კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმწიკვლოების მსხვერპლი


აგათა კრისტი

ოთახში შემოსულმა ედნამ კარი მიხურა და მის მარპლის წინ გაჩერდა. იდგა და იატაკს მიშტერებოდა, ხელით კი წინსაფრის კიდეს აწვალებდა.

– აბა, რა ხდება, ედნა? – ჰკითხა მის მარპლმა მოახლეს.

– აჰ, მემ, ჩემმა კუზინამ გლედისმა სამსახური დაკარგა.

– ღმერთო ჩემო! როგორც მახსოვს, იგი ოლდ-ჰოლში, დებ სკინერებთან მსახურობდა, არა?

– დიახ, მემ. ძალიან ნერვიულობს, ძალიან. საქმე ისაა, მემ, რომ ის გამოაგდეს და რაც მთავარია, ძალიან ცუდი ამბის შემდეგ. მისის ემილიმ გულსაბნევი დაკარგა. გლედისი ძალიან ცდილობდა მის პოვნას, ყველაფერი გადააქოთა, მაგრამ... მის ლავინია უკვე პოლიციაში აპირებდა წასვლას, როდესაც გულსაბნევიც გამოჩნდა; ზარდახშაში იდო, თურმე, ძალიან ღრმად. გლედისს ისე გაუხარდა... მეორე დღეს კი ერთი გატეხილი თეფშის გამო, მის ლავინიამ სკანდალი ატეხა და გლედისი დაითხოვა. ყველასთვის გასაგებია, რომ გატეხილი თეფში არაფერ შუაშია. უბრალოდ, მის ლავინია მიზეზს ეძებდა. ისინი ფიქრობენ, რომ გლედისმა გულსაბნევი მოიპარა და შემდეგ, როდესაც პოლიციაში დარეკვა დააპირეს, შეეშინდა და გამოაჩინა. გლედისი ამის გამკეთებელი არ იყო, დამიჯერეთ, მემ. ახლა დაიწყება ჭორების გავრცელება და ჩურჩული, გლედისი კი ახალ სამსახურს ეძებს. იქნებ შეძლოთ მისი დახმარება?

მის მარპლს თავდაჯერებული გლედისი არასოდეს მოსწონდა, მაგრამ მის პატიოსნებაში დარწმუნებული იყო. ამიტომ გადაწყვიტა, ოლდ-ჰოლში წასულიყო. ოლდ-ჰოლში სულ ოთხი ოჯახი ცხოვრობდა: მდიდარი ქალი თავისი მოახლით; პენსიაზე გასული მოსამართლე ცოლთან ერთად; ახალდაქორწინებული წყვილი და შინაბერა დები სკინერები. მართალია, მის მარპლი ოლდ-ჰოლის არც ერთ მცხოვრებს ახლოს არ იცნობდა, მაგრამ მათზე გარკვეული წარმოდგენა მაინც ჰქონდა. სკინერებიდან უფროსი ლავინია იყო, ხოლო უმცროსი – ემილი, რომელიც თითქმის მთელ დროს ლოგინში ატარებდა. ამის მიზეზი ათასი ჯურის ავადმყოფობა იყო, რომელთაც, სოფლის მცხოვრებთა აზრით, ის თავად იგონებდა. მთელ სენტ-მერი-მიდში ერთადერთი მის ლავინია იყო მყარად დარწმუნებული, რომ მისი და „საშინლად იტანჯებოდა“ და ყველა მის კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებდა. სოფლის მცხოვრებთ კი მიაჩნდათ, რომ, ადამიანი, ვისაც ჩამოთვლილი დაავადებების თუნდაც ნახევარი აწუხებდა, დიდი ხნის მკვდარი უნდა ყოფილიყო. ემილი მაინც აცხადებდა, რომ მისი შემთხვევა ერთადერთია და ამ საშინელმა დაავადებამ უკვე შეიყვანა ჩიხში ლონდონელი ექიმები, რომ მხოლოდ ერთმა ექიმმა მოახერხა მისთვის მკურნალობის კურსის დანიშვნა, რაც მას უმნიშვნელო შვებას აძლევდა. მის მარპლი ერთხელ იყო მათთან და მის ემილი მაშინაც, ცუდად განათებულ ოთახში, საწოლში ჩაწოლილი დაუხვდა.

