ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის სტუმრებს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ელით
ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, 28 წლის ლევან გოგიჩაიშვილს, სუკეთესო შემთხვევაში 7, უარეს შემთხვევაში – 9 წლამდე პატიმრობა ელის. გამოძიება მას ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილის, ირინას დაბადების დღეზე სტუმრობისას მეორე სტუმრის, დავით ლეჟავას დაჭრაში სდებს ბრალს. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, გოგიჩაიშვილის გარდა, ამ დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის გამო პატიმარი 20 წლის გიორგი ალხაზიშვილიც გახდა – მას ხულიგნობა ედება ბრალად, რისთვისაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის. თუმცა, როგორ დაისჯებიან პატიმრები, ამას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელი გადაწყვეტს.
8 ივნისს, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ატეხილი სკანდალი დღემდე არ ცხრება. პოლიციამ ამის გამოძიება 9 ივნისს დაიწყო და ათობით მოწმე დაჰკითხა, მაგრამ ვერც ერთისგან ვერ გაარკვია, ვინ დაჭრა დაბადების დღეზე მყოფი სტუმარი დავით ლეჟავა. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო და ოფიციალური განცხადებაც კი გაავრცელა: სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ არც ერთი მათგანი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ ასახელებს ეჭვმიტანილის ვინაობასო. თუმცა, ერთ კვირაში, 16 ივნისს, პოლიციამ საქმე მაინც გახსნა. მან დაადგინა, რომ ლეჟავა ლევან გოგიჩაიშვილმა დაჭრა, რის გამოც ოპოზიციის აქტივისტი 17 ივნისს, დილის 4 საათზე საკუთარ სახლში დააკავეს.
17 ივნისსვე გახდა ცნობილი, რომ გოგიჩაიშვილი თავად დაჭრილმა, დაჭრილის დედამ – თამარ ელიოზაშვილმა და მისმა დამ – ირინა ლეჟავამ ამხილეს.
დაჭრილი დავით ლეჟავას ჩვენებიდან: „8 ივნისს, იქნებოდა დაახლოებით 23 საათის შემდგომი პერიოდი, ზუსტი დრო არ მახსოვს, გავიგონე კამათის ხმა და ბინიდან გამოვედი. ეზოს გარეთ კამათობდნენ გიორგი ალხაზიშვილი და ლევან კიტოვანი. მივედი და მათი გაშველება დავიწყე. ვცდილობდი, გიორგი გვერდზე გამომეყვანა. ამ დროს ჩემთან მოვიდა ირინასთან სტუმრად მყოფი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ტელევიზიით მყავდა ნანახი. მან შემაგინა, რაზეც მე ხელი სახეში გავარტყი. უეცრად მან მარცხენა ბარძაყში დანა დამარტყა, რის შემდეგაც წავიქეცი და მიღებული დაზიანების გამო გავითიშე“...
თამარ ელიოზაშვილი (დაჭრილის დედა): „8 ივნისს დათუნა წავიდა დაბადების დღეზე წყნეთში, ირინა ბათიაშვილთან. 12 საათის შემდეგ გადავრეკე გუგა იამანიძესთან და გუგამ მითხრა, რომ დათუნა დაჭრილია და რესპუბლიკურშია. ეგრევე, გავიქეცი. მძიმედ იყო ძალიან, ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და არაფრის გარკვევის თავი იმ მომენტში არ მქონდა. მეორე დღეს უკვე დათუნამაც და ირინამაც მითხრეს, რომ ვიღაც გოგიჩაიშვილს დაუჭრია, რომელსაც „გოგიჩას“ ეძახიან და ტელევიზორში მაჩვენა“.
ირინა ლეჟავა (დაჭრილის და): „9 ივნისი რომ თენდებოდა, დედაჩემმა დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი საავადმყოფოში. მეორე დღეს, როცა უკვე ჩემს ძმას ოპერაცია ჩაუტარდა, შევედი რეანიმაციაში სანახავად და ვკითხე, ვინ დაჭრა. მან მითხრა, რომ დაჭრა ლევან გოგიჩაიშვილმა. მერე მოვაყოლე დეტალებში: იყვნენ წყნეთში, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღეზე, გამოვიდნენ ქუჩაში, მგონი რუსთაველის ქუჩაა და, იქ მოხდა ბავშვებს შორის შელაპარაკება. მათ ჩემი ძმა აშველებდა. ამ დროს გამოვარდა ლევან გოგიჩაიშვილი და დაარტყა დანა“.
ეს ჩვენებები გამოძიებისთვის არსებითი მტკიცებულებაა და, მართლაც, ცალსახად მიანიშნებს, რომ ინციდენტის შემსწრე გოგო-ბიჭები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, ანუ დანაშაულს ფარავდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ, მათდა საბედნიეროდ, გოგიჩაიშვილი-ალხაზიშვილის გარდა, პასუხისგებაში სხვა არავინ მიუციათ. თუმცა, გაუგებარი რჩება ერთი მომენტი: თუ დაჭრილის ოჯახმა გოგიჩაიშვილის ვინაობა მეორე დღესვე იცოდა, ერთი კვირის გასვლას რატომ დაელოდნენ?
რა წერია დაკავებულთა საბრალდებო დასკვნაში
განათლებით იურისტს, ლევან გოგიჩაიშვილს, გამოძიება შემდეგში სდებს ბრალს: „2009 წლის 8 ივნისს, დაბა წყნეთში, რუსთაველის ქუჩა ¹8-ში, ირაკლი ბათიაშვილის კუთვნილ აგარაკზე, ამ უკანასკნელის ქალიშვილის, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღეზე არსებულ სუფრაზე, სხვა სტუმრებთან ერთად იმყოფებოდნენ: ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კიტოვანი, დავით ლეჟავა და გიორგი ალხაზიშვილი. სუფრაზე ყოფნისას, დაახლოებით 00 საათზე, ლევან კიტოვანსა და ალხაზიშვილს მოუხდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც დასახელებული პირები გავიდნენ აგარაკის შესასვლელი კარების წინ, რა დროსაც მოჩხუბრებთან მივიდა დავით ლეჟავა და შეეცადა მათ გაშველებას. ამ მომენტში გარეთ გამოვიდა ლევან გოგიჩაიშვილი, რომელმაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისთვის უცნობ ლეჟავას, რომელმაც მიყენებული შეურაცხყოფის გამო, გოგიჩაიშვილს სახეში ხელი გაარტყა. აღნიშნულზე გოგიჩაიშვილმა, ხულიგნური ქვენა გრძნობით ხელში მოიმარჯვა დანა, რომლითაც დავით ლეჟავას მარცხენა საზარდულის ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ბარძაყის საერთო და ზედაპირული ვენის დაზიანებით. დაზიანება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხს“.
რაც შეეხება 20 წლის გიორგი ალხაზიშვილს, ის გოგიჩაიშვილის დაპატიმრებიდან ორი კვირის შემდეგ დაუკავებიათ და ბრალად სდებენ ხულიგნობას: „ბათიაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე, სხვა სტუმრებთან ერთად, გიორგი ალხაზიშვილი ყავარჯნით იმყოფებოდა, ვინაიდან მას მარცხენა ფეხი ტრავმირებული ჰქონდა. იყო ნასვამი და იქცეოდა გამომწვევად. სრულიად უმიზეზოდ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მასთან ერთად სუფრასთან მჯდომ თინათინ ნიბლოშვილს, იმავდროულად, უხეშად მიმართა გვერდით სუფრაზე მჯდომ ლევან კიტოვანს, რითაც იქ მყოფი პირების მიმართ გამოხატა აშკარა უპატივცემულობა, რამაც გამოიწვია მითითებული სუფრის აშლა. იქ მყოფმა პირებმა და დავით ლეჟავამ, კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გაიყვანეს გიორგი ალხაზიშვილი აგარაკის გარეთ, ქუჩაში, სადაც ისინი აწყნარებდნენ, ეს უკანასკნელი კი იქცეოდა აგრესიულად, იგინებოდა, ცდილობდა ლევან კიტოვანთან მისვლას და მასთან კონფლიქტის გაგრძელებას. ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ დაბადების დღეზე მყოფი სხვა სტუმრებიც, მათ შორის ლევან კიტოვანიც, რომელიც სიტუაციის გარკვევის მიზნით მიუახლოვდა ალხაზიშვილს. თუმცა, მისი დანახვით უფრო მეტად გაღიზიანებულმა ალხაზიშვილმა ხელში მოიმარჯვა ყავარჯენი, რომელიც სრულიად უმიზეზოდ დაარტყა კიტოვანს სახეში. კიტოვანი ჩავარდა არხში და დაკარგა გონება“.
მოკლედ, გამოძიება ამბობს, რომ ინციდენტი ირაკლი ბათიაშვილის აგარაკზე მოხდა, მაგრამ რეალურად, აგარაკი არა ირაკლის, არამედ, მის ბიძას ეკუთვნის. დანაშაული კი, როგორც მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, არა შესასვლელი კარის წინ, არამედ აგარაკიდან 3-4 სახლის დაშორებით მოხდა. რაც შეეხება გამოძიების ვერსიას, რომ შელაპარაკება სუფრაზე მოხდა, არც ეს დასტურდება. წინა კვირას სასამართლომ ირინა ბათიაშვილის დედა – მარიამ ბათიაშვილი დაკითხა და, როგორც მან განაცხადა, ის სტუმრებს წუთითაც არ მოსცილებია, მათ შორის კი არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, დაბადების დღიდან ყველა კმაყოფილი წავიდაო.
მარიამ ბათიაშვილი: „დაბადების დღე საღამოს 5 საათზე დაიწყო. იქ უბრალო შელაპარაკებაც კი არ ყოფილა და გაოგნებული ვარ, რა მოხდა შემდეგ. ბოლო სტუმრები დაახლოებით 11 საათზე წავიდნენ, დავემშვიდობე, მიხაროდა, რომ ნასიამოვნები მიდიოდნენ. ქუჩაში რა მოხდა, არ ვიცი, ჩვენ ხმაურიც კი არ გაგვიგია. ლევან გოგიჩაიშვილი როდის მოვიდა და როდის წავიდა, ზუსტად არ მახსოვს. ერთადერთი, ის მახსოვს, რომ მას ხელი სტკიოდა და რაღაც პლასტმასში ჰქონდა ჩასმული და ჩამოკიდებული. ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი და მიპასუხა, ვიტკინეო“. ერთი სიტყვით, სტუმრებს შორის მხოლოდ გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი იყვნენ „ინვალიდები“ – ერთს ხელი ჰქონდა ამოვარდნილი და ფიქსატორში ჩასმული, მეორე კი ყავარჯნით იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთმა დაჭრა, მეორემ კი ხულიგნობა ჩაიდინა.
მხილება ნარკოტიკული დანაშაულის სანაცვლოდ?!
დაკავებული ლევან გოგიჩაიშვილი დანაშაულს არ აღიარებს, რაც ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, გათავისუფლების, არანაირი შანსი არა აქვს. თუმცა, მის დამნაშავეობას დაბადების დღეზე მყოფებიც არ ადასტურებენ, რომლებიც სასამართლომ უკვე დაჰკითხა. მათგან არავის დაუნახავს, რომ გოგიჩაიშვილმა ვინმე დაჭრა. არადა, ფაქტია, ლეჟავა ვიღაცამ ნამდვილად დაჭრა, ეს ვიღაცა კი, დაჭრილის მტკიცებით, სწორედ გოგიჩაიშვილია.
ნათია კორკოტაძე (გოგიჩაიშვილის ადვოკატი): „პროკურატურამ სასამართლოზე ყველა მტკიცებულება გამოაქვეყნა და თავისი მოყვანილი 10 მოწმეც დაჰკითხა, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ ადებს ხელს გოგიჩაიშვილს, რომ ლეჟავა მან დაჭრა. მაგრამ, მას ხელს ადებენ დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები. თუმცა, საგულისხმოა, რომ დაჭრილი დავით ლეჟავა პირველად 16 ივნისს დაიკითხა, რაც გამოწვეული იყო მისი დის, ირინა ლეჟავას გათავისუფლების საფასურად. საქმე ისაა, რომ 15 ივნისს ირინა ლეჟავა განსაკუთრებით მძიმე – ნარკოტიკების შეძენა-შენახვის (260-ე მუხლის მესამე ნაწილი) ბრალდებით დააკავეს, რომელიც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამომდინარე აქედან, ლეჟავები აიძულეს ხელი დაედოთ გოგიჩაიშვილისთვის, მათი ჩვენებებით კი ირინას გაათავისუფლებდნენ და ასეც მოხდა – ჩვენებების შემდეგ ირინა ლეჟავა ორ დღეში, 2 000 ლარის სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. ვინაიდან ნარკოტიკების „ჩადება“ ხშირად ხდება, სასამართლოზე ირინასაც ვკითხეთ, მასაც ხომ არ ჩაუდეს, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია და ნარკოტიკი, რომელიც აღმოაჩინეს, ნამდვილად მისი იყო. მას ასევე ვკითხეთ, როდის და ვისგან გაიგო გოგიჩაიშვილის შესახებ, რაზეც გვიპასუხა, რომ ეს ამბავი დაბადების დღის მეორე დღესვე, 9 ივნისს, ძმისგან გაიგო, როდესაც რეანიმაციაში მის სანახავად მივიდა. თუმცა, საქმის მასალებით გაირკვა, რომ ის ძმასთან არა 9-ში, არამედ 10-ში შევიდა და, არა რეანიმაციაში, არამედ, ჩვეულებრივ პალატაში. ამის დამადასტურებელი ფირი სასამართლომ უკვე გამოაქვეყნა: ირინა ძმას კითხვითი ფორმით მიმართავს – შენ ლევან გოგიჩაიშვილმა დაგჭრა, ხომ? ძმა გაჩუმებულია, მაგრამ, როგორც ცნობილია, შემდეგ ისიც ამბობს, რომ ლევანმა დაჭრა. ეს სპექტაკლი იყო.
რაც შეეხება ალხაზიშვილს, გამოძიება მისგან ითხოვს, ირინას მსგავსად გაიმეოროს, რომ გოგიჩაიშვილის მიერ ჩადენილი დაჭრის ფაქტი მანაც 9 ივნისს იცოდა, მაგრამ ალხაზიშვილი ამას არ ამბობს – არ დამინახავს და როგორ ვთქვაო. ის სწორედ ამიტომ ზის ხულიგნობის ბრალდებით და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის. ადვოკატები შევეცდებით, მათი უდანაშაულობა დავამტკიცოთ, მაგრამ, თუ ვერ შევძელით, სტრასბურგში წავალთ“.
ეკა ბარაბაძე