რატომ არის ჰერპესვირუსებით მოსახლეობის უმრავლესობა დასნებოვნებული და რა შემთხვევაში ვითარდება ავადმყოფობა
ჰერპესი ძალზე გავრცელებული ვირუსული პათოლოგიაა. განასხვავებენ ვირუსთა რამდენიმე სახეობას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პათოლოგიურ რეაქციებს იწვევს ორგანიზმში. მოსახლეობის დაახლოებით, 90 პროცენტი არის ვირუსის მატარებელი. თუ ეს უკვე ავადმყოფობაში გადაიზარდა, სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, პრობლემის დაძლევა რთული არ არის, მაგრამ, უყურადღებობამ, ან თუ პათოლოგია დროულად ვერ ამოიცნეს, ამან შეიძლება, ლეტალურ გამოსავლამდეც კი მიგვიყვანოს. დაავადების გავრცელებისა და გართულებათა საშიშროებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით თბილისის კანისა და ვენერიული დაავადებების მე-5 დისპანსერის დერმატოლოგ-ვენეროლოგ შალვა კევლიშვილს.
– რა არის ჰერპესი და რამდენადაა იგი გავრცელებული?
– ჰერპესი ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის 90 პროცენტი მარტივი ჰერპესის ვირუსის მატარებელია. ჰერპესი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მცოცავს”. გამომწვევი არის ჰერპესვირუსი. დაინფიცირების შემდეგ ვირუსი რჩება ადამიანის ორგანიზმში მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჯანმრთელი ადამიანი ხანგრძლივად არის ვირუსმატარებელი. ჰერპესის ოჯახის ვირუსებს ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია. ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული დაავადების კლინიკური გამოვლინებები: ჯანმრთელ ადამიანებში ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, არცთუ ისე იშვიათად უსიმპტომოდაც კი, ხოლო პაციენტებში რომელთაც იმუნური სისტემის დარღვევები აღენიშნებათ დაავადება რთულდება. ეს აღინიშნება, როგორც კანისა და ლორწოვანი გარსის, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებით.
– რა კატეგორიის ადამიანები უნდა უფრთხილდნენ ყველაზე მეტად დაავადებას და ვირუსის რა ფორმებს გამოყოფენ?
– ვირუსით დაინფიცირებისთვის სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ძირითადად, ავადდებიან ახალგაზრდა ასაკში. 100 ყველაზე ცნობილი ჰერპესვირუსიდან ადამიანის დაავადებას იწვევს: მარტივი ჰერპესვირუსი 1 ტიპის ანუ იგივე HSV ლაბიალური ჰერპესი, მარტივი ჰერპესვირუსი 2 ტიპის ანუ HSV-2 გენიტალური ჰერპესი, ჩუტყვავილას – ზოსტერის ვირუსი; ციტომეგალოვირუსი; ებშტეინ-ბარის ვირუსი; ადამიანის ჰერპესვირუსი მე-6 ტიპის, მე-7 ტიპისა და მე-8 ტიპის. ეს უკანასკნელი ასოცირებულია კაპოშის სარკომასთან. ჰერპესის აქტივაციის მიზეზები შეიძლება, იყოს არა მარტო სექსუალური კონტაქტი, არამედ ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, გაციება, კორტიკოსტეროიდების მიღება, მენსტრუაცია, კანის მექანიკური დაზიანება და სხვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
– როგორია ჰერპესის გადაცემის გზები?
– დაავადების წყარო დაავადებული ადამიანი ან ვირუსის მატარებელი პირია. დაავადება გადადის ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური, სქესობრივი, ტრანსფუზიური გზით და ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს. ნაყოფის ინფიცირება ორსულობის დროს ხდება ტრანსპლაცენტული და ტრანსცერვიკალური გზებით. ვირუსი ორგანიზმში იჭრება კანიდან და ლორწოვანი გარსიდან. იგი უმთავრესად, მრავლდება შეჭრის ადგილას ჰერპესული გამონაყარის წარმოშობით. გამონაყარი ხასიათდება ეპიდერმისის ექსუდაციური ანთებით და ეპითელიუმის დეგენერაციული მოვლენებით. ბუშტუკის გასკდომის შემდეგ ღრუ ივსება ფიბრინითა და ბუშტუკების ნარჩენი კანის ფენით, რაც ხელს უწყობს ნაცრისფერი აპკის განვითარებას.
– როგორია ჰერპესის სიმპტომები?
– მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებულია მარტივი და გენიტალური ჰერპესი. აღნიშნული დაავადებებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სუბიექტური ნიშნები: კანის ან ლორწოვანის ჰიპერემია, ქავილი და წვა, რამდენიმე საათში სათანადო არეში წარმოიქმნება მტკივნეული, თხელკედლებიანი, გამჭვირვალე შიგთავსის შემცველი წვრილი ბუშტუკები. აქვე აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ხშირად ჰერპესს თან სდევს ტემპერატურის მომატება და ზოგჯერ რეგიონალური ლიმფადენიტი. მარტივი ჰერპესის არჩევითი ლოკალიზაცია პირის ირგვლივ არე, ცხვირის ირგვლივ არე, პირის ღრუს ლორწოვანი ანუ ჰერპესული სტომატიტი, უფრო იშვიათად – ლოყების, ქუთუთოებისა და კანის სხვა არეებია. გენიტალური ჰერპესის არჩევითი ლოკალიზაცის გამო, ქალებს უფრო ხშირად უზიანდებათ საშო, ბაგეები, საშვილოსნოს ყელი, ნაკლებად – შორისი, ბოქვენი, დუნდულები. მამაკაცებში გამონაყარის ტიპური ადგილებია: ასოს თავი, ჩუჩა, ასოს კანი, ურეთრის შესასვლელი, ნაკლებად – შორისის კანი, სათესლე პარკი, დუნდულები, თეძოები. რაც შეეხება ჰერპეს ზოსტერს, გამონაყარი ნერვის გაყოლებაზეა და თან ახლავს საკმაოდ ძლიერი ტკივილი. დაინფიცირებული ქსოვილებიდან ვირუსები გამოიყოფა 10-12 დღის განმავლობაში. პირველადი ეპიზოდის დროს ჰერპესული გამონაყარის ევოლუციის მთელი პროცესი იკავებს 15-20 დღეს, ამის შემდეგ იწყება შეხორცება. რეციდივები აღინიშნება 30-50 პროცენტის შემთხვევაში, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში.
– როგორია ჰერპესის გართულებები?
– უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლებელია ნაყოფის დაინფიცირება დედის ორგანიზმში, რამაც ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი აბორტი. საშვილოსნოს ყელის ჰერპესული დაზიანება ხშირად არის უშვილობის მიზეზი. ჰერპესის ვირუსის არსებობა მცირე მენჯის ნერვულ სტრუქტურებში იწვევს ტკივილის მყარ სინდრომს, ნევრიტებს და სხვა. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია დაზიანდეს შინაგანი ორგანოები, ცენტრალური ნერვული სისტემა. ნერვული სისტემის დაზიანება უფრო ხშირია ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში. იმუნიტეტისა და ცილოვანი ცვლის მკვეთრი დარღვევისას ლოკალურმა ჰერპესულმა ინფექციამ შეიძლება, მიიღოს ვირუსის ჰემატოგენური დისემინაციის ხასიათი და განაპირობოს ნერვული სისტემის დაზიანება. შედეგად ვითარდება ენცეფალიტი, მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი ან მენინგოენცეფალორადიკულიტი. პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობისას, აღინიშნება ტვინის ქერქის მწვავე ჰემორაგიული დაზიანება. კლინიკური სურათი არ გამოირჩევა სხვა ვირუსებით განპირობებული ნერვული სისტემის დაზიანებისგან. მსგავს შემთხვევებში ლეტალობა აღწევს 40 პროცენტს, ხოლო ინფექციის გადატანის შემდეგ, მიუხედავად სწორი მკურნალობისა, აღინიშნება გამოხატული ნევროლოგიური დეფექტები.
– როგორ ხორციელდება ჰერპესის დიაგნოსტირება და რა საშუალებით მკურნალობენ?
– ვირუსით დაინფიცირების ამოცნობა ხორციელდება კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით და ლაბორატორიული კვლევებით, რომელიც გულისხმობს ციტოლოგიურ გამოკვლევას, მოლეკულურ დიაგნოსტიკას, იმუნოფერმენტულ ტესტებს – A, M და G კლასის იმუნოგლობულინები განისაზღვრება შრატში. ჰერპესის მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და ინიშნება მხოლოდ სადიაგნოსტიკო გამოკვლევის შემდეგ. მკურნალობა ინდივიდუალურია კლინიკური მრავალფეროვნების გამო, ამიტომ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. მდგომარეობის გაუარესება შეიძლება, მოხდეს სახლის პირობებში, დამოუკიდებლად ან არაპროფესიონალის მიერ მოწოდებული რჩევების მიხედვით მკურნალობისას.
– როგორ ავირიდოთ თავიდან ჰერპესით დაინფიცირება და როგორია პროგნოზი დაავადების შემთხვევაში?
– ჩემი რჩევა იქნება მკითხველისთვის, რომ შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს აუცილებლად მიმართონ კონტრაცეფციას. თუ თქვენ ავად ხართ სასქესო ორგანოების ჰერპესით, მაგრამ ამჟამად არანაირი სიმპტომი არ აღგენიშნებათ, თქვენ მაინც უნდა გააფრთხილოთ თქვენი პარტნიორი და დაიცვათ თავი. პროგნოზი დამოკიდებულია კლინიკურ ფორმაზე. პირველად ჰერპესულ ინფექციას უმთავრესად ახასიათებს სპონტანური კლინიკური გაჯანსაღება. გენერალიზებული ჰერპესული ინფექციისას პროგნოზი სერიოზულია, ახალშობილებში აღინიშნება ლეტალობა, უფრო მოზრდილებში კი ეგზემას და ნეიროდერმიტს არაკეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვს. მაღალი ლეტალობით გამოირჩევა ინფექცია სეფსისური მიმდინარეობისას, ასევე ენცეფალიტისა და მენინგოენცეფალიტისას. ოფთალმოჰერპესული ინფექციისას შეიძლება თვალის რქოვანაზე ნაწიბურის განვითარება და მხედველობის დაკარგვა.
– რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
– გახსოვდეთ, რომ დაავადება გადადის იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადებულს არ აღენიშნება გამონაყარი. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ მიღებული ინფორმაცია. ჰერპესი არ არის ჩვეულებრივი სურდო, მისი გართულებები საკმაოდ სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.