გლედისის გაგდების ამბავი სოფელში მალე გავრცელდა. მის უეტერბაიმ, რომელიც მის მარპლს ფოსტაში შეხვდა, ბოროტად წაიჩურჩულა:

ძვირფასო, უკვე გაიგეთ? მათ გლედისს რეკომენდაციაში დაუწერეს, რომ მშრომელია, სუფთაა და ასე შემდეგ, მაგრამ, ერთი სიტყვაც არ დაწერეს მის პატიოსნებაზე. აი, ასე! ვფიქრობ, ამ გულსაბნევის ისტორიაში რაღაც იმალება. ახლა არ არის ის დრო, ასე უბრალოდ გააგდო მოახლე. ახლის შოვნა ისედაც ჭირს. აქ სამუშაოდ ვინ ჩამოვა, თანაც ოლდ-ჰოლში? იქიდან ღამე მარტო წამოსვლაც კი საშიშია. აი, ნახავთ ვერავისაც ვერ იპოვიან. ემილის მოუწევს იპოჰონდრია დაივიწყოს, ლოგინიდან ადგეს და საქმეებს თავად მიხედოს.

ცნობამ, იმის შესახებ, რომ დებმა სკინერებმა რომელიღაც სააგენტოს მეშვეობით მოახლე იპოვეს, თანაც ყველა თვალსაზრისით უმწიკვლო, სოფლის მცხოვრებლებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. რეკომენდაციები ბრწყინვალე ჰქონდა – სოფელი ბავშვობიდან უყვარდა და იმაზე ნაკლებ ანაზღაურებაზე იყო თანახმა, ვიდრე გლედისი. ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო, საიმისოდ, რომ სიმართლე გარკვეულიყო. ამიტომ სენტ-მერი-მიდში იმედოვნებდნენ, რომ ეს უმწიკვლო მოსამსახურე, როგორც კვამლი ჰაერში, ისე გაქრებოდა. სენტ-მერ-მიდი შეცდა. მალე ყველამ ნახა განძი, სახელად მერი ჰიგინსი, ტაქსით როგორ მიემართებოდა ოლდ-ჰოლისკენ.

როდესაც მის მარპლი ოლდ-ჰოლს, რაღაც საქველმოქმედო საღამოს ორგანიზების მიზეზით ეწვია, კარი მას მერი ჰიგინსმა გაუღო. ეჭვს ვერაფერში შეიტანდი, იგი უმაღლესი კლასის მოახლე იყო. ორმოცი წლის იქნებოდა, შავი აკურატულად დავარცხნილი თმები და ჯანმრთელი ღაჟღაჟა ღაწვები ჰქონდა. მსუბუქი სიმსუქნე, მოხერხებულად იყო დამალული შავი კაბისა და ქათქათა წინსაფრის ქვეშ. საუბარი ხმადაბალი და ღირსებით სავსე ჰქონდა, რაც წიკვინა გლედისის ფონზე, განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მის ლავინია მისი ქებით აღარ იყო. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ასეთი მოახლე გამოუგზავნა. მერე ავადმყოფს როგორ უვლიდა?! მის ყველა კაპრიზს ასრულებდა.

– თქვენს ადგილზე მას მეტ ყურადღებას მივაქცევდი, – უთხრა ლავინიას მის მარპლმა.

– როგორ არა, – უპასუხა მის ლავინიამ, რომელიც მის მარპლის სიტყვების აზრს ბოლომდე ვერ ჩასწვდა, – ტყავიდან ვძვრები, რომ ჩვენთან მოეწონოს.

მის მარპლმა, სასტუმრო ოთახიდან რომ გადიოდა, ემილის გაღიზიანებული ხმა გაიგონა. იგი კომპრესის გამოცვლას ითხოვდა. საძინებლიდან „შეუცვლელი მერი“ გამოვიდა. მის ლავინიას აცნობა, რომ და ეძახის და სტუმარს ჩაცმაში მიეხმარა. ოთახიდან გასვლის დროს, მის მარპლის ქოლგა კარის სახელურს გამოედო. ჩანთა გაუვარდა და ყველაფერი ძირს დაეყარა. მერი სწრაფად დაიხარა და სტუმრის ნივთები ერთ წუთში მოაგროვა. მის მარპლმა მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

მომდევნო ათი დღე სენტ-მერი-მიდში მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, თუ რა „განძი“ ჩაუვარდათ დებ სკინერებს ხელში დაუმსახურებლად. მეთერთმეტე დღეს, დილით „განძი“ გაქრა! მასთან ერთად გაქრა მის ლავინიას კიდევ ორი გულსაბნევი და ხუთი ბეჭედი, მის ემილის სამი ბეჭედი, მედალიონი, სამაჯური და ოთხი გულსაბნევი დაიკარგა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მალე გაირკვა, რომ ახალგაზრდა მისის დევერეს ბრილიანტები და ქურქი დაეკარგა. მოსამართლეს და მის ცოლს ფული და ძვირფასეულობა გაუქრათ. ყველაზე მეტად მაინც მის კარმაიკლი დაზარალდა, რომელიც სახლში არა მხოლოდ ძვირფასეულობას, მთელ თავის ფულს ინახავდა. აღარავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ მერიმ, ამ იდეალურმა მოახლემ, ათ დღეში ყველა კარისთვის გასაღების შერჩევა მოასწრო. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა ამბავმა სენტ-მერი-მიდის მცხოვრებლებში ბოროტი სიხარული გამოიწვია.

ინსპექტორი სლეიკი დარწმუნებული იყო, რომ ქურდს მალე დაიჭერდა, თუმცა კვირა კვირას მისდევდა და შედეგი არ ჩანდა. მის ლავინია სულ ტიროდა. მის ემილიზე ლაპარაკიც არაა. ნერვიულობის ნიადაგზე მისი ჯანმრთელობა ისე შეირყა, რომ იკადრა და ექიმი ჰეიდოკი გამოიძახა. ექიმმა ავადმყოფს მხოლოდ დამამშვიდებლები გამოუწერა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი მკურნალობით უკმაყოფილო მის ემილიმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა, უბრალოდ აიძულებს, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდეს, სადაც ისეთ ექიმს იპოვის, რომელიც მის ავადმყოფობაში გაერკვევა.

რამდენიმე დღის შემდეგ, შეწუხებული და აღელვებული მის მარპლი მაჩ-ბენჰემის პოლიციის განყოფილებაში გამოჩნდა და ინსპექტორი სლეიკი იკითხა. ინსპექტორს მის მარპლი დიდად არ უყვარდა, მაგრამ იცოდა, რომ საგრაფოს კონსტებლი, პოლკოვნიკი მიტჩელი სლეიკის აზრს არ იზიარებდა, ამიტომ, სტუმარი მაშინვე მიიღო.

– რით გემსახუროთ?

– შევეცდები ყველაფერი, რაც შეიძლება მოკლედ აგიხსნათ, – დაიწყო მის მარპლმა, – მე მის სკინერის მოახლის გლედისის თაობაზე გაწუხებთ. გარწმუნებთ, იგი აბსოლუტურად პატიოსანია.

– როგორც მახსოვს, მას ბრალი არაფერში ედება, – გაიკვირვა ინსპექტორმა.

– ზუსტადაც, არაფერში ედება. სწორედ ეს არის ცუდი. იმიტომ, რომ ჭორები მაინც ვრცელდება. სასწრაფოდ მერი ჰიგინსი უნდა ვიპოვოთ.

– უნდა ვიპოვოთ, – უხალისოდ დაეთანხმა ინსპექტორი, – იქნებ, ისიც იცით, ეს როგორ გავაკეთოთ?

– საერთოდ, ვიცი, – უთხრა მის მარპლმა, – მაპატიეთ, რომ სხვის საქმეში ვერევი, მაგრამ ნუთუ მისი თითის ანაბეჭდები არაფერს გაძლევთ?

– ოჰ, ანაბეჭდები! – გაწელა ინსპექტორმა სლეიკმა, – აქ მან გვაჯობა. მთელ სამუშაოს ხელთათმანებით ასრულებდა. აი, იმ ხელთათმანებით, დიასახლისები რომ ხმარობენ. ძალიან აკურატულად მოქმედებდა. ყველა ანაბეჭდი წაშალა, როგორც საძინებელში, ისე ონკანზეც. მოკლედ, მთელ სახლში ერთი ანაბეჭდიც კი ვერ ვიპოვეთ.

მის მარპლმა ჩანთა გახსნა და იქიდან მუყაოს ყუთი ამოიღო, სადაც ბამბაში გახვეული სარკე იდო.

– ჩემი ჩანთიდან გადმოვარდა, – განუმარტა მის მარპლმა, – აქ მისი თითების ანაბეჭდებია.

ინსპექტორმა გაკვირვებულმა შეხედა.

– თქვენ ეს სპეციალურად გააკეთეთ?

– რა თქმა უნდა.

– ესე იგი მასზე ეჭვი გქონდათ.

– იცით, მომეჩვენა, რომ ძალიან კარგი იყო. ამაზე მის ლავინიასაც ვუთხარი, მაგრამ ვერ გამიგო. მე საერთოდ, არ მომწონს ადამიანები ნაკლის გარეშე.

– ძალიანაც კარგი, – თქვა ინსპექტორმა, – თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ. ანაბეჭდებს სკოტლანდ-იარდში გავაგზავნი, ვნახოთ რა პასუხი ჩამოვა.

– ასე შორს წასვლა რა საჭიროა ინსპექტორო?

– რას გულისხმობთ?

– რთული ასახსნელია. გლედისი პატიოსანი გოგოა. ეს მის სკინერს ჩემზე უკეთ უნდა სცოდნოდა. მან კი კარგი მოახლე მაინც გააგდო. ეს მაშინ, როდესაც მოახლის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არ არის უცნაური? მის ემილის ჰიპოქონდრია სჭირდა. მე პირველად ვნახე ჰიპოქონდრიკი, რომელიც ექიმს არ მიმართავს. ისინი ხომ ექიმებზე ჭკუას კარგავენ!

– რაზე მიანიშნებთ, მის მარპლ?

– იმაზე, რომ მის ლავინია და მის ემილი უცნაური ხალხია. მის ემილი, მაგალითად, სულ სიბნელეში ზის და თუ მისი ვარცხნილობა პარიკი არ არის, მაშინ მე არაფერი გამეგება. და საერთოდ: რატომ არ შეიძლება, სუსტი, გაჭაღარავებული ქალი, კარგი დაკვირვების შემდეგ, შავთმიანი და ღაჟღაჟა ღაწვებიანი მსუქანა აღმოჩნდეს? რამდენადაც ვიცი, მის ემილი და მერი ჰიგინსი ერთად არავის უნახავს. ამასთან მას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, ყველა მეზობლის გასაღების დუბლიკატი დაემზადებინა, შემდეგ კი... შემდეგ ჩვენი თანასოფლელი მოახლე სახლიდან გაეგდო. ერთ ღამეს მის ემილი სახლიდან გამოდის, სწრაფად მიდის სადგურამდე და მერი ჰიგინსის სახით ბრუნდება. მერე ქრება და ყველა ყვირის: „დაიჭირეთ ქურდი!“. ქურდი კი თავისთვის საწოლში წევს. შემდეგ აცხადებს, რომ საცხოვრებლად ლონდონში გადადის. ეჭვი თუ გეპარებათ, მისგან თითის ანაბეჭდები აიღეთ. დარწმუნებული ვარ, მათ ეს სქემა კარგად აქვთ დამუშავებული, მაგრამ ამჯერად ვერსად გაიქცევიან! წარმოგიდგენიათ, ჩვენი თანასოფლელი გოგოს ასე გასვრა?! არ ვაპატიებ. გლედის ჰოლმსი პატიოსანი გოგოა. დაე, ყველამ იცოდეს.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3