დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30-35(453)
სახეალეწილი „ცეერუს“ პოლკოვნიკი უხმოდ წამოდგა და თავჩაღუნული დაბრუნდა წყალქვეშა ნავის კიჩოზე. სმიტმა კი ჰამოს უთხრა:
– პატარა შეფერხება დაძლეულია. წინ, მაიამისკენ...
***
ჰამომ და პოლკოვნიკმა ფანტასტიკური სამი დღე გაატარეს მაიამიში. სმიტის მასპინძლობით გაოცებული ქართველი აღტაცებას ვერ მალავდა და გამომშვიდობებისას ამერიკელ კონგრესმენს უთხრა:
– სიტყვები არ მყოფნის, რომ თქვენი მასპინძლობით გამოწვეული გრძნობები გამოვხატო, უბრალოდ, მადლობას გიხდით. ჯერი ჩემზეა და, თუ მიკადრებთ და საქართველოში ჩამობრძანდებით, პატივისცემა ჩემზე იყოს.
– უეჭველად გეწვევი, ჩემო მეგობარო. მეგობრების გარდა, ჩვენ ხომ თითქმის ნათესავებიც ვართ და, როგორც კი ჩემი ვაჟი დაიბადება და მონათლავ, ეს კავშირიც გაფორმდება.
– აუცილებლად, პოლკოვნიკო. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ეს დღე, უთხრა ჰამომ სმიტს, შემდეგ გადაეხვია და გასასვლელისკენ გაემართა, სადაც ტრანსატლანტიკური საჰაერო ლაინერი ელოდა.
თვითმფრინავმა ნახევარ საათში აიღო გეზი ევროპისკენ და საფრანგეთის დროით დილის 8 საათზე პარიზის „ორლის“ აეროპორტში დაეშვა. თბილისში გამოფრენამდე ხუთი საათი იყო დარჩენილი და დროის მოკვლის მიზნით, ჰამომ საფრანგეთის დედაქალაქში გასეირნება გადაწყვიტა, გარეთ გავიდა, ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს უთხრა:
– ელისეს მინდვრებზე, – შემდეგ სავარძელს მიეყუდა და ჩაილაპარაკა: – რა სისუფთავეა. ნეტავ ჩვენთან როდის იქნება ასე.
ფრანგმა ტაქსისტმა, რომელიც დამტვრეული ინგლისურით ესაუბრებოდა ჰამოს, ქართული სიტყვების გაგონებაზე ჰკითხა:
– სადაური ბრძანდებით?
– ქართველი, საქართველოდან. გაგიგიათ ასეთი ქვეყანა?
– მამაჩემის მამაც ქართველი იყო. ენა მეცნო და იმიტომ გკითხეთ, – მიუგო ჰამოს ტაქსისტმა და გაუღიმა.
– ესე იგი, თქვენც ქართველი ყოფილხართ.
– არა, მე ფრანგი ვარ. მამაჩემიც აქ დაიბადა და მეც. ქართველი ბაბუაჩემი იყო.
– თქვენი სახელი?
– სახელი ცოტა უცნაური მაქვს – მალხაზი მქვია, – გაეღიმა ტაქსისტს, – ბაბუაჩემმა დამარქვა თავის პატივსაცემად, რადგან მასაც ასე ერქვა.
– რა გვარი ხართ?
– გვარიც უცნაური მაქვს – კაკაბაძე, – კვლავ გაეღიმა ტაქსისტს, – მეგობრებს ჩემი გვარ-სახელის წარმოთქმისას ენა ემტვრევათ ხოლმე და ერთი პერიოდი ორივეს გამოცვლა მინდოდა, მაგრამ, გადავიფიქრე.
– რატომ გადაიფიქრეთ?
– იმიტომ, რომ კარგი ბაბუა მყავდა. ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა. მის სახელს ვეცი პატივი.
– რამდენი წლის ხარ, მეგობარო?
– დღეს ოცდაათის შევსრულდი.
– ჰოდა, ჩემო მალხაზ, მოდი, ახლა სადმე, მყუდრო რესტორანში წავიდეთ და შინაურულად, როგორც ნამდვილ ქართველებს გვჩვევია, ისე აღვნიშნოთ შენი დაბადების დღე. მე მგონი, ხუთი საათი გვეყოფა იმისთვის, რომ პატარა წავიქეიფოთ და უკანვე, „ორლიში“ დავბრუნდეთ. წავედით, მე გეპატიჟები!
– მართალი გითხრათ, უხერხულია, მუსიე. თანაც, ვმუშაობ.
– ეგ არაფერია, მალხაზ. დღეს შენ ოცდაათი წლის გახდი და დასვენება გეკუთვნის, ასე რომ, ვქეიფობთ!
ტაქსისტს კრინტი აღარ დაუძრავს და თეთრი ფერის „სიტროენი“ პარიზის ცენტრისკენ გააქროლა. ელისეს მინდვრებს რომ მიუახლოვდა, სვლა შეანელა, ორმოცდაათიოდე მეტრიც გაიარა, მანქანა ერთ-ერთ პატარა რესტორნის წინ შეაჩერა და ჰამოს უთხრა:
– მე მგონი, აქ აჯობებს დაჯდომა, მყუდროა და არც ისე ძვირი. მე კი ტაქსის პარკინგზე დავაყენებ და შემოგიერთდებით.
– ფასს არ აქვს მნიშვნელობა, ჩემო მალხაზ. მთავარია, გემრიელ კერძებს ამზადებდნენ და სასიამოვნო ღვინო ჰქონდეთ. ერთი სიტყვით, ღირდეს აქ დაჯდომა.
