტრიალდი და წავედი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მიბურღავდა ზურგს მისი მზერა. დავიჯერო, ახლაც ვიღაცას ელოდებოდა? ფისომ მართალი მითხრა, რა ფეხები უნდა მომჭამოს, ტყუილად ვღლი ტვინს.

– ფისო, იცი, ვინ იდგა სახლთან?

– ის ქალი, – მიპასუხა გაღიმებულმა ფისომ.

– შენ რა იცი, მაღლიდან მიყურებდი?

– დიახ, და იცი, ეგ ვინ არის? ნანა, ხომ მართალია?

რას იღიმება ეს ვირისთავი ფისო?

– მართალია, მაგრამ შენ საიდან იცნობ?

– კიდევ თუ გადაგეყაროს, მიმიყვანე მაგასთან და სამუდამოდ დაივიწყებს შენი სახლის ტერიტორიას. ეგ მათხოვარი. იცი, რას ჩალიჩობდა?

– შენ რა იცი და საიდან?

რანაირი თქმა იცის, გეგონება სპეციალურად გაინტრიგებსო.

– ნუ მიკერავ როჟას! ციხეში იმისთვის იჯდა, რომ „კლოფელინს“ შეატყუებდა ვიღაცას და ასუფთავებდა პირწმინდად. მანამდე ვერაზე მუშაობდა კაფეში, მიმტანი იყო. შეუამხანაგდებოდა ბიჭებს, ნდობაში შედიოდა, ერთადაც დაბოლდებოდნენ და მერე მილიციას უგდებდა ხელში. ცხადია, წილში იქნებოდა „ძაღლებთან“. ნიკას და ლერის გაუჩალიჩა, მაგრამ ნიკა ხომ იცი, ჩემი ახლობელი კია, მაგრამ მოწოდებით „ძაღლია“. იმ დროს ჯერ კიდევ იურიდიულის სტუდენტი იყო, მაგრამ კაფედან გამოსვლისთანავე დამალა პლანი სადღაც, რაღაცის ღრიჭოში და ეცნენ კიდეც „ძაღლები“. წაიყვანეს. გაჩხრიკეს ორივე, მაგრადაც მოსცხეს, რა უყავით მოსაწევიო, მაგრამ ვინ იყო გიჟი, რომ რამე ეთქვა. მეორე დღეს კი აიღეს სამალავიდან და დაბოლდნენ, მაგრამ ცემა კი შერჩათ. ნიკას სტუდბილეთმა მაინც თავისი როლი ითამაშა. რამდენიმე დღეში ნიკამ სპეციალურად წამიყვანა იმ კაფეში და მაგრად გააბანძა ეგ ნანა. ამან ტირილი დაიწყო, არ გამიბაზროთ და საჩუქრად მოგცემ ხოლმეო. მერე იყო და, ვახოსთან არ მოვიდა?! მაშინ ახალი გამოსული იყო ციხიდან. ხოხმა ის იყო, რომ ამ დროს ნიკაც ვახოსთან იყო და, რომ დაინახა, გადაირია ბიჭი. აი, ეს არის შენი ნანა. ისე, ჩემი სურათით ხომ არ ივლიდი?

– უყურე ამ დამპალს! ნეტავ რას გამიჩალიჩებდა?

– იმავეს, მაგრამ ახლა უფრო ამაღლებული ექნება კლასი და რას გაიგებ. მორჩა, ნანას პრობლემა მოგვარებულია, – ღიმილი არ შორდებდა ფისოს.

ნანას პრობლემა მოგვარებულად ჩავთვალე, მაგრამ ფისომ ხომ არ იცის, როგორ მომწყინდა სიფხიზლე. სასმელს ვერ დავლევ, მაგრამ „წამალზე“ იმდენჯერ ვთქვი უკვე უარი, რომ მომენატრა შესარიგებელი ქალივით. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ წაკლა ნანას შეხვედრამ ამაგდო ახლა, მაგრამ ფისოს გაბრაზების დრო არ არის. ხომ ვიცი, რა ხუშტურიანია. კაი და, შვილი ხომ შეიძლება მართლა გამიჩნდეს, ერთი კაიფისთვის ორი ადამიანის დაკარგვა იქნება? „წამალს“ ხომ არ უნდა გადავაყოლო ჩემი ბედნიერება...

– ფისო, ხაში დაგავიწყდა?

– არა, მაგრამ აღარ მინდა.

– კარგი, რა, ფისო, ეს რა მაიმუნობაა...

– აღარ მინდა და რა ვქნა, ძალით როგორ ვჭამო, ხაშით თავი მოვიკლა?

ეე, ამან ასე უნდა მატინგიცოს მთელი თვეები? ისე, ალბათ, მარტო ფისო არ უბერავს ასე. ერთ დღეს რაჟდენასთან მივედი და აღშფოთებული დამხვდა, მომკლა „ბორჯომის“ თრევამო. ცოლი ჰყავდა ფეხმძიმედ და „ბორჯომი“ ჰქონდა აკვიატებული. არა, ის სვამდა მაინც, ეს მომატანინებს და პირს აღარ აკარებს. თავი მოვიკლაო? გეგონება ასე იოლი იყოს თავის მოკვლა. ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, თვითმკვლელობა ძალაა თუ უძლურება, ვაჟკაცობა თუ ფსიქიური გადახრა და პასუხი ვერ მომიძებნია. ყველა თვითმკვლელობა ერთ ყალიბში არ ჯდება, რადგან ადამიანებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ. მართლმადიდებლური ეკლესია თვითმკვლელობას მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევს თუ ის ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაიდინა, მაგრამ საინტერესოა, რატომ, იქნებ, გამოუვალი სიტუაციაა. რეზოს მონაყოლი გამახსენდა, ავღანეთში თითო ტყვია ჩვენთვის გვქონდა დატოვებული, რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში თავი მოგვეკლაო. კაცმა იცის, რა მოელის და ბოლო შანსი მხოლოდ თვითმკვლელობაა. თვალი რომ გადავავლე ნაცნობებს, საკმაო რაოდენობის თვითმკვლელები აღმოვაჩინე, მათ შორის, საკუთარი ღირსებისთვის მკვდრები. არ ვიცი, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხში, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ, რა არის სწორი და რა – არასწორი, ვერ ვალაგებ. მკვლელობას უფრო ადვილად გაუგებ თავს და ბოლოს, უფრო ადვილად გადასაწყვეტია, თუმცა ამ შემთხვევაშიც არის რაღაც ისეთი ნიუანსები, როცა ძალიან რთულია გაერკვე, რამდენად სწორად გაგორდა როჟა.

მაგარი პრესტუპნიკი ტიპი იყო, ახლაც ზის. ცოლ-შვილი ჰყავდა, სულს ლევდა მათთვის. კაცს ცოლი უყვარდეს, რა გასაკვირია, მაგრამ ეს აღმერთებდა ცოლს და არც მალავდა, თავისივე გრძნობით ამაყობდა. ტიპი ქურდობაზე იჯდა. მოიხადა და ეჩითება თავისი ახლობელი. სუფრასთან სხედან და იმ ახვარმა ისე, სხვათა შორის, ჩააწვეთა, შენ რომ სროკზე იყავი, ესა და ეს კაცი, იმ მიდამოში ცნობილი მაყუთიანი ტიპი, შენს ცოლთან დადიოდაო. როგორი მოსასმენია?! არადა, ის მილიონერი ამას პატივს სცემდა სვაბოდაზეც და სროკზეც. გაიმეორებ, იმ ტიპთანო? კიო. სუფრიდანვე ააყენა და მიადგნენ იმ ტიპს. იმან სახლში შეიპატიჟა, მაგრამ ეს არ შეჰყვა, გარეთ გამოდი, ერთი შეკითხვა მაქვსო. ისიც მაშინვე გამოვიდა. ეს მიუტრიალდა ენის მიმტანს და ეუბნება, გაიმეორე, რაც წეღან მე მითხარიო. ტიპმა დაზადნა: მე დანამდვილებით კი არ ვიცი, ესეთი ეჭვი იყოო. ვერც ის თქვა, ვის ჰქონდა ეჭვი და ვერც ის, საიდან მოიტანა ეს ამბავი. მაყუთიანი ხან ერთს უყურებს, ხან – მეორეს და იხვეწება, გამაგებინეთ რა ხდებაო. ამან ამოიღო იარაღი და პირდაპირ შუბლში მიაჭედა ტყვია ენის მიმტანს. მიტრიალდა და მოხია. კაი ხანს ძებნაში იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ააგდეს. ჯერ, როგორია, თავმოყვარე კაცისთვის ასეთი რამის თქმა, მერე იმ თავმოყვარე კაცს რომ მძაფრი რეაქცია ექნება, ხომ ცხადია და თან კიდევ პირზე დასადგომად რანაირად მიდიხარ, რა საქმეზე. ფისომ რომ გაიგო ეს ამბავი, – ვენაცვალე მარჯვენაშიო, – იძახა.

– ფისუნია, შენ გამო რომ ვინმე მოვკლა, რას იზამ, დამელოდები?

– მე იქამდე არ მივიყვან საქმეს, რომ შარში გაგხვიო – ეს ერთი და მეორე – არც ერთი კაცი არ მოკლავს არავის გამო ვინმეს, მოკლავს მხოლოდ საკუთარი თავმოყვარეობის შელახვის გამო და მერე ქალს დააბრალებს. რამდენჯერ გითხარი, სქესი – მამრი აღარ არის აღარც გმირი და აღარც რაინდი.

– რატომ იცი კაცის ღვაწლის გაბაიბურება?

რაღაცნაირად გული დამწყდა ფისოს ნათქვამზე. არ გააფარჩაკა მთელი საკაცეთი?!

– აბა, ერთი მომისმინე. კაცი დედის შეგინებაზე ლაყე კვერცხივით რომ ასკდება შემგინებელს, რას ფიქრობს ამ დროს, ე, დედაჩემს ხელი გაუშვიო, თუ ეს რა მაკადრეო? – მოწკურა თვალები ფისომ.

– მიდი, რა, თავი გამანებე, შენ ხარ „ქათამი“ და ვერასდროს გაიგებ კაცის სულის მოძრაობას.

– ჰა-ჰა-ჰა! – ვითომ დამცინა ფისომ.

„ქათამი“ ეძახე და სიმართლის მარცვალი არის ფისოს ნათქვამში.

– მორჩი!

– ქალი დაგაწერეს? ასე რომ გეტყვის ვინმე, მანამდე რომ არ გქონდეს ნაფიქრი, ამის შემდეგ ხომ უკვე აგრესია გაქვს იმ ტიპის მიმართ, რომელთანაც ის შენი ყოფილი ქალია? შეიძლება ერთხელაც ცუდ გუნებაზე მყოფი ან ნასვამი გადაეყარო იმ ტიპს და შემოგაკვდეს ან შემოაკვდე. ფინალში გამოვა, რომ ქალის გამო მოხდა უბედურება, მაგრამ ამ დროს თავმოყვარეობამ გაგაკეთებინა და არა – ქალმა. ქალი ხომ არ იყო გამქეზებელი?

– შენ ნათქვამზე რა გამახსენდა, იცი? კაი ხნის წინათ მოხდა. მე რომ თბილისის ციხეზე ვიყავი, იქ გამეჩითა ის ტიპი, სრულიად შემთხვევით, ვერც მოვასწარი რამის თქმა. ტიპს ერთადერთი შვილი ჰყავდა, რომელიც ვიღაც გოგოსთან გულაობდა. აღმოჩნდა, რომ ეს გოგო მანამდე ვიღაც ტიპთან დადიოდა, თუმცა კაი ხანი იყო გასული, რაც შეეშვა. რომ გაიგო, მისი ყოფილი ქალი ვიღაცასთან დადიოდა, მაინც ვერ აიტანა. ამ ტიპის შვილმა, სტუდენტმა, რომ გაიგო ვიღაც ტიპს რა საქმეც ჰქონდა მასთან, შეუთვალა, გოგომ გადაწყვიტოს, მე არავისთან არაფერი მაქვს გასაყოფიო. გოგომ სტუდენტი ამჯობინა. ახლა იმ ტიპმა შემოუთვალა შევხვდეთო. ამან, თავის მხრივ, სომეხი ძმაკაცი წაიყვანა, ისიც სტუდენტი. ცარიელი ხომ არ წავიდოდა, იარაღი წაიღო. ერთმანეთს სასაფლაოზე შეხვდნენ. იმასაც იარაღი ჰქონდა. დუელივით გამოვიდა, რა! იმისმა ახლობელმა ეს გაშმონა, სომეხმა – ის. ორივემ იარაღი ამოიღეს და განზე დადეს. უცებ იქუხა იარაღმა და სტუდენტი ადგილზე მოკვდა, ვიღაცის საფლავზე გადაემხო. მილიციამ საქმე ვერ გახსნა, მაგრამ სტუდენტის მამამ იმდენი ირბინა, მიაგნო მკვლელს, მოატაცებინა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოაყვანინა. აიყვანა შვილის სასაფლაოზე და დააკლა შვილის საფლავს. ამასაც გაუგეს და ააგდეს. დახვრეტა 15 წლით შეუცვალეს. მოიხადა და გამოვიდა... აი, ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ გავამტყუნებ მკვლელს... ის ჩემს გაგებაში მამაა და არა – მკვლელი.

