კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-19(489)


– თქვენი დიდი მადლობელი ვარ. რა გქვიათ? – ჰკითხა მათემ დიასახლისს.

– ნატა.

– თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ნატა, – გაიმეორა მათემ.

– ვივახშმოთ. თითქმის არაფერი მიჭამია მთელი დღე და სწორედ მაშინ დარეკეთ ზარი, როდესაც ვახშამი უნდა მომემზადებინა.

– სიამოვნებით.

– არ მოიწყინოთ, სულ რაღაც ათ წუთში მზად იქნება. თქვენ კი, ტელევიზორს უყურეთ მანამდე, – ნატამ ტელევიზორი ჩართო, მათეს პულტი მიაწოდა და სანამ ოთახიდან გავიდოდა, ჰკითხა, – თქვენი სახელი?

– ბონდო.

– არ მოიწყინოთ, ბონდო!

ნატა სამზარეულოში გავიდა. კედლის საათმა ერთხელ ჩამოჰკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის პირველი საათი შესრულდა. ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. ეკრანზე, ფოთში მიმდინარე სწავლების კადრები გადიოდა და სიუჟეტის ავტორს არც იმის თქმა დავიწყებია, რომ ოთხი დღის წინ სწავლებაზე სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რომელშიც ამერიკელი სამხედროები ისხდნენო.

სიუჟეტის შინაარსზე მათეს გაეცინა და თავი გააქნია. ამ დროს ნატამ ვერცხლისფერი ურნა შემოაგორა ოთახში, რომელზეც საჭმელები ელაგა და მათეს ჰკითხა:

– რა ხდება, რაზე გეცინებათ?

– ფოთში რომ ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ სწავლებაზე, რას გაიხარებენ რუსები?! საცოდავები, ნავთობტერმინალს დასჯახებიან.

ნატამ თეფშები მაგიდაზე დაალაგა და უთხრა:

– მიირთვით. ეგენი სულაც არ იყვნენ ამერიკელი სამხედროები და ნავთობტერმინალს მას მერე დაეჯახნენ, რაც ისინი შემთხვევით ჩამოაგდეს ჩვენებმა.

– რა გემრიელი კერძებია, – თქვა მათემ, რომელიც ნატას სიტყვებზე დაიძაბა და მასპინძელს ვითომ სხვათა შორის ჰკითხა, – აბა, ვინ იყვნენ ის საცოდავები?

– „ეფბეერის“ სპეცჯგუფი.

– ვა, – გაიოცა მათემ, – ეტყობა, რაღაც სერიოზულ საქმეზე იყვნენ ჩამოსულები.

– ორი კვირაა, აქ არიან და ოთხი დღის წინ სხვებიც დაემატნენ. ჩვენ არაფერში გვახედებენ და ყველაფერს თვითონ აკეთებენ.

– აბა, ქართველები და ამერიკელები ძმები ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთო?! – ვითომ ზრდილობის გამო თქვა მათემ, ბუტერბროდი ჩაკბიჩა და ნეტარებით თქვა: – რა გემრიელია!

– ასე აწყობთ და ძმები ვართო, იმიტომ ამბობენ, თორემ, რომ დასჭირდეთ, თხასავით გაგვყიდიან. მიირთვით, ბონდო, მიირთვით, მოშიებული ყოფილხართ.

– უგემრიელესია და, რაც მართალია, მართალია, მართლაც ძალიან მშია, მით უმეტეს მაშინ, როცა რისკზე მივდივარ. ეს კი არც თუ ისე იშვიათად მიწევს, – უთხრა მათემ ნატას და ამით ქალის ყურადების მოდუნება უნდოდა, რადგან მიხვდა, რომ მისი მასპინძელი უბრალო პოლიციელი არ იყო და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან საქმე არ ჰქონდა. მათეს კი სწორედ ასეთ ადამიანად უნდა თავის წარმოჩენა ქალთან და ასეთი საუბარი იმიტომ წამოიწყო.

– მეც ძალიან მიყვარს რისკი.

– მაპატიეთ, ჩემო ნატა, მაგრამ თქვენისთანა ქალმა ბავშვები უნდა გააჩინოს, გაზარდოს და არა მუდმივად რისკის ქვეშ იმყოფებოდეს.

– სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ ჩემი თაყვანისმცემლები. როგორც კი გაიგებენ, ვინც ვარ, მაშინვე მშორდებიან და სათოფეზეც აღარ მეკარებიან.

– ასეა კაცი მოწყობილი, – ჩაეცინა მათეს, – არ უყვარს თავისზე ძლიერ ქალთან ყოფნა. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ და თქვენისთანა ქალს სიამოვნებით მოვიყვანდი ცოლად. ამისთვის ყველა ძალას ვიხმარდი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე დაქორწინებული ვარ, თანაც, ძალიან ერთგული მეუღლე ვარ.

– ერთგულებასა და ვაჟკაცობაზე დგას ეს ქვეყანა, თორემ, ბოროტი ძალები აქამდე ათასჯერ დაშლიდნენ მას წვრილ-წვრილ ნაჭრებად.

– გეთანხმებით, სადღაც წაკითხული მაქვს, რომ ჩვენს პლანეტაზე, თურმე, იმდენი ატომური ბომბი ყოფილა, ყველა თუ ააფეთქე, დედამიწა ორ-ორ კილოგრამიან ნაწილებად დაიშლება, – თქვა მათემ. შემდეგ ლიქიორით სავსე ჭიქა აიღო, რომელიც ნატამ შეუვსო და თქვა, – ამ ჭიქით მშვიდობას და ადამიანებს შორის მშვიდობიან ურთიერთობას გაუმარჯოს! მართალია, ორივე რისკიანი პროფესიის ადამიანები ვართ, მაგრამ მშვიდობის ფასი კარგად ვიცით და ამიტომ ვსვამ ამ სადღეგრძელოს.

მშვიდობის სადღეგრძელო ნატამაც დალია. შემდეგ კიდევ თითო ჭიქა შესვეს. ამასობაში საათმა ორჯერ ჩამოჰკრა და ნატამ მათეს უთხრა:

– მე, მგონი, ძილის დროა. აი, იმ ოთახში შებრძანდით. სტუმრების საძინებელია, შხაპიც იქვეა და მოისვენეთ, ღამე მშვიდობისა, – ნატა თავისი საძინებლისკენ გაემართა.

– ღამე მშვიდობისა, – თქვა მათემ და საძინებელში შევიდა. მაგრამ, სანამ დაიძინებდა, კარგად იბანავა, შემდეგ რბილ ლოგინში ჩაწვა და მალევე ჩაეძინა. კეისი საწოლის გვერდით ედო და ფულთან ერთად, მძარცველებისთვის წართმეული პისტოლეტებიც შიგნით ელაგა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შუადღემდე წასულიყო ნატას სახლიდან და დროებით იმ კონსპირაციულ ბინაში ეცხოვრა, რომელიც ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე ჰქონდა შეძენილი საბურთალოზე და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ თვითონ იცოდა. ამიტომ, დილის 8 საათზე დააყენა მაღვიძარა. თუმცა, როდესაც გაეღვიძა, მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან საათის ისრები დილის 11 საათს უჩვენებდა საწოლთან კი, მასპინძელი იდგა და ზვიადს უღიმოდა.

– დილა მშვიდობისა, ღამის სტუმარო, – უთხრა ნატამ მათეს და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, – როგორ გეძინათ?

მათეს ზედმეტად უშუალო ეჩვენა ნატა, რომელიც მოკლე ხალათში იყო გამოწყობილი და გრძელი, ლამაზი ფეხები მოუჩანდა. თუმცა, ზვიადს ქალის ფეხები კი არ აღელვებდა, არამედ რაღაც სხვა, ამოუცნობი რამ, რაც მის სულს აფორიაქებდა. ზვიადმა მღელვარება დაიოკა, ნატას გაუღიმა და უთხრა:

– მშვენივრად, მაგრამ, ძალიან გამეწელა ძილი. 8 საათზე ვაპირებდი ადგომას, რომ დილიდანვე წავსულიყავი, მაგრამ საათმა არ დარეკა. ეტყობა, სწორად ვერ დავაყენე.

– საათი არაფერ შუაშია. მაღვიძარა მე გამოვრთე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არ შეეწუხებინეთ. თუმცა, მაინც ვერ გაიღვიძებდით, რადგან ლიქიორში დასაძინებელი წამალი ჩაგიყარე.

– რატომ?

– ტკბილად რომ გძინებოდათ.

– გამაგებინეთ, ნატა, რაშია საქმე? თუ ჩემი დაჭერა გინდოდათ, გუშინვე შეგეძლოთ ამის გაკეთება და, ან პოლიციას გაატანდით ჩემს თავს, ან თქვენვე იზამდით ამას. მაგრამ, სხვაგვარად მოიქეცით – შემიფარეთ, დაპატიმრებას გადამარჩინეთ. ანგელოზი რომ არ ვიყავი, წუხელვე იცოდით. ამ რამდენიმე საათში კი ისეთი რა შეიცვალა, რომ წასვლის საშუალება არ მომეცით?

– თქვენი წასვლა არ შეიძლება. ყველგან გეძებენ და, დიდი შანსია, რომ აგაგდონ. თანაც, ასე რატომ ლაპარაკობთ? მე ხომ არ დამიბიხართ. შეგიძლიათ, ადგეთ და ახლავე წახვიდეთ თქვენს გზაზე.

– დასაძინებელი წამალი რაღაში დაგჭირდათ?

– ხომ გითხარით, ტკბილად რომ გძინებოდათ.

მათემ ნაძალადევად გაუღიმა ნატას, შემდეგ ლოგინიდან ადგა, შარვალი ჩაიცვა და სააბაზანოსკენ გაემართა, თან ჩაილაპარაკა:

– ხელ-პირს დავიბან და წავალ.

– სად წახვალ, მათე? – მიაძახა ნატამ ზვიადს.

– მათე კი არა, ბონდო, – შეუსწორა მათემ ნატას და სააბაზანოს კარს ხელი ჰკრა, რომ გაეღო.

– მათეშვილი ზვიადი. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „მათე“. ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი. ორჯერ დაღუპული და ორჯერვე მკვდრეთით აღმდგარი... გავაგრძელო? – გაუღიმა ნატამ მათეს, რომელიც სააბაზანოსთან იდგა და მასპინძლის ლამაზ ფეხებს ყურადღებით ათვალიერებდა. შემდეგ ნატას პაუზით ისარგებლა და უთხრა:

– ძალიან ლამაზი ფეხები გაქვს, განსაკუთრებით ლამაზი.

– კომპლიმენტისთვის მადლობელი ვარ. შენც კარგი გრიმი და პარიკი გაქვს, თუმცა, მაინც გიცანი.

– როგორ მიცანი?

– შენი სურათი შევაგდე სპეციალურ პროგრამაში და ზუსტი მონაცემები ამომიგდო. იმედი მაქვს, ფოთის ნავთობტერმინალს დაჯახებულ ვერტმფრენში შენ იჯექი.

– სწორი ეჭვი გაქვს.

– როგორ გადარჩი?

– დაჯახებამდე გადმოვვარდი, ჭაობში ჩავვარდი და გადავრჩი.

– იქ კი, ალბათ, პირატმა შეგიფარა, არა?

– ვინ პირატმა? – გაიოცა მათემ, რადგან კარლოს ხსენება არ უნდოდა.

– ფოთელმა კარლომ, კუნძულზე რომ ცხოვრობს და ოცი წელი ტყუილად რომ აქვს ციხეში ნახეხი.

– წარმოდგენა არ მაქვს.

– იმ ამერიკელმა იდიოტებმა მთელი ფოთი გადააქოთეს შენს ძებნაში. რომ ჰკითხო, სპეცები არიან. ვის აღარ დაუწესეს თვალთვალი, შენ კი ამხელა გზაზე დაუბრკოლებლად ჩამოხვედი, ჩემთან აფარებ თავს და ისინი კი ამის აზრზეც არ არიან. არა, არა, ნაღდად იდიოტები არიან. ჰგონიათ, მჯერა, რომ ეფბეერელები არიან. სინამდვილეში კი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან არიან. ფუი, ამათი დურაკი დედაც!

– შენი შემხედვარე, კაცი ვერ იტყვის, რომ ასეთი პახაბნი ბაზარი შეგიძლია!

– ვერც შენზე იტყვი, რომ უზარმაზარი ძალაუფლება გაქვს, რაფინირებულ ინტელიგენტს ჰგავხარ.

– ასეთი ოჯახიდან ვარ და იმიტომ.

– ვიცი. ყველაფერი ვიცი შენზე. ჩვენს უწყებაში შენზე ტომებია შედგენილი და ზესაიდუმლო გრიფი ადევს, მე კი ამ უწყების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ვარ.

– ბედის ირონიაა, რომ სწორედ შენთან მოვედი.

– უფრო ბედისწერა, მხოლოდ, კეთილი გაგებით.

– რას გულისხმობ?

– იმას, რაც ახლა თქვი – ჩემთან რომ ხარ.

– ნუთუ სულმა არ წაგძლია და ჩემი დაპატიმრება არ მოგინდა? ხომ წარმოგიდგენია, რამდენი საფეხურით აინაცვლებდი კარიერულ კიბეზე. ბოლოს და ბოლოს, მათეს დაიჭერდი და არა ვიღაც ნაბიჭვარს.

– ჯერ ერთი, ეს დაპატიმრება შემთხვევითი იქნებოდა და არა პროფესიული შრომის შედეგი. რაც შემოქმედებასთან არაა დაკავშირებული, ის მე სიამოვნებას არ მანიჭებს, უსიამოვნო საქმეს კი არ ვაკეთებ.

– ორიგინალური ახსნაა. ესე იგი, თქვენ შემოქმედი პოლიციელი ხართ.

– პირველ ყოვლისა, შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს შენობით მივმართოთ. დიახ, შემოქმედება მიყვარს და ყველაფერს ასე ვუდგები. მეორე კი ისაა, რომ მათეს დაჭერა დიდ ამბებთან იქნებოდა დაკავშირებული და დაფიქრების გარეშე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან, შეიძლება, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყოლოდა.

– შეგეშინდა?

– პირადად ჩემ გამო არა. ასეთი გრძნობა საერთოდ არ გამაჩნია. ალბათ, იმიტომ, რომ ქმარ-შვილი არ მყავს. უფრო იმიტომ არ ჩავიდინე ეს, რომ შენს დაპატიმრებას შეეძლო სერიოზული დისბალანსის შეტანა იმ სისტემის წესრიგში, რომელსაც შენ წარმოადგენ.

– გლობალურად აზროვნებ, – გაეცინა მათეს.

– როდესაც გლობალურ პიროვნებებთან გაქვს საქმე, იძულებული ხარ, ასე მოიქცე.

– და მაინც, ახლა შენს ტყვეობაში ვარ და თანაც – გაშიფრული.

– ასე ნუ ამბობ, მათე. დამიჯერე, რომ ჩვენი შეხვედრა ღმერთის ნებაა და კარგი მასწავლებელი.

– რას აპირებ?

– შენ გვერდში დგომას.

– უცნაურია.

– რატომ?

– პოლიციელი ხარ და ბოროტმოქმედს ეხმარები.

– არ გაწყობს თუ არ მენდობი?

– შენ, ალბათ, არ იცი, რა საქმეში გინდა ფეხის შედგმა და...

– ნატამ სიტყვა გააწყვეტინა მათეს:

– და რომ იქიდან გამოსვლა მხოლოდ მკვდრებს შეუძლიათ. ვიცი, ყველაფერი კარგად ვიცი.

– მით უმეტეს, თუ იცი. ჭკვიანი ქალი ჩანხარ. წესით არ უნდა გინდოდეს ასეთ შარში თავის გაყოფა. რაც გამიკეთე, იმის დიდი მადლობელი ვარ და მე ჩემს გზაზე წავალ, შენ კი დაივიწყე ჩვენი შეხვედრა, – თქვა მათემ, კეისთან მივიდა, საწოლზე დადო, გახსნა და ნატას უთხრა, – აქ 300 ათასი დოლარია, 100 ათასი შენია. ბევრი არაა, მაგრამ, ნორმალური ცხოვრებისთვის ცოტა ხანს გეყოფა, მერე კი ღმერთი მოგცემს.

– ფული აქ არაფერ შუაშია, – გაეცინა ნატას, – საქმეში შემოსვლა მინდა. მით უმეტეს, რომ შენ მე ძალიან გჭირდები და, მერწმუნე, რომ ახლა ჩემ მეტი ვერავინ დაგეხმარება.

– მაინც, რას გულისხმობ?

– იმას, რომ ამერიკელები მაინც დაადგენენ, რომ ცოცხალი ხარ და ტოტალურ ძებნას დაგიწყებენ. ისინი კი ამას უმაღლეს დონეზე აკეთებენ და, ადრე თუ გვიან, მაინც დაგიჭერენ. მერწმუნე, ოკეანის ფსკერზე რომ დაიმალო, მაინც დაგითრევენ.

– თუ მასეა, მით უმეტეს, არ უნდა გინდოდეს ჩემთან ყოფნა, შენც „პრიკუპში“ რომ არ მოჰყვე.

– არ მოვყვები და არც შენ დაგიჭერენ, თუ ერთად ვიქნებით.

– რატომ ხარ ასე დარწმუნებული?

– იმიტომ, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე მიმიწვდება ხელი და შენი მაძებრების გეგმები გვეცოდინება.

– ჩემი მაძებრები ამერიკელები არიან და მათ გეგმებში ვინ ჩაგახედებს?!

– არც მასეა საქმე.

– რას გულისხმობ?

– იმას, რომ როდესაც დარწმუნდებიან, ცოცხალი ხარ, ძებნას საქართველოში დაგიწყებენ.

– საქართველოში რატომ?

– იმიტომ, რომ უმკაცრესი განკარგულებაა გაცემული, ქვეყნიდან უკონტროლოდ კაციც ვერ გავა და ვერც არალეგალური ბილიკებით გადაიპარება, რადგან ისინიც კონტროლდება.

– ეგ როგორ?

– მაყუთით, ამერიკელები იხდიან. როგორც ეტყობა, რაღაცაში ძალიან სჭირდები, ამდენს რომ გახარჯავენ.

– ეგ მართალია, მაგრამ, მართლა იდიოტები ხომ არ არიან ამერიკელები, ნუთუ ვერ მიხვდებიან, რომ მათ უწყებაში ჩემი ინფორმატორი მუშაობს, ანუ, ვერ მოგაგნებენ?

– ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ვერ მოგვაგნონ. მართალია, რთულია ეს, მაგრამ, სხვა გზა გვაქვს?

– დამაჯერებლად ბაზრობ.

– რამე არასწორი ვთქვი?

– არა.

– ესე იგი, თანახმა ხარ, რომ საქმეში ამიყვანო?

– თანახმა ვარ.

– დაარტყი ხელი, – უთხრა მათეს ნატამ და გაშლილი ხელისგული აღმართა. მათემ კი, ქალის ხელი ტუჩებთან მიიტანა, ეამბორა და უთხრა:

– თანახმა ვარ, პარტნიორები ვართ.

– კეთილი. დღეიდან ჩემთან იცხოვრებ. ახლა კი შხაპი მიიღე, მერე ვისაუზმოთ და ბოლოს ჩემს გეგმას გაგაცნობ. მთელი ღამე ვიფიქრე და ერთად გავარჩიოთ, – უთხრა ნატამ მათეს და საძინებლიდან გავიდა.

ზვიადმა შხაპი მიიღო. შემდეგ ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა, სადაც საუზმე გაშლილი დახვდა და კოხტად ჩაცმული მასპინძელი მოთმინებით ელოდა მათეს. ნატამ და მათემ გემრიელად ისაუზმეს, შემდეგ სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ და ქალმა თქვა:

– ვიცი, რომ შენი უახლოესი ადამიანები პეტიკო და ჰამო არიან, რომლებზეც ინტენსიური თვალთვალია დაწესებული. ინტენსიური ნიშნავს ყველა ტექნიკური საშუალების გამოყენებას და ამას პირადად ამერიკელები ახორციელებენ. იმათ კი, ამის განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნიათ. თითოეული მათი სიტყვა იწერება და, საკმარისია, მათ შეხვდე, ან რაიმე საშუალებით დაელაპარაკო, რომ გაშიფრული ხარ. ამიტომ, მათთან ყველანაირი კონტაქტი გამორიცხულია მანამ, სანამ ამერიკელები თვალთვალს არ მოუხსნიან. ეს კი, ჩემი აზრით, მალე არ მოხდება, საერთოდ თუ მოხდა.

– მართლა თითოეულ სიტყვას ისმენენ?

– ჰო.

– ჰოდა, ჩვენი ბიზნესის შესახებ ყველაფერს გაიგებენ ამერიკელები და სრული ინფორმაცია ექნებათ. აქედან გამომდინარე კი, ისინი მთლიანად გვაკონტროლებენ.

– ეს იმ შემთხვევაში, თუ შენი პარტნიორები დაწვრილებით ლაპარაკობენ ყველაფერს, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელი არ უნდა იყოს.

– ეგ კი, მაგრამ ამერიკელები ხომ სულელები არ არიან და რაღაც საიდუმლოს რომ შეიტყობენ, სათანადო დასკვნის გამოტანას შეძლებენ. ამიტომ, თავიდან ბოლომდე მათი კონტროლის ქვეშ ვყოფილვართ.

– ასეც რომ იყოს, ამერიკელებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ, სად რას უშვრებით სხვებს, მათ შენ სჭირდები. ამიტომ, გიმეორებ, მათთან კონტაქტი არ შეიძლება და ბოლომდე ფსკერზე უნდა დარჩე. მე კი რაიმე საშუალებას მოვიფიქრებ მათ გასაფრთხილებლად, რომ ცოცხალი ხარ, რომ მათ უსმენენ და ენას კბილი დააჭირონ. შენ კი ჩემთან იქნები და აქედან მართავ პროცესებს.

– რა თქმა უნდა, შენი მეშვეობით, ხომ?

– სხვა გზა გვაქვს?

– რომ დავიწვათ და ორივესთვის უარესი აღმოჩნდეს?

– არ მენდობი?

– ამაში არაა საქმე. სიმართლე გითხრა, ბოლომდე არავის ვენდობი, მაგრამ, შენ ეს არ დაგიმსახურებია. პირიქით, შენ რომ არა, ახლა სად ვიქნებოდი, ღმერთმა უწყის. თუმცა, მართალი ხარ და თანახმა ვარ, მაგრამ, ყველაფერი ძალიან „ტონკად“ უნდა გაკეთდეს, რომ არ დავიწვათ.

– არ დავიწვებით, მერწმუნე, რომ საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული, ამერიკელებს კარგად ვიცნობ და მათი გაცურება არ გამიჭირდება. მთავარია, შენი ნდობა მქონდეს, ერთად კი ბევრს მივაღწევთ.

– მოსულა, თანახმა ვარ. მიდი, იმოქმედე, – თქვა მათემ და ნატას გაუღიმა...

***

ნატას ტყუილი არ უთქვამს, ის მართლაც მშვენიერი სპეცაგენტი იყო. მას სპეციალური განათლება ამერიკაში ჰქონდა მიღებული, მშვენივრად იცნობდა თანამედროვე ჯაშუშურ ტექნოლოგიებს და შეეძლო როგორც მათი ამოცნობა, ისე გამოყენებაც. ამიტომ, ჯერ საფუძვლიანად დაზვერა მიდამო და მხოლოდ მას მერე შეძვრა ჰამოს ბინაში, როდესაც ასი პროცენტით დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა. თუმცა იცოდა, რომ ამერიკელები მას კუდზე ასხდნენ და მის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ნატა სავარძელში მოკალათდა და ჰამოს გამოჩენას დაელოდა, თან ხელში თაბახის ფურცელი ჰქონდა მომარჯვებული, რომელზეც ეწერა: „ხმა არ ამოიღო“.

მთაწმინდელი ღამის 2 საათზე დაბრუნდა სახლში, ოთახში შევიდა, შუქი აანთო და ნატო დაინახა, რომელსაც მარჯვენა თითი ტუჩზე ჰქონდა მიდებული, მარცხენაში კი წარწერიანი ფურცელი ეკავა. ჰამომ თავი დაუქნია უცნობ ქალს და მეორე ფურცელი გამოართვა, რომელზეც ეწერა: „მათე ცოცხალია და ჩემთანაა. მე საქართველოს სპეცსამსახურის საიდუმლო თანამშრომელი ვარ. იცოდე, რომ შენი და პეტიკოს ყოველ ნაბიჯს ამერიკელები აკონტროლებენ და ისმენენ. ამიტომ, ისიც გააფრთხილე, რომ საქმეზე არ გელაპარაკოს და სერიოზული არაფერი თქვას. შენ კი ხვალ დილით თბილისის ზღვაზე ადი ვინმე ნაშასთან ერთად საბანაოდ, შუადღეზე კი „ტრუბასთან“ ჩაყვინთე. იქვე აკვალანგის მოწყობილობა დაგხვდება და გაიკეთე, სამხრეთით გაცურე და ქვებთან ამოდი, იქ დაგხვდები და ვილაპარაკოთ. ახლა კი წადი, რომ კუდი გამოგყვეს და მე მშვიდად მოვახერხო აქიდან გასვლა“.

ჰამომ ზუსტად შეასრულა ნატას სიტყვები და პეტიკოსთან წავიდა, კუდიც გაიყოლა და ცოლისძმას იმავე ხერხით მიაწოდა ინფორმაცია, როგორც მას – ნატამ. მეორე დღეს კი ქერათმიან, ტანწერწეტა მდივან გოგონასთან ერთად გაემგზავრა თბილისის ზღვაზე და ამერიკელი მოთვალთვალეების თვალწინ თავმომწონეობის სცენა გაითამაშა. ბოლოს კი წყალში გადახტა, და ჩაყვინთა, ათი წუთის მერე უკვე ნატას მანქანაში იჯდა.

– უშიშროების ოფიცერი ვარ, ნატა მქვია და მათე ჩემთანაა. ამერიკელები ახლა თავქუდმოგლეჯილი დაგეძებენ და იმ ქერათმიან ნაშას რომ ნახავ, უთხარი, გზა აგერია და საპირისპირო ნაპირზე ამოხვედი.

– ამერიკელების დედაც! გისმენთ.

– მე ვიქნები თქვენი მოკავშირე და ჩემი მეშვეობით შეიტყობთ ყველაფერს.

– რა გარანტია მაქვს, რომ სიმართლეს მეუბნებით.

– ცოტაც მოითმინეთ და თავად მათე გეტყვით ამას.

– მათესთან მივდივართ?

– ჩემთან, მაგრამ, ტანისამოსის გარეშე უხერხულია. უკანა სავარძელზე სპორტულებია და ჩაიცვით.

ჰამომ უკანა სავარძელზე დაწყობილი სამოსი მოირგო, ქუდიც დაიხურა და ნატას უთხრა:

– როგორია?

– მშვენიერი. იტალიის ნაკრების ლამაზ ფეხბურთელს ჰგავხართ.

– კომპლიმენტისთვის მადლობელი ვარ, – გაეცინა ჰამოს, – მთაწმინდაზე ცხოვრობთ, ამ გზით, რომ მოდიხართ?

– მთაწმინდაზე და, თქვენგან არცთუ ისე შორს, სულ რაღაც 800 მეტრის დაშორებით.

– აქამდე რატომ არ მინახავხართ?

– სულ ვსწავლობდი, თანაც, უცხოეთში და, ალბათ, იმიტომ.

– შედეგიც სახეზეა – ამერიკელი სპეცები ისე გააცურე, უკეთესს ვერ მოიფიქრებ.

– მოიფიქრებ და შეასრულებ კიდეც. შენ ფული და რეკვიზიტი თქვი, – გაეცინა ნატას და მანქანა შესახვევში შეაყენა. შემდეგ, ჰამოსთან ერთად მანქანიდან გადავიდა და მესამე სართულისკენ კიბეებს აუყვა.

– აქა მშვიდობა! – თქვა მთაწმინდელმა, როდესაც ნატას ბინაში შედგა ფეხი.

– მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. როგორ ხარ, ჰამო? – მოესმა მთაწმინდელს ნაცნობი ხმა.

– მათე! – წამოიძახა ჰამომ და ზვიადს ჩაეხუტა, – როგორ ხარ?

– ჯერჯერობით ვცოცხლობ, ღმერთი არ მწირავს. თქვენ?

– დაღუპული გვეგონე და ძალიან განვიცდიდით. ვერტმფრენის კატასტროფის ამბავი იმავე დღეს დაწვრილებით შევიტყვეთ.

– რას აპირებდით?

– პრინციპში, ეგ პითონს უნდა გადაეწყვეტია, მაგრამ, ისე დაბნეული იყო, რომ ვერაფერს მოიფიქრებდა.

– იცის, რომ ცოცხალი ვარ?

– კი.

– ამერიკელების „დახვოსტება“ როგორ მოგეწონა? ახლა იმ ბოზებს ბევრი რამ ეცოდინებათ თქვენი დვიჟენიების შესახებ. ნატა ამბობს, რომ თითოეულ ნაბიჯსა და სიტყვას უკონტროლებენო.

– ბევრს ვერაფერს გაიგებდნენ ჩვენი ბაზრიდან, მე და პეტიკო მაინცდამაინც ბევრს არ ვლაპარაკობთ ხოლმე სახლში საქმეებზე. ასე რომ, ისეთს ვერაფერს გაიგებდნენ ჩვენგან, რაც მანამდე არ იცოდნენ.

– ესენიღა გვაკლდნენ! ვითომ რუსები არ გვყოფნიდნენ და ახლა ამერიკელები დაგვასხდნენ კუდზე! მოკლედ, ასე ვქნათ: ნატა იქნება ჩვენი მეკავშირე და, თუკი რამე დაგჭირდებათ, ნატას შეხვდებით, წერილს გამოატანთ. იმავეს ვიზამ მე.

– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს მშობლიურ ქალაქში „შპიონობანას“ ვითამაშებდი და, თანაც, სრულიად სერიოზულად. სად და როგორ შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს?

ნატამ მობილური მიაწოდა ჰამოს და უთხრა:

– ეს სუფთა ტელეფონია და, ამ ნომერზე რომ მესიჯს გამომიგზავნი – საყვარელო, ძალიან მიყვარხარო, – მეცოდინება, რომ ჩემთვის ინფორმაციის გადმოცემა გინდა. წერილს აი ამ სიგარეტის ფილტრში ჩადებ და ნამწვავს პირველი სკოლის ბაღში, ილიასა და აკაკის ძეგლთან დააგდებ. ხოლო, თუკი შენ მიიღებ მსგავს მესიჯს, მაშინ სიგარეტი იმავე დღეს ქაშუეთის წინ შავგვრემან ქალთან იყიდე და „მარლბოროს“ ყუთში იდება ქსივა. თან, დაიმახსოვრე, რომ არ დავიწვათ, შეხვედრებს ყოველთვის სხვადასხვა ადგილებზე დავნიშნავთ და საკონტაქტო საშუალებები წინა შეხვედრის დროს მიღებულ ქსივაში იქნება აღნიშნული.

– გასაგებია. მაგრამ, დავუშვათ, შენ ან მე ექსტრემალური შეხვედრა დაგვჭირდა, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?

– მე თუ დამჭირდი, თავად დაგეკონტაქტები. თუ შენ დაგჭირდი, მესიჯი მომწერე: ძალიან, ძალიან მომენატრე, შენ გარეშე ვერ ვძლებ-თქო“ და იმ ადგილს მიუთითებ, სადაც იმყოფები. მოვალ და გნახავ.

– გასაგებია, – გაეცინა ჰამოს, – სუპერტექნოლოგიების ეპოქაში ერთმანეთს ორასი წლის წინ შემუშავებული მეთოდებით უნდა ვეკონტაქტოთ. სასაცილო არაა?

– სულაც არა, ყველაზე ნაღდი მეთოდია. თანაც, ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, რომ ერთმანეთს ასეთი საშუალებებით ვეკონტაქტებით, – თქვა ნატამ და საათს შეხედა, – 2 საათია. ამერიკელებმა, ალბათ, მთელი თბილისის ზღვა გადააქოთეს შენს ძებნაში და დროზე წადი, თორემ გულები დაუსკდებათ.

– მოკლედ, შევთანხმდით. ყველაფერი გასაგებია, ახლა კი სახლში წავალ, – თქვა მთაწმინდელმა და ნატას სახლი ფრთხილად დატოვა.

ჰამო სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა და ვიწრო ჩიხში ამოყო თავი. შემდეგ ვიწრო გასასვლელში გაძვრა, სადაც ხშირად იმალებოდა ხოლმე ბავშვობაში, როდესაც თანატოლებს „კაზაკი რაზბოინიკის“ ეთამაშებოდა და ძებნილობის პერიოდშიც არაერთხელ უსარგებლია. მთაწმინდელმა ნაცნობი ეზო გადაჭრა, სადარბაზოში შევიდა და ათიოდე წამში თავის ქუჩაზე გაჩნდა. მან შორიდანვე შეამჩნია, რომ მის სახლთან ორი საპატრულო მანქანა იდგა და უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ამიტომ არ გასჭირვებია იმისი მიხვედრა, რომ მას ეძებდნენ. სპორტულებში გამოწყობილი ჰამო მშვიდად მიუახლოვდა შეჯგუფულ ხალხს და იკითხა:

– ხომ მშვიდობაა, რა ხდება?

– ჰამო?! – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ადამიანის მკვდრეთით აღდგომას შეესწრო. შემდეგ ის პოლიციის ოფიცერს მიუბრუნდა და უთხრა, – აი, დამხრჩვალიც მოვიდა, ბატონო ოფიცერო. ხომ ვამბობდი, ცრუ განგაშია და ჰამო ასწლიანია-მეთქი.

პოლიციის ოფიცერი ჰამოს მიუახლოვდა, მხედრული სალამი მისცა და ჰკითხა:

– ჰამო თქვენ ხართ?

– დიახ, – გაუღიმა მთაწმინდელმა.

– თქვენმა ახლობელმა ქალბატონმა პოლიციაში განაცხადა, რომ თბილისის ზღვაზე დაიხრჩვეთ. თუ შეიძლება, აგვიხსენით, რაშია საქმე?!

– ყველაფერი მართალია, ერთის გარდა. არ დავმხრჩვალვარ, – უთხრა ჰამომ პოლიციის ოფიცერს. შემდეგ მხარზე მოხვია ხელი, გვერდით გაიყვანა და უჩურჩულა: – ძალიან დელიკატური საკითხია, ჩემო კარგო, და არ მინდა, რომ გაბაზრდეს. ახლავე აგიხსნით ყველაფერს და, როგორც კაცი, მიხვდებით, რა მოხდა.

– გისმენთ!

– არა, არა, სახლში ამობრძანდით და იქ ვილაპარაკოთ.

– კეთილი, – დაეთანხმა პოლიციელი და კოლეგებს მიუბრუნდა, – თქვენ თავისუფლები ხართ და წადით. შენ კი, კოტე, მანქანაში დამელოდე. მე ბინაში ავალ, ოქმს შევადგენ, რომ ძებნილი ნაპოვნია და ჩამოვალ.

ჰამომ მეზობლებს მადლობა გადაუხადა, თანაგრძნობისთვის, შეწუხებისთვის ბოდიში მოუხადა და პოლიციის ოფიცერთან ერთად ბინაში შევიდა.

– აი, აქ დაბრძანდით. მე ახლავე მოვალ, – უთხრა ჰამომ პოლიციელს და სამზარეულოში გავიდა, ხუთიოდე წუთის მერე კი გორგოლაჭიანი მაგიდა შემოაგორა, რომელიც საჭმელითა და სასმელებით იყო სავსე და პოლიციელს უთხრა: – საუბარი სუფრასთანაა კარგი.

– მორიგე ვარ, დრო არ მაქვს, თან, უხერხულია, რომ მე აქ, სუფრასთან ვიჯდე, ჩემი მეწყვილე კი – მანქანაში, – დაიმორცხვა პოლიციელმა.

– მერე, რა პრობლემაა, ამოიყვანე და შემოგვიერთდეს.

პოლიციელმა ვითომ იუარა, მაგრამ მაინც დაურეკა მეწყვილეს და, როდესაც მეორე პოლიციელიც მიუჯდა სუფრას, ჰამომ თქვა:

– თქვენ მიირთვით, მე კი მოგიყვებით, რაც მოხდა და, რაც გაგისწორდებათ, ის დალიეთ.

– არა, არ ვსვამთ, – კატეგორიული უარი განაცხადეს პოლიციელებმა და მადიანად შეუდგნენ ჭამას.

– მოკლედ, ასეთი ამბავია, ძმებო, – თქვა ჰამომ, – ის გოგონა, ვინც ასეთი სკანდალი ატეხა ჩემ გამო, თბილისის ზღვაზე წავიყვანე, რომ ცოტა გვეცურავა და მერე კი ცოტა გავრთობილიყავით. როგორც ეტყობა, ჩემმა ძალიან ეჭვიანმა ცოლმა რაღაც იყნოსა და, იმ ნაშას თუ მე, ან, სულაც, ორივეს ერთად, დაგვაჯდა კუდზე და სწორედ იმ დროს გაიჩითა, როდესაც თომარს ვიწყებდი. შორიდანვე მოვწვი ჩემი ცოლი და, რომ არ დავენახე, წყალში გადავხტი. ხომ გაგიგონიათ, გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო, მეც ასე დამემართა. ამიტომ, ყვინთვით გავცურე, უკაცრიელ ადგილზე ამოვედი და სულ ბაღებით ვიარე შიშველმა. რომელიღაც ბოსტანში კი საფრთხობელას შმოტკები ჩავიცვი და ტაქსით მივედი ჩემს მეგობართან, ფული მას გადავახდევინე, შმოტკები გამოვართვი და მოვედი. ყელაზე მეტად კი ის მადარდებდა, რომ მანქანა, ტელეფონი, ტანსაცმელი, ფული და საბუთებით სავსე საფულე ნაპირზე დამრჩა. ჩემი ცოლი მიაგნებს ყველაფერს და ოჯახის დაგრევა არ ამცდება, – სევდიანად დაასრულა ჰამომ და ღრმად ამოიხვნეშა.

ნატას მიერ მოფიქრებულ ტრიუკში სოფიც აქტიურად იყო ჩართული და, რაც ჰამომ თქვა, აბსოლუტურ სიმართლეს ჰგავდა. სოფი მართლა მივიდა თბილისის ზღვაზე და სწორედ მისი გამოჩენის მერე გადახტა მთაწმინდელი წყალში – ეს ყველაფერი ამერიკელ მოთვალთვალეებსაც ჰქონდათ დაფიქსირებული და ეჭვიანობა-ღალატის სცენა მათაც დაიჯერეს.

– ესე იგი, ყველაფერი ზღვაზე დაგრჩა და ცოლთან გაყრის გეშინია, ხომ? – სიცილით თქვა პოლიციის ოფიცერმა.

– ეჰ, ჩემო ძმაო, – დაიჭყანა ჰამო, – გეტყობა, ცოლი არ გყავს და ასეთ სიტუაციაში არ ჩავარდნილხარ, თორემ, უარესი შიში შეგიპყრობდა.

– ცოლიც მყავს და ორი შვილიც. უბრალოდ, ერთგული ქმარი ვარ, – ჩაეცინა პოლიციელს, – შენ კი, ჩემო ძმაო, – ისეთი მშვენიერი ცოლი გყავს, რომ სხვა ქალთან ყოფნის სურვილიც კი სირცხვილია. სოფის მთელი საპატრულო პოლიცია შეჰხაროდა, როდესაც ის ჩვენთან მუშაობდა.

– ესე იგი, სოფიმ ყველაფერი გაიგო? – დაღონდა ჰამო.

– გოგი, ნუ აწვალებ კაცს, სიმართლე უთხარი, თორემ, მოკვდა ნერვიულობით, – უთხრა კოლეგას მეორე პატრულმა, რომელიც შავ პურზე წასმულ ხიზილალას ფორთოხლის წვენს აყოლებდა.

გოგიმ ჯიბიდან ჰამოს საფულე ამოიღო და მაგიდაზე დადო:

– ნუ ნერვიულობ. მანქანა და შენი შმოტკები ჩვენთანაა, სოფიმ კი არაფერი იცის. რომ გავიგეთ, ვისი ქმარი იყავი, გადავწყვიტეთ, ჯერ შენ მოგვეძებნე კარგად და მხოლოდ ამის მერე შეგვეტყობინებინა ოჯახისთვის. საღამომდე რომ არ გამოჩენილიყავი, მაშინ უკვე იძულებულები ვიქნებოდით, ყველაფერი სოფისთვის გვეთქვა. აქ კი შენი საბუთებია და ფული – ათას ორასი დოლარი. ყველაფერი შეამოწმე და ოქმზე ხელი მოგვიწერე, რომ სრულად ჩაიბარე დაკარგული ნივთები. სოფი ვერაფერს შეიტყობს, მაგრამ, იცოდე, აღარ დააპირო ღალატი, თორემ, მე თვითონ ვეტყვი ყველაფერს, – შინაურულად უთხრა ჰამოს პოლიციელმა, მეგობრულად დაუქნია თითი და ნივთების დაბრუნების ოქმი დაუდო წინ.

ჰამომ საფულე გახსნა და საბუთებს, უბრალოდ, თვალი გადაავლო. შემდეგ, ფულის დასტა ამოიღო და გადათვალა. ბოლოს კი თორმეტი ასდოლარიანი შუაზე გაყო, მაგიდაზე დაალაგა, დაბრუნების ოქმს ხელი მოაწერა და პოლიციელებს უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა, ფული და საბუთები დაბრუნდა, ეს კი თქვენ...

– რა ჩვენ? – ჰკითხა ჰამოს გოგიმ, რომელმაც მშვენივრად გაიგო, რომ მთაწმინდელი მას ფულს სთავაზობდა, მაგრამ, გადამოწმება უნდოდა.

– რა და – ეს, – გაიმეორა ჰამომ და ორივე პოლიციელს გულის ჯიბეებში ერთდროულად ჩაუდო 600-600 დოლარი და თქვა, – ღმერთმა შეგარგოთ.

– რას ამბობ, ძმაო? – კოპები შეკრა გოგიმ და ფულის ამოღება სცადა, მაგრამ ჰამომ ჯიბეზე ხელი მიადო და უთხრა:

– სოფის ხათრით აიღეთ. სხვანაირად არ გამიგოთ. ეს არც ქრთამია და არც სხვა რამ. უბრალოდ, მინდა, რომ პატივი გცეთ.

პოლიციელებს აღარ გაუპროტესტებიათ და წასასვლელად გაემზადნენ, მაგრამ, კარი გაიღო და ბინაში სოფი შემოვიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3