– ღირს, ნამდვილად ღირს, – ეშმაკურად გაუღიმა ტაქსისტმა ჰამოს, თვალი ჩაუკრა და დაამატა, – მე თქვენ ამას, როგორც ქართველი, ისე გეუბნებით.
ჰამოს გაეცინა, „სიტროენის“ კარი გააღო და სანამ გადავიდოდა, მალხაზს უთხრა:
– ჰოდა, ძალიან კარგი, ქართულად მოვილხინოთ.
ელისეს მინდვრებზე მდებარე მყუდრო რესტორანი საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დილის 9 საათი სრულდებოდა, ის თითქმის შევსებული იყო ხალხით. ჰამომ მარჯვენა კედელთან მდგომი მაგიდა აირჩია, მენიუ გადაშალა და, მალხაზი რომ დაბრუნდა, სადილი შეუკვეთა, თან მიმტანს უთხრა:
– სამი ბოთლი წითელი მოგვიტანეთ, დასაწყისისთვის გვეყოფა...
ჰამოს სიტყვებზე მიმტანი გაოცებული, შეჩერდა და მთაწმინდელს უთხრა:
– უკაცრავად, მუსიე, რა ბრძანეთ, რამდენი ჭიქა ღვინო გნებავთ?
– სამი ბოთლი წითელი, – დამარცვლით გაუმეორა ინგლისურად ჰამომ მიმტანს.
– სამი ბოთლი წითელი? – გაიმეორა მიმტანმა და დაბნეული გამომეტყველებით მიაჩერდა ჰამოს.
მთაწმინდელმა ჯერ მიმტანი აათვალიერ-ჩაათვალიერა, შემდეგ მალხაზს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ამას ცოტა ხომ არ აკლია, ან, იქნებ, ვერ გაიგო, რა ვუთხარი?
მალხაზს გაეცინა:
– ამას ის უკვირს, რომ ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოს სამ ბოთლს უკვეთავთ ასე ადრე, თანაც ამბობთ, დასაწყისისთვის გვეყოფაო. აქ ასეთი რამ მიღებული არაა და ამიტომ გაუკვირდა. მე რომ ბაბუაჩემის შვილიშვილი არ ვიყო და ქართველების ქეიფის ამბავი არ ვიცოდე, მეც ძალიან გამიკვირდებოდა. იქნებ, ნახევარი ბოთლი, მაქსიმუმ – ერთი ვიმყოფინოთ?
– შენ რა, ღვინოს არ სვამ?
– როგორ არა, თანაც ძალიან მიყვარს.
– ჰოდა, მაგას ფრანგულად უთხარი, რომ სამი კი არა, ოთხი ბოთლი წითელი ღვინო მოიტანოს, თანაც სწრაფად და არც საჭმელი დააგვიანონ. ოთხ საათში კვლავ „ორლიში“ უნდა ვიყო და მანამდე უნდა მოვასწროთ ქეიფი.
მალხაზს გაეცინა და ჰამოს სიტყვები მიმტანს ფრანგულად გადაუთარგმნა. ამ უკანასკნელმა კი ჯერ გაფართოებული თვალებით შეხედა ჰამოს, შემდეგ მკვეთრად შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა შეკვეთის შესასრულებლად. სამიოდე წუთის შემდეგ კი ვერცხლისფერ ლანგარზე დადებული ბოთლებითა და ჭიქებით დაბრუნდა. წითელი ღვინოები მაგიდაზე დაალაგა, ჭიქებიც გვერდით მიუწყო და ერთ ბოთლს დაავლო ხელი, რომ გაეხსნა, მაგრამ ჰამომ ხელი გააშვებინა და უთხრა:
– ერთი ჭიქაც მოიტანეთ!
მიმტანმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და ბროლის ჭიქა მაგიდაზე დადგა. ჰამომ გახსნილი ბოთლიდან ჭიქებში ჩამოასხა ღვინო, თავის ჭიქა ასწია და მიმტანს უთხრა:
– თქვენი ჭიქა ასწიეთ!
მიუხედავად იმისა, რომ მიმტანებს აკრძალული ჰქონდათ დალევა, ის უმალ დაემორჩილა მთაწმინდელის სიტყვებს. ჰამომ ჭიქა ასწია და თქვა:
– ამ სასმისით ჩვენს იუბილარს, პარიზში დაბადებულ და გაზრდილ ქართველს, მალხაზ კაკაბაძეს გაუმარჯოს! ღმერთმა სიკეთე, სიხარული და ბედნიერება არ მოაკლოს, – ჰამო ფეხზე წამოდგა და განაგრძო, – შენ გაგიმარჯოს, ჩემო ძმაო, იდღეგრძელე და გაიხარე!
ჰამომ მიმტანს მიუჭახუნა და ჭიქა გამოსცალა. იგივე გაიმეორეს მიმტანმა და მალხაზმა, რომელმაც სამადლობელი გადაიხადა. რომ დასხდნენ, ჰამომ თავის პარიზელ თანამემამულეს უთხრა:
– სისხლი ისეთი რამაა, ჩემო ძმაო, ცხრა მთას იქით რომ გადაიხვეწო, მაინც იყივლებს.
– სწორედ ასე ამბობდა ბაბუაჩემიც, – თქვა მალხაზმა.
ჰამომ ორი ჭიქა შეავსო, ასწია და მალხაზს უთხრა:
– ჰოდა, ამ ჭიქით ბაბუაშენის ხსოვნა იყოს. ღმერთმა გაანათლოს იმქვეყნად.
