კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიტკბოთ ენა ხილის „მთვრალი“ სალათით, გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე მსუბუქი ბერძნული „ცეზარით“ და რისგან მზადდება ბელგიური „პიგლაჯანი“


ახალი ხილ-ბოსტნეული უკვე გამოჩნდა დახლებზე, მათი საშუალებით კი დიასახლისებს შეუძლიათ, კიდევ უფრო გააფართოვონ თავიანთი ფანტაზიის უნარი, ათასნაირი უცხო, გემრიელი და ორიგინალური კერძი მოამზადონ და გაუმასპინძლდნენ საყვარელ ადამიანებს. როგორც სომელიე თეიმურაზ ბენიძე ამბობს, კვირის ყოველ დღეს თავისი განკუთვნილი კერძი და საჭმელი შეესაბამება, ახალი ხილისა და ბოსტნეულისგან მომზადებული საჭმელი და კოქტეილები კი, ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ.


თეიმურაზ ბენიძე: წელიწადის დრო განსაზღვრავს იმას, რისთვის არის მზად ჩემი ფიზიოლოგია, ორგანიზმი და რას უფრო გემრიელად აღვიქვამ. როცა დათბება, იწყება მსუბუქი, თეთრი ან ვარდისფერი, თუნდაც ახალგაზრდა წითელი ღვინოების პერიოდი, რომლებიც ძალიან კარგია დაბალ ტემპერატურაზე, 9-11 გრადუსზე ჩაციებული. ზამთარში თბილ ღვინოს სვამენ, კერძოდ, წითელს. ზაფხულში კი უნდა დალიოთ თეთრი, ვარდისფერი ან ცქრიალა ჩაციებული ღვინო. სხვათა შორის, თრობაც ადამიანის განწყობას უკავშირდება. ხანდახან ერთი ჭიქა ლუდიც კი შეიძლება თრობის მიზეზი გახდეს. საერთოდ, სასმლის დაგემოვნება უმჯობესია სამუშაო კვირის შემდეგ, მაგალითად, პარასკევ საღამოს. დილით თეთრი ახალგაზრდა ღვინო უნდა მიირთვათ, რათა ტონუსი აიმაღლოთ, საღამოს კი ორი-სამი ჭიქა წითელი ღვინო და მსუბუქი საჭმელი ჭამოთ. ასე თუ მოიქცევით, ჩათვალეთ, რომ დღე ცივილიზებულად დაასრულეთ. თანაც, სასმელს განსაზღვრულ დღეებსა და საათებში თუ დალევთ, ის კარგად შეგერგებათ.

– თქვით, საღამოს მსუბუქი საკვები უნდა ჭამოთო. ასეთი საკვების რეცეპტს ხომ ვერ გვეტყვით?

– რასაკვირველია, გეტყვით. სხვათა შორის, როგორც სასმელს, ასევე, გარკვეულ საჭმელსაც აქვს თავისი დღეები, როცა მათი მიღება მეტად სასარგებლოა. მაგალითად, შემწვარი წიწილა სულგუნითა და ბროწეულით, უმჯობესია, მიირთვათ სწორედ პარასკევ დღეს, შუადღისას და მიაყოლოთ ერთი ან ორი ჭიქა 9 გრადუსზე ჩაციებული წითელი, ნახევრად მშრალი ღვინო. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ერთი ცალი წიწილა, 20 გრამი ერბო, 100 გრამი სულგუნი, ბროწეული და მარილი. მოკლედ, გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილას მუცლის ღრუ გამოტენეთ წვრილად დაჭრილი სულგუნით და გაკერეთ ძაფით. წამოაცვით შამფურზე და შეწვით გაზის ჰაერღუმელში. შეწვის დროს დროდადრო წაუსვით ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა მზად იქნება ძაფები გამოაცალეთ. სუფრაზე მიტანამდე კი მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით, ზეთისხილით, ბროწეულის მარცვლებითა და ლიმონის ნაჭრით. უგემრიელესი საჭმელია და, თუ მას წითელ ღვინოსაც დააყოლებთ, თავად დარწმუნდებით, რომ სამუშაო კვირა მართლაც ცივილიზებულად დაასრულეთ (იცინის). ამ კერძს ზოგი „ბროცკს“ უწოდებს. ასევე, ახლა შემოვიდა ახალი ბადრიჯანი და გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ის ყველით და გააკვირვოთ ახლობლები მისი ულამაზესი ვიზუალითა და გემოთი. ამ კერძის სახელი „პიგლაჯანია“ და ის ბელგიელების უსაყვარლესი სეზონური საჭმელია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კილოგრამი ბადრიჯანი, 400 გრამი ყველი, 4 ცალი კვერცხი, 200 გრამი კარაქი, 400 გრამი არაჟანი, 1 კონა პიტნა და მარილი გემოვნებით. საშუალო ზომის ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, დანით ამოაცალეთ შუაგულიდან თესლი და ნახევრად შეწვით ჰაერღუმელში მრგვლად. ცალკე გაამზადეთ სატენი: წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაფშვნილი ყველი, დაჭრილი პიტნა და კარაქი ერთმანეთში აურიეთ და გამოტენეთ ბადრიჯანი. დააწყვეთ კარაქწასმულ ტაფაზე და შეწვით ღუმელში. როცა გამზადდება, ზემოდან მოასხით არაჟანი და მორთეთ დაჭრილი ქინძით.

– სალათა „ცეზარის“ რეცეპტი ყველამ სხვადასხვანაირად იცის. თქვენ რას გვეტყვით, როგორ მოვამზადოთ ნამდვილი ბერძნული რეცეპტით უგემრიელესი სალათა „ცეზარი“?

– მართალია, მას სხვადასხვა რეცეპტით ამზადებენ, მაგრამ ბერძნული წესით „ცეზარი“ სულ სხვანაირად მზადდება. მისთვის საჭიროა: 300 გრამი სალათის ფურცლები, ნახევარი პური „ბატონი“, 1 კბილი ნიორი, 50 მილილიტრი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 ცალი კვერცხი, 2 სადილის კოვზი დაფხვნილი ყველი, მარილი და შავი წიწაკა. სალათის ფურცლები გარეცხეთ, გააშრეთ და, ცოტა ხნით მაცივარში მოათავსეთ. პური დაჭერით პატარა კუბიკებად და გააკეთეთ ორცხობილა, ანუ ღუმელში გამოაცხვეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. დროდადრო გადაატრიალეთ, რომ არ დაგეწვათ. ნიორი დაჭყლიტეთ, ტაფაზე დაასხით 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და შეწვით რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ ორცხობილა და ერთად შებრაწეთ. კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით ნაჭრებად. სალათის ფურცლები დაფლითეთ, ჩაყარეთ ღრმა თეფშში, დაასხით ზემოდან ზეითუნის ზეთი, დააყარეთ გახეხილი ყველი და კვერცხი და კარგად ამოურიეთ. ზემოდან კი გადაასხით ზეთში შემწვარი პურისა და ნივრის ნარევი. უგემრიელესი და უმსუბუქესი სალათაა და მისი ნამდვილი მომზადების წესი კი, სწორედ ასეთია. „ცეზარს“ ბერძნები თითქმის ყოველდღე მიირთმევენ და სჯერათ, რომ ამით სიცოცხლეს იხანგრძლივებენ. ასევე, ამ სეზონის გემრიელი საჭმელია ბეკონში შემწვარი ახალი კარტოფილი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება და არც ბევრი მასალაა მისთვის საჭირო, დანაყრდებით კიდეც და კუჭიც მადლობას გეტყვით (იცინის). მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 10 ცალი საშუალო ზომის ახალი კარტოფილი, 10 ნაჭერი ბეკონი, 2 სადილის კოვზი მდოგვი. კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, ამოიღეთ და გააცივეთ. თითოეულ კარტოფილს შემოახვიეთ მდოგვწასმული ბეკონის ნაჭერი. დააწყვეთ თუნუქის ფურცლებზე და შედგით ღუმელში, სანამ ბეკონი არ შეწითლდება. ამ საჭმელს ძალიან უხდება სეზონური ხილისგან დამზადებული ნატურალური წვენის ან წითელი ღვინის მიყოლება.

– ახლა „გემრიელობების“ სეზონი დადგა. შემოვიდა მარწყვი, სხვა ახალი ხილიც მალე გამოჩნდება. მარწყვისგან როგორ მოვამზადოთ დესერტი, რომლითაც არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც გავანებივრებთ და ენას დავუტკბობთ?

– მართალია, მარწყვი შემოვიდა და, თუ ადამიანს ოდნავი ფანტაზია გააჩნია, მისგან უამრავი უცხო, ეგზოტიკური და გემრიელი დესერტის მომზადება შეუძლია. ახლა გასწავლით ისეთი დესერტის რეცეპტს, რომელიც დანგრეულ ოჯახსაც კი შეაერთებს (იცინის) და მას „მარწყვის ფიცი“ ჰქვია. მოკლედ, აიღეთ 500 გრამი მარწყვი, 50 გრამი 11-პროცენტიანი ნაღები, 100 გრამი შესქელებული რძე, ანუ „სგუშონი“, 400 გრამი ხაჭო და 5 გრამი ვანილი. „მარწყვის ფიცი“ 20 წუთში კეთდება და ზუსტად 2 წუთში იჭმევა (იცინის): გაჭერით მარწყვი ორ ნაწილად. „სგუშონი“, ნაღები და ვანილი ათქვიფეთ მიქსერით. მიღებული მასა ჩაასხით ჭიქაში და ზემოდან ჩაარჭვეთ მარწყვები. უმარტივესი და უგემრიელესი დესერტია, ყელის ჩასაკოკლოზინებელიც და ენის დამატკბობელიც. ასევე, გამახსენდა ერთი უგემრიელესი ბანანის კექსის რეცეპტი, რომელიც მხოლოდ შეყვარებული ადამიანებისთვისაა გათვლილი და ასეც ჰქვია – „მხოლოდ ორი“. მის მოსამზადებლად საჭიროა: 2 ცალი ბანანი, 100 გრამი არაჟანი, 2 კვერცხი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, 1 ჩაის კოვზი ვანილი, 200 გრამი ფქვილი, 200 გრამი შაქარი, 1 ჩაის კოვზი სოდა და 150 გრამი კარაქი. არაჟანი და ბანანი კარგად გათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხი, ციტრუსის ცედრა და ცოტა მარილი. სოდა, ფქვილი და შაქარი ერთმანეთში აურიეთ. დაუმატეთ კარაქი და ნელ-ნელა შეურიეთ ბანანისა და არაჟნის მასას. მიღებული ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 30-40 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. უტკბესი და უნაზესი ბანანის კექსით, მხოლოდ შეყვარებულმა წყვილმა უნდა ისიამოვნოს ნახევრად ჩაბნელებულ, რომანტიკულ გარემოში.

– და რა მივაყოლოთ გულის გასაგრილებლად?

– ო, გულის გასაგრილებლად უნდა მიაყოლოთ ის ლიქიორი, რომლის მომზადების წესსაც ახლავე გაგანდობთ. ეს არის ხილის სალათა ლიქიორით და ჰქვია „სენსელი“. დაგჭირდებათ: 2 კივი, 1 ბანანი, 1 ფორთოხალი, 1 ვაშლი, 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, 3 სადილის კოვზი „ამარეტო“, 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი. შეგიძლიათ, სხვა ახალი სეზონური ხილიც დაჭრათ, მოასხით „ამარეტო“, დაამატეთ ფორთოხლის წვენი და მოაყარეთ შაქრის პუდრი. შეგიძლიათ, შაქრის ნაცვლად ნაღების იოგურტი ან გათქვეფილი არაჟანი გამოიყენოთ. ეს ხილის კოქტეილი სუფრასთან უფეხო, გაშლილი ჭიქით უნდა მიიტანოთ და პატარა, ლამაზი ჩანგლით მიირთვათ ალკოჰოლში „დამთვრალი“ და ნატურალურ წვენში „ნაბანავები“ ხილი, ჭიქაში დარჩენილი წვენი კი ბოლოს უნდა ჩაწრუპოთ და ბოლომდე ისიამოვნოთ.


скачать dle 11.3