***

ფისუნია მალე ნამდვილ კნუტიკოს გამიჩენს, მაგრამ დედალს თუ მამალს, ჯერ არ ვიცი. რა სხვანაირი შეგრძნება ყოფილა მამობის მოლოდინი, ასე მგონია, ჩემს კაცობას რაღაც აკლდა და ის შეივსო. რაღაც სხვანაირი, ამაყი გავხდი. სულ ბავშვი მესიზმრება, მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს, რანაირია, რა ფერია, რა სქესია...

– „ჩიტის რძე“ მინდა! – დაიჩივლა ფისომ.

კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ჩიტი საიდან უნდა მოიწველოს! თურმე, კამფეტი „ჩიტის რძე“ უნდა. წავედი იმ გაგანია სიცხეში ბაზრობაზე და მოვუტანე ნაირ-ნაირი „ჩიტის რძე“. ფისომ ერთი კი დახედა ცელოფნის პარკს და ისეთი ღრიალი მორთო, გეგონება დრინით სცემდა ვინმე.

– მე „ჩიტის რძე“ მინდოდააა! – ბღაოდა მოთქმით.

– აბა, ეს რა სირია!

ჭკუაზე არ ვარ, ოფლი ღვარად გამდის, ეს კიდევ იძახის „ჩიტის რძე“ არააო.

– ეს შოკოლადში ამოვლებული ზეფირიაა, – აგრძელებს ბღავილს.

რა ვქნა, აღარ ვიცი. ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. ეს იმხელა ხმაზე ბღაოდა, ვიფიქრე, მეზობელი დამადგა-მეთქი, გავაღე კარი და ჩემი ბავშვობის მეგობარი, „ბლერო“, იგივე „დედა-სამშობლო“ შემრჩა ხელში.

– რა, იყო, რა ხმები გამოდის? – იკითხა მუდამ მომღიმარმა „დედასამშობლომ“.

– რა რა იყო ბიჭო, „ჩიტის რძე“ მოვუტანე და ბღავის ეგ სხვა რამეაო...

– აბა, მაჩვენე, – იღიმება ჩემი ძმაკაცი.

– აჰა! – მივუყარე კანფეტებიანი ცელოფანი.

დახედა „დედასამშობლომ“ კამფეტებს და გაიცინა.

– არ გამაგიჟო, ბიჭო, ამას არ აჰყვე, რა არის ეს! – დავუღრიალე ახლა იმას.

– ეს არის შოკოლადიანი ზეფირი, – მიპასუხა მშვიდად „ბლერომ“.

– აბა, „ჩიტის რძე“ რაღაა, მაგიჟებთ?

– „აინ მამენტ“!

წამოდგა ჩემი ძმაკაცი და უხმოდ წავიდა. ფისომ ბღავილი შეწყვიტა და დაქადნებით მითხრა:

– აი, ნახე, თუ არ მოიტანოს!

ვზივარ პირგამეხებული და ვფიქრობ, ეს რა შარი ყოფილა ორსული ქალის მწყემსვა. მერე ფიქრები სხვა მხარეს გამექცა.

ნეტავ, როცა ცოლი გარიგებით ჰყავთ მოყვანილი, ისე, შთამომავლობის მოსაცემად, როგორც მე დავრბივარ ცუციკივით, მაშინაც ასე დარბიან ქმრები? არა, რა! ჯერ ხომ საძინებლიდან გამომაგდო, გული მერევა შენს სუნზეო. არ დავუჯერე, ანუ უცბადვე არ წამოვხტი და ზედ შემომარწყია, მერე სიგარეტის სუნს ვერ ვიტანო და სახლში მოწევა ამიკრძალა, მერე აიჩემა, სამზარეულოში წყალს ნუ უშვებ, თორემ, წყლის ხმაზე გული მერევაო, მერე პური არ იდოს სადმე, არ დავინახო, თორემ, გული ამერევაო. ლამის ტუალეტში დამასახლოს. არ ვიცი, ვინ რას იზამს, მაგრამ, მე რომ ფისო ასე ძლიერ არ მიყვარდეს, ვეტყოდი, წადი, დედაშენთან, იმან მოგხედოს-მეთქი. რა შავ დღეში მაგდებს, ტო, მაგრამ რაღაცნაირად მსიამოვნებს, რომ მონაწილეობას ვიღებ ასეთ უცნაურ საქმეში. ბავშვს კი არ ვემსახურები, საყვარელ ქალს, რომელიც შვილის გარეშეც უზომოდ მიყვარს.

– რა ქენი, აბა, მაჩვენე, რას ეძახით „ჩიტის რძეს”?

ვინ დაგაცადა ხელის ხლება. წამოფრინდა დივანიდან ფისო და გამოსტაცა ხელიდან მოყავისფრო კოლოფი და ისე ააგლიჯა თავსახური, თვალი ვეღარ შევასწარი. ეს რა ვნახე! ისე ჩაიყარა პირში მთელი კანფეტები, არ ამოისუნთქა.

– გოგო, ერთი ცალი მაინც გამასინჯე, – ვუთხარი ვითომ ხუმრობით.

მართლა მაინტერესებდა, რა გემო ჰქონდა. პირველად ვნახე „ჩიტის რძე“, მე რა ვიცოდი, რა იყო. ბაზრობაზე ქალს ვკითხე და რაც მომცა, ის წამოვიღე. ფისომ მადლი მოისხა, ორი ცალი დატოვა და თვითონ ნებიერად, კმაყოფილი მიესვენა დივანზე. ჩემი ძმაკაცი მიყურებდა და ეცინებოდა.

– შენ რაღა გაცინებს? – შევუღრინე იმას.

– მე, ძმაო, ორი შვილი მყავს და კარგად ვიცი, რა დღეში ხარ, მაგრამ, აბა, როგორ გინდა, შვილისთვის ყველაფერს გააკეთებ, თუ კაცი ხარ!..

დამმოძღვრა, რა, ამაჭნაც. შვილისთვის კი არა, ფისოსთვის. ორსულად არ ყოფილა, მაგრამ, რაღაც რომ მოსურვებია, შუაღამისას საწოლიდან ავმდგარვარ და მიმიტანია...

ერთ დღეს აიჩემა, მიწის სუნი მინდაო. გამისკდა გული. ყველაფერი შეიძლება მოინდომოს ადამიანმა, მაგრამ მიწის სუნი რა ჯანდაბაა. გამოუცდელი კაცი ვარ, მე რა ვიცი ორსულების ხუშტურები. „მიწის სუნი მინდა“ – მე რაღაც ავის მომასწავებლად აღვიქვი. ვიფიქრე – დავიღუპე. გზად მერაბს გავუარე, „დედასამშობლოს“.

– ბიჭო, მიწის სუნი მოუნდა, ცუდი ხომ არაფერია? – ვკითხე გვარიანად შეშინებულმა.

– მიწის? – დაიბნა ისიც, – ყვავილი კიდევ ჰო...

– რა ვქნათ, მერაბ, ექიმთან წავიყვანოთ?

– რა ექიმი, ბიჭო, ექიმს მიწა ექნება? ვკითხოთ, რომელი მიწის სუნი უნდა და ვასუნინოთ, – მარტივად გადაჭრა პრობლემა მერაბმა.

– რას ჰქვია, რომელი, მიწა მიწაა! – სულ გადავირიე.

– არა, ეგრე არაა. ვკითხოთ, რა!

– ფისო, რომელი მიწის სუნი გინდა?

– ტყის მიწის. დროზე მასუნინეთ, თორემ, გული მერევა.

– სადაა ტყე! – ერთხმად შევძახეთ მე და მერაბმა.

– კუს ტბისკენ ყველაზე ახლოსაა, – უკვე გაფითრება დაიწყო ფისომ.

გიჟივით მივქროდი კუს ტბისკენ. პირველივე მოსახვევთან გამაჩერებინა ფისომ და ფრჩხილებით დაიწყო პატარა ორმოს ამოთხრა. მე მანქანიდან ვერ გადავედი, რაღაც შემზარავი დასანახი იყო ეს სიგიჟე. მერაბი გვერდზე ჩაუცუცქდა და დააძახებინა კიდეც „ვეყე”. მერაბი შუბლს უჭერდა და ამშვიდებდა. დაახლოებით ოც წუთში ისე გამხიარულდა ფისო, თითქოს არაფერი აღარ სჭირდა. მერე თვითონვე თქვა, მიწას რა უჭირს, გიორგიზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, მაშინ ნაკელის სუნი მომინდა. ჩემმა დედამთილ-მამამთილმა სოფელ ლისში წამიყვანეს და ვიღაც თათარს შეაყვანინეს ჩემი თავი გომურში.

– კიდევ კარგი, მიწა მომთხოვე და არა – ლომის კურკლი!

– ჰოდა, მადლობა თქვი, – მხიარულობდა ფისო.

მაგრად დავიღალე. ისეთი დაძაბული ვარ, მძინარს ფეთიანივით მეღვიძება და საძინებელში შევრბივარ. ასე მგონია, რაღაც უჭირს ფისოს და მეძახის. ვერაფრით შევიგნე, რომ ღამე გადასარევად არის, გაღვიძებულზე ეწყება გულისრევა. ჩემს ნატანჯ გონებას კიდევ ასეთი სტრესები უნდა? ხანდახან თავი „პახმელიაზე“ მგონია, იმდენად დაძაბუნებული ვარ... ახლა აღმოჩნდა, რომ სისხლნაკლულია ფისუნია. რაც ეს ამ თვეების განმავლობაში სისხლს მწოვს, მიმიქარავს წურბელა და კიდევ ესაა სისხლნაკლული? ფისოს სიცილადაც არ ჰყოფნის ჩემი ვაი და ვუი!

– მე რომ შენი შვილი მაწამებს, კარგია? – იღიმება ეშმაკურად.

რანაირად უნდა წარმოვიდგინო ფისო ცოლად, ვერ ვხვდები. ქალი ხომ არ შემიცვალეს, ისევ ისაა, მაგრამ რატომ დევს თავში სიტყვა „ცოლი“ სხვანაირად? ასე მგონია, ახლა განსხვავებულად უნდა მოვიქცე. რა სიგიჟეა! ვითრგუნები...

– მოდი, გინდა, ვიგორაოთ, – მთავაზობს ფისო.

რა გორაობა, გაგიჟდა ეს ქალი?! მე შიშით ხელი ვერ მიმიდია მუცელზე და ეს კიდევ იძახის, ვიგორაოთო?

– არ მინდა!

– რატომ ასე მკაცრად? – კაიფობს ფისო.

იცის, რომ ყველაფრის მეშინია, რაც მასთანაა დაკავშირებული.

– კარგი. მაშინ ზურგზე მოგეხუტები.

ფისომ ორივე ხელი შემომხვია და მუცლით ზურგზე მომეხუტა. ჩემი თბილი ფისო! უცებ თირკმელში ვიღაცამ ისეთი მდრუზა, კინაღამ ბოზი ქალივით კივილი ავტეხე. ორივე ხელი ჩემზე აქვს შემოხვეული და ის ვიღა იყო? კინაღამ მართლა გადავყლაპე ენა.

– ფისო, ეს რა იყო? – ვკითხე ლამის ჩურჩულით.

– იგრძენი? – ფისოს სუნთქვა ბეჭზე მცემდა.

– ბავშვი იყო? – კიდევ უფრო ჩუმად ვიკითხე.

– არ მოგეწონა? ხომ კარგად გდრუზა? – აკისკისდა ფისო.

რა უცნაური გრძნობა იყო. ვიღაც ფეხს გირტყამს და არ ჩანს, სადღაც სხეულის სიღრმეშია ჩამალული და ამ ყველაფერთან ერთად, შენი სისხლისა და ხორცის ნაწილია. არარსებული არსებაა და ამ დროს არსებობს და შენი ჰქვია... მამაჩემმა ერთადერთხელ გამარტყა ხელი და ისე ჩამრჩა გონებაში, ისე ვიუკადრისე, რომ მეგონა, ქვეყანა დაიქცა. დედის ნატყაპუნები არც კი მახსენდება, არასდროს მიმინიჭებია მნიშვნელობა. ხელის მეტი რა მომხვედრია, მაგრამ მამის ხელი სულ სხვა იყო. არა, მე ჩემს შვილს ხელს ვერ შევახებ... შვილზე ვოცნებობდი წლების განმავლობაში და იმ საოცნებო არსებას როგორ გავიმეტებ...

– ფისო, ბავშვს გატყიპავ?

– დედას არ ვუტირებ? – ეღიმება ფისოს.

– ჩემი თანდასწრებით ხელი არ დააკარო და არც დაუყვირო, თორემ ჩხუბი მოგვივა, – მთელი სერიოზულობით ვეუბნები მე.

– მიდი, კაცო, ერთი! – აგდებულად მპასუხობს ფისო.

ლამისაა ცრემლები წამომცვივდეს, ისე მეცოდება უმწეო ბავშვი. რას ჰქვია, შვილი ვინმემ მიცემოს, მაგრამ ფისო ხომ ვინმე არაა, ყველაფერთან ერთად ჩემი შვილის დედაა...

რაღაც ცუდად ვარ ატეხილი, სიფხიზლის ატანა აღარ შემიძლია...

– ფისო, რომ გავგულავდე ერთხელ, ძალიან გამიბრაზდები? – შევაპარე ფისოს.

– რა? დალევას თუ აპირებ, თვალით ვეღარ მნახავ, – სერიოზული სახით მეუბნება ფისო.

– რა დალევა, საიდან მოიტანე...

– აბა, ქალებში გინდა გაგულავება?

– ქალები კი არა „წამალზე“ გეუბნები.

ფისომ თვალები დააკვესა.

– შენ ხომ არ გაგიჟდი?

– ფისო, შენს თავს ვფიცავარ, დავიღალე, განმუხტვა მინდა, აღარ შემიძლია, ადამიანი არ ხარ?

– მე ლოთი და ნარკომანი ქმარი არ მინდა! – კატეგორიულად გამომიცხადა ფისომ.

– მე ვარ ლოთი? რამდენი ხანია, არ დამილევია...

– ამპულა გაქვს და იმიტომ. აბა, არ გქონდეს...

– მე ლოთი კი არა, ავადმყოფი ვარ. ლოთები შენ და შენი დაქალები ხართ...

– რაო? – ყალყზე შედგა ფისო.

ნერვები მაწყდება, თორემ, ახლა ფისოს გაბრაზება იქნება?

– კაი, ჰო, ისე ვთქვი, – ვცდილობ სიტუაცია შევარბილო.

– ისე კი არ თქვი, შენ ხარ ეგოისტი. გშურს, რომ შენ არ შეგიძლია დალევა... უყურე ამას, რეებს ამბობს! – სულ მთლად აიშალა ფისო.

– მე წავედი!

უნდა გავერიდო, თორემ ამ პატარა ბურთს რა დააშოშმინებს...

მივდივარ ქუჩაში და ვფიქრობ ათას რამეზე. ორი მოგონება ამომიტივტივდა, ისიც იმიტომ, რომ ფისოზე ვფიქრობ. ჩემი ძმაკაცები ფისოს ქება-დიდებით აღარ იყვნენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ცოლი გახდებოდა. რა ბედნიერი ხარ, რა ქალი გყავს გვერდითო. მაშინ არ მიკვირდა, მაგრამ ახლა მიკვირს, ნეტავ, რა დაინახეს უცხო კაცებმა ფისოში. მე მიყვარს და შეყვარებული ყველა ბრმა არის, მაგრამ ისინი ხომ დაბრმავებულები არ არიან. ყველას ცოლი ჰყავს, ესე იგი, კაი პრესში არიან და ფისოს მუდმივად მოცინარი სახე და ხალისი ხიბლავთ, ანუ ის, რაც თვითონ ენატრებათ.

ერთ დღეს, ვსხედვართ: მე – რეციდივისტი, ოთხჯერ ნასამართლევი, მეორე – შვიდჯერ ნასამართლევი, მესამე – ხუთჯერ, მეოთხე – ოთხჯერ, ერთიც ქურდი და ფისო, უმაღლესი განათლებით, თვალებკამკამა ლამაზი ქალი. გადავხედე სასტავს და ამიტყდა სიცილი. დაინტერესდნენ, რა გაცინებსო. როგორ რა მაცინებს, ახლა ფისომ რომ გარეკოს, აკრიფოს „საძაღლეთის“ ნომერი და ნებისმიერი ნახალკა შეგვტენოს, ვინ არ დაიჯერებს, ნახე, რა სასტავი ვართ-მეთქი, ხåç ïðè÷èíû ასაყრელები. მერე ტელევიზორში იტყვიან კრიმინალური ბანდა აღმოვაჩინეთო. მარტო ბადურიკა ამყვა სიცილში, დაბოლილზე პრიკოლი დავიჭირეთ, დანარჩენებმა იზმენა აიკიდეს. მერე ერთ-ერთმა მითხრა, მასეთი რამეები აღარ თქვა, მაინც ქალია, რა იცი, რა დროს ჩაგივარდეთ ჩორტი და იცოდე, გაბრაზებული ქალის შურისძიება ძალიან ძვირი ჯდება, ისეთს გიპოდლებს, ცხოვრებას გაგიმწარებსო...

ერთხელაც, მაისი იყო, დამადგნენ ბიჭები შამპანურებითა და მარწყვით. კაი ბლომად მარწყვი იყო. ფისოს გულს შემოეყარა, ამდენ მარწყვს რა დაარჩევსო. ისე მე მარჩევინებდა ხოლმე, მაგრამ ბიჭებთან ხომ არ მეტყოდა. ფისო რისი ფისო იქნებოდა, თავისი სათქმელი რომ გულში ჩაეტოვებინა:

– იცით რა, თქვენ თუ მარწყვის ჭამა გინდათ, დადექით ახლა და ყველამ ერთად დაარჩიეთ, თორემ, ჯერ ერთი, ამდენ მარწყვს საღამომდე ვერ დავარჩევ და მეორე – თითები გამიშავდება.

მე ცერად გავხედე ფისოს. ბიჭებმა მოწვეს ჩემი მზერა და მე დამეტაკნენ:

– რა იყო, გოგო მართალს ამბობს, მაგას ისეთი სამსახური აქვს, თითები უნდა ამარიაჟოს...

– რა არის, იცით? ცოტა რომ იყოს, რა პრობლემაა, მაგრამ ეს ძალიან ბევრია, – ისე სათნოდ განმარტა ფისომ, რომ ჩემი მზერის მე თვითონ შემრცხვა.

ფისოსგან ესეც კი მოიწონეს ბიჭებმა, სხვა ქალი, ხომ აზრზე ხარ, როგორ იტყოდაო. ამაზე ნაგლად როგორღა იტყოდა ვინმე რამეს, აზრზე არ ვარ.

ერთხელაც ისევ ასეთი სასტავი ვართ და ერთიც ჩვენი უბნელი სამინისტროს „ძაღლი“. ფისომ რომ გაიგო, ის ტიპი რა მოხელეც იყო, სრულიად გულწრფელად ჰკითხა:

– კი, მაგრამ, თქვენ ამ ხალხთან რა საქმე გაქვთ?

– ჩემი ცოლიც მაგას მეკითხება, დაიკო, – გაეცინა ტიპს.

– მე ასეთი რამე არ გამიგია, ეს რა წესია, ქურდული თუ მილიციური? – თვალები ჭყიტა ფისომ.

ისინი რომ წავიდნენ, ფისომ კაი გამომძიებელივით დამიწყო დაკითხვა, ვერაფრით გაიგო, თუ ერთმანეთთან არ ვთანამშრომლობდით, რა გვინდოდა ერთად და ასე შეხმატკბილებულად.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3