მალხაზმაც იგივე გაიმეორა. ამასობაში საჭმელიც მოიტანეს და ქეიფიც გაგრძელდა. ორი საათიც არ იყო გასული, რომ ოთხივე ბოთლი დაცლილი ჰქონდათ და ჰამომ მალხაზს უთხრა:
– როგორ ხარ, ქართველო, ხომ არ მოგეკიდა ღვინო?
– არა, შენ?
– არც მე. კომპოტივით მიდის, ძალიან სასიამოვნო დასალევია.
– მართალი ხარ, მაგრამ ამ ღვინომ გვიან იცის მოქმედება. თვითმფრინავში რომ ჩაჯდები, მაშინ იმოქმედებს და თბილისამდე იძინებ.
– თუ მასეა, მაშინ ვერც შენ დაჯდები საჭესთან.
– არც ვაპირებ, – თავი გააქნია მალხაზმა, – მანქანას ხვალ გავიყვან პარკინგიდან. მანამდე კი ჯერ შენ მიგიყვან სხვა ტაქსით „ორლიში“, შემდეგ კი სახლში წავალ და კარგად გამოვიძინებ.
– მე მგონი, არაა საჭირო.
– რას ამბობ, – იწყინა მალხაზმა, – შენ მე ამხელა პატივი მეცი და მე აეროპორტამდეც არ მიგაცილო?
– კარგი, კარგი, – თავი დააქნია ჰამომ და მალხაზს მხარზე მოუთათუნა ხელი. ბოლოს სადილის საფასური გადაიხადა, მიმტანიც დაასაჩუქრა და მალხაზს უთხრა, – შენ ტაქსი გააჩერე, მე ტუალეტში შევალ და მალე შემოგიერთდები.
მალხაზი ქუჩაში გავიდა. მიმტანმა კი ჰამო ტუალეტამდე მიაცილა და გაუღიმა. მთაწმინდელი ტუალეტში შევიდა და ხელებს რომ იბანდა, მოულოდნელად ზურგიდან ორი შეიარაღებული მამაკაცი მიადგა. ერთ-ერთი მათგანი ორ ნაბიჯში დადგა და იარაღი მიუშვირა, მეორემ კი პისტოლეტი კეფაზე მიადო და ინგლისურად უთხრა:
– ზედმეტი მოძრაობა და ადგილზევე გაგათავებთ! მორჩილად გამოგვყევი!
მოშორებით მდგომი მამაკაცი, რომელსაც ჰამო სარკიდან უყურებდა, ნაცნობი მოეჩვენა. თუმცა ვერ გაიხსენა, საიდან. ამიტომ მხრები აიჩეჩა და თქვა:
– ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ? მგონი, ვიღაცაში გეშლებით.
– არავითარი შეცდომა, – თავი გააქნია ჰამოს ნაცნობმა სახემ, – სწორედ შენ გვჭირდები და მშვიდად გამოგვყევი, გავდივართ!
შეიარაღებულმა მამაკაცებმა ჰამო ხელკავგაყრილი გაიყვანეს რესტორნიდან, შემდეგ ხელმარცხნივ გაუხვიეს, რომ მალხაზს არ შეჰფეთებოდნენ და პარკინგზე მდგომ შავ „მერსედესში“ ჩასვეს. მიმტანმა ყველაფერი დაინახა, ტაქსისთან მდგომ მალხაზთან მიირბინა, რომელიც ჰამოს ელოდებოდა და უთხრა:
– მუსიე, თქვენი მეგობარი გაიტაცეს.
– როგორ, გაიტაცეს?
– დიახ, დიახ, მუსიე, – ხელი გაიშვირა მიმტანმა „მერსედესისკენ“, – აი, იმ მანქანაში ჩასვეს. მანამდე კი ტუალეტიდან გაკავებული გამოიყვანეს. პოლიციის გამოძახებამდე გადავწყვიტე, თქვენთვის მეთქვა, რომ დრო არ დაგეკარგათ.
– სწორად მოიქეცი, ყოჩაღ! შენ პოლიციას შეატყობინე, მანქანის მარკა და სერია არ დაგავიწყდეს, მე კი კუდზე დავაჯდები, – უთხრა მალხაზმა მიმტანს, შემდეგ პარკინგზე მდგომ თავის ტაქსიში ჩაჯდა, დაქოქა და შავ „მერსედესს“ დაედევნა.
გამტაცებლებს ჰამო უკანა სავარძელზე, შუაში ჰყავდათ მომწყვდეული. მძღოლის გარდა, მანქანაში კიდევ ერთი მამაკაცი იჯდა, რომელიც წინა სავარძელზე იყო მოკალათებული და ეტყობოდა, რომ მათ შორის უფროსი იყო. მან თავი მიაბრუნა, ჰამოს ზიზღით შეხედა და მთაწმინდელის ხელმარცხნივ მჯდომ მამაკაცს უთხრა:
– ესე იგი, ამას ჰმართებს ჩვენი სისხლი?
– ამას, ამას, ჯამალ, ამან მოკლა ჩვენი და!
ხელმარცხნივ მჯდომი მამაკაცის სიტყვებმა ჰამოს თვალები აუხილა და მიხვდა, რომ მისი გამტაცებლები იმ ტერორისტების მეგობრები იყვნენ, ვინც ამ ერთი კვირის წინ პარიზი-ნიუ-ორლეანის რეისის თვითმფრინავი გაიტაცა. ხოლო მოკლულ დაში გატერორისტებულ სტიუარდესას, ბრიჯიტს გულისხმობდნენ, რომელსაც ლეილას ეძახდნენ, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თქვა:
– ვიღაცაში გეშლებით. მე არავინ მომიკლავს, მით უმეტეს – თქვენი და.
– გესმის, მასუდ, რას ამბობს? – უთხრა ჯამალმა ჰამოს ნაცნობ სახეს, – იქნებ, მართლა რაღაც გეშლება? თუმცა, ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. გაშიფრულები ვართ და ეს კაცი ყველა შემთხვევაში მოკვდება, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ, თუ დამნაშავეა, წამებით ამოვხდით სულს, ხოლო თუ უდანაშაულოა, მაშინ უმტკივნეულოდ გამოვასალმებთ სიცოცხლეს.
– რა უდანაშაულო?! – კბილებში გამოსცრა მასუდმა, – ესაა, ეს! სწორედ ამან მოკლა ლეილა, ავტომატიდან დაცხრილა, ჩემი თვალით ვუყურებდი! დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ მიხმარება ვერ შევძელი, მაგრამ არც იარაღი მქონდა, არც ბომბი და, ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ დამკვირვებელი ვიყავი.
– რაღაც გეშლებათ, – არ ტყდებოდა ჰამო.
– ეგ მაშინ გაიმეორე, როცა ცოცხლად გაგფატრავთ და შენს ნაწლავებს მშიერ ვირთხებს შევაჭმევთ, – უთხრა მთაწმინდელს ჯამალმა და გადაიხარხარა, მძღოლს კი უთხრა, – სვლას უმატე, ჩემი ხელით უნდა ვაწამო ეს ურჯულო!
შავმა „მერსედესმა“ სვლას უმატა და პარიზის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კერძო მამულისკენ შეუხვია, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ფრანგ პროფესორს ეკუთვნოდა. პროფესორი ისლამისტ ტერორისტებს თანაუგრძნობდა, ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ და საკუთარ მამულში მათი ფარული თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი.
მალხაზი ოსტატურად მიჰყვებოდა გამტაცებლებს. მან თავისი „სიტროენი“ მამულის შორიახლოს გააჩერა, შემდეგ მობილურით პოლიციაში დარეკა, მორიგეს თავი წარუდგინა და უთხრა:
– გატაცებაა, მუსიე. როგორც ეტყობა, სერიოზული ხალხია და სერიოზული ძალები გამოგზავნეთ!
მალხაზმა ტელეფონი გათიშა და სამმეტრიან ღობეს შეავლო თვალი, რომლის მიღმაც შავი „მერსედესი“ გაუჩინარდა.
ჰამო უზარმაზარი სახლის სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც ტერორისტების მიერ მოწყობილი საწამებელი ოთახი მდებარეობდა. მასუდმა მთაწმინდელს სამოსი გაახდევინა, ტრუსების ამარა დატოვა და ხელ-ფეხით რკინის ძელებზე მიაბა. შემდეგ მათრახი აიღო, რომელსაც ბოლოში ფოლადის წვრილი რკინა ჰქონდა მიმაგრებული და ჰამოს უთხრა:
– მოვიდა შენი აღსასრულის დრო, ძაღლო! შენ ახლა საშინელი წამებით მოკვდები და ისეთ დღეში ჩავარდები, რომ ზეცაში ჩვენი წმიდა წამებულების სულები გაიხარებენ.
– აქ კი – თქვენ, ხომ?! – ცინიკურად მიუგო ჰამომ მასუდს, რომელმაც ამ სიტყვების პასუხად, მათრახი სამჯერ გადაჰკრა ჰამოს ზურგზე და ისეთი ტკივილი მიაყენა, რომ მთაწმინდელს სული შეეხუთა.
ტერორისტებმა ჰამო ჯერ მათრახით სცემეს და გონება დააკარგვინეს, ხოლო როცა მოასულიერეს, ჯამალმა მასუდს უთხრა:
– ასე არ ივარგებს, მალე მოკვდება. ამიტომ ნელ-ნელა, თანამიმდევრულად აწამე, რომ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ეწამოს, წვალებით ამოხდეს სული. ნელა, გესმით? არ იჩქარო, მასუდ!
მასუდმა ჰამო მაგიდაზე მიაბა. შემდეგ მარილი აიღო და ნამათრახევ იარებში ჩააყარა, თან სიამოვნებით უმზერდა მთაწმინდელის ტანჯვა-წამებას, რომელიც საშინელი ტკივილისგან იკლაკნებოდა.
– აი, ასე გააგრძელე, მასუდ! მე კი მუსიე არნოსთან ავალ და ორ-სამ საათში დავბრუნდები. იცოდე, არ გადაამლაშო და ცოცხალი დამახვედრე, რომ ნაწლავები მე გადმოვაყრევინო და ვირთხებს შევაჭამო, – უთხრა ჯამალმა მასუდს და პროფესორთან წავიდა, რომელიც მას საკუთარ კაბინეტში ელოდა.
მასუდი და დანარჩენი ორი ტერორისტი ჰამოს წამებას განაგრძობდნენ და მთაწმინდელს მონოტონურად უკაკუნებდნენ ხის კომბლებს ფეხის გულებში, როდესაც სარდაფის კარი ფრთხილად გაიღო და ზღურბლზე მალხაზი გამოჩნდა, რომელსაც მონადირის დანა ეკავა ხელში. მან კედელზე მიყუდებული ავტომატის აღება დააპირა, მაგრამ ერთ-ერთმა ტერორისტმა ის შენიშნა და პისტოლეტისკენ წაიღო ხელი. მალხაზმა კი იმარჯვა, ტერორისტს დანა სტყორცნა, ყელში გაარჭო და ძირს დასცა. შემდეგ ავტომატს დასტაცა ხელი და მეორე ტერორისტსა და მასუდს ჯერი მიუშვა, ადგილზევე დახოცა და ჰამოსთან მიიჭრა, რომელიც ისე იყო საწოლზე დაკრული, რომ ვერაფერს ხედავდა. მალხაზმა ჰამო ახსნა, წამოაყენა და უთხრა:
– როგორ ხარ, სიარულს შეძლებ?
მალხაზის დანახვაზე ჰამოს თვალები გაუბრწყინდა, შემდეგ დახოცილი ტერორისტების ცხედრებს შეავლო თვალი და პარიზელ ტაქსისტს ჰკითხა:
– შენ რა მაგარი ყოფილხარ, როგორ მოახერხე?
– ოთხი წელი უცხოურ ლეგიონში ვიმსახურე და იქ გამომწვრთნეს. ჩქარა უნდა მოვშორდეთ აქაურობას, თორემ, ღმერთმა უწყის, აქ კიდევ რამდენი ასეთი მანიაკია. მაინც, რას გერჩოდნენ?
– ესენი ტერორისტები არიან, სამშვიდობოზე რომ გავალთ, მაშინ მოგიყვები, – უთხრა ჰამომ მალხაზს და დახოცილ ტერორისტებს ორი ცალი პისტოლეტი ააცალა და ავტომატმომარჯვებულ მალხაზთან ერთად სარდაფიდან ფრთხილად გავიდა. მაგრამ უცებ ვერტმფრენის ხმა მოესმა და გაკვირვებულმა ჰკითხა მალხაზს: რა ხდება?
– როგორც ეტყობა, პოლიცია მოვიდა. აქაური კოორდინატები შევატყობინე და ვუთხარი, რომ გაძლიერებული რაზმი გამოეგზავნათ.
ტერორისტების ბუნაგის თავზე ორი ვერტმფრენი ტრიალებდა და რუპორმომარჯვებული პოლიციელი იქ მყოფებს დანებებისკენ მოუწოდებდა. პროფესორის მამული კი სპეცრაზმის მიერ იყო გარშემორტყმული და მებრძოლები იერიშის დაწყების ბრძანებას ელოდნენ.
სარდაფში მოკლული ტერორისტების გარდა, მამულში თავად პროფესორი, ჯამალი და კიდევ ექვსი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთა შორის ორი ქალი იყო. ექვსმა რიგითმა ტერორისტმა ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ, საპასუხო ცეცხლის შედეგად ექვსივე განადგურდა, პროფესორი და ჯამალი კი სარდაფის მიმართულებით გაიქცნენ, სადაც მათ მიწისქვეშა გვირაბი ეგულებოდათ და ამ გზით აპირებდნენ ალყიდან თავის დაღწევას.
– მოემზადე, სტუმრები გვყავს! – უთხრა მალხაზმა ჰამოს, რომელმაც სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ წყვილს მოჰკრა თვალი. მათ ავტომატები ეკიდათ მხრებზე, ჯამალი კი უზარმაზარ შავ სპორტულ ჩანთასაც მიათრევდა.
– ერთი ჯამალია, ამ ტერორისტების უფროსი, მეორე კი, ალბათ, პროფესორი არნო, ასე თქვა მაშინ ჯამალმა. ჩანს, გაქცევა უნდათ, – უთხრა ჰამომ მალხაზს.
გაქცეული წყვილი კიბეებზე ჩავიდა და, სანამ სარდაფში შევიდოდნენ, არნომ ჯამალს უთხრა:
– ეს ავტომატები გადავყაროთ, კარგა ხანს აღარ დაგვჭირდება. აქედან რომ გავალთ, ფსკერზე დავწვებით და გავირინდებით. მადლობა ღმერთს, ფული ბლომად გვაქვს და თავის გატანა არ გაგვიჭირდება.
– სწორია, – თავი დააქნია ჯამალმა და პროფესორთან ერთად ავტომატი კედელზე მიაყუდა, შემდეგ სპორტულ ჩანთაზე დაატყაპუნა ხელი, – ეს მილიონები კარგა ხანს გვეყოფა. ახლა საით?
– მარცხნივ, სარდაფში ჩადი. აღმოსავლეთ კედელთან საიდუმლო გვირაბია და იქიდან გავიქცევით, – უთხრა პროფესორმა ჯამალს, მაგრამ წინ ავტომატმომარჯვებული მალხაზი გადაუდგა და უთხრა:
– ვერსადაც ვერ წახვალთ! ხელები მაღლა!
– ჯამალმა ფულით გატენილი ჩანთა ძირს დააგდო და ავტომატისკენ გაიწია. მაგრამ, ჰამომ მას პისტოლეტის ტარი სთხლიშა ყბაში და იატაკზე უგონოდ დასცა. ამასობაში პროფესორის მამულში სპეცრაზმი შეიჭრა და იქაურობის დათვალიერებას შეუდგა.
მალხაზმა, რომელიც მასიურ ბოძს იყო ამოფარებული, ეზოს მიმართულებით გასძახა:
– არ ისროლოთ, ორი ტერორისტი გვყავს დაკავებული და გამოგვყავს!
ჰამომ და მალხაზმა არნო და ჯამალი ეზოში გაიყვანეს. თუმცა, თავადაც მოუწიათ იატაკზე დაწოლა, რადგან სპეცრაზმელებს ისინიც ტერორისტები ეგონათ და პოლიციის განყოფილებაში ტერორისტებთან ერთად მოუწიათ ხელბორკილდადებულებს მგზავრობა. როდესაც ყველაფერი გაირკვა და მალხაზი და ჰამო პოლიციიდან გაუშვეს, მთაწმინდელმა საათს დახედა:
– ათი საათი სრულდება. ჩემი თვითმფრინავი შვიდი საათის წინ გაფრინდა თბილისში. რა გაეწყობა, გამგზავრებას ხვალისთვის გადავდებ. ახლა კი სასტუმროში წავალ, რომ ცოტა წავიძინო.
მალხაზს გაეცინა:
– რის სასტუმრო? ჩემთან წამოდი. როდის იყო, რომ ქართველის სტუმარი სასტუმროში მიდიოდა ღამის გასათენებლად? განა ასე არაა? ქართველები არ ვართ?
– მასეა, მასე. მაგრამ, შენ არ ამბობდი დილით, რომ ქართველი ბაბუაჩემი იყოო?
– ვცდებოდი, ძმაო. როგორც ჩანს, ჩემში სისხლმა იყივლა და მივხვდი, რომ მეც ქართველი ვარ. ახლა კი წავედით, ჩემი მეუღლე გველოდება და, როგორც ტელეფონში მითხრა, გემრიელი ვახშამი მოგვიმზადა...
***
ჰამო მეორე დღეს გაემგზავრა თბილისში. საღამოს 6 საათი სრულდებოდა, როდესაც ყველა ფორმალობა გაიარა და ტაქსების გაჩერებასთან მივიდა, შავ „ბეემვეში“ ჩაჯდა და მძღოლს უთხრა:
– ვაკეში, უფროსო!
– ვაკე, ტაკ ვაკე!.. – თქვა მძღოლმა, მანქანა დაქოქა, ადგილიდან დაძრა და ჰამოს უთხრა, – დიდი შარიანი უბანი კია ეს ვაკე.
– შარიანი? – გაიმეორა ჰამომ, – რატომ?
– რა ვიცი, აბა, – მხრები აიჩეჩა „ბეემვეს“ მძღოლმა, – სულ რაღაც რაზბორკებია, ვიღაცას ბრიდავენ, ჭრიან... ერთი საათის წინაც იქ ვიყავი და ერთი ამბავი იყო.
ტაქსის მძღოლის სიტყვები ჰამოს ცუდად ენიშნა. გული აუჩქარდა და ცუდმა წინათგრძნობამ შეიპყრო, მაგრამ მღელვარება დაიოკა და მძღოლს ჰკითხა:
– სად?
– რა სად? – ვერ მიხვდა მძღოლი და ჰამოს გაოცებით გამოხედა, რომელსაც სახე გაჰფითრებოდა, – რაზე მეკითხები?
– აი, რომ ამბობდი, ვაკეში ერთი ამბავი იყოო. სად და რა მოხდა?
– ვაკის პარკთან რომ ბაითებია, იქ რაღაც პერესტრელკები მომხდარა და ვიღაც ფეხმძიმე ქალი ნიტო მოუკლავთ, ნიტო დაუჭრიათ.
მძღოლის სიტყებმა ჰამოს საბოლოოდ დააკარგვინა წონასწორობა. ის მიტკალივით გაფითრდა და მძღოლს ხმის კანკალით ჰკითხა:
– მობილური გაქვს?
მძღოლმა უხმოდ მიაწოდა ჰამოს ტელეფონი:
– აი, ძმაო, დარეკე!
ჰამომ ჯერ სოფის დაურეკა, შემდეგ პეტიკოს, მაგრამ ორივეს ტელეფონი გათიშული იყო. შემდეგ სახლშიც დარეკა, და არც იქ უპასუხეს. ამან ჰამო საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან და მძღოლს უბრძანა:
– ჩქარა, სისწრაფეს მოუმატე!
მძღოლმა უსიტყვოდ შეასრულა ჰამოს ბრძანება, სისწრაფეს უმატა და თხუთმეტ წუთში პეტიკოს სახლთან გაჩნდა, სადაც საპატრულო მანქანები იდგა და უამრავი პოლიციელი ირეოდა.
– დამელოდე და არსად წახვიდე! – უთხრა ჰამომ ტაქსისტს, შემდეგ მანქანიდან გადავიდა, პოლიციელებთან მივიდა და ერთ-ერთ მათგანს ჰკითხა:
– რა მოხდა, კაპიტანო?
– არაფერი, მოქალაქევ, გაიარეთ, – უთხრა პოლიციის კაპიტანმა ჰამოს და ხელით ანიშნა, რომ გზა გაეგრძელებინა.
– რა არაფერი, აბა აქ რა გინდათ?
– თქვენი საქმე არაა, გაიარეთ!
– ეს ჩემი სახლია და აქ ვცხოვრობ.
– პოლიციელმა ჰამო აათვალიერ-ჩაათვალიერა. შემდეგ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ კაცთან მივიდა და მოახსენა:
– ბატონო მიხეილ, ეს კაცი ამბობს, რომ ამ სახლში ცხოვრობს და გაარკვიეთ.
ბატონმა მიხეილმა ჰამო შეათვალიერა და ჰკითხა:
– მართლა აქ ცხოვრობთ თუ ჟურნალისტი ხართ?
– რის ჟურნალისტი, მართლა აქ ვცხოვრობ. თქვენ, ალბათ, გამომძიებელი ხართ. მითხარით, რა მოხდა, თორემ გული წამივა ნერვიულობისგან.
– დიახ, გამომძიებელი ვარ და მოკვლევას ვაწარმოებ. თქვენი სახელი?
– ჰამო. მითხარით, რა მოხდა?
– საათ-ნახევრის წინ აქ სროლა იყო. ჯერჯერობით დაუდგენელი პირები სახლში მყოფ ახალგაზრდა კაცს და ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალს დაესხნენ თავს. კაცი მხარშია დაჭრილი, ქალი კი – ტანში.
– ტანში? – აღმოხდა ჰამოს და ცივმა ოფლმა დაასხა. შემდეგ წაბარბაცდა და გვერდით მდგომ „ბეემვეს“ მძღოლს რომ არ შეეშველებინა ხელი, მთაწმინდელი მოწყვეტით დაეცემოდა.
– ტანშია დაჭრილი, მაგრამ ცოცხალია, – უთხრა გამომძიებელმა ჰამოს, – თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მეუღლე ვარ, მეუღლე! სად წევს სოფი?
– ღუდუშაურის კლინიკაში წევს ორივე, მაგრამ, ჯერ უნდა დაგკითხოთ, – უთხრა გამომძიებელმა ჰამოს, რომელმაც ხელი აუქნია, შემდეგ „ბეემვეს“ მძღოლთან ერთად ტაქსიში ჩაჯდა და საავადმყოფოში გაქანდა.
„ბეემვეს“ საჭეს თავად ჰამო უჯდა. ის შეშლილივით მიაქანებდა მანქანას და სულ რაღაც ექვს წუთში მივიდა საავადმყოფოსთან. შემდეგ მიმღებში შევიდა და პეტიკოსა და სოფის ადგილსამყოფელი იკითხა.
– ფეხმძიმე გოგონას ტყვიამ მუცელში გაუარა, მაგრამ ნაყოფს არ შეხებია და ახლა ქირურგიულ განყოფილებაში ექიმი ათვალიერებს. თუმცა, შეიძლება, სამშობიაროდაც კი აიყვანეს – უთხრა ჰამოს ახალგაზრდა რეგისტრატორმა გოგონამ, შემდეგ ყურმილს დახედა და ჰამოს გაუღიმა, – ახლავე გაგირკვევთ.
სოფი სამშობიარო განყოფილებაში აღმოჩნდა. იქ მისულ ჰამოს უთხრეს, რომ მშობიარობის პროცესი მიმდინარეობდა და უნდა დაეცადა.
– დამშვიდდი, შვილო, – უთხრა ჰამოს ხანში შესულმა სანიტარმა ქალმა, – კარგი ექიმები გვყავს და ქალიც კარგად იქნება და ბავშვიც.
ჰამომ ჯიბეები მოიჩხრიკა და, სიგარეტი რომ ვერ აღმოაჩინა, ტაქსისტს გამოართვა და გააბოლა, თან ბოლთას სცემდა და ფიქრობდა, ვის შეეძლო გაემეტებინა ფეხმძიმე ქალი სასიკვდილოდ. ხუთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც დერეფანში პეტიკო გამოჩნდა. მას მკვდრის ფერი ედო და მარცხენა მხარი შეხვეული ჰქონდა. იგი ოციოდე ნაცნობ-მეგობრის გარემოცვაში მოაბიჯებდა. ჰამო რომ დაინახა, მისკენ გაქანდა და ანთებული თვალებით ჰკითხა:
– სოფი როგორაა?
– ამშობიარებენ. შენ როგორ ხარ?
– მე რა საკითხავი ვარ. ნეტავ ცუდი არაფერი მოხდეს, – თქვა პეტიკომ და სიგარეტი გააბოლა, – ღმერთო, სოფი და ბავშვი გადამირჩინე და თუ გინდა, ახლავე მომკალი.
დერეფანში ხანში შესული სანიტარი გამოვიდა, ჰამოს ღიმილით მიუახლოვდა და უთხრა:
– გილოცავ, შვილო, ვაჟკაცი შეგეძინა! ჯანმრთელია და არაფერი უჭირს. დედაც კარგადაა და ახლა სძინავს. თუმცა, აი, ექიმი მოდის და იმას დაელაპარაკეთ.
ჰამომ მახარობელს ასლარიანი აჩუქა. შემდეგ ექიმს გამოელაპარაკა და შეიტყო, რომ სოფის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა ორგანოების დაზიანების გარეშე და გამოჯანმრთელებას სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდებოდა.
– ნუ ღელავთ, ახალგაზრდავ, ყველაფერი რიგზე იქნება! ახლა თქვენს მეუღლეს სძინავს. მუცლის ღრუ გაწმენდილი აქვს, ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ცალკე პალატაში გვიწევს, რეანიმაციაში და, იმედია, 24 საათის მერე წვეთოვნებიც არ დასჭირდება. ბავშვიც მშვენივრადაა და მაქსიმუმ ორ კვირაში შეგიძლიათ წაიყვანოთ.
– ნახვა როდის შეიძლება?
– ბავშვსაც და დედასაც დილით განახვებთ. ახლა კი შეგიძლიათ, წახვიდეთ და დაისვენოთ.
ჰამომ მეფურად დაასაჩუქრა ექიმი და უთხრა:
– მე ახლა ამის თავი არ მაქვს, თან თქვენ უკეთ იცით, ვის რამდენი ეკუთვნის და უპატივცემულოდ ნურავის დატოვებთ.
– მაგაზე ნუ იღელვებთ, ახალგაზრდავ. ყველაფერი რიგზე იქნება. ახლა კი ავადმყოფებს უნდა მივხედო, – უთხრა ექიმმა ჰამოს, ხელი ჩამოართვა და წავიდა.
ჰამო პეტიკოს მიუბრუნდა:
– ხომ გაიგონე, რა თქვა? მადლობა ღმერთს! ახლა ის მითხარი, რა მოხდა?
– ზუსტად არც მე ვიცი, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – წამოდი, ჩემს პალატაში წავიდეთ და იქ ვიბაზროთ.
პეტიკო კლინიკის სუპერლუქს პალატაში იწვა, რომელსაც შინაურულად „პრეზიდენტის აპარტამენტებს“ უწოდებდნენ. რადგან საჭიროების შემთხვევაში იქ პრეზიდენტი უნდა მოეთავსებინათ. ჰამო და პეტიკოს ამალა პალატაში შევიდნენ, მაგრამ ამალამ პეტიკოს თხოვნით მალევე დატოვა იქაურობა და დერეფანში განლაგდნენ. პეტიკო საწოლზე წამოწვა, გააბოლა და ჰამოს უთხრა:
– ბეწვზე ვართ გადარჩენილები. ისეთ სროლაში მოვყევით მე და სოფი, რომ ახლა საცრებივით დახვრეტილები უნდა ვიყოთ, მაგრამ, გადავრჩით.
– მადლობა ღმერთს. მაინც, რა მოხდა?
– მე და სოფი ზალაში ვისხედით და სამსაათიან კურიერს ვუყურებდით. რეკლამის დროს აივანზე გავედი, რომ სიგარეტი მომეწია. ამ დროს ეზოში ოთხი ავტომატჩიკი შევნიშნე, რომლებიც აივანზე ამოდიოდნენ. მე სახლში შევვარდი და ავტომატის დათრევა მინდოდა, მაგრამ ამ დროს ისეთი ცეცხლი გაგვიხსნეს, რომ მაგიდის ქვეშ შევაგდე სოფი, მე ზემოდან გადავეფარე და პისტოლეტი გავაძრე. ის ნაბოზრები გლუშიტელიანი ავტომატებიდან ისროდნენ და ხმა არ ისმოდა. მე რომ პისტოლეტიდან მივუშვი, სწორედ ამან გადაგვარჩინა. მთელი აბოიმა დავაცალე და ისეთი ხმაური ავტეხე, რომ ოთახში აღარ შემოვიდნენ, თანაც, ალბათ, იფიქრეს, მკვდრები იქნებიანო და გაიქცნენ. თუმცა, სოფის ერთი ტყვია მაინც მოხვდა და ერთიც – მე.
– სახეზე თუ იცანი ვინმე?
– ვინ უნდა მეცნო, სიფათები მაქსიმალურად შენიღბული ჰქონდათ. სათვალე ეკეთა ყველას და, ალბათ, პარიკებიც.
– კი მაგრამ, შეუმჩნევლად როგორ შემოვიდნენ ეზოში?
– სამივე ძაღლი დაბრიდეს. როგორც ეტყობა, კარგად მოემზადნენ, მაგრამ მაინც იაღლიში მოუვიდათ.
– შენ რას ფიქრობ, ვინ უნდა იყვნენ?
პეტიკომ მხრები აიჩეჩა:
– მიუხედავად იმისა, რომ გულზე ბევრს არ ვეხატებით, წარმოდგენა არ მაქვს, ვის უნდა გავემეტებინეთ ასე.
– იფიქრე, იფიქრე, პეტიკო. ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა „გავაიასნოთ“ და საკადრისი მივუზღათ, თორემ ისევ მოგვადგებიან.
– ახლა უკვე გაუჭირდებათ ჩვენთან მოახლოება. ბრძანება გავეცი და ყველგან ჩვენი ხალხი მორიგეობს. თუ ვინმე საეჭვო შენიშნეს, ააგდებენ და დააკაჩავებენ.
– არ მგონია, რომ ახლა ვინმე გამოჩნდეს, თუმცა სიფრთხილე მაინც გვმართებს. თანაც, აუცილებლად უნდა გავიგოთ, ძაღლის თავი სადაა დამარხული.
– გავიგებთ, ჰამო, აუცილებლად გავიგებთ. მთავარია, სოფი და ბავშვი იყვნენ კარგად.
კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ჰამოს ნაცნობმა გამომძიებელმა შემოჰყო თავი:
– შეიძლება?
– შემობრძანდით!
გამომძიებელი პალატაში შევიდა, პეტიკოს წინ მოკალათდა და უთხრა:
– ექიმმა მითხრა, რომ თქვენი დაკითხვა შეიძლება. ამიტომ, ჩვენება უნდა ჩამოგართვათ, – შემდეგ ჰამოს მიუბრუნდა: – თქვენც უნდა დაგკითხოთ და, თუ შეიძლება, დერეფანში გაბრძანდით და დამელოდეთ.
ჰამოს ყურადღებაც არ მიუქცევია გამომძიებლის სიტყვებისთვის, სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარასთან მივიდა და გააბოლა. პეტიკომ კი ირონიულად ჩაიცინა და გამომძიებელს ჰკითხა:
– უკაცრავად, თქვენი სახელი?
– მიხეილი.
– ძალიან კარგი, ბატონო მიხეილ, ახლა კი, ჩემი თხოვნაა, აქედან მიბრძანდეთ. დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა და თქვენთან საუბრის სურვილი არ მაქვს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში