რატომ არის დეპრესია და სტრესი ამ სეზონზე განსაკუთრებით საშიში ადამიანის სიცოცხლისთვის და როგორ დავიცვათ თავი გაციებისა და გრიპისგან
ახლა ის სეზონია, როცა დიდი ალბათობაა, ადამიანი რესპირატორული დაავადებით დასნებოვნდეს. ამიტომ, სათანადოდ უნდა დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა. დაავადების დროს კი, დროული და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ. თუ როგორ დავიცვათ თავი, როგორ გავარჩიოთ უბრალო გაციება მწვავე რესპირატორული დაავადებისგან, რა კავშირშია სტრესი გრიპთან და რა შეიძლება გამოიწვიოს გართულებულმა გაციებამ, ამაზე კომენტარი ვთხოვეთ დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს ბატონ შოთა ცანავას.
– ბატონო შოთა, ბოლო დროს ბევრი ადამიანი უჩივის გრიპს და გაციებას. როგორ გავარჩიოთ ეს ორი დაავადება ერთმანეთისგან და არის თუ არა საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებული გრიპის შედეგი?
– სამწუხაროდ, ახლა სწორედ ის სეზონია, როცა ნებისმიერმა ჩვენგანმა სათანადოდ უნდა დაიცვას თავი შესაძლო დაავადებებისგან. სტატისტიკურად, გაზაფხულის ბოლოს მწვავე რესპირატორული დაავადებების რისკი, მით უმეტეს, ისეთ ამინდებში როგორიც ახლა დგას, საკმაოდ მაღალია. ბევრ ადამიანს უჭირს გაარჩიოს გრიპი და გაციება ერთმანეთისგან, მათი ერთგვარი სიმპტომების გამო. იწყებს თვითმკურნალობას და იმის მაგივრად, რომ შედეგს მიაღწიოს და გამოჯანმრთელდეს, პირიქით, საფრთხეს უქმნის თავს. ახლა შედარებით დიდია გაციების, გრიპისა და სურდოს შემთხვევები. არადა, უბრალო გაციების, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების გარჩევა საკმაოდ რთულია. მათი კლინიკური გამოვლინებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გრიპი უფრო ძნელად და მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადება. მისი გამწვავება კი მერწმუნეთ, ძალიან საშიში და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამიტომ, ამ დაავადებას დროული მკურნალობა ესაჭიროება, რასაც ბევრი ადამიანი არ მიმართავს. ამიტომ შედეგი მალევე იჩენს თავს და მკურნალობაც დროში იწელება. გრიპის გამომწვევია ვირუსები, რომელთა არაერთი სახეობა არსებობს ბუნებაში. მაგრამ, ის რასაც გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებას ვუწოდებთ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ორასზე მეტი სახეობის სხვადასხვა ვირუსით, ბაქტერიით და ასე შემდეგ.
– ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე რა გზით ხდება დაავადების გადადება?
– ზოგადად, გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაახლოებით, ერთი მეტრის რადიუსში ხდება ვირუსების გავრცელება, ხველების, ცემინების ან ლაპარაკის დროს. ასევე სახიფათოა გადადების მხრივ დაავადებული ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა ან მისი ნივთებით სარგებლობა. მეხუთე დღიდან კი დაავადება აღარ არის საშიში გადადების მხრივ. შესაბამისად, საფრთხეც მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველაზე საშიში მსუბუქი ფორმით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტია. ის ამ დროს არ აქცევს ყურადღებას დაავადებას, ჰგონია საფრთხეს არ წარმოადგენს ასეთი მდგომარეობა და თამამად აგრძელებს საზოგადოებრივ მუშაობას. ამით კი გარშემო მყოფებს უქმნის დიდ საფრთხეს. ასევე გეტყვით, რომ ამ დროს ხშირად ყიდულობენ აფთიაქში ანტიბიოტიკებს და მათი მიღებით ცდილობენ თვითმკურნალობას. დამიჯერეთ, ასეთი მკურნალობა შედეგს ნამდვილად ვერ მოგცემთ. ამ დროს სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარებაა საჭირო და აუცილებელი, რათა არ გართულდეს დაავადება და სავალალო შედეგამდე არ მივიდეს ადამიანი. მესმის, რომ ამ სეზონზე, მართლაც რთულია გრიპისგან თავის დაცვა, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა დაავადებას თავი ადვილად დააღწიოთ. უბრალოდ, ამ სეზონზე, როცა დასნებოვნების საფრთხის რისკი დიდია, თავი უნდა შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან. ასევე, მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს, ხშირად დაიბანეთ ხელები, დაალაგეთ საცხოვრებელი სველი წესით, ხშირად გაანიავეთ ოთახები და დაიცავით ჰიგიენის წესები.
– თავის დასაცავად ბევრი ადამიანი ამ სეზონზე დღეში ერთ ხახვს ან ნიორს ჭამს. ამბობენ, ასეთი წესით ორგანიზმში გრიპის და გაციების მიმართ თავდაცვის უნარი იზრდება და საშიში ბაქტერიების შებრძოლებაც აქტიურად ხდება. ასევე, სურდოსგანაც და სხვა რესპირატორული დაავადებისგანაც დაცვის უნიკალური ხალხური საშუალებააო. თქვენ, როგორც ექიმი, ამაზე რა აზრის ხართ?
– რასაკვირველია, ეს მეთოდი უძველესი დროიდანაა ნაცადი და ჩვენი ბებია-ბაბუები მას ხშირად მიმართავდნენ. ვერ უარვყოფ, რომ ხახვის და ნივრის ჭამა მართლაც აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს სხვადასხვა საშიში ბაქტერიის მიმართ. ამ პერიოდში საჭიროა, მკვეთრად აამაღლოთ და გააძლიეროთ ორგანიზმის იმუნიტეტი, მაგალითად, C ვიტამინით, ან ვიტამინების კომპლექსით. ასევე, აუცილებელია, მიიღოთ თბილი ბალახეული ნაყენები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს, სწორად შეარჩიეთ ყოველდღიური მენიუ. გირჩევთ, მიიღოთ დიდი რაოდენობით ახალი ბოსტნეული და ხილი, მოერიდოთ ცხიმიან ძროხის და ღორის ხორცს. ასევე, მიიღეთ დღეში, მინიმუმ, ლიტრ-ნახევარი სითხე, სვით ახლად მოხარშული კომპოტები. თუ შენიშნეთ რომ ცივდებით, სასწრაფოდ გაიკეთეთ სამკურნალო ბალახეულის ინჰალაცია. ყელში გამოივლეთ მარილიანი წყალი. მაგრამ, თუ ტემპერატურამ აგიწიათ და ის სამი დღის განმავლობაში მაინც არ იწევს დაბლა და რჩება 37,9 გრადუს ცელსიუსზე, ასევე, გრძნობთ მწვავე ტკივილს ყელის, ფილტვების, თავის, მკერდისა და ყურის არეში, აგრეთვე, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, გაქვთ დიდი რაოდენობით ნახველი, გიჭირთ ყლაპვა და სუნთქვა, გაქვთ გულისრევის შეგრძნება და ასე შემდეგ, მაშინ ნამდვილად არ გირჩევთ, საკუთარი ჯანმრთელობის სასწორზე დადებას და თვითმკურნალობას. ამ დროს ექიმთან ვიზიტი, მისი გასინჯვა და დანიშნული რეცეპტით მკურნალობის დაწყება, უბრალოდ, აუცილებელია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სანამ ამ ზომამდე მიხვალთ, პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე დაიწყეთ სწორი მკურნალობა. თუ გამცივნებთ დარჩით სახლში და სვით დიდი რაოდენობით თბილ-თბილი სითხე, ჭამეთ ვიტამინებით მდიდარი ხილ-ბოსტნეული და აკონტროლეთ სხეულის ტემპერატურა. თუ თავის ტკივილი და ტემპერატურა იმატებს, სახსრებშიც გტეხთ და კუნთებიც აგტკივდათ, უმჯობესია საწოლში ჩაწვეთ და მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს. არ გაშინებთ, მაგრამ გართულებულმა გრიპმა და უბრალო გაციებამაც კი, შესაძლოა, უამრავი დაავადება გაამწვავოს და ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს. თავის ნებაზე მიშვებული ნებისმიერი დაავადება ადამიანის სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. გრიპის ვირუსის ცხოველქმედება ყველა ორგანოს შეიძლება შეეხოს. ის ჯერ აზიანებს სასუნთქ სისტემას, შემდეგ გადადის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, შემდეგ ძვალ-სახსართა სისტემაზე და აზიანებს მათ. მოკლედ, რომ ვთქვათ, გრიპის ფონზე თავს იჩენენ სხვა დაავადებების გამომწვევებიც და ამიტომ იმატებს საფრთხეც. ამ დროს გრიპის მსგავსი სხვა ბაქტერიული თუ ვირუსული აგენტები იწყებს ადამიანის ორგანიზმში გამრავლებას და მოქმედებას. ასე რომ, გრიპი ისე საშიში არ არის, როგორც მის ფონზე განვითარებული შედეგები. თუ ეს გართულებები და შედეგები სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა, შესაძლოა, ადამიანის დაღუპვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, ამ სეზონზე, მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, რომლებსაც იმუნური სისტემა შედარებით დაქვეითებული აქვთ და გრიპით დაავადების მეტი ალბათობა არსებობს. გეტყვით იმასაც, რომ გრიპისა და გაციების ვირუსებს შორის არის რაღაც ნათესაური კავშირი, მაგრამ სიმძიმით ეს დაავადებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
– ამბობენ, დეპრესიული ადამიანები ამ მხრივ რისკჯგუფს განეკუთვნებიანო. ამაზე რას იტყვით?
– გეტყვით იმას, რომ სტრესი საგრძნობლად უწყობს ხელს იმ ვირუსების ზემოქმედების გაძლიერებას ადამიანის ორგანიზმზე, რომლებიც ჩვეულებრივ, არასტრესულ მდგომარეობაში არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს ჩვენზე. სტრესი იწვევს დეპრესიულ მდგომარეობას და ამ დროს ჩვენი იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება. შესაბამისად, ნებისმიერი ვირუსიც ადვილად გვერევა. სწორედ ეს არის იმის საბაბი, რომ დეპრესიულ და სტრესულ სიტუაციაში ადამიანის დაავადების მეტი შანსი არსებობს.