რაში უშლის ხელს მძღოლს მდიდრული, განიერი ბორბლები და დისკები
ავტომობილის სიმძლავრე, რამდენად სწრაფია ის ან სწრაფად შეუძლია აჩქარება – ყველა ავტომოყვარულის განხილვის მთავარი თემაა. თუმცა, ძრავის სიმძლავრე და მოცულობა არ არის ავტომობილის სისწრაფის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი, რაზეც მევლუდ მელაძე დეტალურად საუბრობს.
მევლუდ მელაძე: დღიდან ავტომობილის შექმნისა, დაიბადა კონკურენციაც. რომელი ავტომობილი უფრო სწრაფია – ეს თემა ყველას იტაცებს, განსაკუთრებით კი ჩვენნაირ „ცხელსისხლიან“ ხალხს. ყველა ცდილობს, რომ ვიღაცას გაასწროს, ქუჩაშიც კი, საკმარისია, ორი მსგავსი ავტომობილი შუქნიშანთან ერთად მოხვდეს, რომ ისინი უკვე შეჯიბრების პირობებში დგებიან, მათ შორის ტაქსებიც კი. რიგ შემთხვევაში, ერთი ან მეორე მძღოლი გაკვირვებული რჩება, რადგან, ვთქვათ, ორი „ოპელ ვექტრადან“ ერთი 2.0. ძრავის მოცულობით იყო, მეორე კი – 1.6 და 1,6-იანმა გაასწრო. პირველი, რასაც მძღოლი ფიქრობს, ის არის, რამე ხომ არ სჭირს ჩემს ავტომობილსო, თუმცა, სისწრაფე და აჩქარება უამრავ რამეზეა დამოკიდებული. ავტოსპორტში ინჟინრები ძალიან ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ, ყველა ის ნიუანსი, რომელიც ავტომობილის აჩქარებაზე „მუშაობს“, გაითვალისწინონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მანქანის პოტენციალი. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, ვთქვათ, 100 კილომეტრ-საათში სიჩქარემდე ერთი ავტომობილი უფრო სწრაფია, შედარებით დაბალ სიჩქარეებში კი – მეორე.
– რაზეა ეს დამოკიდებული?
– არსებობს ბევრი ფაქტორი. ძირითადებს ჩამოვთვლი, რომლებიც ამ დროს ყველაზე მეტად მოქმედებს: პირველი – ძრავის სიმძლავრე და მისი გამართულობა. თუ ძრავა გამართულად არ მუშაობს, ის გაცილებით ნაკლებ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სუსტია; მეორე – ეს სიჩქარეების კოლოფია. თუმცა, ქარხნულ ავტომობილებზე თუ ვისაუბრებთ, მას იშვიათად ცვლიან. ვთქვათ, როდესაც საქმე მიდგება ავტომობილის ყიდვაზე, ჩვენ ვარჩევთ, 2.0-იანი ძრავით ვიყიდოთ, ვიდრე 1.6-იანი, რადგან უფრო სწრაფი და მძლავრი იქნება. მაგრამ, თუ ქარხნულ მონაცემებში ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 100 კილომეტრამდე ისინი ზუსტად ერთსა და იმავე დროში ჩქარდებიან, განსხვავება ძრავის მოცულობაში მხოლოდ სიჩქარის სიდიდეს გვაძლევს, 2.0-იანს 240 კილომეტრ-საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია, ხოლო მეორე შემთხვევაში – მხოლოდ 195 კილომეტრ-საათში სიჩქარის, რომელსაც საქართველოს პირობებში საერთოდ არ ვიყენებთ. ის, რომ აჩქარება ერთნაირი აქვთ, ამაზე უკვე სიჩქარეთა კოლოფი მოქმედებს. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, იმისთვის, რომ ავტომობილს აჩქარება მოუმატოთ, მასში იმავე მოდელის, უფრო სუსტი ძრავის მქონე სიჩქარეთა კოლოფი უნდა ჩადოთ – ის ძალიან სწრაფად განავითარებს სიჩქარეს, მაგრამ, მაქსიმალურ სიჩქარეზე სიტუაცია შეიცვლება, ანუ, 200 კილომეტრს საათში ძალიან სწრაფად განავითარებს, ამის ზევით კი ის კონკრეტული ავტომობილი, უბრალოდ, არ წავა, მიუხედავად მისი სიძლიერისა.
აჩქარებაზე ასევე ძალიან სერიოზულად მოქმედებს ავტომობილის წონა, ანუ, რამხელა წონის თრევა უწევს ძრავას. წონა ზოგადად ძალიან სერიოზულად განსაზღვრავს ავტომობილის აჩქარებასაც და მართვის სტილსაც. დატვირული ავტომობილის სამართავად მართვის ნიუანსების კარგი ცოდნაა აუცილებელი, რადგან ამ დროს ავტომობილი სულ სხვანაირად იქცევა, სხვანაირად ამუხრუჭებს, უხვევს და სხვა. ბევრი წლის წინ, ალბათ, ასეთი შეცდომა მეც მომსვლია, რომ ვიღაცას ქუჩაში ისე შევჯიბრებივარ, რომ ავტომობილში ჩემ გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იჯდა (იცინის). კიდევ ერთი მომენტი: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამხელა ტვირთის ტრიალი უწევს ჩვენს ძრავას. ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ეს ბორბლებია, ანუ – საბურავი თავისი დისკით. თუ ჩვენი ბორბლები ბევრად მძიმეა იმ ავტომობილთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვეჯიბრებით, მასზე გაცილებით ნელა ავჩქარდებით, მიუხედავად ძრავის სიმძლავრისა. ამიტომ, თუ განიერ საბურავს ლამაზი ალუმინის დისკები დავუყენეთ და ამით ავტომობილს აგრესიული და მიმზიდველ იერი მივეცით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომობილიც იმავე განწყობაზე დადგება. თუ საბურავი ქარხნულად დაშვებულ საბურავთან შედარებით განიერია, ეს უკვე პრობლემაა, ხოლო, თუ საბურავი ოდნავ დაშვებულია, ნორმაზე ოდნავ დაბლაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მის დასატრიალებლად ძრავას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება. თუ ჩვენ გვინდა, ვიღაცას შევეჯიბროთ, ამისთვის, მინიმუმ, საბურავები უნდა „გადავბეროთ“. ვთქვათ, თუ საბურავი 2.0-ზე გვქონდა დაბერილი, რატომ არის ეს ნორმა მისაღები, მაინც გაუგებარია – შეგიძლიათ, 3.0-ზე დაბეროთ. თუ ავტომობილი წინა წამყვანია, მაშინ, უკანა საბურავები, რომლებიც მოდებაში ნაკლებადაა, 3.5-ზეც კი, შეიძლება დაიბეროს და, პირიქით მას ექნება ნაკლები ხახუნი, ნაკლები ენერგია დასჭირდება ძრავას მის დასატრიალებლად, რადგან ის ბუნებრივად იგორებს და გაცილებით ჩქარა ვივლით. მსუბუქი და წვრილი საბურავი, მსუბუქი დისკი, „გადაბერილი“ საბურავი, ასე ჩვენს ავტომობილს მხოლოდ და მხოლოდ დაძვრა გაუჭირდება, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ ძლიერძრავიანია, თუმცა, გაცილებით სწრაფად აჩქარდება და გაცილებით ცოტა საწვავს მოიხმარს. ანუ, „გადაბერილი“ საბურავი ეკონომიასაც ნიშნავს, მიუხედავად იმისა, გვჭირდება სისწრაფე თუ არა და ნორმალური მართვის პირობებშიც კი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დამუხრუჭებისთვის მეტი მანძილი დაგჭირდებათ და ამაზე უნდა იფიქროთ.