ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹28-35(453)
... კარი ღია იყო. თუმცა, უფრო შეღებული ეთქმოდა. სამაგიეროდ, ხმები ისმოდა გარკვევით და, შესაბამისად – საუბარიც...
ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ფერს ნელ-ნელა კარგავდა...
– გეუბნები, არაფერი ყოფილა-მეთქი. ეგ ჩავლილი ამბავია, – უკვე მერამდენედ იმეორებდა ქალი.
– არ მჯერა, არ მჯერა შენი! მაშინ, რატომ დამიმალე, რატომ თავიდანვე არ მითხარი?!
– რა უნდა მეთქვა? წარსულში რისთვის დამეწყო ქექვა? შენ ფიქრობ, მე მსიამოვნებდა იმ შეცდომის გახსენება, რომელიც არ უნდა დამეშვა? ყველაფერი გავაკეთე, ჩემი ცხოვრების ეგ ფურცელი რომ გადამეშალა.
– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ გრცხვენია საკუთარი საქციელის, – ხმას აუწია კაცმა.
– ნუ ყვირი, ბავშვი გაიგონებს... – ქალი ჩურჩულზე გადავიდა.
– ბავშვი?!.. ჰო, ბავშვი... ვინ იცის, იქნებ მაგაშიც მომატყუე, იქნებ, არც ეგ არის ჩემი!..
– რას ამბობ?! – შეჰყვირა ქალმა, – როგორ შეგიძლია, ეჭვი შეიტანო იმაში, რაც ყველაზე წმინდაა ჩემთვის?! ნუთუ, ისეთი ზნედაცემული გგონივარ, რომ მზად ხარ, ჩემზე ყველანაირი სისაძაგლე დაიჯერო?
– არ ვიცი... მართლა არ ვიცი, რისი უნდა მჯეროდეს... – კაცის ხმაში სასოწარკვეთა გაჩნდა, – ამდენი წლის განმავლობაში მატყუებდი, მიმალავდი იმას, რომ... არა, არა, არ მჯერა, არ მჯერა, რომ თქვენ შორის არაფერი ყოფილა!
– საყვარელო, მე შენ გამოგყევი ცოლად, ესე იგი, არჩევანი შენ სასარგებლოდ გავაკეთე. ხომ მიცნობ, არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, მამაკაცს ყველაფერს რომ პატიობენ. არც ერთდროულად რამდენიმე კაცთან ურთიერთობაა ჩემი სტიქია... მე სხვებს არ ვგავარ. ხომ ამიტომაც შეგიყვარდი?!
– რისთვის შემიყვარდი, ამაზე სულ ვფიქრობ, მაგრამ მე სხვა რამეზე გელაპარაკები – რატომ მომატყუე-მეთქი?
– არ მომიტყუებიხარ. ღმერთო, რამდენჯერ გაგიმეორო ერთი და იგივე?
– მომატყუე! სიმართლე დამიმალე, ეს ტყუილი არ არის?
– შენ არ გიკითხავს ჩემთვის, ვისთან ვცხოვრობდი შენამდე, რატომ უნდა მომეყოლა?
– ჰო, მაგრამ, მე ხომ ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ... ელენე, ოდნავ თუ მაინც წარმოგიდგენია, რა მდგომარეობაში ჩამაგდე? ჩემი მამაკაცური თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელე... როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ?
– დამშვიდდი. არაფრისგან ქმნი ტრაგედიას, დამიჯერე...
– არა, შენ არ გესმის, ან, არ გინდა, რომ გაიგო. როგორ ვიცხოვრო იმ განცდით, რომ „ის“ ყოველდღე მხვდება, „გამარჯობას“ მეუბნება, თვალებში მიყურებს, გუნებაში კი დამცინის. ჰო, დამცინის. რა, არ ვარ დასაცინი?!
– სერგი, ძალიან გთხოვ... – ქალი აცრემლდა.
– რას მთხოვ... აბა, მითხარი, რას? თვრამეტი წელი ჭურში მაცხოვრე. თვრამეტი წლის განმავლობაში ყოველდღე ჰქონდა ჩემი დაცინვის საშუალება იმ ნაძირალას. თან მის წინსვლასაც რომ ვუწყობდი ხელს...
– სერგი, უნდა დამშვიდდე, აუცილებლად უნდა დამშვიდდე, ბიჭის გამო მაინც! უკვე კაცია და არ არის საჭირო, ჩვენ შორის არსებული გაუგებრობის შესახებ იცოდეს.
– გაუგებრობის? შენ ფიქრობ, რომ ეს გაუგებრობაა? დამცინი?
– არა, ამას როგორ მეუბნები, რას ნიშნავს, დაგცინი? მე ყოველთვის შენი ერთგული ვიყავი.
– გაჩუმდი! ახლავე გაჩუმდი, ჭკუიდან არ შემშალო! შენ ლაპარაკობ ერთგულებაზე, შენ?! – კაცს ხმა ჩაუწყდა. ბიჭმა თითქოს იგრძნო, რაღაც საშინელი რომ ხდებოდა, ვეღარ გაუძლო, კარს ხელი ჰკრა და ოთახში იმ დროს შევარდა, მკერდზე ხელმიდებული მამამისი იატაკზე რომ ჩაიკეცა. ბიჭმა მთელი ხმით იბღავლა და კაცს მივარდა:
– მამა! რა გემართება, მამა...
იქვე მდგარი ქალი მისმა ხმამ გამოარკვია, დამფრთხალი მზერა მიაპყრო ქმარ-შვილს და წაიბუტბუტა:
– სასწრაფო.... სასწრაფო გვჭირდება... დარეკე, ნიკუშა...
– მამა! მამა! – ნიკუშამ მხრებში ჩასჭიდა ხელი გაფითრებულ, თვალებდახუჭულ კაცს და ნჯღრევა დაუწყო.
– ფანჯარა გავაღოთ... ჰაერი სჭირდება...
ბიჭმა ერთბაშად იფეთქა:
– აქედან გადი... გადი-მეთქი!
– ნიკუშა, შვილო!..
– გადიი! – ბიჭს კისრის ძარღვები დაებერა... ქალი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა...
სასწრაფომ დააგვიანა. იქნებ არც დააგვიანა, მაგრამ, უფრო ადრე მოსვლაც შეეძლო. ზოგჯერ ხომ წამებსაც აქვს მნიშვნელობა... თუმცა ამ შემთხვევაში, ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. იმ კაცის ბედი იყო გადაწყვეტილი, რომელიც შვილს უსიტყვოდ, მხოლოდ მზერით დაემშვიდობა, სინანულნარევი მზერით, თითქოს პატიებასაც სთხოვდა...
– მითხარი, ვინ არის მამაჩემი... – დედა-შვილს შორის საუბარი დაკრძალვის მეორე დღეს შედგა. ბინაში ჯერ ისევ მძიმე, სპეციფიკური სუნი იდგა, ალბათ, ყვავილების...
– ქალის მზერაში შეშფოთება გაკრთა. გული უსიამოვნოდ მოეწურა..
– რა სისულელეს მეკითხები?
– შეიძლება, სულაც არ არის სისულელე, – ბიჭი თავისი შეუვალი, მკაცრი გამომეტყველებით, თითქოს რაღაცაში ადანაშაულებდა.
– შეიძლება, სულაც არ არის სისულელე-მეთქი. გააჩნია, ამ საკითხს როგორ მივუდგებით. სიმართლე არ იმალება. ძალიანაც რომ მოინდომო, მაინც დადგება დღე, როცა ყველაფერს ფარდა აეხდება. ეს ყოველთვის ასე ხდება. არ გირჩევ ჩემ მტრად გადაკიდებას.
ქალი მიტკალივით გაფითრდა.
– მემუქრები? მე? საკუთარ დედას?
– ძალიან მინდა, დაგემუქრო და მერე ეს მუქარა ავასრულო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დედაჩემი ხარ, საკუთარ სურვილებზე უარის თქმა მიწევს. იქნებ იმასაც მეტყვი, რომ მისი სიკვდილი შენს სინდისზე არ არის.
– მე არაფერ შუაში ვარ. ტყუილად მადანაშაულებ. მამაშენი მიყვარდა, – შეჰყვირა ქალმა და შვილისკენ მუდარით გაიწოდა ხელები.
– მამაჩემი შეიძლება, გიყვარდა კიდეც, მაგრამ საკითხავია, სერგი თუ იყო მამაჩემი... – კბილები გააღრჭიალა ნიკუშამ.
ქალმა მერე ვეღარ გაიხსენა, როგორ გაიქნია გაშლილი ხელი... ბიჭმა თავის გაწევა ვერ მოასწრო და გვარიანმა ალიყურმა ლოყა აუწვა. დარტყმის ძალა ისეთი დიდი იყო, რომ ნიკუშამ ძლივს შეიკავა თავი, რომ იატაკზე არ ჩაკეცილიყო. ელენემ შეწითლებულ თითებზე დაიხედა...
– მაპატიე, შვილო. მეც არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე...
– სამაგიეროდ, მე ვიცი, – ნიკუშას თვალები აუელვარდა, – არასოდეს გაპატიებ იმას, რომ მამა მომიკალი... იმ ნაძირალას ვინაობას კი შენ დაუხმარებლადაც გავიგებ... გავიგებ და ანგარიშსაც გავუსწორებ.
***
ვახო მარტო იყო. კაბინეტში იჯდა და საუზმობდა. ნიკუშას დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა.
– ჯიგარი ხარ, სერგეევიჩ. ვიცოდი, რომ არ გადამაგდებდი. გშია?
ნიკუშამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
– მეც გკითხე, რაა... რა თქმა უნდა, გეშიება. აბა, ვინ გაჭმევდა?! მაგარ ჩაის დაგალევინებ, ომლეტსაც ახლავე შევაწვევინებ... თუ ჩემი საფირმო კარტოფილი გირჩევნია?
– მადა არ მაქვს. მარტო ჩაის დავლევ.
– მადა ჭამაში მოდის. არ გაგიგია მაინც?! ნუ ჩამოგტირის ცხვირ-პირი. შენთვის სერიოზული რაღაც მოვიფიქრე. მართლა მძღოლად კი არ გიშვებ.
– მძღოლადაც ვიმუშავებ. არ მაქვს პრობლემა.
– ვიცი, ვიცი შენი თავმდაბლობის ამბავი. მაგრამ მე გამიტყდება, ძმაკაცი მძღოლად ვამუშაო. სავაჭრო ცენტრში რომ კაფე მაქვს, ხომ იცი? იქ მჭირდება მენეჯერი. აქამდე ვინც მუშაობდა, გათხოვდა და ქმარი აღარ უშვებს. ეჭვიანია.
ნიკუშას გაეღიმა. ვახომ იწყინა.
– რა გეცინება, ტო?! ხომ არ გგონია, ვეთომარებოდი? ღმერთმა დამიფაროს! თანამშრომლებთან ეგეთი რამეებისგან ძალიან შორს ვარ. პროსტო, მაგარი შებერტყილი ტიპია. კაფეში მოდიოდა ხოლმე, ჩვეულებრივი კლიენტი იყო, რა... იქ გაიცნო. ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება, ქალი პატიოსანი იყოს და მუშაობდეს. ჰო აზრზე ხარ, ტიპს როგორ აკლია.
– რატომ აკლია. მე, მაგალითად, მესმის მისი. ქალი სანდო არ არის. არ შეიძლება მაგათი ნებაზე მიშვება. მუჭში უნდა გყავდნენ გამომწყვდეულები და ხანდახან, ისიც ცოტა ხნით, მისცე თავისუფლად სუნთქვის საშუალება.
– შენ ამბობ მაგას? – ლუკმა გაეჩხირა ვახოს, – ვაა, მგონი, აზრები შეგეცვალა. რაც სახლში ზიხარ, უსაქმოდ, სტრანნი გახდი.
– ჰოო? უკვე მერამდენედ მესმის ეგ სიტყვა ჩემი მისამართით. რას ნიშნავს სტრანნი გავხდი? რაში გამოიხატება ჩემი სტრანნობა? რქები ამომივიდა და კუდი გამომება თუ რაშია საქმე.
– შენ რა, გეწყინა, რომ ავარდი?! – განცვიფრდა ვახო, – კუდი და რქები რა შუაშია, ტო?! უბრალოდ, აქამდე სხვანაირად ფიქრობდი.
– იმიტომ, რომ იდიოტი ვიყავი. ყველა ქალი კახპაა. რა, არ იცოდი?
– გეყოფა, თუ ძმა ხარ. რა ჯანდაბა დაგემართა? მე ქალების ფსიქოლოგიის ექსპერტად არ გამოვდგები და არც მაქვს პრეტენზია. მაგათი რომ რამე მესმოდეს, სამ ცოლს კი არ გამოვიცვლიდი.
– სამს თუ ოთხს?! – შეახსენა ნიკუშამ.
– რა მნიშვნელობა აქვს. ერთს რომ ასცდება, ბევრია უკვე. მოკლედ, რას იტყვი, იმუშავებ მენეჯერად?
– სიმართლე გითხრა, არ ვიცი, – ამოიოხრა ნიკუშამ.
ვახო გაშრა.
– ეე, ახლა მოიცა! აბა, აქ რისთვის მოხვედი, ტო?! რას ნიშნავს, არ იცი. აბა, რა იცი? სამუშაო ხომ გჭირდება?
– მჭირდება, მაგრამ სამუშაოზე მეტად სხვა რამე მჭირდება.
– მართალი ხარ. ვატყობ, გუშინ რომ რეცეპტი გამოგიწერე წამლად, არ აგცდება. ერთს მაგრად შეგაჯანჯღარებ და ეგ იქნება. დაგილაგდება ეგ არეული აზრები.
– ნეტავი, მართლა ეგ მიშველიდეს. ძალიან ცუდად ვარ. ოცდასამი წელია, ვიტანჯები და ვგრძნობ, მეტს ვეღარ გავუძლებ.
ვახომ შუბლი მოისრისა.
– მოიცა, მაგდენი რომ არ გამოდის, – იკითხა გულუბრყვილო გაოცებით.
– რა არ გამოდის? – ვერ მიხვდა ნიკუშა.
– დავითვალე და რვა წელზე მეტი, არაფრით გამოვიდა.
– გააჩნია, რა დაითვალე. გეუბნები, ოცდასამი წელია, ვიტანჯები-მეთქი.
– მერე, რატომ იტანჯები? მორჩი, მაგ ბუტიაობას და დაამთავრე!
ნიკუშამ არაფრად ჩააგდო მეგობრის „ბრძნული“ რჩევა.
– ოცდასამი წელია, რაც მამაჩემი მოკვდა. მე კი, ისიც ვერ შევძელი, მთავარ კითხვაზე მეპოვა პასუხი. ვინ ვარ მე, ამის შემდეგ?
– რომელ კითხვაზე? წესიერად ამიხსენი, რაზე ლაპარაკობ?
– ამაზე უკეთესად ვერ აგიხსნი, იმიტომ რომ პასუხი მე თვითონაც არ ვიცი. არადა, ჩემ გარდა სხვა ვერავინ იპოვის პასუხს.
ვახომ ეჭვით შეხედა მეგობარს და შუბლზე მიადო ხელი.
– სიცხე გაქვს? – ჰკითხა თანაგრძნობით.
– რა სიცხე? მომეშვი! არაფერი გესმის...
– რაღაცას აბდა-უბდა ლაპარაკობ მზედაკრულივით და კიდევ მე არ მესმის არაფერი?! – მხრები აიჩეჩა ვახომ, – შენ, მგონი, მართლა ცუდად ხარ. გინდა, დედაჩემს დავურეკავ და მივიდეთ.
– დედაშენი რად მინდა. ჯერ არ გავგიჟებულვარ. ფსიქიატრის გასასინჯი რა მჭირს.
– გიჟი ხარ-მეთქი, არ მითქვამს, მაგრამ დაელაპარაკებოდი. რაღაცას გირჩევდა...
– შენ ვერ გაიგე, რა ვთქვი?! ვერავინ ვერაფერს მირჩევს. ვერც დამეხმარება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი შველა შეუძლია, მე ვარ.
– მერე, თუ მაგდენი იცი, გულხელდაკრეფილი რას ზიხარ? გაინძერი!
– ნიკუშამ თავი ასწია.
– მართალი ხარ. არ უნდა ვიჯდე გულხელდაკრეფილი. არ მაქვს ამის უფლება.
– მე კი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ვხედავ, რომ შენში რაღაც სასიკეთო ხდება. თუ გინდა, ნურაფერს მეტყვი. ხომ იცი, მე ყველანაირად გვერდით დაგიდგები.
– გმადლობ. ისე, მაგარი იდიოტი ვარ.
– თვითკრიტიკა შესანიშნავი თვისებაა, – გაიღიმა ვახომ, – გეტყობა, გუშინ კარგი სიზმარი ნახე.
– ჰო. ხილვა მქონდა. ზოგჯერ ინტუიციას უნდა ენდო, რადგან ლოგიკა ცუდი მრჩეველია.
– მგონი, მართალს ამბობ. მაგრამ მე, ხომ იცი, როგორი ტიპი ვარ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და კმაყოფილი ვარ ამით. ფიქრით თავს ვერ ავიტკივებ. წამოხვალ კაფეში?
– კაფეში?!
– ნიკუშ, გინდა, ჭკუიდან შემშალო? ახლა არ მითხარი, თანახმა ვარო?
– თანახმა ვარ, მაგრამ მუშაობა, რა, დღესვე უნდა დავიწყო?
– აბა, რაღას უნდა ვუცადოთ? მე კი არ ვთამაშობ, დავიღალე წინ და უკან სირბილით. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ვეღარ ავუდივარ.
– ნიკუშამ თავი გადააქნია.
– მეეჭვება, მე გამოგადგე მაგ საქმეში, მაგრამ კარგი. წავიდეთ.
– ახლა გეყოფა, თორემ ავფეთქდები!
– ხომ გითხარი, წავიდეთ-მეთქი. დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს.
***
ლევანს ყოველთვის აცოფებდნენ უაზროდ ჯიუტი და უზრდელი ადამიანები. ჟურნალისტი კი ზუსტად ასეთი ჩანდა. დიქტოფონმომარჯვებული კართან იყო ჩასაფრებული და გამოსვლა არ დააცადა, მაშინვე ეცა.
– ახლა მაინც დამითმობთ რამდენიმე წუთს? იცოდეთ, უარს არ მივიღებ!
ლევანი შეიჭმუხნა და „მოძალადე“ მუშტრის თვალით შეათვალიერა.
– გარეთ რა ხდება? – ჰკითხა მოულოდნელად, იმ მიზნით, რომ ჯიქურ მომზირალ გოგოს დააბნევდა.
– არაფერიც არ ხდება. მიტინგია, მაგრამ ამას ჩვენი საუბრის თემასთან კავშირი არ აქვს.
– რას მელაპარაკები?! – ყასიდად შეიცხადა ლევანმა, – ხომ გითხარით, დრო არ მაქვს-მეთქი. მგონი, საკმაოდ გარკვევით გაგაგებინეთ ჩემი სათქმელი.
– ჰო, მაგრამ ახლა ხომ გცალიათ. სამუშაო დღე დამთავრდა, სახლში მიბრძანდებით?
– ვინ გითხრათ, რომ ჩემი სამუშაო დღე უკვე დამთავრდა, საიდან მოიტანეთ? ეს რა თავხედობაა.
– მეც ვმუშაობ, ბატონო ლევან. თუ თქვენ სხვა ადამიანების პროფესიას პატივს არ სცემთ?
– ეს უკვე პროვოკაციაა, გოგონი. ძალიან გთხოვთ, წახვიდეთ აქედან და სხვა საქმე გამონახოთ.
– ეს არის ჩემი საქმე. უკვე ორი კვირაა, მაწვალებთ, ბატონო ლევან. ძალიან მჭირდება თქვენი ინტერვიუ.
– მე არ მჭირდება. სრული უფლება მაქვს, არ მოგცეთ ინტერვიუ.
– არა. არ გაქვთ უფლება. თქვენ საჯარო პირი ბრძანდებით და...
– ო, ღმერთო... – ჭერისკენ მიმართა მზერა ლევანმა, – კარგი, რა გაინტერესებთ, რა ინფორმაციის მიღება გინდათ?
– ბატონო ლევან, დამცინით. ინტერვიუ უნდა ჩავწეროთ.
– გოგონი, თქვენ ყოველთვის ასეთი ჯიუტი და მიმწოლი ხართ? ასე შუბლით გაგაქვთ ყველაფერი?
– ბატონო ლევან, რატომ მეჩხუბებით? ეს ჩემი სამსახურია. იმას ვაკეთებ, რაც დამავალეს. სხვათა შორის, თქვენი მეუღლე დამთანხმდა ინტერვიუზე.
ლევანი გველნაკბენივით შეხტა.
– რა?
– დიახ. ქალბატონ თინათინს უარი არ უთქვამს. პირიქით, მკითხა, როგორ გირჩევნიათ, თქვენ მოხვალთ ჩვენთან თუ სადმე შეგხვდეთო.
ლევანი ნელ-ნელა კარგავდა წონასწორობას.
– აი, რა, ჩემო კარგო. ჩემი მეუღლის ტელეფონის ნომერი დაივიწყე და რაც ამ ინტერვიუში უნდა გადაგიხადონ, მე მოგცემ. მითხარი, რამდენი გაქვს ჰონორარი.
გოგონამ თვალები მოწკურა.
– ჟურნალისტის მოსყიდვას ცდილობთ? ბატონო ლევან, იცით, რომ ეს დანაშაულია?
ლევანმა იგრძნო, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა, ისე მოუნდა გოგოსთვის თმაში ჩაევლო ხელი და იქაურობისთვის კინწისკვრით მოეცილებინა, რომ ხელისგულიც კი აექავა. არაადამიანური ძალისხმევით მოახერხა თავის შეკავება და გაიღიმა კიდეც.
– მოდი, ასე შევთანხმდეთ. შენი ტელეფონის ნომერი დამიტოვე. სახლში მივალ, მეუღლეს დაველაპარაკები და დაგირეკავ.
გოგონამ ეჭვით შეხედა. ცოტა ხანს ყოყმანობდა. ლევანი ალალად უღიმოდა.
– კარგი. გენდობით, აი, ჩემი სავიზიტო ბარათი. არ გირჩევთ ჩემს მოტყუებას!
ლევანმა შვებით ამოისუნთქა. ახლა ერთი სული ჰქონდა, სახლამდე დროზე მიეღწია...
ცოლს აუზთან მიაგნო. ქალი ჩალის სარწეველა სავარძელში იჯდა. კოქტეილს წრუპავდა და ღიმილით ადევნებდა თვალს ათიოდე წლის ბიჭის ცურვას. ქმარს მშვიდად ახედა.
– მოხვედი, საყვარელო?
– ჰო. მოვედი. სერიოზულად უნდა გელაპარაკო.
– რამე მოხდა? რა სახე გაქვს? – თინიკოს არ მოეწონა ქმრის გამომეტყველება.
ლევანმა ბავშვს გახედა. გერთან სკანდალის ატეხას ყოველთვის გაურობდა.
– სახლში შევიდეთ, იქ გეტყვი.
ქალმა მხრები აიჩეჩა. მაგრამ ქმრის ნებას დაჰყვა. სასტუმრო ოთახში შევიდნენ. თინიკო ხავერდის დიდ სავარძელში ჩაეშვა. ფეხი ფეხზე გადაიდო და კაცს ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო.
– გელოდები, საყვარელო. ისეთი სახე გაქვს, თითქოს ყური უნდა ამიწიო. დავაშავე რამე?
ლევანმა მაშინვე არ უპასუხა. ბართან მივიდა, ვისკი დაისხა და ჭიქა სანახევროდ გამოსცალა.
– დღეს შენ ვინმემ დაგირეკა?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– უცნაური შეკითხვაა. ტელეფონი იმიტომ მაქვს, რომ ვიღაცამ დამირეკოს. რა ხდება, ხომ არ ეჭვიანობ?
– ვეჭვიანობ კი არა, ძალიან ვარ გაბრაზებული. რატომ შეუთანხმდი ჟურნალისტს ინტერვიუზე ისე, რომ მე არაფერი მკითხე?
– აა, აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე. შენგან უნდა ამეღო ნებართვა? არ ვიცოდი, მაგრამ რატომ? იმ ადამიანს მე ვაინტერესებ. სრულწლოვანი ვარ და მგონი, მაქვს უფლება, გადაწყვეტილებები თავად მივიღო.
– თავს ნუ ისულელებ. ძალიან კარგად იცი, რაზე ვლაპარაკობ. იმ ადამიანს შენ კი არა, მე ვაინტერესებ. იმიტომ დაგირეკა, რომ ჩემი ცოლი ხარ. ყურადღების ეპიცენტრში მე ვარ და არა შენ. უფლება არ გქონდა, ჩემთან შეუთანხმებლად, ინტერვიუზე დათანხმებოდი.
– ისღა მაკლია, დებილი ბავშვივით ყველაფერზე ნებართვა გთხოვო, – გაბრაზდა თინიკო, – ბარემ აკრძალვების სია ჩამომიწერე, რომ ვიცოდე, რისი გაკეთების უფლება არ მაქვს. არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ჟურნალისტი ჩემით დაინტერესდა. მაღალი წრის ქალი ვარ. ჩვენი ცხოვრება ყოველთვის აინტერესებს საზოგადოებას.
ლევანმა ცოლს შეხედა და როცა მიხვდა, ამას სერიოზულად ამბობდა, სიცილი აუტყდა. თინიკომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
– რა გაცინებს?
– როგორ არ ვიცინო, როცა ასეთ საინტერესო რაღაცას ამბობ. მაღალი წრის ქალი ვარო, რომ გაიძახი, სად არის ეს წრე. ან რა ცხოვრება გაქვთ შენ და შენნაირებს? უსაქმურობისგან აღარ იცით, რა გააკეთოთ. ენის ძარღვები გაქვთ მოდუნებული ჭორაობით. ამ ჟურნალისტს რაც შეეხება, მაგარი თავხედი ჩანს. არ მინდა, ჩვენს ცხოვრებაში შემოვაყოფინო თავის მეტიჩარა ცხვირი.
– მით უმეტეს, არ უნდა ვუთხრათ უარი ინტერვიუზე, თუ ასეთი თავხედია, არ ვარგა ჟურნალისტების გადაკიდება. რა გინდა? შევხვდები, დაველაპარაკები, დასამალი რა მაქვს?
– შეიძლება, დასამალი არაფერი გვაქვს, მაგრამ არ მინდა, მთელმა ქალაქმა იმაზე ილაპარაკოს, როგორ შეგირთე ცოლად და რა გამოგატანა მამაშენმა მზითევში.
– რა პრობლემაა?
– პრობლემა ის არის, რომ არ მინდა, გესმის? არ მინდა! ის ქალბატონი კიდევ რომ დაგირეკავს, ეტყვი, რომ...
– ჰო, რას ვეტყვი... მაინტერესებს, რას მოიფიქრებ მისი თავიდან მოსაცილებლად.
– არაფერსაც არ ეტყვი. არ უპასუხებ მის ზარს და ის იქნება. დანარჩენს მე მივხედავ. თუ ძალიან გამიწყალებს გულს, მის რედაქტორს დავურეკავ. თუ ძალიან უნდათ, სამინისტროს და ჩემი საქმიანობის შესახებ დაველაპარაკები. ერთი სიტყვით, მოვიფიქრებ რაღაცას. მთავარია, შენ არ იტლიკინო იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა.
– ლევან, როდის მიხვდები, რომ იდიოტი არ ვარ. სულ შეურაცხყოფას მაყენებ, დაუსრულებლად. თანაც ისე, რომ სინდისიც არ გაწუხებს. მე კი... მოკლედ, ჩემს რკინისებურ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. თუ იმის მიღწევა გინდა, რომ სახლიდან მე თვითონ გაგაგდო, ვერ ეღირსები. თუ წასვლა გინდა, წადი, არ გიჭერ!
ლევანმა სინდისის ქენჯნა იგრძნო.
– შენთან ჩხუბი არ მინდა. შეურაცხყოფის მოყენებაც არ მიფიქრია. უბრალოდ, ნერვები მაქვს მოშლილი და... ის თავხედი გოგო დღეს ლამის კაბინეტში შემომივარდა.
– რას იზამ? მაგათი პროფესია თავხედობასაც ითვალისწინებს. ამასთან შეგუება მოგიწევს. მიეცი ინტერვიუ და ამით მორჩება ყველაფერი. მოვიდეს სახლში და ველაპარაკოთ ორივე, შენც და მეც. ნუ გეშინია, მაგათთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს. მამაჩემის წყალობით, მე და დედა ხშირად ვაძლევდით ინტერვიუებს.
სიმამრის ხსენებაზე ლევანი შეიჭმუხნა.
– მამაშენს ნუ შემადარებ, ძალიან გთხოვ. იმ გოგოსთან შეხვედრისგანაც თავი შევიკავოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მერე ვნახოთ...
თინიკომ მხრები აიჩეჩა.
– კარგი. როგორც გინდა, მაგრამ რაც მალე მორჩები მაგ საქმეს, უკეთესია. გეუბნები, მაინც ვერ მოიშორებ თავიდან-მეთქი.
ლევანი ცოლთან მივიდა და თმაზე მოეფერა.
– მიდი, ჩაიცვი. ზურასაც უთხარი, ჩაიცვას. წავიდეთ სადმე.
ქალმა უნდობლად შეხედა ქმარს.
– ჰო, რა იყო? არ გინდა, სადმე გავისეირნოთ, რესტორანში ვივახშმოთ.
თინიკო მიხვდა, რომ ლევანი არ ხუმრობდა. გახალისდა და სავარძლიდან წამოფრინდა.
– დათოს და ნათიასაც დავურეკოთ.
– რისთვის? – შეიჭმუხნა ლევანი.
– ერთად უკეთესად გავერთობით.
– როგორც გინდა. თუმცა, მე მერჩივნა, მარტო ოჯახის წევრები ვყოფილიყავით.
თინიკოს სახე გაუბრწყინდა.
– მართლა? მართლა ასე გირჩევნია?
ლევანმა თავი დაუქნია. თინიკოს მაშინვე დაავიწყდა ყველა წყენა.
– რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ...
– ვიცი... – გაეღიმა კაცს და მობილური გამორთო, – მორჩა, გასული ვარ მომსახურების ზონიდან. შენი მანქანით წავიდეთ...
მთაწმინდაზე გრილოდა. თბილისური სიცხე აქ არ იგრძნობოდა. რაღაცნაირი, სხვანაირი სიმშვიდე იყო ირგვლივ. თინიკომ ხელები გაშალა და პატარა გოგოსავით ფეხის წვერებზე შემოტრიალდა.
– რა კარგია... კარუსელებზეც ხომ ვიკატავებთ!
– კარუსელები მეტისმეტია. ვინმემ რომ დამინახოს, მეტი კი არ უნდათ, ისედაც ჩიტირეკიებს გვეძახიან.
– რა სისულელეა... ადამიანი ყველა ასაკში ბავშვად რჩება, რაღაცა დოზით. ამაში ცუდი არაფერია.
– ეგ იმათ უთხარი, ჩემს ოპონენტებს, – ლევანმა გაიცინა. ჯიბიდან საფულე ამოიღო და ზურას ორი ორმოცდაათლარიანი გაუწოდა, – გაერთე. მე და დედაშენი კაფეში დავსხდებით. როცა მოგწყინდება, გვიპოვე.
– არ მინდა, ფული. მაქვს, – ბაბუამ მომცა.
– ჰმ, ვიცი, ვიცი, მაგრამ ესეც გქონდეს.
ზურამ აკოცა და გაიქცა.
– უყვარხარ, იცი? – თინიკომ შვილს გახედა.
– კარგი ბავშვია, მამაშენი რომ არ აგიჟებდეს.
– რას ნიშნავს, აგიჟებს. ბაბუაა და ანებივრებს. ვინ ჰყავს მაგაზე უკეთესი.
– არავინ, მაგრამ ზოგჯერ მეტისმეტი მოსდის. დღემდე არ მესმის, რატომ გადაიყვანა ბავშვი თავის გვარზე. ეტარებინა მამამისის გვარი, რა მოხდებოდა?
– ეგ შენი საქმე არ არის.
– რატომ არ არის ჩემი საქმე. ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდა, ჩემი გვარი ეტარებინა. ოფიციალურად ვიშვილებდი და ასე გაცილებით უკეთესიც იქნებოდა. შვილი რომ გვეყოლება, რატომ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს სხვადასხვა გვარი?
– მოდი, ამაზე სხვა დროს და სხვა ადგილზე ვილაპარაკოთ. ნუ ჩამაშხამებ ამ ბედნიერ საღამოს.
ლევანი გაჩუმდა. ცოლს მხარზე მოხვია ხელი და პარკის სიღრმისკენ გაემართნენ. უცებ ქალის კისკისი შემოესმა. ძალიან ნაცნობი და საყვარელი. სხეულზე თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადაავლეს. კანი დაუბუსუსდა. ნელა მიაბრუნა თავი და გაშეშდა... ის იყო, თხელ, სიფრიფანა სარაფანას ქარი უფრიალებდა და გარუჯული მუხლისთავები მთლიანად უჩანდა. კარუსელი ხან უახლოვდებოდა, ხან შორდებოდა. მისი გამოსახულებაც კინოკადრივით დიდდებოდა და პატარავდებოდა. ლევანმა ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო. თინიკომ მკლავზე მოქაჩა.
– წავიდეთ, რა დაგემართა? ვის უყურებ?
– არავის. იცი, რა ვიფიქრე, სადმე, უფრო მყუდრო ადგილას ხომ არ წავსულიყავით?!
ქალი ყურადღებით ჩააშტერდა სახეში.
– რა მოხდა, ლევან?
– არაფერი-მეთქი, არ გესმის? ცოტა აგრილდა. შენ კი ჟაკეტიც არ წამოგიღია.
– დღეს ვერ გცნობ. დიდი ხანია, ასეთი ყურადღებიანი არ ყოფილხარ. ისეთი ყურადღებიანი, რომ მეშინია კიდეც.
– ნუ დაიწყე. უბრალოდ, არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები. გთხოვ, ზურა მოძებნე და წავიდეთ. ბავშვი წყნეთში ავიყვანოთ, ჩვენ რომელიმე სასტუმროში ნომერი ავიღოთ და პატარა დღესასწაული მოვიწყოთ.
– მე უკვე სერიოზულად მეშინია. მირჩევნია, აქ ვიყოთ. ზურაც ცოდოა. ამოვიყვანეთ და ხუთ წუთში უკან წავიყვანოთ? კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ მოდი, სხვა დროისთვის გადავდოთ.
ლევანმა ამოიოხრა. ქალის კისკისი გუნებას უშხამავდა, მაგრამ თინიკოსაც ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა. თუმცა, ფეხები ლოდებივით ჰქონდა დამძიმებული. თითქოს ძარღვებში გამდნარი ტყვია ჩაასხეს... თინიკომ თითქმის ძალით წაათრია კაფეს მხარეს...
***
დათო ნახევრად თვალებდახუჭული უყურებდა ტელევიზორს. ცოლი სასთუმალთან უჯდა და თავზე ალერსით უსვამდა ხელს. მათი იდილია ტელეეკრანზე გამოჩენილმა კადრმა დაარღვია. ქალის სახემ წუთით იელვა და ოპერატორის კამერა ისევ ნახატზე გადავიდა. დათო წამოხტა.
– ეე, რა ხდება, – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ნათია.
– რა ხდება და მომეცი პულტი. მომეცი, ჩქარა! ან ტელევიზორს ხმა მოუმატე, სწრაფად!..
– გადაირიე თუ რა დაგემართა... – აბუზღუნდა ნათია, მაგრამ ტელევიზორთან მაინც მივიდა.
დათო დაძაბული უსმენდა ჟურნალისტის კომენტარებს და დროდადრო შუბლს ისრესდა... სიუჟეტი რომ დასრულდა, გაიღიმა... გაშტერებულ ცოლს მხარზე მოხვია ხელი და მხიარულად ჩაუკრა თვალი.
– ვაა, ეს რა მაგარი ამბავი გავიგე... კონიაკი გვაქვს სახლში?
– არ ვიცი. ვნახო?
– არ გინდა. უკეთესი რაღაც მოვიფიქრე, ჩაიცვი და რესტორანში წავიდეთ, დღეს ისეთ მაგარ გუნებაზე ვარ, კარგად უნდა მოვილხინო.
დათომ განცვიფრებული ცოლი ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა...