კუჭ-ნაწლავისთვის ბალბის ნაყენი შეუცვლელია
ბალბა სამკურნალო მცენარეა და მას ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალო მედიცინის რეცეპტებში. მისი ყვავილები და ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, ტანინს, A პროვიტამინს, C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს, მინერალურ მარილებს, შაქარს და ფიტოსტეროლს. ყვავილები აგრეთვე შეიცავს ანტოციანურ გლიკოზიდ მალვინს. ამ მცენარის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება, როგორც სპაზმოლიტური, ხველების საწინააღმდეგო საშუალება. ბალბის დამტკბარი ნახარში კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლის, სასუნთქი გზების ანთების, ასევე, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროსაც.
ნაყენი შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: ოცი გრამი ბალბა ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ორასი მილილიტრი წყალი (ერთი ჩაის ჭიქა), დაახურეთ კარგად თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის ორთქლზე, დაახლოებით, ოცი წუთი. შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ. დარჩენილი ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი ასევე კარგია საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროსაც.
აგრეთვე, ბალბა, კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის, გარეგანი კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების დროს. ამისთვის ნაყენი ასე მოამზადეთ: ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალბის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით დაახლოებით ხუთი საათი და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ნაყენი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპით.